ნაწარმოებები



ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2015


შალოს გაცრუებული მოლოდინი

შალოს გაცრუებული მოლოდინი

  ქალაქიდან ყბამოქცეულ  მიტუას ბიჭის ჩამოტანილმა ქაღალდის ნაგლეჯმა დარდის ხაროში გადააგდო შალო. როგორი იყო ორასი ლარის შოვნა სოფელში, სადაც გლეხკაცის წლის ჭირნახულს ერთი ვირიც კი აიკიდებს, რო იყოს სადმე (ვირი, რასაკვირველია). არადა, იღუპებოდა ბიჭი. ძალისძალით შეგდებულ სასწავლებელში ჯარიმა თუ რაღაც სასჯელი აეკიდებინა. ერთადერთი კაცი, ვისაც ახლა მისი შველა შეეძლო, ხეგლეჯიანთ აზურა იყო, „ბუტკა” რო ედგა სოფლის შუაგულში. მაგრამ, საქმე ის იყო, უბედური ქვაწვია გაეჩინა გამჩენს, მაგის სუფრაზე (თუ დაგპატიჟებდა, რასაკვირველია) ნამცეცებზე რო წაგცდენოდა თვალი, უმალ ხელს წააფარებდა. მას მერე, რაც მისი დედისერთა ბიჭი- ქალაქელ შავებს აყოლილი ომარა პოლიციელის უმისამართო ტყვიამ გააცია, აზურას გულიც უფრო გაუცივდა. მაგისთანა კაცთან ფულზე მიმსვლელს თავმოყვარეობა ჩვარში გამოკრული უნდა ჰქონოდა. ამიტომაც ითრევდა ფეხს შალო.  -როდემდე უნდა იყო ეგეთი წინამასწარა?- ქოქოლას დაუნანებლად აყრიდა ლალო, იქნებადა არ გიჭერს ის კაცი. არადა, კარზე მისული  მთხოვნელი ვის მოუკლავს. რამ გაგიცია ეგრე ჯიგარი!
  მაინც გასჭრა ცოლის გალესილმა სიტყვამ. სულ ეგრე ხდებოდა.თავის თავზე ბრაზობდა შალო, მაგრამ ვერა გაეწყო.
  მიდის ორღობეში შალო, მიდის და მიბურტყუნობს. „ხო ვიცი ეხლა, მაგისი ამბავი, ისე|თ წუწუნს მოჰყვება, რო ბავშვისთვის გადანახულ ჩურჩხელას იქით გაგამეტებინებს. მაგრამ ლალოს ხო დაარწმუნებს, რო მართალი იყო, მერე ნახე მაგის დედის საფლავში სლოკინი.
შორიდან შეამჩნია. აზურა გარეთ იდგა.ეტყობა, იმ თავის ლოკოკინასავით ბუდრუგანაში სამყოფ ჰაერს წინასწარ იმარაგებდა. კარგ გუნებაზე ჩანდა, ცოტა გადაყლურწული.
  -შენ ნისიაზე იქნები მოსული, არა შალო,  ეგრევე გემჩნევა.- შორიდან მიაძახა გაჩქარებულ მეზობელს.
  -მითომ რაზე შემატყე?
  -ეგეთი ჩამჟავებული სიფათით ნისიაზე მოდიან ხოლმე.
  -რა ნისია, კაცო, შამოვიარე, კაცი კაცს თავისას ეტყვის, იმისას მოისმენს, გულის ჯავარს გაიქარვებს,- აბა უამისოდ რისი მაქნისები ვართ?- შინ მშვიდობით მისვლა ამჯობინა შალომ.
  -ეჰ, სიტყვის ყორეს ყველა ყოჩაღად აწყობს, საქმით- უნდილად გამოუდით.
  „აჰა, ხო ვიძახდი,- გაიფიქრა შალომ, -მაშინვე შორს დაიჭირა, აბა ეგ ხელიდან რამის გამგდებია?” ხმამაღლა კი თქვა:
  -შენნაირი კაცი სიტყვითაც კარგა წნავს და საქმითაც.
  -კაი ერთი, თუ გიყვარდე, მეც ისეთი შავი ტალახისგანა ვარ მოზელილი, როგორითაც სხვა. პირდაპირა თქვი, რისთვინა ხარ მოსული, შენ ალმაცერად ნასროლი რო არ გამოგდის, ხო ხედამ.
  -არც ვაპირებ, ფული მჭირდება, ბიჭს სწავლაზე დააკლდა, (ნამდვილი მიზეზი დამალა შალომ).
  -ნეტა კი ეგ სწავლობანა მოიშალოთ თქვენა! წიგნის კაცის მაზანდა რო დაეცა, ვეღარ ატყობთ? ვისა სჭირდება ამდენი ნასწავლი, მიწას ვიღამ მიაგოს თავისა!
  -ეჰ, სწორი გითხრა, არც მე მჯერა მაგათი სერთი-მერთიფიკატებისა რამე, მაგრამ რა ვქნა, თითონ მოინდომა და, ხო იცი, შვილის სიყვარული სხვა ღადარში ცხვება.
  „ხო ვამბობდი,- გულში ლალოსთან მომავალ საუბარს ალაგებდა შალო, -საწნახელში ყურძნის მარცვალს გასწყვიტამს-მეთქი”.
  მოულოდნელად აზურამ სიტყვის რუს კალაპოტი შეუცვალა:  - შენ მართალი ხარ, შვილის მსაჯულად მამა ვერ ივარგებს, რამდენი გჭირდება?
შალოს პირკატა ეცა. ეს ამდენი ნაგროვები ბოღმა-ბალღამი თითქოს ჯიგარში ჩაექცაო. ვერ მიმხვდარიყო, რატომ არ მოეწონა წუწურაკ აზურას უცაბედი შემობრუნება.

    2015, VI

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები