ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დომენიკო20
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2015


მსროლელი

ამბების მოყოლა ბავშვობიდანვე მიტაცებდა. ჩემი მეხსიერებიდან ჯერაც არ წაშლილა ბედნიერი ხანა, როცა მოსაყოლ ისტორიებს, იმ იდუმალი სამსიტყვიანი ფრაზის გარეშე ვიწყებდი, დღეს რომ შორს, მოგონებათა სიღრმეებისკენ, წარმოსახვათა თვალსაწიერის ზღვარზე მომხდარ მოვლენებისკენ მიმაქანებს და გარდასულ დღეებს, გაცრეცილი ფურცლების ან გახუნებული ფოტოების სახით გააელვებს ჩემ თვალწინ. ამდენად, დროის დინების შეუქცევად ხასიათს უნდა დავაბრალოთ, რომ წლები საკმაოდ  დამიგროვდა და სხვა გზა არ მაქვს, მინდა თუ არა, ამ არც თუ ჩვეულებრივი ამბის თხრობა ასე უნდა დავიწო:

დიდი ხნის წინ, ქვეყნის სამხრეთით მდებარე, ერთ საკმაოდ მიმზიდველ და კოხტა სოფელში ჩემი შორეული ნათესავის, ახალგაზრდა ბიჭის დაკრძალვაზე მომიხდა დასწრება.
ცხედარი "ტვირთი-200"-ის სახით, ყანდაგარის პროვინციიდან ჩამოესვენებინათ .
ოცდაერთი წლის იყო, საწყალი.

დაკძალვისწინა, და თავად მიცვალებულის მშობლიურ მიწასთან მიბარების ცერემონიალი ჩვეულებრივი, ტრადიციული ფორმით წარიმართა. ასევე ტრადიციული სახე ჰქონდა დაკრძალვის შემდგომ სულის მოსაგონარ ტრაპეზსაც, თავისი "მსუბუქი ყოფილიყოს" და "რაც მას წლები დააკლდა"-თი.

მილეთის ხალხი ირეოდა.
ამიტომ დასაწყისიდანვე, ნათესავთა თუ ნათლი-მირონთა ხვევნა-კოცნისგან თავი შორს დავიჭირე და  ვიჯექი წყნარად, განცალკევებით.
როგორც წესი ასეთ ვითარებებში ბავშვები სამგლოვიარო კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილები არიან და ნაკლებად აინტერესებთ, თუ რატომ სჭარბობს ამ დროს ტანისამოსის მუქი ფერი და სულაც არ ესმით რას უნდა ნიშნავდეს ოხვრით ამონათქვამი- "ეეჰ, არაფერი არ ყოფილა ადამიანის ცხოვრება".
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რაოდენ უინტერესო და რთულად გასააზრებელიც არ უნდა იყოს სულის ხორცთან გაყრის აღმნიშვნელი ეს პირველყოფილი ტრადიცია, მოზარდთა ჯერ კიდევ შეურყვნელ გონებაში მაინც სამუდამოდ ილექება მსგავსი სცენები და ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მკაფიო და ამასთან ფილოსოფიურ ფორმებსაც იძენს ხოლმე.
სწორედ ამგვარ საკითხებს განვიხილავდი საკუთარ თავთან, როდესაც სხვა ბავშვთა შორის,  ერთი ათიოდე წლის ბიჭუნა გამოვარჩიე.

ბიჭი თავისთვის იდგა.

არც ბავშვური ენერგიის ზედმეტი მოზღვავება ემჩნეოდა და არც არაფერი. გარინდებული მიმდგარიყო იქვე, მზერა სივრცისთვის მიეპყრო და სეფას რომ თოკებით ამაგრებენ, აი იმ თოკს აწვალებდა.
მძიმე განწყობა მქონდა, ცოტა გულს გადავაყოლებ -თქო გავიფიქრე, ავდექი და ბიჭისკენ გავემართე.  მივუახლოვდი. რა გქვია-მეთქი, ვკითხე.
იმდენად ღრმად ყოფილა სადღაც გადავარდნილი, ფიქრებში წასული, შეკრთა, მერე ამომხედა და იგორი-ო, მიპასუხა.
ვხედავდი, რომ ბიჭი ჩემ წინ კი იდგა, მაგრამ არსებით  სულ სხვაგან დაჰქროდა, რაღაც მნიშვნელოვანს იაზრებდა მისი გონება.
რუსული აქცენტი დავიჭირე მის პასუხში.
-რაზე ფიქრობ იგორ, რა გაწუხებს, მითხარი, იქნებ დაგეხმარო-მეთქი.
თავიდან ყოყმანობდა, ერიდებოდა კონტაქტში შემოსვლა, მერე უცბად დაძლია რიდი და ასე მკითხა:
- а ты знаешь как будет по грузински гранатомёт-ო.
გამიკვირდა. რა შუაშია-მეთქი, გავიფიქრე და იქვე მივხვდი, ალბათ ავღანეთიდან ჩამოსვენებულ მებრძოლზე თუ მოუყვა ვინმემ რაიმე ეპიზოდი. ასე დავასკვენი.

სანამ პასუხს გავცემდი, სად ცხოვრობ-მეთქი, ჩავეძიე.
აღარ მახსოვს, რუსეთის რომელიღაც პროვინციული ქალაქი დამისახელა, მაიკოპი თუ სამარა, თუ რაღაც ამდაგვარი.
-რუსი ხარ? - დავეკითხე.
нет,  мама русская, отец грузин-ო.
მე ქართულად ვეკითხებოდი, ის კი ძირითადად რუსულად მპასუხობდა.
მამაჩემი ჩამოვიდა გასვენებაში და თან გამოვყევიო. მერე რიდგადალახულმა ისიც დაამატა, პირველად ვარ აქ, -через казбеги приехали, красивая у вас страна, აქ მინდა დარჩენა-ო.
почему у нас, შენიც არის ეს ქვეყანა, დარჩი, არ წახვიდე-მეთქი.
ეხლა ვერა, მერე მაინც ჩამოვალო.
ეს “მერე”, როდის იყო არ დაუკონკრეტებია და აღარც მე ჩავძიებივარ. კიდევ რაღაცა მინდოდა მეკითხა და თვითონ დამასწრო:
--ну что, скажешь, как по грузински гранатомёт-ო.
დავიბენი. კი ბატონო, დაილოცოს ქართული ენა, მაგრამ ყუმბარმტყორცნი-თქო რომ უნდა მეპასუხა, იმდენად გოროზად მომეჩვენა ეს სიტყვა, რომ რბილ და ხავერდოვან რუსულ ენაზე მოლაპარაკე ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა არ მივაყენო-მეთქი, ამაზე დავფიქრდი.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ყოველთვის მაინტერესებდა რანაირი მოსასმენი იყო უცხოსთვის ქართული. რანაირი აღსაქმელი იყო მათთვის ეს სავარაუდოდ მკაცრი და ალბათ ყურისთვისაც ცოტა არ იყოს უხეში ენა. რამდენი არ ვიწვალე, მაინც ვერ მივაგენი მეთოდს, რომელიც ამას გამაგებინებდა. სამაგიეროდ აღმოვაჩინე ხერხი, რომელიც ქართულ დამწერლობას დაგანახებდა უცხოს თვალით. მარტივია. იღებ ფურცელზე დაწერილ რამე ტექსტს და უკანა მხრიდან გახედავ მზეზე, ან რაიმე შუქის წყაროზე, ანდა სულაც სარკესთან მიიტან და სარკეში შეხედავ ტექსტის ანარეკლს. რასაც დაინახავ, აი ზუსტად ისე აღიქვამს უცხოელი ჩვენს დამწერლობას.
ეგარი.
შედავება არც იფიქროთ.
ამ მეთოდის აღმოჩენამ ერთხელ ძალზედ მიამიტური საქციელი ჩამადენინა. იგივე პრინციპი თუ გაამართლებს მეთქი და მამაჩემის ძველი, რას ეძახიან, მოკლედ ძველი პრაიგრივატელი ამოვქექე განჯინიდან და შევეცადე ქართული სიმღერა უკუღმა დამეტრიალებინა. თუ სწორად მახსოვს, ფერაძის თუ მენაბდის რაღაც ნახევრად ლეგალური დისკი იყო.
მტრისას, იმან იქ ხმები ამოუშვა. რაღაც ზულუს აბორიგენთა ტომისეული, ძალზედ დაყოფილ-დანაწევრებული მეტყველება შემრჩა ხელში. იმის მერე იმ ფირსაკრავისკენ აღარც გამიხედია.

ზიანი არ მივაყენო ბაშვის ფსიქიკას და თავიდანვე არ წავუხდინო ქართულ ენაზე წარმოდგენა, რამე მსგავსი სიტყვა ხომ არ მოვიგონო სახელდახელოდ-თქო, იდეამ გამიელვა.
ბიჭი მომლოდინე, მოუთმენელი თვალებით მომჩერებოდა. მივხვდი დრო აღარ მქონდა, თანაც ვატყობდი ხეირიანს ვერც ვერაფერს მოვიფიქრებდი და რაღა მექნა, პირდაპირ ვაღიარე:
ყუმბარმტყორცნი ქვია ქართულად გრანატამიოტს, გაიმეორე, ყუმ-ბარ-მტყორც-ნი !!
ბიჭმა რის ვაივაგლახით გამოთქვა ეს სიტყვა. გაუჭირდა-რა თქმა უნდა.
-დაიმახსოვრებ?
-не знаю, постараюсь-ო.
-იცოდე, ხვალ დილით რომ გნახავ, ეგრევე ამას შეგეკითხები და თუ მიპასუხებ, მაგარი იქნები-მეთქი.
-კარგიო.
კიდევ რაღაცის გაგება სურდა. მერე გადაიფიქრა. გამშორდა. ისევ გამოეყო გარემოს და იქვე, ხის კუნძზე ჩამოყუნცდა.

მთელი ის საღამო ბიჭისთვის თვალი არ მომიშორებია. მთელი ის საღამო კვლავ გარინდებული იდგა. ხან გადაადგილდებოდა, მაგრამ დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა, იმ პიქუში სიტყვის მეტი თავში რომ არაფერი უტრიალებდა. რამდენჯერმე მისი ტუჩების მოძრაობაც კი წავიკითხე.
იმეორებდა.
კარგი ბიჭი ჩანდა, პასუხისმგებლობით სავსე. რუსისა და ქართველის ნაჯვარში, მამის გენებს ემძლავრათ, რაც ჯიშიანი კავკასიელის იერს მატებდა მის გარეგნობას. ლამაზი სახით და რაღცნაირად მოლურჯო-მომწვანე მეტყველი თვალებით დაეჯილდოვებინა ბუნებას.
                                                                                                                                                     
იმ საღამოს მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა. მთვრალი ხალხით იყო არემარე სავსე. იქ გაჩერებას აზრი აღარ ქონდა და იქვე, ნათესავის სახლისკენ გავწიე დასაძინებლად.

გვიან დავწექი. ძილი მამლის ყივილამდე არ გამეკარა, სულ ის ბავშვი მიტრიალებდა თვალწინ. ან რამ გაახსენა ეს იარაღი, ან აბა მართლა თუ დაიმახსოვრებს იმ სიტყვას მეთქი, ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში.
დარწმუნებული ვიყავი არც თავად დაეძინებოდა ბავშვური უდარდელობით, ხოლო შემდეგ ჩაძინებულს, იმ უცნაური სიტყვის შესაბამისი სიზმარიც კი დაეზმანებოდა. კინოებში რომ ომი უნახავს ისეთი რამ. და კიდევ გაქცევა რომ უნდა და ვერ გარბის, ალბათ ისეთიც.

  დილით, ვიწრო წრეში მეორე დღის სუფრა რომ იციან, ასეთ სუფრასთან ვისხედით, ფანჯრიდან ბიჭი რომ დავინახე. ეზოში შემოვიდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მე მეძებდა. კმაყოფილი ჩანდა აშკარად, სიხარულს ვერ მალავდა და გუშინდელი გულჩათხრობილი ბავშვი დღეს მოუთმენლობით შეპყრობილ, სიცოცხლით სავსე ადამიანად ქცეულიყო.
ახსოვდა. ეჭვი არ იყო.
ალბათ დილით ერთიორჯერ კიდევ წარმოთქვა წინა დღით ძლივს ნასწავლი სიტყვა და ჩემკენ გამოეშურა.
სასწრაფოდ დავტოვე სუფრა და გარეთ გამოვედი.
ნუ კაკ იგორ, გახსოვს გუშინ რომ გრანატამიოტის სახელი გასწავლე-მეთქი.
конечно помню-ო, თვალებში ჭინკები უთამაშებდა. ერთი სული ჰქონდა როდის ამოთქვამდა და ჩემგან შექებას დაიმსახურებდა.
-აბა რა ქვია?
და ხალხო! გეფიცებით, ისეთი თქვა, არათუ ყველაზე ღვაწლმოსილ ენათმეცნიერს, ან რომელიმე სიტყვათ შექმნის ოსტატს გაუკვირდებოდა, თავად სულხან-საბას შეშურდებოდა და სამუდამოდ განეშორვებოდა ბატის ფრთასა და ანწლის ნაჟურს.
არ ვიცი რატომ, რუსეთში გაზრდილმა და იქვე ჩამოყალიბებულმა მისმა ტვინმა ბოლომდე ვერ გაიმეტა საკუთარი სინაფს-ნეირონნი უცხო, მკაცრი და ბავშვის სამეტყველო აპარატისთვის შეუსაბამო ასოთაწყობისთვის თუ კიდევ რა იყო, მაგრამ ისეთი მიპასუხა, ვერცერთს აზრადაც არ მოგივათ და ნურც შეეცდებით.
--ბიჭმა დიადი პერფორმანსის წინ გონება უკანასკნელად დაძაბა და რაღაცნაირად საყვარლად, რუსული აქცენტით წარმოთქვა:

  ბ ო მ ბ ი ს რ ო ლ ი !!

დიახ, ზუსტად ასე თქვა ამაყად, "ბომბისროლი"–ო.
ერთ გადახარხარებაში ნახევარ სამეფოს დავთმობდი ხალხო, რაღაც ანგლობის მაგვარიც კი დავაპირე, მაგრამ არ ვიცი რამ გამაჩერა და ვააა, მალადეც, რა მაგარი ყოფილხარ, როგორ დაიმახსოვრე ასეთი რთული სიტყვა-მეთქი, თავზე ხელი გადავუსვი.
მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩემ წინ ამაყი და თავში დარწმუნებული პატარა არსება ცქმუტავდა.
-а вот так, взял да запомнил-ო, მომიგო.
ეს თქვა და ჩემთან აღარ გაჩერებულა, ეზოდან გავიდა და ქვემოთ, ლელქაშიანი ჭალებისკენ დაუყვა გზას.

ნასაღამოვზე როდესაც ჩემი უკან დაბრუნების დრომ მოატანა, ისე როგორ დავტოვო აქაურობა ერთხელ კიდე არ ვათქმევინო ის სასაცილო სიტყვა-მეთქი და ის იყო ბიჭის გაკითხვა-ადგილსამყოფელის დადგენას ვიწყებდი, რომ ეზოს გადაღმა, მოშორებით, ერთი დამრეცი ფერდობი რომ იწყებოდა, იმ ფერდობის ძირში მოვკარი თვალი, რამოდენიმე ბატი შემოეკრიბა ირგვლივ და მათ გაბრაზებას, "პროვოცირებას" ცდილობდა.
რაწამს ფრინველნი კისერს წაიგრძელებდნენ და მისკენ გაიწევდნენ მწყობრად, ბიჭი მსწრაფლ, იქვე მდგარ ხის გადანაჭერზე შეხტებოდა, პირში რაღაც მის მიერვე გამოჩორკნილ ბამბუკის მილს ჩაიდებდა და ამ მილიში მისი ფილტვებიდან  ამოხეთქილი ჰაერის ნაკადის მეშვეობით, ალბათ წინასწარ, არ ვიცი რისგან დამზადებულ "ჭურვების" სეტყვას დაატეხდა მოსისინე არსებებს. ჯილდოდ კი ადრენალინის კარგა მოზრდილ დოზასაც გამოიმუშავებდა.

ცოტახანს ვაცადე. ვაკვირდებოდი მის მარდ ქმედებებს.
"მტერს" ბოლომდე მიუშვებდა თავისთან და კრიტიკულ მომენტში კი არ გაურბოდა, არამედ უფრო მოსახერხებელ და სტრატეგიულ მაღლობს შეარჩევდა და იქიდან უტევდა მოწინააღმდეგეს.

კიდევ რამოდენიმე ხანი ვადევნე თვალი და მერე:
-ჰეი, ბომბისროლი-მოდი აქ, გავძახე.
იმ წამსვე მოირბინა.
-მორჩა, მე მივდივარ და აბა შენ იცი, არ დაგავიწყდეს ეგ სიტყვა მეთქი.
არასდროს დამავიწყდება-ქართულადვე მომიგო, ვსეგდა ბუდუ პომნიტ-ო, შემდეგ ისევ რუსულზე გადაერთო.
გადავეხვიე, ვაკოცე.
საერთოდ, ბავშვები კოცნითვე არ პასუხობენ. ეს კი ჩამეხუტა, თავისი გახვითქული სახე სახეზე მომადო და მაკოცა კიდეც. მისი გულისცემა ვიგძენი, ძალუმად უფრთხიალებდა "მტერთან" ბრძოლით ღონეგამოცლილს.
ბატები აღარსად ჩანდნენ.
მოგვიანებით ფერდობის წვერზე  მოფუთფუთე საშუალო ზომის ლაქა მომხვდა თვალში. მწყობრში არეულობა შეინიშნებოდა. ბორცვის მეორე, ჩრდილიანი მხარისკენ მიიზლაზნებოდა დეზორგანიზებულ „აგრსორთა“ თეთრი ბატალიონი.

შებინდებისას მე ჩემს გზაზე წამოვედი, თბილისისკენ დავიძარი.
ის კი ცოტა ხანსაც დაჰყოფდა ალბათ სამშობლოში, ხოლო შემდეგ ალბათ ისევ "კაზბეგსკაია უშელიეს" გავლით დასტოვებდა ქვეყნის საზღვრებს. იმ თავის ხელით გამოჩორკნილ ბამბუკის სასროლსაც წაიყოლებდა თან გულის ჯიბით, უცნაური სახელი რომ უწოდა და რომელი მესაზღვრე ან სკანერ-დეტექტორი დააფიქსირებდა იმ "არალეგალურ" ტვირთს, ანუ იარაღს, სიტყვას, რომლის განმარტებას ვერცერთ სიტყვის კონასა თუ ლექსიკონებში ვერ შეხვდებოდით და რომელიც ბიჭმა თავადვე შექმნა და თავისსავე გულში მიუჩინა სამალავი.

თბილისში გვიან ღამით დავბრუნდი. ძილს არც იმ ღამეს ჩაუვლია ჩემს სიახლოვეს.

ზუსტად გეტყვით. ეს ყველაფერი 1986 წლის ნოებრის ბოლოს ხდებოდა.


ნაწილი II

თავიდან ძლიერ აჟიტირებული ვიყავი ამ ისტორიით. ყველას ვუყვებოდი, როგორ დაიბადა პატარა რუს-ქართველა ბიჭის გონებაში საოცრად ლამაზი კომპოზიტი. მის გაცისკროვნებულ სახესაც კი დაწვრილებით აღვუწერდი ხოლმე მსმენელს და იმ სცენასაც რეჟისორული მონდომებით ვხატავდი, როდესაც ეს სიტყვა წარმოთქვა პირველად.
კარგა ხანს ჩამრჩა მეხსიერებაში ის დღეცა და იმ ბავშვის სახეც.
მაგრამ მერე და მერე იცით რაც დაიწყო და როგორც წარიმართა მოვლენები. ქვეყანა თავდაყირა დადგა და მართლა ვისი ვიოლინო ვის როიალში იქნა გათხრილი, ადამის ძემ ვერ გაიგო. თვითმფრინავის პროპელერს თუ დაკვირვებიხართ, თავად რომ ერთი მიმართულებით ტრიალებს, ხოლო მისი ფანტომური გამოსახულება თუ სილუეტი, მეორე მხარეს მბრუნავი გეჩვენება, აი ზუსტად ისე იყო "ტურფა" საქართველოს საქმე. წაღმა ბრუნავდა თუ უკუღმა მისი ბედის ბორბალი, კაცმა კი არა გაწვრთნილმა ეშმაკმაც არ უწყოდა.

შემდეგ წლებს, უარესი შემდეგი წლები მოჰყვა და რომელი ბიჭი, ხალხს საკუთარი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი თუ პატრონ-მყვარებელი აღარ ახსოვდა.

მერე ბნელი ოთხმოცდაათიანების ჭაობი.
პლანი, წამალი, სასმელი, მერე სისხლი, ფურთხი, ათასი ჯანდაბა თუ დოზანა აიზილ-გაითქვიფა ერთმანეთში და ვინ უფრო პირველი და ვინ უფრო ღრმად ჩაყვინთავდა ამ სიბინძურეში, სრულიად ნაცია, ლაგოდეხიდან მოყოლებული ვიდრე ფსოუმდე, ხოლო შემდეგ ენგურამდე, ერთმანეთს ეჯიბრებოდა.

სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ მოვახერხე და ამ წუმპედან ნაწილობრივ სუფთა გამოვედი და ბევრი ყოყმანიც არ დამჭირვებია, ისე დავტოვე საქართველოს აჩრდილი.
ოკეანის გაღმა, ელდორადოს საძებნელად გავემართე.
უცხო მხარეში რამოდენიმე წელი დავყავი. საბოლოოდ კი, გულმა მაინც აქეთ გამომიწია და არც მაშინ მიფიქრია ბევრი, ბარგი შევკარი და უკან, სამშობლოსკენ გამოვეშურე.
ამ მომენტისთვის დროის მსახვრალ ხელს მოესწრო და ბიჭის სახე საბოლოოდ ამოეშალა ჩემი გრძელვადიანი მეხსიერებიდანაც კი.

ასე გრძელდებოდა წლები.

ცოტაც და, ორი ათეული წელი მეთქი ვიტყოდი, მაგრამ აგვისტოს მეორე ნახევარი იდგა, როცა მამაჩემმა შემატყობინა, ჩვენი შორეული ნათესავი, მათე დაღუპულა ომში, მე ვერ მოვდივარ და იქნებ შენ მაინც წახვიდეო პანაშვიდებზე.
მეწყინა, გული დამიმძიმდა, მაგრამ ის მშველოდა, რომ არ ვიცნობდი და ვერც გავიხსენე ეს მათე ვინიყო. იმის გარკვევასაც აღარ შევდგომივარ, თუ რამდენად შორ ან ახლო ნათესავად მერგებოდა და რამდენად პირდაპირ ვიყავი დაკავშირებული მის გენეტიკურ ხაზთან. თუმცა რაღაცნაირი სიამაყეც კი დამეუფლა, რომ ნათესავი დამეღუპა ომში. ჩემს ბრძოლებში არ მონაწილებასაც თავისებურად აკომპენსირებდა ეს ფაქტი და ვიღაცა ხომ მაინც შეეწირა მეთქი სამშობლოს საკუთარი გენეტიკური წრიდან-- თავს ვიმართლებდი უსუსურად.

იმავე დღით ვერა და მეორე დღეს, ვაზისუბანი იყო თუ ვარკეთილი, ვეღარ ვიხსენებ, უხალისოდ, ნაძალადევად მივათრევდი ფეხებს. ამ ადგილებს არ ვიცნობდი და შიში მქონდა, საერთოდ არ დავიკარგო და უკან წამოსასვლელი გზა ვეღარ გამოვიგნო მეთქი. მაგრამ ტაქსისტმა იმარჯვა და ამ გულის გამაწვრილებელ ლაბირინთებში გზა მარტივად გაიკვლია.
თავად კორპუსს კი ადვილად მივაგენით.
უამრავი სამხედრო მანქანა და ოფიცერ-ჯარისკაცთა თავყრილობა, მისამართის უტყუარობას მიანიშნებდა.

ისევ 90-იანები წარმომიდგა თვალწინ.

საყოველთავო განუკითხაობისა და ხოცვა-ჟლეტის ფონზე, თითო კორპუსს ორი-სამი მიცვალებული რომ ჰყავდა და სამძიმარზე მისულნი ერთმანეთში რომ არკვევდნენ, ვინ ვისი მკვდარი იყო და ვინ ვისი ჭირისუფალი. ბევრჯერ ისეც მომხდარა, სადარბაზოები  არევიათ და სხვას სხვისი ცხედარი დაუტირებია.
კი, ასეთი დროც იყო.
ამჯერად მსგავსი რამ არ მემუქრებოდა. ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა.
ისეთი გრძნობაც კი დამეუფლა, თითქოს ტელეპორტირება განვიცადე მეოცე საუკუნიდან ოცდამეერთეში.
მანამდე ერთხელ უკვე ვიყავი დროის მანქანით სივცეში მყისიერად გადაადგილებული. ეს მაშინ მოხდა როცა ჯოჯოხეთური თბილისიდან, ერთ დიდ ქალაქში ჩავფრინდი და როდესაც იქ დამხვედრებმა აეროპორტშივე ნახევარი ბოთლი "რედ ლეიბლი" მაგლეჯინეს, იქვე "ჰაიდროუს" ჯადოსნური კვამლით დამასხეს თავბრუ, მერე თვალები ამიხვიეს და  ტელეპორტირების მეშვიდე ტერმინალიდან, ყვითელი "კიბანით" პირდაპირ, ერთი კუნძულიაო ამბობდნენ, აი იქით გამაფრინეს.
პარალელურ სამყაროში მაშინ ამოვყავი თავი, როცა თვალებიდან ბენდენა იყო თუ რაღაც ტილოს ნაგლეჯი წამხსნეს და ღვთისა და კაცისგან მიტოვებული თბილისის მიგდებული კვარტალების ნაცვლად, ჩემს წინ ათიათასი ნეონის შუქით გაბდღვრიალებული "როკფელერ ცენტრი" ამოიზიდა.

მეოცედან ოცდამეერთეში გადმოვნაცვლდი-მეთქი, ზემოთ ვწერდი, რადგან პირში ასტრა გაყრილი, წვირიანი ჯარისკაცებიც ხომ მინახავს ასეთ ამბებში და იმ დროებისგან განსხვავებით, თავი ამერიკულ ბლოკბასტერში აღმოვაჩინე, იმდენად დაბანილ-დავარცხნილი იყო ამ ძნელბედობის ჟამის  სამხედრო მდგენელი. მგონი სიგარეტსაც არავინ ეწეოდა. იდგნენ ასე, წესის და რიგის მიხედვით და სახეზე უსაზღვო ტრაგიზმი გამოხატვოდათ.

ხალხის ნაკადს სადარბაზოში შევყევი.

მსგავს შემთხვევებში ლიფტით არასდროს ვსარგებლობ, თუნდაც მეთოთხმეტე სართულზე ვიყო ასასვლელი. ფეხით ავდივარ ხოლმე და ჩემს ჭკუაში ამით გამოვხატავ მიცვალებულისადმი პატივისცემას.
ახლაც ასე, ნელ-ნელა შევუყევი კიბეებს.
ბინას რაც უფრო ვუახლოვდებოდი, ოფიცერ-ჯარისკაცთა რაოდენობა მითუფრო მატულობდა.
რატომღაც არლინგტონის საძმო სასაფლაო წარმომიდგა თვალწინ და იქ ამოზიდულ თეთრ ქვათა სიმრავლე, რომლებიც საკუთარ ფერხთით დასავანებულ გმირებს ედგნენ მცველებად და მათ უკვდავებაზე ღაღადებდნენ. ამ სანახებს ერთხელ ვსტუმრობდი უკვე, აღქმული მიწის ძიების გზაზე.

ბინის შესასვლელთან ლოდინმა მომიწია. არასდროს მავიწყდება, მახსოვს დრო ვიხელთე და მობილური გავთიშე. ჩვევა მაქვს ასეთი. ცოტაც კიდევ და სახლის ზღურბლს მარჯვენა ფეხი გადავაბიჯე. რატომ მარჯვენა-ო, რომც მკითხოთ, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ასეა,მარცხენა ფეხით არასდროს არსად შევდივარ.

ზღურბლს ფეხი გადავაბიჯე.

დაკვირვებული ვარ, ასეთ ვითარებებში, გარემომცველი რეალობის აღქმის რეცეპტორები ტოტალურად მეთიშება, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვხედავ.
სამაგიეროდ დღესაც სრული სიცხადით მახსოვს საიქიოს სამანზე დასვენებული თითოეული მიცვალებულის  უსიცოცხლო სახე.
არც ის დღე ყოფილა გამონაკლისი.
ჰოლში ფეხის შედგმა იყო და ირგვლივ მყოფი ხალხი და საგნები თითქოს ბურუსმა მოიცვაო, ნელნელა გაფერმკრთალდნენ და მრუმე ნისლში იწყეს დანთქმა.
არ გამკვირვებია. ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ გული რაღაც ცუდს მეუბნებოდა.
აორთქლებადი სამყარო თავის ნებაზე მივუშვი და თვალი სასახლისკენ გამექცა...
გინახავთ ვინმე, ქვას რომ აგდებდეს და მერე თავს უშვერდეს.
"მუხლის მოკვეთა"-ც ასეთივე არარსებული მეგონა, უბრალო გამოთქმა, განცდების აღმწერი. თუმცა ამ იდიომის რეალურობა მერე საკუთარ თავზე გამომაცდევინა უზენაესმა, როცა ჩემმა ახლადშობილმა გოგონამ პირველად გამისწორა მზერა და თავისი ცისფერი სხივი თვალებში შემომანათა.
პირველად ვნახე მაშინ. ერთი დღის იყო. საწოლს არც ემჩნეოდა ნორმალურად.

თვალი სასახლისკენ გამექცა-მეთქი.

იმ დღეს და იმ წუთას მუხლებში მეორედ ჩავიკეცე, როცა ცხედარმა ჩემი მზერა აისხლიტა და მის გვერდით დასვენებულ უცნაურ საგანზე გადაამისამართა.
ყველაზე კრისტალური თუჯისგან ჩამოსხმულმა ათასმა ზარმა ერთბაშად მაშინ დამკრა თავში და ტანშიც მილიარდი ელექტრონის ნაკადმა დამიარა, რაწამს კუბოს გვერდით, სპეციალურად დამზადებულ წითელხავერდოვან სადგარზე "ფაუსტ-პატრონის" ტიპის მწვანედ შეფერილი ყუმბარმტყორცნი დავინახე.

"სული კბილით მეჭირა"-ც ნაღდი ყოფილა.

არესს ვემუდარებოდი, ომის ღმერთს,  ვინც გინდა ყოფილიყო, ოღონდ ის არა, წითელჯვრებიანი დროშის ფონზე, იმ რუს-ქართველა ბიჭუნას სახე არ ამომეცნო.
არ მინდოდა, მაგრამ რისიც გეშინია, იმას რომ უნდა გაუსწორო ჯიუტად თვალი, აი ისე გავუყარე მზერა მიცვალებულს დახუჭულ თვალებში...

ის იყო ...
კი, უნდა დამიჯეროთ, ის იყო.
უმალ ვიცანი. არ ვცდებოდი და თვალიც არას მატყუებდა.
ნამდვილად ის იყო, ბიჭი...
ოღონდ იმ ხან დარდიანად გარინდებული და ხანაც თვალთაგან ჭინკა-ალქაჯთა მფრქვეველი პატარა მონადირის ნაცვლად, ჩასასვენებელში ბრგე, ქართულ ყაიდაზე წვრულვაშშეღერებული მისი ფითრი სახება ლიცლიცებდა.
სიმშვიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩაყოლილი ჯავრის კვალი კი თვალნათლივ იკითხებოდა მის რკინადქცეულ, ბრინჯაოსებრ სახეზე...

ხოლო მის გვერდით, ასევე ჯარისკაცული პატივით, ბიჭის მიერვე სახელრქმეული და მისივე ფანტაზიების შესაფერისი ბამბუკის მილი, აწ უკვე პატრონის კვალდაკვალ გაზრდილ-დავაჟკაცებული "ბომბისროლი", ნამდვილი ყუმბარმტყორცნი დავანებულიყო ღმერთო!
არ ვიცი მომეჩვენა თუ რა, ისიც დავინახე, რომ ჭეშმარიტ სასიკვდილო მანქანად ქცეულს, ჯერაც ასდიოდა მსროლელის მიერ ბოლო ნატყორცნი ჭურვის შედეგად წარმოქმნილი ცეცხლი და ალმური.


ერთი სართულით მაღლა, კებეებზე ვიჯექი. თავი ხელებში ჩამერგო და თვალთაგან მდუღარე მდიოდა
და ვერც ვერავინ მეტყვის მერამდენე ღერს ვეწეოდი. სამძიმრიდან გამოსულს, ანგარიშმიუცემლად გამირბის ხოლმე კოლოფისკენ ხელი.
სიგარეტს ვეწეოდი და თვალზე ცრემლი რა მოსატანია, როცა კარგა მოზრდილი ქვაბით უშავესი კუპრი იხარშებოდა ჩემს გულში. მოგიზგიზე ცეცხლს შეშასაც განუწყვეტლივ უკეთებდა ვიღაცის უჩინარი ხელი.
ვერაფერს ვხედავდი-მეთქი უკვე გითხარით.
ეხლა უკვე არც არაფერი მესმოდა. მხოლოდ მისი თანამებრძოლების მიერ აქა-იქ წარმოთქმულ ფრაზას თუ დაიჭერდა ჩემი სმენა.
მაგარი იყოო-ერთმა.
მეორემ პირდაპირ თქვა, დედას იმას უშვრებოდაო მტერსა და დუშმანს.
მერე ვიღაცამ, ბომბისტყორცნს თუ რაღაც უცნაურ სახელს უწოდებდა თავის იარაღს, განუყრელ მეგობრად მიაჩნდაო.
მერე კიდე ვიღცამ მტრის ჯავრი გაიყოლა იმქვეყნად. მათ კავკასიონს იქით გადარეკვაზე ოცნებობდაო დღენიადაგ.
სხვამ, ბრძოლის საკუთარი ხელწერა ჰქონდაო. მტერს დაენახვებოდა, ახლო მოუშვებდა თვითონ კი მოჩვენებასავით იყო, საიდანაც არ ელოდნენ, სწორედ იქიდან დაატეხდა ელვას და ქუხილსო.
მერე ისიც გავიგე, თხუთმეტი წლის ყოფილა საქართველოში რომ ჩამოსულა საბოლოოდ სტავროპოლიდან. სახელიც ქართული დაირქვა, რაღაცა რუსული ერქვაო ადრე. ყველაზე მაგარი ქვეყანაა დედამიწის ზურგზეო, ასე ამბობდა. მაგრად უყვარდა თურმე ეს მიწა...

ასე იყო ეს ამბავი და რა გითხრათ მეტი.

          *          *         

მას მერე რამოდინიმე წელია გასული.

დღე ერთია და სანამ მზე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ცის რკალს მოხაზავს, მსროლელი რამოდენიმეჯერ მახსენდება. თან საოცარი ის არის, რომ როგორც მაშინ უარყო ბავშვის ტვინმა ის გოროზი სიტყვა, ასევე ჩემმა გონებამაც ვერ მიიღო მისი მკაცრი, კაცური შესხედაობა. აღარ მაგონდება და ვერც ვიხსენებ, ორ სამყაროს მიჯნაზე დასვენებულ მის სანთლისებრ ხატებას. არადა ყველა გარდაცვლილის სახე ინახება მეთქი ჩემს წარმოდგენებში- ადრე მოგახსნებდით.

და კიდევ, ამ ბოლო დროს დამჩემდა განსაკუთრებით, როდესაც მასზე ფიქრი ამეკვიატება, რატომღაც ძველი ფოტოაპარატის განუწყვეტელი ჩხაკუნი ჩამესმის და ამ ჩხაკუნის ფონზე, შავ-თეთრი, ოდნავ გახუნებული ფოტოები, სლაიდების სახით გაკრთებიან ხოლმე ჩემს თვალწინ.
აი ის სლაიდებიც:

-ბიჭი დგას კარავთან და თოკს აწვალებს...

-ბიჭის სადღაც შორს, ცის დასალიერისკენ მიპყრობილი თვალები..

-ბიჭმა ბატები ბორცვს იქით, ჩრდილოეთისკენ გადარეკა...

-მეტყველი სახე ბავშვის, რომელიც მისთვის რაღაც მნიშვნელოვანის გამჟღავნებას აპირებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები