ნაწარმოებები



ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2015


წვიმიანი სათიბებიდან

                        მ.ბ.-ს

ბედნიერებისთვის,
ოჯახის წევრებს გარდა,
სახლში ვიღაც სხვაც უნდა ცხოვრობდეს-
სიკვდილის ცოდნა-
ანუ, რაც გაგვაჩნია,
იმ ყველაფრის დაკარგვის შიში,
ძაღლივით რომ შეუძლია
ნებისმიერ დროს ფეხებთან აყეფდეს.

ალბათ იმასაც გეტყვი,-
სანამ ვცხოვრობთ,
შეიძლება არ ვიცოდეთ ისინი,
გაჩერებაზე რომ სახიდან თმას
ვითომც არაფერი გადაგვიწევენ.
და შეგვეშინდება,
რომ ვეღარ მოვასწრებთ გაქცევას,
სანამ ავტობუსი მოვა.
სანამ შეგვიძლია.
სანამ შეგვიყვარდება.

კიდე რაღაც მინდოდა მეთქვა.
გავიხსენებ
და ალბათ გეტყვი, რომ
ადამიანები მიგვიჩვევენ.
მერე საგზალივით გამოგვიზოგავენ,
წვიმიან დღეს სათიბში რომ წაგვიღონ.
ან სახსრებივით,
შორეულ მოგზაურობისთვის რომ ინახავენ.
შენ კი იმასაც ვერ მიხვდები,
რომელი გინდა იყო-
სახლში გამომცხვარი პურის ყუა,
თუ ბოლო პური,
მშიერი მოგზაურის წინ მდგომი რომ იყიდის.

და ყოველ ღამით ნახავ სიზმარს-
წვერმოშვებული კაცი
მთელი ღამე წვიმაში თიბავს
და მინდვრის ბოლოს,
შენს სხეულთან წამით იხრება:
"მისი სიცოცხლე,
თუ ცელის მხოლოდ ერთი მოქნევა?"
და რომლიდანაც,
ძაღლის ყეფა გამოგაღვიძებს.
და მხოლოდ იმეორებ:
მე მეშინია შენი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები