ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: იუმორისტული
20 ივლისი, 2015


BathMan

ადამიანები უცნაურები ვართ, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას სხვა ადამიანები გვაძლევენ.



ქალაქში უცნაური ამბავი დატრიალდა. კი არ მოხდა, დატრიალდა. ანუ მასშტაბით ლოკალური კი არა, მოცულობითი იყო იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ქალაქის საზღვრები იძლეოდა.
ზაფხული იდგა და აუტანლად ცხელოდა, მოასფალტებულ ქალაქს არამადისაღმძვრელი ოხშივარი ასდიოდა. ადამიანები, მოქალაქეები დაჭყანული სახეებით ან ცალხელაღმართულები (მოჩრდილვის მიზნით) დაიარებოდნენ, მიუხედავად იმისა, სათვალეები თუ ქუდები ეკეთათ თუ ეხურათ.
გაწურბელებული მზე დაუნდობლად წიწკნიდა ყველას, ყველაფერსაც. ტრანსპორტს განსაკუთრებით. ავტობუსით მგზავრობა აუტანელი გახდა, რადგან ის მოსიარულე, ბორბლებიან გაზის კამერას დაემსგავსა. ავტობუსში მთავარი პრობლემა სიცხე კი არა, ამ სიცხისგან გაოფლილი ხალხის სუნი იყო, მგზავრებისგან გამოყოფილი სუნი, რომელიც მგზავრებსვე აბრუებდა უმოწყალოდ, გულის რევამდე უღიტინებდა ცხვირში. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთები, რომლებიც ყოველდღე იღებდნენ შხაპს და ისინი ნაკლებად იოფლებოდნენ, სუნსაც თითქმის არ გამოსცემდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა ძალზედ მარგინალური იყო. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ჰიგიენაზე დიდი ხნის წინ ჩაიქნია ხელი და ახლა ეს გაოფლილი, გაწებილი, ჭუჭყჩამჯდარი ხელი ამაოდ ცდილობდა ჰაერის გაფილტვრას ასევე გაოფლილი, სუნთქვამოყირჭებული ცხვირისთვის.
ავტობუსზე უარს ვერავინ ამბობდა, რადგან ამ შემთხვევაში სამსახურებზეც მოუწეცდათ უარის თქმა. გამოსავალი არ ჩანდა, ერთადერთი იმედი გრილი ზაფხული იყო, მაგრამ ამ იმედმა ტოტალიზატორის მაღალკუშიანი ბილეთივით გაასხა.
აფრიკელის პენისივით ცხელი და გრძელი ზაფხული იდგა და ფეხს არ იცვლიდა.
ქალაქში უბედურების ღრუბელი ჩამოწვა, თუმცა ამ ღრუბელს ჩრდილი არ მოჰყოლია, მხოლოდ ჩახუთულობა.
აი, ასეთ უიმედო სიტუაციაში ღმერთმა გადაწყვიტა გაეხსენებინა რომ არსებობდა, რომ მოწყალების თვალი ჰქონდა და რომ ამ მოწყალების თვალით გადმოხედვა შეეძლო.
გადმოიხედა კიდეც და ამ თვალშიც ეცა ავტობუსებში გამონოპოლისტებული ოფლის სუნი. ახამხამდა, თავი გააქნია, დალევის გარდა იღლიებშიც შეისხით ხალხო ეს წყალიო, ჩაილაპარაკა, მაგრამ არავის გაუგია, დიდი ხანია მისი არავის ესმოდა, საკუთარი თავისავე ჩათვლით.
„ქალაქს ნოე სჭირდება, რომელიც ოფლის წარღვნისაგან ყველას გადაარჩენს. ვინმე ისეთი, ვინც ყველას აიძულებს ჰიგიენის დაცვას“, - თქვა ღმერთმა და მალევე გადავიდა საქმეზე: იპოვა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ყოველდღე იღებდა შხაპს და სუნის ნასახი არ ჰქონდა გაგანია ზაფხულშიც კი. გარდა ამისა, ამ ბიჭს ყოველდღიურად უხდებოდა ავტობუსით მგზავრობა, ანუ ყოველდღიურად იტანჯებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ყიდვის შესაძლებლობა გააჩნდა. ჰოდა, ღმერთმა გადაწყვეტილება მიიღო.
შემდეგ საღამოს, როცა ეს ბიჭი, ჩვეულებისამებრ, სახლში, ბორბლებიან სავარძელში ჩაფლული ინტერნეტში იქექებოდა, მის ლეპტოპს ცეცხლი წაეკიდა. ბიჭი დაფეთებული წამოხტა და უკუიქცა. ნუ გეშინია, უთხრა ცეცხლმა, რაზეც ბიჭი კიდევ უფრო დაფეთდა.
შენ უნდა იქცე გმირად, რომელიც ქალაქს სჭირდება, - განაგრძო ცეცხლმა - გმირად, რომელიც ავტობუსში გაბატონებულ ოფლის სუნს დაამარცხებს. საქმეს ხვალიდანვე შეუდგები, მე ძალებს გაგიორმაგებ, რომ პრობლემები არ შეგექმნეს, თუმცა მაინც შეგექმნება.
-რა პრობლემები, რას შევუდგები ან ადამიანივით რატომ მელაპრაკები?!
მიხვდები. ახლა დაისვენე, დაიბანე, კარგად დაიბანე. ხვალ კი ავტობუსის გაჩერებისაკენ გაემართე და ხალხი განწმინდე. - ასე დაასრულა ცეცხლმა მონოლოგი და ჩაქრა, ისე, რომ ლეპტოპი არ დაუწვავს.
მეორე დღეს ახლადგამომცხვარი გმირი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ვის ელაპარაკა, მართლაც გაემართა ავტობუსის გაჩერებისკენ. როცა გადაჭედილი ავტობუსი მოახლოვდა, კარები გაიღო და ბიჭი ამ კარებიდან გამოვარდნილმა ოხშივარმა კინაღამ გადააყირავა, მოულოდნელად გონება გაუნათდა.
-ჩამოდი ავტობუსიდან. - უთხრა მან ფერხორციან, იღლიებთან მაისურჩაშავებულ კაცს, რომელმაც წარბები შეჭმუხნა.
-რატომ?
-უნდა დაგბანო.
-რას ქვია უნდა დამბანო, შენი ბავშვი ხო არ ვარ?! - აღშფოთდა კაცი.
-დაგბან, ოფლის სუნს მოგაშორებ და მერე რაც გინდა იყავი.
და სანამ კაცი შეგინებას მოასწრებდა, ბიჭმა მაჯაში ხელი ჩაჰკიდა და იმ თავისი გაორმაგებული ძალებით საკმაოდ ადვილად ჩამოათრია, შემდეგ სახლში ისე მიიყვანა, დახშულ გონებას მისი ხმა არც კი აღუქვამს სიტყვებად. შეაღო კარები და აბაზანაში შეაგდო, რის შემდეგაც წყლის ჭავლი გულუხვად მიუშვირა, თან საპონი და ტანის გელი მიუგდო. კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს დანებდა და დაიბანა.
ასე განწმინდა ბიჭმა პირველი სამიზნე, რამაც თვითრწმენა გაუორმაგა.
დღეს დიდი საქმე გავაკეთე, ჩემი დამსახურებით, ჩვენს ქალაქს ერთი ბინძური ადამიანი გამოაკლდა, - სიამაყით ჩაილაპარაკა და გაქცეულ, გაბრაზებულ, მაგრამ გაკრიალებულ კაცს (რომელიც გზადაგზა უცენზურო სიტყვებს იმ ოფლის სუნივით აფრქვევდა, ცოტა ხნის წინათ უხვად რომ ჰქონდა) კმაყოფილმა გააყოლა თვალი. საკუთარ ოთახში შევიდა და ლეპტოპს შეხედა, რომელსაც ამჯერად ცეცხლი არ წაჰკიდებია.
-შენ მართალი იყავი. მე მაქვს ძალა, შევცვალო ქალაქი უკეთესობისკენ. - თქვა ბიჭმა და აივანზე გავიდა, ქალაქს ქორისებური მზერა მოავლო. თავიდან დააპირა ტარზანივით მუშტები გულ-მკერდზე აებრაგუნებინა და როყიო ხმები ამოეშვა (ამის გაკეთების უცნაურად ძლიერი სურვილი იგრძნო), მაგრამ იქვე გადაიფიქრა, აბა ეს რა გმირის საქციელი იქნებოდა.
მე არ დამჭირდება არც ფრიალა უკანსაფარი, არც რეზინის ჩექმები და მოტკეცილი ტანსაცმელი. მე ვიქნები რიგითი ადამიანი, რომელიც ბინძურ თანამოქალაქეებს შხაპის მიღებას აიძულებს და განწმენდს.
ჩემი მიზანი ავტობუსებში სიტუაციის შემსუბუქებაა.
ჩემი მიზანი, ავტობუსის ოფლიანი მგზავრების დაბანა და მათთვის იმის დამტკიცებაა, რომ ყოველდღე შხაპის მიღება აუცილებელია.
მე ვებრძვი ჭუჭყს და არა დანაშაულს, რადგან ჭუჭყი უდიდესი დანაშაულია!
ამ შთამაგონებელი მონოლოგის შემდეგ დიდხანს აღარ დაუყოვნებია და საკუთარი დანიშნულების შესრულებას შეუდგა, თუმცა სანამ ამას იზამდა, არ დავიწყებია საკუთარი თავისთვის ახალი სახელის მოფიქრება.
არც სუპერმენი ვარ, არც სპაიდერმენი და არც ბეტმენი. მე ვარ „BathMan“-ი, აბაზანისა და ავტობუსის სუპერგმირი, რომელიც სისუფთავისთვის იბრძვის.
ბასმენი - ქალაქის ყველაზე ძლიერი ანტიპერსპირანტია.
ასე დაირქვა ბიჭმა „ბასმენი“, ახლა კი წარმოიდგინეთ სიტუაცია:
ხალხით უსაშველოდ გაძეძგილი ავტობუსი დანიშნულების ადგილისკენ, თითქოს განგებ, უსაშველოდვე ნელა მიიწევს. ადამიანები, რომლებიც რიტმულად ძაგძაგებენ, განუწყვეტლივ იოფლებიან. ისედაც გაურეცხავი მაისურები იღლიებთან კიდევ უფრო ულაქავდებათ, ამ ლაქებისგან გამოყოფილი სუნი კი უზრუნველყოფს იმას, რომ ავტობუსში სუფთა ჰაერის უკანასკნელი ნაკუწებიც განადგურდეს. ერთ პატარა, თითქმის დახშულ, მოძრავ ოთახში გამომწყვდეული ხალხის რაღაც ნაწილი აცნობიერებს, რომ ჯოჯოხეთი ამ ყველაფერზე ბევრად უარესი ნამდვილად ვერ იქნება. მეორე (და უფრო მოზრდილი) ნაწილი კი დიდი ხანია ამგვარ სიტუაციას შეეჩვია, შეეგუა, დაემორჩილა აზრს, რომ შეუძლებელია ზაფხულში ავტობუსით იმგზავრო და ოფლის სუნში არ ამოიგუდო, ამიტომ ისინი ინდეფერენტული სახეებით ელოდებიან თავიანთ გაჩერებას და თავში აზრადაც არ მოსდით, რომ მათი უბედურების მთავარი მიზეზი მოცემულ მომენტში ეგზისტენციალური ან ფინანსური პრობლემები კი არა, სიბინძურეა. ერთი წუთით მაინც რომ მიუგდონ ყური საკუთარ გაოფლილ სხეულებს, გაიგონებენ მათ სასოწარკვეთილ ღმუილს - წყალი! შხაპი! საპონი! დეოდორანტი!
მაგრამ საკუთარ სხეულს არავინ უსმენს, ან, უფრო სწორედ, სიბინძურეს არავინ აღიქვამს მნიშვნელოვან პრობლემად.
არავინ გარდა ერთი ადამიანისა.
ადამიანისა, რომელიც ავტობუსს აჩერებს.
მძღოლი შუბლშეჭმუხნული ამუხრუჭებს, მგზავრების ინდიფერენტული სახეები თანდათან ხუნდება. უკმაყოფილო რეპლიკებს უცენზურო სიტყვები მოსდევს, რაც, საბოლოო ჯამში, მასობრივ ხმაურად იქცევა და მთელი ავტობუსი ზუზუნებს, რადგან არავინ იცის რა ხდება.
ავტობუსის წინ მანქანაა გაჩერებული, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: „BathMobile”.
მანქანიდან გადმოდის ბიჭი, რომელსაც მაისურზე დიდი “B” ასო ახატია, სახეზე ჰაერის გამფილტრავი ნიღაბი უკეთია, ხელში დეოდორანტი უჭირავს და შარვლის ჯიბეებშიც, კოვბოის პისტოლეტებივით დეოდორანტები უწყვია.
ბიჭი ავტობუსის კარებს უახლოვდება, აღებს, შიგნით დეოდორანტს უხვად აფრქვევს და გაკვირვებულ, ხველაატხილ ხალხს ეუბნება:
„სისუფთავე ვალდებულებაა და არა არჩევანი.“
ამის შემდეგ კი პირველ გაოფლილ მგზავრს, რომელიც ხელში მოხვდება ელვის სისწრაფით ჩამოიყვანს ავტობუსიდან და „ბასმობილისკენ“ მიათრევს. მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევს, იგინება, მაგრამ ამაოდ. მალე ბასმობილის კარი ავტომატურად იღება და ორივე მასში უჩინარდებიანი. რამდენიმეწუთიანი დაძაბული დუმილის შემდეგ ჯერ ბიჭი გამოდის, შემდეგ კი მგზავრი, რომელიც სუფთაა, დეოდორანტნაპკურები, დაბანილი და დაბნეულიც.
„ერთით ნაკლები.“ - ამბობს ბიჭი და ახლა შემდეგ მგზავრზე მიაქვს იერიში და ასე გრძელდება მანამ, სანამ ავტობუსის ყველა მგზავრს (მძღოლის ჩათვლით) არ „განწმენდს“.
მგზავრები მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდებიან ავტობუსს, რომელშიც სუფთა ჰაერმა სული მოითქვა, წელში გაიმართა და მხარში გაიშალა.
არასოდეს არ მოუყრია თავი ამდენ დაბნეულ ადამიანს ერთ ავტობუსში.
ბასმობილი შემდეგი სამიზნისკენ დაიძრა.
რამდენიმე დღის შემდეგ მისი სახელი ყველას პირზე აკერია.
ნაწყვეტი დაშინებული (ოფლიანი) მგზავრების დიალოგებიდან:
-ვერაა ტიპი, დარბის ქალაქში და ხალხს ძალით ბანს!
-რას ქვია ძალით ბანს?!
-ჰო, სისუფთავე ვალდებულებააო იძახის და ავტობუსებს აჩერებს, მერე ხალხი ჩამოჰყავს, რაღაც მანქანა ყავს, შიგნით აბაზანა ჩაამონტაჟა და მანდ ბანს.
-რა სისულელეა!
-„ბასმენი“ მქვიაო ამბობს, ქალაქის ყველაზე ძლიერი დეოდორანტი ვარო და რაღაც ასეთები..
-„ბასმენი“ რატო, ჯაზი უყვარს?
-მე რა ვიცი რა უყვარს, ფაქტია, მაგრად აკლია ტიპს.
ხალხში ხმა დაირხა, რომ „ბასმენი“ მოუხელთებელია, რომ ის ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად და რომ ეს მიზანი ხალხის განწმენდაა.
უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ჟურნალისტებმა მისი მოხელთება სცადეს. თავიდან არავის არაფერი გამოსდიოდა, შემდეგ ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა საჯაროდ განაცხადა, რომ საღამოს ათ საათზე ბასმენი მის გადაცემაში გამოჩნდებოდა, რომ ბასმენი მას ინტერვიუს მისცემდა და განუმარტავდა რატომ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა.
ბევრმა არ დაიჯერა, მაგრამ ყველა გაცხოველებული ინტერესით დაელოდა საღამოს ათ საათს.
-ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენი გადაცემისთვის ისტორიული დღეა. დღეს მე მაქვს პატივი, გავესაუბრო ადამიანს, რომელმაც მიზნად ქალაქის გასუფთავება დაისახა. ადამიანს, რომელიც შესაძლოა ახლო მომავალში გმირად შერაცხონ. მისი სახელი უკვე ყველამ იცის. მასზე ყველა ლაპარაკობს. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით! თქვენ წინაშეააა - „ბასმენი“!!!
სტუდიაში მართლაც ჩვეულ ფორმაში (მფილტრავი ნიღბით, დეოდორანტებით, B-ნიშნიანი მაისურით) გამოწყობილი „ბასმენი“ გამოჩნდა. ხალხი უჩვეულო აღტაცებით შეეგება, ბევრი ფეხზეც წამოდგა, რამაც „ბამენი“ გააკვირვა.
-დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკიდურესად დაკავებული ადამიანი ხართ.
-არაფრის.
-ვინაიდან თქვენ მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია, დროს არ დავკარგავ და პორდაპირ საქმეზე გადავალ: რამ გადაგაწყვეტინათ იმის კეთება, რასაც აკეთებთ და რამდენად შეესაბამება თქვენი ქმედებები კანონს?
ბასმენმა სუნთქვაშეკრულ, უაზრო აღტაცებისაგან აცუნდრუკებულ ხალხს გადახედა, შემდეგ თვალები დახუჭა, მოლოდინით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო:
-ადამიანი ცხოვრების უმეტეს ნაწილს დანიშნულების ძებნაში ან სრულ უაზრობაში ატარებს. დანიშნულების ძებნა ნახევრად უაზრობაა, რადგან არავინ იცის რეალურად არსებობს თუ არა ასეთი ფენომენი. მაგრამ, დამეთანხმებით, სრულ უბედურებას ნახევარი ჯობია. მე დიდი ხანი ვცდილობდი მეპოვა ჩემი ადგილი. ბევრგან დავიწყე მუშაობა, მაგრამ არსად არაფერი გამომივიდა, არც მოტივაცია მქონდა და არც ინტერესი.
არაერთხელ ვიგრძენი თავი უსამართლობის მსხვერპლად და ეს შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ მიძლიერდებოდა, როცა ლამაზ, მდიდარ და წარმატებულ ადამიანებს ვხედავდი, რომლებსაც ერთი შეხედვით სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდათ (დავარქვათ ამას შური). ისინი ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩნდნენ, მე - არა. ეს ფიქრები თანდათან მთრგუნავდა და მალე დეპრესიაშიც ჩავვარდი. სახლიდან იშვიათად გამოვდიოდი, ადამიანებთანაც იშვიათად ვეკონტაქტობდი, ფულიც მალე დამიმთავრდა და შიმშილის პერიოდი დაიწყო, ამიტომ კვლავ მუშაობის დაწყება გადავწყვიტე, თან წინასწარ ვიწყევლიდი თავბედს იმისთვის, რომ გადასარჩენად ისეთი რაღაცების კეთება მომიწევდა, რაც არანაირ სიამოვნებას არ მომანიჭებდა, პირიქით.
ერთ დღესაც დავასკვენი, რომ ჩემი მთავარი გასაჭირი ფინანსურ ასპექტში მდგომარეობდა და თუ მატერიალურ სიდუხჭირეს დავძლევდი და ბევრ ფულს ვიშოვიდი, ისე ვიცხოვრებდი, როგორც მსურდა (ანუ არაფერს გავაკეთებდი), მაშინ ჩემი უბედურებით ბედნიერი ვიქნებოდი. ამ მიზნის მისაღწევად ლატარიის ბილეთების ყიდვა დავიწყე.
ზუსტად მეოთხე ბილეთმა შვიდას ოცდაათი ათასამდე ლარი მომაგებინა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვიყიდე ყველაფერი, რისკენაც აქამდე გული მიმდიოდა, ვხარჯავდი იმდენს, რამდენიც არასოდეს დამეხარჯა...
მაგრამ რამდენიმე დღეში ეს სიხარული უხარისხო ფეხსაცმელივით გაცვდა და კვლავ ბუნებრივ მდგომარებას, ანუ დეპრესიას დავუბრუნდი. ჩემმა ვარაუდმა არ გაამართლა, არსებითად არაფერი შეცვლილა.
რა თქმა უნდა, შემეძლო მანქანის ყიდვა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ამის მუღამი აღარ მქონდა. აღარაფრის მუღამი მქონდა. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას მოვუხშირე. არ ვიცი რისთვის, მაგრამ ამ გზით თავს ვისჯიდი და დასაწყისში ეს გარკვეულ კმაყოფილებასაც კი მგვრიდა.
მშვენივრად ვიცით ზაფხულობით ავტობუსებში (და არამხოლოდ) რა მდგომარეობაცაა. ვიდექი ავტობუსში და ვუყურებდი ხალხს, რომლებიც აშკარად ჩემსავით (და არა უფრო მეტად, იმიტომ რომ ეგ თითქმის შეუძლებელია) უბედურები იყვნენ, იხარშებოდნენ დახუთულ სივრცეში და საკუთარი სუნით ერთმანეთსვე წამლავდნენ. ვიდექი და უხმოდ ვადევნებდი თვალს როგორ წაუვიდა გული ამ დახუთულობისა და სუნისაგან შეწუხებულ ერთ-ერთ მგზავრს, მაგრამ არ დაცემულა, იმიტომ რომ ამის ადგილი გადაძეძგილ ავტობუსში უბრალოდ არ იყო.
ვხედავდი ცხვირზე მიფარებულ ხელებს, ზიზღისგან დამანჭულ სახეებს, გამომეტყველებად ქცეულ სიძულვილს და გავიფიქრე, რომ ქალაქში, რომლის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც სიძულვილის კერაა, სიკეთე ვერასოდეს მოიკიდებს ფეხს.
მერე ჩემს თავს ვკითხე, რატომაა ეს ხალხი უბედური? პასუხი მარტივი ჩანდა: მოცემულ მომენტში მათ თავისუფლად სუნთქვის საშუალება არ აქვთ, იძულებულნი არიან ოფლით გაჟღენთილი ჰაერი ყლაპონ და ასე ხდება ყოველდღიურად, მინიმუმ ორჯერ. დღეში მინიმუმ ორჯერ ისინი რამდენიმე წუთით ჯოჯოხეთში ხვდებიან და რა გასაკვირია, ბედნიერები არ იყვნენ?!
მერე მექანიკურად გამოსავალზე დავიწყე ფიქრი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ ყველა ადამიანი პირადი ჰიგიენის წესებს ზედმიწევნით დაიცვას, ავტობუსებში აღარ შევხვდებით რამდენიმე დღის განმავლობაში გაურეცხავ, ოფლით გაჟღენთილ მაისურებს, რომლებიც ყველა მხრიდან გვედება და, თითქოს ჩვენი ოფლი არ გვყოფნიდეს, სხვისი ოფლითაც გვჟღინთავს. აღარ ჩამოწვება ოფლის ღრუბელი, სუნთქვა აღარ იქნება ტანჯვა და მგზავრობაც, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავლობა არ შემცირდება, ერთი-ორად გაადვილდება. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად შეამცირებს უბედურების საერთო მაჩვენებელს.
-„BathMan“-ი იმ დღეს იშვა?
-არა.
-აბა?
-ბასმენის იდეა რამდენიმე დღის შემდეგ იშვა, მაგრამ, რაც მოვყევი, ყველაფერია, რისი ცოდნაც თქვენთვის სასურველია.
-გასაგებია, მაშინ გამაღიზიანებლად ცნობისმოყვარე ჟურნალისტის როლს არ ვითამაშებ და შემდეგ კითხვას დაგისვამთ: რატომ მაინცდამაინც “BathMan”-ი?
-საქმე მარტივადაა, ბასმენი ორმაგი დატვირთვით ვარ - ავტობუსი და აბაზანა, ჩემი მოქმედების ანი და ჰოეა.
-და როდემდე ეყოლება ქალაქს „ბასმენი“?
თითქოს ამ კითხვამ „ბასმენი“ დაამუნჯა, სიჩუმე ჩამოწვა.
-რას ჰქვია „როდემდე“?
-იმას ვგულისხმობ, რომ „ბასმენი“ საზოგადოებრივ ტრასნპორტებში მხოლოდ აუტანელი სიცხეების პერიოდში, ანუ ზაფხულშია საჭირო. თქვენ სეზონური „გმირი“ ხართ, რომელიც „ძალებს“ აგრილებისთანავე დაკარგავს, ნუთი ამაზე არ გიფიქრიათ? რას აპირებთ სიცხეების დასრულების შემდეგ?
რესპოდენტი დაბნეული ჩანდა. ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა:
-დავუბრუნდები ბუნებრივ მდგომარეობას.
ბასმენი წამოდგა, ინტერვიუ დასრულებულიაო განაცხადა და სტუდია დატოვა.
გადაცემამ ეთერში გასვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ბასმენის“ პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, მოწინააღმდეგეებთან ერთად მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. რამდენიმე ადამიანმა თავადაც გადაწყვიტა „ბასმენობა“, ისინი დეოდორანტებით შეიარაღდნენ და ავტობუსების გაჩერება დაიწყეს. ყველა მათგანი უმოწყალოდ სცემეს - აღმოჩნდა, რომ „ბასმენობა“ არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და სურვილთან ერთად აუცილებელია გქონდეს შესაძლებლობა და უნარიც.
სხვა მიმდევრებმა აქციები და ივენთებიც მოაწყვეს სხვადასხვა სახელებით: „ოფლი მხოლოდ შრომისასაა გამართლებული“; „დაიბანე, სანამ დაგბანენ“; „დეოდორანტი ჩვენი იღლიისა“ და სხვა.
დეოდორანტების მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ „ბასმენი“ უფასოდ მოამარაგა საკუთარი პროდუქციით. „ბასმენი“ გამოჩნდა ამ კომპანიის რეკლამებში და ეკრანიდანაც მოუწოდა ხალხს სისუფთავისკენ. ამის პარალელურად არ წყვეტდა თავის მთავარ საქმიანობას და ახლა ოფლიანი მგზავრები მართლა დაძაბულები იყვნენ, ეშინოდათ რომ ნებისმიერ წუთს ავტობუსს „ბასმობილი“ გადაუდგებოდა წინ, რომელშიც მათ „ბასმენი“ შეათრევდა.
ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ტრანსპორტში ოფლის სუნი საგრძნობლად შემცირდა. ხალხი საგანგებოდ იბანდა მგზავრობამდე და ვინც ჯერ კიდევ ვერ აუწყო ფეხი ამ ახალ, ძალით თავსმოხვეულ ტენდენციას, საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად იქცა.
ბასმენი საჭირო აღარ იყო, მან მისია შეასრულა.
-დამელაპარაკე, მე ჩემი საქმე გავაკეთე. - უთხრა ბიჭმა გამორთულ ლეპტოპს, რომელსაც მაშინვე ცეცხლი წაეკიდა.
-მართალი ხარ, საქმეს კარგად გაართვი თავი, ახლა შეგიძლია დაისვენო.
-დავისვენო? რომ არ დავღლილვარ?
-ზაფხული მთავრდება, მგზავრები გასუფთავდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯოჯოხეთის ანალოგი აღარაა. მისია შესრულებულია, შეგიძლია შენი ნიღაბი და დეოდორანტების ასხმა კედელზე ჩამოკიდო.
-და რა ვაკეთო?
ლეპტოპი ერთხანს მხოლოდ გიზგიზებდა, ხმა არ ამოუღია, მერე კი თითქოს ჩაიცინა და თქვა ის, რისიც „ბასმენს“ ყველაზე მეტად ეშინოდა:
-დაუბრუნდი ბუნებრივ მდგომარეობას.
ლეპტოპი ჩაქრა.
იმ ღამით „ბასმენს“ თითქმის არ სძინებია. ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, ცეცხლოვანი ლეპტოპისთვის ყური არ ეთხოვებინა. „აღარ მინდა დეპრესიაში ყოფნა, ძლივს, რაღაცის კეთება სიამოვნებას მგვრის, მაფიქრებინებს, რომ დანიშნულებას მივაგენი. როგორ შემიძლია ამაზე უარი ვთქვა და სიცარიელეს საკუთარი ნებით დავუბრუნდე?! „ბასმენი“ არასოდეს გაქრება!“
მეორე დღეს თავის „ბასმობილში“ ჩაჯდა და ავტობუსებზე ნადირობა განაახლა. ამინდი არც ისე ცხელი იყო, მაგრამ ავტობუსებში მაინც მოიძებნებოდა რამდენიმე გაოფლილი მგზავრი.
-ჩამოდი. - მიმართა ერთ-ერთს „ბასმენმა“ და როცა ეს „ერთ-ერთი“ წამოიმართა, მისმა მხარბეჭიანობამ და გიგანტურმა აღნაგობამ ლამის ნირი შეუცვალა.
-მე მეუბნები? - დააზუსტა მუტრუკმა.
-ჰო, ჩამოდი-მეთქი.
-მერე?
-მერე უნდა დაგბანო.
-სცადე, აბა, გელოდები.
„ბასმენმა“, თავისი გაორმაგებული ძალების იმედით, მუტრუკის ჩამოთრევა სცადა, მაგრამ უადგილო სისუსტე იგრძნო: გაორმაგებული კი არა, თავდაპირველი ძალები განახევრებოდა კიდეც, ამიტომ საქმე ისე შეტრიალდა, რომ მუტრუკმა ჩამოათრია „ბასმენი“ ავტობუსიდან.
-დიდ ხანს ველოდი ამ მომენტს.
-რა მომენტს?
-შენი მოხელთების, შენთვის ცხვირ-პირის გაერთიანების მომენტს. გგონია გაქვს იმის უფლება, რომ ხალხს სისუფთავეზე მორალი უკითხო? სისულელეები იძახო იმასთან დაკავშირებით, რომ სისუფთავე თურმე ვალდებულებაა და არა არჩევანი? იცი რამდენ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, შხაპი მიიღოს? რამდენ ადამიანს არც რჩება დრო იმისთვის, რომ თუნდაც ხელ-პირი დაიბანოს, რადგან, როცა სახლში ბრუნდება ათსაათიანი მუშაობის შემდეგ იმ სამსახურიდან, რომელშიც თვის ბოლოს სამას ლარს გადაუხდიან, ერთადერთი, რაც სურს ტახტზე დაგდება და დაძინებაა. გგონია, ვინმეს სიამოვნებს გაოფლილი იღლია ან ბინძური მაისური? მაგრამ, როცა ახალი მაისურის ყიდვის საშუალება არ გაქვს, უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ ეს ერთადერთი მაისური გაიოფლება და გაჭუჭყიანდება კიდეც. შენ კიდევ დააქროლებ აქ შენს მოძრავ აბაზანას და ასეთ ხალხს ამცირებ, ძალით ბან, თვითრწმენასა და თავმოყვარეობას ულახავ.
ავტობუსიდან რამდენიმე ახმახი ჩამოვიდა.
-ესენი ჩემთან არიან. ჩვენ დიდი ხანია შენ დაჭერას ვცდილობთ. თუ გნებავს, დაგვარქვი „ოფლიანი შეთქმულები“ ან „ოფლიანი მგზავრების საზოგადოება“, სახელს მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს - შენი დამცირება ისე, როგორც ჩვენი „საზოგადოების“ წარმომადგენლებს ამცირებ.
„ბასმენს“ თავის მართლება არც უცდია. მალე მას ხელები და ფეხები იმ სეტყვასავით დაუშინეს, რომელსაც ქვა ნამდვილად არ დახვედრია. თავის დაცვაზეც არ უფიქრია, ხელებჩამოყრილი მიეგება უმოწყალო, საშინლად მტკივნეულ დარტყმებს.
თავდამსხმელებმა საქმე მოათავეს და სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. პატრული მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა.
„ბასმენი“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამდენიმე დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, კრიტიკული იყო. შემდეგ კიდევ უფრო და უიმედოდ დამძიმდა.
„მისი სხეული დიდი ხანია დანებდა სიკვდილს, ის აღარ იბრძვის, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები სასიკვდილო არაა, მისი გამოკეთების შანსები პრაქტიკულად აღარ არსებობს“, - განაცხადა „ბასმენის“ ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საზოგადოება დაძაბული ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. საავადმყოფოსთან რომელშიც „ბასმენი“ იწვა უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გაკეთდა არაერთი რეპორტაჟი, სიუჟეტი იმის შესახებ თუ რამხელა გმირს კარგავდა ქალაქი.
კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმაც:
„დიდ ადამიანებს ყოველთვის დიდი მტრები ჰყავთ, ამიტომაა რთული დიდი საქმეების კეთება. რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. ეს „ბასმენმა“ საკუთარი მაგალითით დაგვიმტკიცა.“
სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა „ბასმენი“ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
სამი ღამის განმავლობაში მისი პალატის ფანჯრის ქვეშ რიგითი მოქალაქეები სანთლებით ხელში მისი გადარჩენისთვის ლოცულობდნენ.
მაგრამ ლოცვამ შედეგი არ გამოიღო.
„ბასმენი“ მოკვდა.
„ბასმენის“ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე დღეში დაიჭირეს. ის უამრავმა ადამიანმა ამოიცნო. დააკავეს მისი თანამზრახველებიც.
ბრალდებულმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მას ამ ყველაფრისთვის თავად „ბასმენმა“ გადაუხადა უზარმაზარი ფული:
-იმ დაწყევლილ დღემდე ცოტა ხნით ადრე, ქუჩაში შემხვდა, მომიახლოვდა, შემათვალიერა და მითხრა, გინდა დიდი მაყუთის შოვნაო? რა თქმა უნდა-მეთქი, ვუპასუხე. მერე მეგობრებზე მკითხა, შენსავით ტანად, ძლიერ ბიჭებს თუ იცნობო. ახმახების მეტს ვის ვიცნობდი, ჰოდა, მაშინ ყველანი დამჭირდებითო. მერე შეგვხვდა და დეტალურად აგვიხსნა, რაც უნდა გვექნა, ის დიალოგი, რაც მაშინ ავტობუსში ჩვენ შორის შედგა, წინასწარ იყო დაწერილი. ფურცელი, რომელზეც ეგ ტექსტი ეწერა, რამდენიმე დღის განმავლობაში მაზეპირებინა, ზუსტად ასე უნდა მითხრა, თან ხმამაღლა, ისე რომ სხვებმაც გაიგონო, გამაფრთხილა. რომელ ნომერ ავტობუსში უნდა ჩავმჯდარიყავით, რომელ საათზე ვნახავდით, ყველაფერი დეტალურად აგვიხსნა და მერე დაუნდობლად უნდა მცემოთო. ვიფიქრეთ, ხომ არ გაგიჟდაო, თავიდან უარზე ვიდექით, მაგრამ იმხელა ფული შემოგვთავაზა, თან ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ ბოლოს მაინც დაგვითანხმა. სანამ ნიშანს არ მოგცემთ, მირტყითო, ჩვენც ვურტყამდით, ნიშანი კიდე არ მოუცია. რას ვიფიქრებდით თუ მოკვდებოდა, ეგრეც არ გვიცემია...
რა თქმა უნდა, მისი ნაამბობი არავინ დაიჯერა და ყველა ბრალდებულს განზრახ მკვლელობისათვის მაქსიმალური სასჯელი მიესაჯა.
ასე იშვა და მოკვდა ერთ პატარა ქალაქში „BathMan”-ი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები