ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: დანიელ
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2015


როცა რაინდები დრაკონებს ვეღარ კლავენ ნაწილი მეხუთე. 2008 წელი. ზაფხული (თავები პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე)

ნაწილი მეხუთე. 2008 წელი ზაფხული

თავი პირველი
დედაქალაქში მიუხედავად ცხელი ზაფხულისა დაძაბულობა და შემართება იგრძნობოდა, თითქოს მთელი ქალაქი ერთ გიგანტურ ზამბარად ქცეულიყო, გასაშლელად გამზადებულ ზამბარად. არც სიცხეზე წუწუნებდა ვინმე, არც მტვრიანი ქარი აწუხებდა ადამიანებს. ქვეყანა ომობდა, ამჯერად მტერთან.
დედაქალაქის ერთი ძველი უბნის ძველ ქუჩაზე ხმაური იყო, სპეცტექნიკა ქუჩას შესეოდა, ერთი მცირე ზომის ბულდოზერი ბეტონის წყლის სოკოს ეჯაჯგურებოდა, რომელზე გაკრულ თითბირის ფირფიტასაც ეწერა ზუკას წყარო, ბულდოზერმა რამდენჯერმე სცდა ბეტონის ბოძიკნტის წაქცევა თუმცა არ გამოსდიოდა. ბოლოს წყლის სოკოს ლითონის ბაგირი ჩააბეს და საწინააღმდეგო მხარეს გაქაჩეს, სულ ცოტა ხანში სოკო დანებდა და ბორდიურზე წამოიქცა. ბეტონის ნატეხი ოთხმა მუშამ სწარაფად შეაგდო სატვირთო ავტომანქანის საბარგულში, სხვებმა კი მოცარიელებულ ადგილას ცხელი ასფალტი დაყარეს. ერთი ყრიდა, ორი კი საგანგებო მოწყობილობით საგულდაგულოდ ასწორებდა. მუშებსაც ეტყობოდათ დაძაბულობა და მობილიზებულობა, ისევე როგორც მთელს ქალაქს, ისევე როგორც მთელს ქვეყანას.
მუშების საქმიანობას შორიდან ახალგაზრდა კაცი ადევნებდა თვალს, კაცი ხეს მიყრდნობოდა და, ერთი შეხედვით, უდარდელად ეწეოდა მარლბოროს. თუმცა თუ კარგად დააკვირდებოდით ახალგაზრდა ასაკისათვის შეუფერებლად ნაოჭებით დაფარულ სახეს, უთუოდ ამოიკითხავდით წლების განმავლობაში ნაგროვებ სევდას თუ ტკივილის, თუ კიდევ სხვა რამ გრძნობას რომელიც ამგვარ დაღს ასვამს ადამიანთა სახეებს. კაცმა სიგარეტის ნამწვი იქვე ხეზე ჩააქრო და ხის ძირას დააგდო, კიდევ ერთხანს უყურა პირქუში მუშების ფუსფუსს, შემდეგ შემობრუნდა და ნელი ნაბიჯით აუყვა ქუჩას. სადღაც შორს ისმოდა საბრძოლო თვითმფრანების ზმუილი და მოჭიმულ ზამბარას კიდევ უფრო ჭიმავდა.

- მე ძმაო უკვე ყველაფერი მკიდია. ყველაფერი მინახავს და ყველაფერი გამომიცდია. - გიამ ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი ცხვირიდან გამოუშვა.
გია ნახევრადჩაბნელბულ, უფანჯრებო ოთახში იჯდა ხის სკამზე, წინ, მაგიდაზე სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე, ელექტროლამფა და ბოთლით წყალი ედო.
- 91ში ჩამოვედი აქ სოფლიდან, დიდი ქალაქი დიდ იმდებს იძლევა და ასევე დიდ იმდგაცრუებებსაც არა? ჰოდა ჩამოვედი, მილიციაში დავიწყე მუშაობა. იდეალისტი ვიყავი ეტყობა, თორე რა მილიცია? - გიამ გაიღიმა, თავი გადააქნია და სიგარეტის ნამწვი საფეფლეში ჩააქრო. - თავიდან ბინას სადაც ვქირაობდი გვერდით გოგო ცხოვრობდა, პატარა გოგო, სკოლის მოსწავლე, როგორი ბავშვი იყო იცი? აი რომ შეხედავ და შვილი რომ მოგინდება, ასეთივე ლაღი, სუფთა, ჭკვიანი, მხიარული... მაშინ დიდი ხანძარი რომ მოხდა კინაღამ დაიწვა ხომ იცი? მე თავიდან მეგონა რო კერასინკა წაიქცა, ნოდარი რომ მიხვდა ადამიანის ხორცი იწვებაო იქ, გადაირია, ამტვრევდა ირგვლივ ყველაფერს და მეთქი კერასინკა წაიქცა, კედლებს მოედო სულ ცეცხლი და ნათია ხო ზემოთ იყო? ავვარდი იმ კიბეზე კიბესაც ცეცხლი უკიდია, თან ხელები მეწვება თან ვცდილობ ნათია ცეცხლს მოვარიდო, მაგის მერე ნახე, შრამები დამრჩა. - გიამ ხელისგულები გაშალა და წინ გაიწვდინა, ისინი მართლაც იყვნენ დაფარული უკვე ძველი მაგრამ მკაფიო ნაიარევებით.- ჰოდა მერე გაირკვა რომ იმ მღვდელს მოუწყვია ის ხანძარი, თეთრი ფოსფორიო თუ რაღაც კედლებზე წაუსვიაო, მაგას ჰო რაღაც სექტასავით ჰქონდა. საწყალი ბავშვი, ჩემი ლაღი და მხიარული ბავშვი პატარა ნათია მთელი თვე არ ლაპარაკობდა მაგ ამბის მერე, მთელი თვე თითქმის არ მძინებია მაგის საწოლთან ვიჯექი და ღამეებს ვუთენებდი, დღე კიდე გაკვეთილებს ვუკითხავდი, მეთქი ბავშვი პროგრამას არ ჩამორჩეს და არ დაიჩაგროსთქო... დედამისი სამსახურს ვერ ანებებდა თავს... რეებს გიყვები? მაგრად გაინტერსებს არა? მარა მკიდია, მაინც მოგიყვები, ვიღაცას ხომ უნდა მოვუყვე, თავისი ნებით არავინ ისმენს და - გიას გაეცინა - იცი რას ვფიქრობ? აი ხომ არის ასეთი პონტი რომ თუ დრაკონს მოკლავ შეიძლება შენ თვითონ გადაიქცე დრაკონადო ჰო, მაგაზე კინოებსაც იღებენ და რომანებს წერენ, აი კოპოლას აპოკალიფსი ჰო გახსოვს? ზუსტად მაგ პონტზეა რა... ჰოდა მე ვაფშე რა მგონია იცი? თუ შენ არ გახდი დრაკონი ისე დრაკონს ჩემს ფეხებს მოკლავ რა, შანსი არ გაქვს. - გიამ სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა, ცოტა ხანი კდელს უყურა და მერე დაამატა: - ჰოდა მეც გავხდი დრაკონი.

თავი მეორე
ზუსტად ერთი საათით ჩამოვიდა დედაქალაქში ლადო. რაღაც ძველი საბეთები იყო სასწრაფოდ მოსაძებნი და პოლიციის მაიორ შონავასთან მისატანი. გუშინ დილიდან ლადო ბრძოლის ფრონტთან იყო. არა იარაღი ნამდვილად არ ჭერია ხელში და ალბათ უშუალოდ ბრძოლაში ჩასაბმელადაც ვერ ივარგებდა, თუმცა შტაბთან ტრიალებდა თუ რამ გასაკეთებელი იყო ყველაფერში მონაწილეობდა. უკვე შუადღისკენ კი დაურეკეს და სთხოვეს სასწრაფოდ რაღაც ძველი დოკუმენტები, რომლებიც შენს სეიფში ინახება უნდა აიღო და მაიორ შონავასთან მიიტანო მოდულშიო. რატომ იყო ეს საქმე ასე სასწრაფო არ აუხსნიათ, მაგრამ ლადომ იცოდა თუკი ეუბნებოდნენ სასწრაფოაო იქ ზედმეტი კითხვების გარეშეც გასაგები იყო რომ უნდა ჩამჯდარიყო მანქანაში და დედაქალაქისკენ წამოსულიყო.
ლადო ცარიელ განყოფილებაში სეიფს ათვალიერებდა და საჭირო საბუთებს ეძებდა როცა შემთხვევით საკმაოდ სქელ სქაღალდეს გადააწყდა, რომლის შესახებაც უკვე დავიწყებული ჰქონდა. „მერაბ დადიანი“ ეწერა საქაღალდეს, თუმცა გადაშლილი იყო და ქვეშ გაკრული ხელით მიეწერათ „გია“. დიდი ინტერესით გადაშლიდა ლადო და გაიხსენებდა რეები ეწერა ამ საქაღალდეში, თუმცა დრო არ ითმენდა, ამიტომ შონავასთან მისატანი საბუთები გამჭირვალე ფაილში ჩადო, სქელი საქაღადე იღლიაში ამოიჩარა და სწრაფად გავიდა განყოფილებიდან.
საღამომდე ლადო უკვე შტაბში იყო და მანქანაში მიგდებული საქაღალდე აღარც ახსოვდა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაახსენდა, როცა ბრძოლებისა და არმიის ხელმძღვანელობამ უკანდახევა ბრძანა და როცა ათასობით იმედგაცრუებული და გულგატეხილი მებრძოლი უკან გადაისროლეს ზოგი თადარიგში ზოგიც კი დედაქალაქის მისადგომების გასამგრებლად, ლადოს მანქანაში ჩამჯდარმა ერთერთმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა უკანა სავარძლიდან სქელი საქაღალდე მიაწოდა აქ იდო და რა ვუყოო, გაახსენდა და მანქანის უჯრაში შეაგდო.
ლადოს რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა როცა ეს საქაღალდე იპოვა, არც კი იცოდა ამ გრძნობას რა ერქვა აი სახლიდან რომ გადიხარ და რომ გგონია რაღაც დაგრჩა, ანდაც ცნობილი ფილმის ცუდ რიმეიქს რომ უყურებ და თითქოს სიუჟეტშიც არაფერი შცვლილა, მსახიობებიც არ ასრულებენ როლს ცუდად, რეჟისორიც ორიგინალის რეჟისორის ხერხებს იმეორებს, მაგრამ მაინც რაღაც აკლია აი სწორედ ასეთი რამ იგრძნო ამ საქაღალდის დანახვისას და ერთი სული ჰქონდა როდის გადაშლიდა და წაიკითხავდა, მაგრამ ახლა არც განწყობა ჰქონდა და არც ამის დრო იყო. სახლში მისულს შუქიც კი არ აუნთია, ტელევიზორის პულტი შორს მოისროლა რომ ტელევიზორის ჩართვის ცდუნებისათვის ეძლია, დივანზე წამოწვა კედელზე დაკიდებულ დედის გადიდებულ ფოტოს თითქოს საყვედურით შეხედა და რამდენიმე ღამენათევს ლამის მყისიერად ჩაეძინა. უსიზმრო ძილი ჰქონდა ლადოს, არც კი განძრელა ისე ეძინა თხუთმეტი საათი ბოლოს კი ქუჩაში სამშენებლო ტექნიკის ზრიალმა გააღვიძა, მის ქუჩაზე, აგერ უკვე მერამდენედ მიმდინარე წლის განმავლობაში, ასფალტს აგებდნენ.
გაღვიძებულ ლადოს პირველი რაც მოხვდა თვალში სქელი საქაღალდე იყო. საწოლზე  წამოჯდა, თვალები ხელით მოისრისა და საქაღალდეს გადაწვდა. არავინ რეკავდა ესე იგი არავინ არსად ელოდა, ამიტომ გადაწყვიტა წაეკითხა ძველი საქმე კიდევ ერთხელ და გულდასმით.
როცა კედლის ძველი საათის გუგულმა რვაჯერ გამოყო ფანჯრიდან თავი ლადო გუგულის ხმაზე შეკრთა, საათს გახედა და კიდევ ერთხელ მოისრისა თვალები, საქაღალდედან ამოლაგებული ფოტოები პირდაპირ იატაკზე გაეშალა, საბუთების ზოგი ნაბეჭდის ზოგიც ხელნაწერის დასტაც იქვე მოედო და თვითონაც იტაკზე მოკალათებულიყო. ერთერთი დოკუმენტი ახლაც ხელში ეჭირა და თვალები დიდი ხნის განმავლობაში კითხვის გამო კი არა სწორედ ამ დოკუმენტში ამოკითხული ინფორმაციის გამო მოიფშვნიტა ლადომ. დოკუმენტი ფრთხილად გადადო გვერდზე და უკვე წაკითხულებს მიუბრუნდა, რამდენიმე მათგანი დასტიდან გამოაძვრინა და იქ დაწერილს იმ ქაღალდს ადარებდა, რამაც მისი გაოგნება გამოიწვია, შემდეგ სხვა ქაღალდი აიღო, ყველაფერი იმაზე მეტყველებდა რომ ლადომ აქამდე ყველასათვის დაფარული რამ აღმოაჩინა და სასწრაფოდ ვინმესთვის უნდა გაეზიარებინა. მაშინვე მობილურს ეცა, სცადა დარეკვა თუმცა ზარის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა, წამოხტა სასწრაფოდ ჩაიცვა ფეხსაცმელი და გარეთ გავარდა თან მობილურზე დარეკვის მცდელობაც არ შუწყვეტია, როგორც იქნა გაისმა ზარის გასვლის მანიშნებელი ზუმერი.
- ჰო ლადო - ხაზის მეორე მხარეს დამჯდარი ბარიტონით ზარს არკადიმ უპასუხა.

თავი მესამე
უფანჯრო ოთახში სიგარეტის კვამლისაგან მოცისფრო თხელი ნისლი იდგა. გია უხმოდ ათამაშებდა ხელში წყლიან ბოთლს, თითქოს არ იცოდა რა ეთქვა, როგორ დაეწყო ლაპარაკი.
- აფხაზეთში რო ვიყავი ერთი კაცი სიკვდილს გადავარჩინე, ავთო მაღრაძე, პოლკოვნიკი. ჰო, მართლა გადავარჩინე რომელიღაც ეზოდან ვიღაც აფხაზი უმიზნებდა ავტომატს და მოვკალი... ასე გადავატარე... მერე რო ვნახეთ ათი ტყვია ქონდა მოხვედრილი ყველა სახეში, ეგ იყო პირველი ადამიანი ვინც მოვკალი... ჰოდა იმ კაცმა ვალში ვარო ძმაოო და თუ რამე დაგჭირდაო შენ გვერდით ვდგავარო... რა მაგარია არა კაცი მოვკალი და ვიღაცის მევალე გავხდი. მაგარი მძიმე რამეა ომი, სამშობლოს რო იცავ და ეგეთების პონტშიც მძიმეა და აზრზე ხარ მართალი რო არ ხარ მაშინ რა ცუდი იქნება? იმიტო ვეღარ წავედი ახლა ამ ომში, უკვე აღარ შემეძლო, თან შენც...  - გიამ ჩაიღიმა და ცოტა ხნით გაჩუმდა. - იცი რამ გადამარჩინა აფხაზეთში? ყოველდღე ვწერდი წერილებს ჩემს პატარა მეგობარს ნათიას, და რო დავბრუნდი აი ამხელა დასტა მქონდა მოგროვებული, იასნია იქიდან ვერ ვაგზავნიდი და ვაგროვებდი მეთქი რო ჩავალ გადავცემ... და იცი რამ მომკლა? ნათიამაც რომ გადმომცა თავისი წერილების დიდი დასტა... აზრზე ხარ? ისიც მწერდა თურმე.
გია გაჩუმდა, ადგა და შორეულ კედელთან მივიდა, უჩუმრად მოიწმინდა ცრემლები ორივე თვალიდან მერე მაგიდისკენ შებრუნდა,  ახლავე მოვალო თქვა და გარეთ გავიდა.
გია სააბაზანოში შევიდა, პირსაბანის თავზე დაკიდებულ სარკეში საკუთარ თავს ისე შეავლო თვალი თითქოს უცხო ადამიანს უყურებდა, მერე  ონკანი მოუშვა, სახეზე ცივი წყალი შეისხა და კიდევ ერთხელ გაუსწორა თვალი ანარეკლას. წვრილ ნაოჭებს სახე ისე დაეღარათ როგორც მდინარეებს ბრაზილიის რუკა და ამ ნაოჭებში იკითხებოდა უსაზღვო სევდა თუ ტკივლი, თუ კიდევ სხვა რამ რაც მხოლოდ ასეთი ნაოჭების წამკითხველს შეეძლო წაეკითხა და ასეთი ნაოჭების წამკითხველი კი ცოტა თუ იყო.
გია შემობრუნდა და ნელი ნაბიჯით გამოვიდა სააბაზანო ოთახიდან. მოდიოდა მსუბუქი, მაგრამ არეული ნაბიჯით, თითქოს სარკიდან საკუთარი ანარეკლის მზერას ჯერ კიდევ გრძნობსო.
- მერე რო ჩამოვედი აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა, ბინას რო ვქირაობდი პატრონს სხვაზე გაუქირავებია თურმე, პოლიციაში აღარ ვირიცხებოდი და მოკლედ ღამის გასათევიც არ მქონდა, ერთი კვირა პარკში მეძინა, კიდე კაი იმ წელს თბილი შემოდგომა იყო. - განაგრძო გიამ უფანჯრო ოთახში შესვლისთანავე. სიგარეტის ღერი ამოიღო, კოლოფზე ფილტრით დააკაკუნა და სივრცეში გაიხედა შემდეგ კი ჩუმად ისე რომ გეგონებოდა საკუთარ თავს ელაპარაკებაო დაამატა: - მერე საინტერესო არაა პრინციპში... იცი რა, შეიძლება მე ნაკითხი და განათლებული არ ვარ, შეიძლება არც დიდად  ჭკვიანი ვიყო, მაგრამ იცი მაგრად რა გამომდიოდა ყოველთვის? როლების განსახიერება, ესეც ნიჭია ჰო? რა როლსაც გინდოდა ვითამაშებდი.
გიამ გაიღიმა, მერე მოულოდნელად გამომეტყველება შეეცვალა, გამოხედვა სათნო და შეწმყნარებლური გაუხდა, ღიმილი მკაცრად მოკუმულმა ტუჩებმა შეცვალეს, მთრთოლვარე ხელით ჰაერში ჯვარი გამოსახა და მკაცრი ხმით წარმოთქვა: - ნუ სცოდავთ, შვილებო! ან ეს - გიამ ჩახრინწული ხმით დაიყვირასავით: - კაი ბიჭებს ვერაფრით დაეხმარები ძმა! - გარდასახვა მართლაც შესანიშნავად გამოსდიოდა.
- რამდენი ვინმე დამიშტერებია ასე იცი? ბოლოს მავიწყდებოდა სად ვიყავი ნამდვილი და სად როლში. არა, არა მართლა კი არ მავიწყდებოდა ერთგან, ერთ ადამიანთან ყოველთვის ვიყავი რაც ვარ... მაგრამ ეგეც არაა საინტერესო, მხედრიონში რო შევედი? მოკლედ, რო აღარ ვიცოდი რა მექნა ვიპოვე ის ავთო მაღრაძე, მხედრიონში იყო ჰოდა მივედი და მეთქი მიმიღეთ თქვენს რაზმში, კარგ საქმეს აკეთებთ და მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მეთქი. ავთომ შენისთანა ხალხი გვჭირდებაო და კალაშნიკოვი მომცა ერთი რაჟოკით თან პახოდუ მე ნოდარი და ნათია გამოძიებასაც ვაგრძელებდით, ის პერიოდია ხან ფეხს რო ვპოულობთ ხან ყურს სხვადსხვა რეგიონებში და მეც დავდივარ ჩემი მანქანით, ჩემი რა, ზომბიმ და გარსევამ წაართვეს ვიღაცას გორის ტრასაზე და მაჩუქეს... დღეს დგება ჰო შენი დაბადების დღე? ჰო, ჰო დღესაა. რომელი საათია. - გიამ საათს დახედა, ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააქრო და დაამატა. -  უნდა მოვემზადოთ მაშინ.
გია სწრაფად წამოდგა, ოთახიდან გავიდა და მალევე დაბრუნდა, ცალ ხელში სამუშაო იარაღების ლითონის ყუთი ეჭირა, მეორეში კი ტყავის მომცრო ჩანთა. გიამ ყუთიცა და ჩანთაც მაგადიზე დადო, ოთახის მეორე ბოლოს გახედა და ღიმილით თქვა: - დავიწყოთ?



თავი მეოთხე
გარეუბანში, სადაც არკადი ცხოვრობდა ბუღი იდგა. ქუჩის ბოლოში მაღალსართულიანი კორპუსი შენდებოდა და სამშენებლო მასალით თუ საწარმოო ნაგვით დატვირთული სატვირთო მანქანები თითქმის განუწყვეტლივ მოძრაობდნენ წინ და უკან და ერთ დროს მყუდრო ქუჩას ისე ახმაურებდნენ რომ უბნელი უბნელს ქუჩაში მშვიდად ვერ დაელაპარაკებოდა, ნარდს ვერ გააგორებდი და გაზეთს ვერ წაიკითხავდი. მტვრის გამო, რომელსაც სატვირთო მანქანების უზარმაზარი ბორბლები აყენებდნენ, მთელი ქუჩის გაყოლებაზე ჩამწკრივებული სახლების ფანჯრები პატრონებს იძულებით დაკეტათ, ხოლო სახლებში ზაფხულის ხვატისაგან კონდენციონერებს აზმუვლებდნენ, ნაკლებად შეძლებულნი კი ვენტილატორებს აფრუტუნებდნენ.
ლადო თავისი ყველგანმავალით უზარმაზარი ბეტონისამრევი მანქანის უკან მიჩანჩალებდა. რამდენჯერმე დაუსიგნალა კიდეც თუმცა ბეტონისამრევი მანქანა არა და არ უმატებდა სისწრაფეს და ლადოც იძულებული იყო ფეხი ხან გაზის და ხანაც მუხრუჭის სატერფულზე ენაცვლებინა. დრო და დრო გვერდით სავარძელზე დადებულ საქაღალდესაც გადახედავდა ხოლმე, გონებაში უტრიალებდა ფურცლები როლებმაც მისი აზრით ახალი, მოულოდნელი ფაქტი აღმოაჩენინეს ათასჯერ გადაღეჭილ საქმეში და ერთი სული ჰქონდა სანამ აღმოჩენას არკადის გაუზიარებდა. წინ მიმავალი ბეტონისამრევი კი მიიზლაზნებოდა კამეჩებშებმული ურემივით. არკადის სახლამდე სამასიოდე მეტრი რჩებოდა და ამიტო ლადომ გადაწყვტა მანქანა იქვე გაეჩერებინა და გზა ფეხით განეგრძო. დაამუხრუჭა, საქაღალდეს გადასწვდა და ხვნეშა ხვნეშით გაუყვა გაბუღულ გზას.
არკადი თავის სამზარეულოში იჯდა მორყეულ სკამზე, უცოლო მამაკაცის ბინისათვის დამახასიათებელ სამზარეულოს ნიჟარიდან ამოზრდილ დაურეცხავი ჭურჭლის მთას უყურებდა და თან ფიქრობდა რა მოულოდნელი საქმე უნდა გამოჩენოდა ლადოს, რომელიც წელიწადზე მეტია არ ენახა. ლადომ რომ დარეკა არკადის ეძინა, სიზმრად ხედავდა რომ ეფ ბი აიში მუშაობდა და თათბირს ატარებდა, უცნაური ის იყო, რომ თათბირს მამამისიც ესწრებოდა და ყველაფერზე რასაც არკადი იტყოდა თავს გადაიქნევდა ხოლმე, ჰოდა თავგაბეზრებულ არკადის ის ის იყო მკაცრად უნდა მიენიშნებინა მამისათვის, რომელიც მამამისი კი იყო, მაგრამ ალ პაჩინოს ჰგავდა ხელს ნუ მიშლიო რომ ჯიბეში მობილური აუწკრიალდა სანამ დახედავდა ვინ ურეკავდა გაეღვიძა კიდეც. მობილურის ზარმა გააღვიძა, ლადო რეკავდა. ახალგაღვიძებულმა არკადიმ ხეირიანად ვერც კი გაიგო რაზე დაურეკა ლადომ, ერთი ეგ იყო რაღაც სასწრაფო საქმეს გავდა ეს ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად რა საქმეს ან რას საკითხის არკადი ვერაფრით ხვდებოდა.
არკადი ჯერ კიდევ ჭურჭელს უყურებდა როცა ლადომ კარი შემოაღო, მივარდა არკადისთან, სწრაფად და მოუხერხებლად გადაკოცნა და საქაღალდეზე მიუთითა.
- ნახე რა ვიპოვე.
არკადიმ საქაღალდეს გახედა „მერაბ დადიანი“ ამოიკითხა წარწერა და ლადოს კითხვით სავსე მზერით ახედა.
- ნახე, ნახე - ლადომ საქაღალდედან ფურცელი ამოაძვრინა და არკადის მიაჩეჩა.
არკადიმ გულის ჯიბიდან ხელოვნური ტყავისგან დამზადებულ შალითაში ჩადებული სათვალე ამოიღო, ცხვირზე საგულდაგულოდ მოირგო და ფურცლის კითხვას შეუდგა, თუმცა კი მალევე მოიხსნა სათვალე და ლადოს კიდევ უფრო გაკვირვებულმა ახედა.
- მერე? - იკითხა არკადიმ.
- რა მერე? რა მერე? - მოთმინებას კარგავდა ლადო - კარგად წაიკითხე.
- ჰო, წავიკითხე, ორჯერ წავიკთხე და მანამდე ათასჯერ მაქვს წაკითხული და რა წერია ისეთი?
- ჰაჰ - გაღიზიანებული ჩაცინებით გაეპასუხა ლადო - რა წერია და ვინც დაესხა თავს ეპარქიას 99ში ვინ იყვნენო?
- ვინ იყვნენო? - გაიმეორა დაბნეულმა არკადიმ - ნუ მეთამაშები ერთი შენი ჭირი მე, მითხარი რა რასაც ამბობ.
- ვინ იყვნენ და ყოფილი მხედრიონელები - ლადო ორიოდ წამით დაელოდა აბა არკადი თუ მიხვდება იმას რასაც მე მივხვდიო და რომ შენიშნა არც აპირებს მიხვედრასო განაგრძო: - მხედრიონელები, მხოლოდ მხედრიონელები, მერაბ დადიანის იმხელა დაჯგუფებაში მეტი ყოფილი მხედრიონელი არ ყოფილა, ესენი ერთმანეთს მერაბთან მისვლამდეც იცნობდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დანარჩენი მოწმე, მერაბის დაჯგუფების ყველა წევრი უარყოფს ეპარქიაზე თავდასხმის ფაქტს, ისინი ამბობენ რომ მსგავსი არაფერი დაუგეგმავთ და არც გაუგიათ.
- სასწაულია, დამნაშავეები უარყოფენ ჩადენილ დანაშაულს - ირიონულად შენიშნა არკადიმ.
- ოოო - გაბეზრებული ხმით შეიცხადა ლადომ და საქაღალდიდან ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყო ფურცლების ამოლაგება - შეხედე ეს ხალხი აღიარებს ყველაფერს, ზოგი ამაყობს კიდეც ჩადენილით, აღიარებენ გაუპატიურებებს, ბავშვების მკვლელობებს, წამებებს ერთადერთი რასაც არ აღიარებენ ეს არის ეპარქიაზე თავდასხმა. მხოლოდ ოთხი ყოფილი მხედრიონელი ამბობს მიიღეს ბრძანება თავს დასხმოდნენ ეპარქიას და ჩაეცხრილათ მეუფე ზაქარია და ორასი შეფიცული.
თუკი აქამდე არკადი გაკვირვებული და თავგაბეზრებული  შეჰყურებდა ლადოს, ბოლო ფრაზების წარმოთქმის შემდეგ მისმა სახემ ნელ-ნელა გაოგნებული და შემცბარი გამომეტყველება მიიღო.
- მოიცა, ესე იგი ეპარქიის ამბავში მერაბ დადიანი შეიძლება არც ფიგურირებდეს? - იკითხა არკადიმ.
- ჰო, რადგან ცნობილია ყველა ოპერაცია იგეგმებოდა დაჯგუფების ყველა წევრის თანხმობით.
არკადი მღელვარებისგან ფეხზე წამოდგა და პატარა სამზარეულოში მოკლე ბოლთის ცემა დაიწყო.
- აბა ვინ?
- მე მაქვს ერთი თეორია, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი... თუ იცი ნოდარი ქვეყანაშია? რომ მივიდეთ და დაველაპარაკოთ არ დაგვეხმარება?
- რაში?
- ის ყოფილი მხედრიონელები უნდა დავკითხოთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები