ნაწარმოებები



ავტორი: ალექსანდრა_კესინგერი
ჟანრი: პროზა
6 ივლისი, 2015


Om namah Shivaya

როცა დილის შვიდი საათია, შენ კი წამითაც არ გძინებია და ყურსასმენებგარჭობილი ‘ომ ნამაჰ შივაის’ უსმენ, ესე იგი, ყველაფერი მთლად  რიგზე ვერ არის. სიტყვა სიტყვით ეს ‘მე ვადიდებ შივას’ ნიშნავს. შივა ჩვენს ცნობიერებას, შინაგან სამყაროს განასახიერებს. ინდუისტურ რელიგიაში სამი მთავარი ღვთაებაა. ბრაჰმა, რომელმაც შექმნა სამყარო, ვიშნუ, რომელიც ზრუნავს ამ სამყაროზე და შივა, რომელიც დროის დასასრულს სამყაროს გაანადგურებს. მართალია, შივა გამანადგურებლად მიიჩნევა, მაგრამ ის ჩვენი შინაგანი მეა, რომელიც მაშინაც იარსებებს, როცა ყველაფერი აღიგვება პირისაგან მიწისა. რეალურად, როცა ამბობ ‘ომ ნამაჰ შივაი,’ საკუთარ მეს განადიდებ.

ამბობენ, ძლიერი მანტრააო. მის წარმოთქმას არ სჭირდება რიტუალი, განსაკუთრებული ადგილი, ცერემონიები. შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას იმეორო. განა ინდუისტი ვარ, პირიქით, საერთოდ არ ვცნობ არც ერთ რელიგიას, მაგრამ ამ ფრაზას უკან დამალული სიმბოლიზმი მომწონს. საკუთარ თავში ღვთაებრივი საწყისის აღმოჩენას უკავშირდება და ჩემი სპირიტუალიზმიც სწორედ თვითჩაღრმავებაზე გადის. თუ ღმერთი არსებობს, ის ყოველ ჩვენგანშია, ჩვენი გონის ბნელ ხვეულებში. ღმერთის პოვნა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის აღმოჩენა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

ჰოდა, გონებაში მეც ვიმეორებდი მანტრას და უცებ ძალიან მომინდა ტატუ. მკლავზე ამოვისვირინგებდი Om Namah Shivaya-ს სანსკრიტზე, სულ რომ შემეხედა და გამხსენებოდა, საერთოდ არაფერს არ აქვს აზრი, არც ბედნიერებას, არც – უბედურებას. ამქვეყნად იმდენი სამყაროა, რამდენიც – ადამიანი. ვიწექი ღამენათევი, რამდენიმე საათში სამსახურში წასასვლელი, ხმაჩახლეჩილი და ამოუხსნელ სევდას ვგრძნობდი. ჩუმ, მტანჯველ, მშვიდ სევდას. გულს რომ გიჩქარებს კი არა, პირიქით, მაჯის ცემას გინელებს.

ნელ-ნელა გვანცასაც გაეღვიძა. ზლაზნვით წამოვდექი, თავს ამღვრეულად ვგრძნობდი. უძილობისგან გულის რევის შეგრძნება მქონდა და ალბათ დაბალი წნევაც, გადაღლილობისგან. ცოტა წავიჭორავეთ, ცოტა წავიხემსეთ. ის თავის სამსახურში წავიდა, მე ორი საათი მქონდა, სანამ ჩემსაში წავიდოდი და გადავწყვიტე, მეგობარი მენახა.

11 საათის სიცხეს თავი აბაშიძის ‘დანკინ დონატში’ შევაფარეთ. მე ცივი ლატე მოვიმარჯვე, იმან თავისი დეპრესიის მიზეზი მომიყვა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეთქვა, რა რჩევა მიმეცა. მგონი, უბრალოდ მოსმენით უფრო დიდი სამსახური გავუწიე.

– შენ რაღა გჭირს? - მკითხა მერე.

– არ ვიცი.

– ბიჭის თემაა?

– არა.

– აბა, სამსახურის?

– არა, პირიქით, მომწონს ჩემი სამსახური.

– ოჯახი?

– არა, არც ეგ.

– აბა?

– არ ვიცი, მართლა არ ვიცი.

არ ვტყუოდი. მართლა არ ვიცოდი, საიდან გაჩნდა ეს სულში მეტასტაზებივით მოდებული სევდა.

სანამ ბაგებამდე ავაღწევდი, თბილისის ავადსახსენებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოტაც და გული წამივიდა, ჯოჯოხეთურად რომ ცხელოდა, სულაც არ მსიამოვნებდა ეგ ამბავი. თვალდახუჭული მივეყრდენი გავარვარებულ ფანჯარას და თითქოს არსაიდან გამახსენდა მილენა ჯესენსკას წერილი.

ვინც არ იცით, მილენა ფრანც კაფკას ხვდებოდა. ერთმანეთს იმიტომ დაშორდნენ, რომ მილენა გათხოვილი იყო და ქმრის მიტოვება არ უნდოდა, მაგრამ ორივენი მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ერთი მეორის ცხოვრებაში. თავის წერილში მილენა კაფკას მეგობარს, მაქს ბროდს აი, რას წერდა:

„ნამდვილადი ვიცი, ვერანაირი სანატორიუმი ვერ განკურნავს [კაფკას]. ყველას შეგვწევს სიცოცხლის უნარი, რადგან ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველამ ვიპოვეთ თავშესაფარი ტყუილში, სიბრმავეში, ენთუზიაზმში, ოპტიმიზმში, პესიმიზმსა ან რამე მსგავსში. მას კი არასოდეს უპოვია თავშესაფარი, ფარად არაფერი ჰქონდა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისგანაც ჩვენ დაცულები ვართ.“

არა, თავს კაფკას ნამდვილად არ ვადარებ, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ მასაც ჩემნაირი შეგრძნება ეუფლებოდა ხოლმე, ალბათ. ჰაერში გამოკიდებულივით ყოფნის შეგრძნება, ვერაფერს რომ ვერ ეჭიდები, ვერსად იდგამ ფესვებს.

ვეღარ ვუძლებ ჩემს გონებას.

ნეტა, გამომრთველი ღილაკი არსებობდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები