ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2015


- ვისთვის ჯაზი -

ასე, ოთხი წლის წინათ, ზაფხულის ნაშუაღამევს, არ მეძინა და რადიომიმღებში ჯაზს ვუსმენდი.  მომწონს ჯაზი, ძალიან ჰგავს ცხოვრებას, თუმცა თავად ცხოვრებაზე არ ვგიჟდები, მაგრამ ჯაზი მომწონს, რადგან, თუ კომპოზიციას პირველად უსმენ რთულია გამოიცნო მომდევნო აკორდი, ეს კი კიდევ უფრო მეტად გითრევს და თუ ინსტრუმენტებთან ვირტუოზია, მაშინ ისე წაგიყვანს, თითქოს ცხოვრებასაც არა უშავს რა. 
კარზე დააკაკუნეს, ჯერ მორიდებით, შემდეგ კი გაბედულად და, რადგან კაკუნს შორის ინტერვალი მცირე იყო, მივხვდი გურამი მესტუმრა. მეზობელი გურამი, ჩემსავით რომ ოთახს ქირაობდა. 
- შემოდი, გურამ! - გავძახე და ისიც შემოვიდა. გურამი 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი გახლდათ, ლინზებიანი სათვალით, დაბალი და ტანსავსე. ცოლი არასოდეს ჰყოლია. ეკლესიურად ცხოვრობს. მეტად ყურადღებიანი და თავაზიანი კაცია. დიდი ხანია ვიცნობ და მისგან არასოდეს არავისზე აუგი არ მომისმენია. მხოლოდ თავის თავზე თუ იტყოდა საყვედურს. ტაძარში სანთლებს და ხატებს ყიდის და მცირედ ხელფასსაც უხდიან. უყვართ გურამი, ტაძარშიაც და მეზობლებსაც. ძალიან უბრალოა, მორიდებული, თითქმის მორცხვი. რაც გააჩნია უყოყმანოდ შეუძლია გასცეს, თან ამას  თვალებგაბრწყინებული აკეთებს. ოღონდ ეს არის - მას არავინ არაფერს თხოვს, არავინ, ჩემს გარდა. მე კი გურამს ამგვარ დიდ სიხარულს ვერ მოვაკლებ, ხან ორ კოვზ შაქარს ვთხოვ, ზოგჯერ ასანთს ან ცოტას ყავას, რომელიც ხშირად არც კი  მჭირდება.   
- დაჯექი, გურამ - სავარძელზე მივუთითე. 
- შარვალი სუფთა მაქვს, დღეს ჩავიცვი  - მითხრა. 
- დილით?   
- აუ, ჰო, დილით! წავალ გამოვიცვლი - თქვა და კარისკენ გაემართა. 
- გამოიცვალე, ოღონდ ჭუჭყიანი ჩაიცვი, გურამ. 
დაბნეულმა გამომხედა. 
- ჰო, ჰო, სავარძელი წელიწადია არ გამიბერტყია - ვუთხარი. 
- მაშინ დავჯდები - სერიოზულად წარმოსთქვა. 
ცოტა ხანს ჩაფიქრებული იჯდა, ხმას არ იღებდა. მერე შემომხედა და: 
- თემო....
- გისმენ, გურამ 
- მე უშნო კაცი ვარ? 
- შენ ვერ იქნები უშნო, გურამ 
- რატომ?
- იმიტომ, რომ კეთილი ხარ 
-  არა, არა, არა, უკეთესია მითხრა - ბოროტი არ ხარ-ო! 
- ეს იგივეა 
- ა?...ჰო, იგივე არის, მართალი ხარ . უკაცრავად. ზედმეტი თავმდაბლობა მოვინდომე. ისე, გარეგნულად, მაინც? უშნო ვჩანვარ? 
- გურამ, გისმენ. 
- ჰო, მასე აჯობებს. გახსოვს მე რომ ლექსი წაგიკითხე, ერთ ქალს რომ მივუძღვენი?  - მკითხა. 
- კი, მახსოვს. 
- მიყვარს ის ქალი... ის კი...დამცინის. 
- რა გითხრა? 
- დღეს სპექტაკლზე დავპატიჟე. თავიდან უარზე იყო, მერე დამთანხმდა. ყვავილები მივართვი. ის ყვავილები ერთერთ მსახიობს აუგდო სცენაზე. ქუჩაში რომ გამოვედით ვეკითხები - სპექტაკლი მოგეწონა მეთქი? მეუბნება - მე ის მსახიობი მომეწონაო, კაცზე მეუბნება. მე გავბრაზდი და ვუთხარი - ადამიანო, მე სპექტაკლზე გეკითხები, თორემ მეც კი მომეწონა იმ კაცის პარტნოირი მეთქი! მე ქალს ვგულისხმობდი. თითქოს არც გაუგია. შემომხედა და მეკითხება - ახლა ჩემი გულისთვის 5 კაცს სცემდი?-ო. მე ვპასუხობ - შენ  ბოქსიორი ქმარი გინდა, თუ მოსიყვარულე? თუ ბოქსიორი გინდა, მე არ გამოგადგები და ისე შენი გულისთვის უფრო მნიშვნელოვანს გავაკეთებდი მეთქი. ტაქსი გავაჩერე და სახლთან მივიყვანე. იცი, თემო? მე საერთოდ ძალიან ჭარბნერწყვიანი ვარ, განსაკუთრებით, როდესაც ვნერვიულობ. ამის გამო ჭადრაკის ტურნირებზეც მქონდა პრობლემები, წარამარა  გავდიოდი. ამ მიზეზით ბლიც-ტურნირშიაც არც ერთხელ არ მიმიღია მონაწილეობა. ჰო, და სახლამდე რომ მივაცილე, ხელზე ვემთხვიე და სულ ოდნავ ხელი დავუსველე. იცი რა მოიმოქმედა?... ხელი იმწამსვე კაბაზე შეიწმინდა. ცხვირსახოციც კი არ ამოუღია. მაგდენს ვერ მოითმენდა სველ ხელს. მეორე წამს კი სადაბაზოში შევარდა და მეც, ისე, თავისით,  თვალებიდან ორი  ვეებერთელა ცრემლი გადმომიგორდა.   
- არ უყვარხარ, გურამ. რად გინდა მასეთი ქალი? 
- ....ჰო....რად მინდა და არაფრად... ისე,რა? ცუდი ქმარი ვიქნებოდი, თუ რა? ხელის გულზე ვატარებდი, ხელის გულზე! სახლში ადრიანად მივიდოდი, არასოდეს არ დავთვრებოდი, არასოდეს არ დავუყვირებდი, არ ვუღალატებდი. სპექტაკლებზე ვივლიდით, კინოში წავიდოდით. ზაფხულში მთაში ან ზღვაზე წავიყვანდი... შვილები გვეყოლებოდა....რატომ არ უნდა ვიცოდე შვილი რა არის? ძალიან მინდა შვილი....არ მოვწონვარ ქალებს! 
- მაგათ რას გაუგებ, გურამ? 
- ჰო, ბევრი დაღუპეს, მაგრამ ბევრიც ააშენეს, ესეც უნდა ვთქვა. აი, დედაჩემი, მამიდაჩემი, ჩემი ბიცოლა! სად-ღა არიან ასეთი ქალები?ა? რას იტყვი, თემო? არიან?   
- დედას სხვა ქალი არასოდეს არ უნდა შეადარო, გურამ, გული გაგიტყდება.   
- ჰო, მართალს ამბობ! დედა სხვა არის...იცი? 15 წლის ვიყავი დედა რომ გარდაიცვალა. სასთუმალთან ვეჯექი და სიკვდილის წინ  - მეცოდები, დედა-ო, ეს მითხრა. თითქოს ხედავდა ჩემს მომავალს.   
- გურამ, ჯერ ახალგაზრდა კაცი ხარ, ყველაფერიც იქნება. -  ვუთხარი. 
- ნუ მამშვიდებ, თემო... იცი...ჯერ ქალთან არ ვყოფილვარ.     
გურამს ვუცქერდი და ჩემი ცხოვრება მახსენდებოდა. იმის მცირედი ნაწილიც რომ მომეთხრო მისთვის, თუ რამდენ ქალს ჩაუვლია ამ ხნის მანძილზე, ან  ჩემდამი პატივისცემა დაეკარგებოდა, ან ვერ დაიჯერებდა. თუმცა, რატომ უნდა მეთქვა ისეთი ადამიანისთვის, როგორიც გურამია? 
- შენ კარგი ქალები გყავდა,  გამიგია  და დამინახავს კიდევაც - როგორც იქნა გაიღიმა.   
- გურამ, გინდა ერთი ქალი გაგაცნო? უარს არ გეტყვის - ვუთხარი 
- არა, არა! რას ამბობ? ვერ ვიმრუშებ!  - კატეგორიული იყო გურამი. 
- მონასტერში წასვლაზე არ გიფიქრია?  - ვკითხე 
- არა, ვერ წავალ....იქნებ და ვინმემ გამიგოს....იქნებ ვინმეს მოვეწონო  - ეს თქვა და სავარძლიდან წამოდგა. 
- კარგი, თემო, მე წავალ, დამამშვიდებელი მაქვს მიღებული და თან საძილეც მივაყოლე, მეძინება... ისე ნეტავი ერთი ქალი არ გაჩენილა ჩემთვის? იქნებ მე არ გავჩენილვარ არავისთვის? მეორე უფრო დამაფიქრებელია. -  თქვა და მთქნარებით წავიდა კარისკენ, თან ყოველ დამთქნარებაზე  ტუჩებს ჯვარს  სახავდა. 
მთელი ღამე არ მეძინა. გათენებისკენ  კი გადავწყვიტე -  დღეს გურამისაგან მალულად მამაოს ვნახავ და თუ ნორმალური კაცი აღმოჩნდება, მისი ნებართვით გურამს ,,დამამშვიდებელს,, გავაცნობ!   
მამაო საკმაოდ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა და ეს მითხრა; 
- მე გურამს ვერაფერს ვერ ვეტყვი, ალბათ გასაგებია რატომაც, მაგრამ თქვენ გააცანით ის ქალი, დანარჩენი გურამმა თითონ გადაწყვიტოს.  დამშვიდობებას  მადლობაც მივაყოლე. მამაომ უცნაურად გამომხედა, მაგრამ ეს მე აღარ მანაღვლებდა. მეორე დღეს ელენე ჩემთან მოვიყვანე და საქმის ვითარება გავაცანი. თავიდან უარზე იყო, ბოლოს კი დამთანხმდა. იცოდა, ინიციატივა თავად  უნდა გამოეჩინა. მერე გურამს დავუძახე, ვთხოვე ელენე მარტო არ დაეტოვებინა, სანამ მე არ დაბრუნდებოდი და სახლიდან გავედი. ალბათ ასე ოთხი საათი ვიბორიალე და სახლში დავბრუნდი. ქალ-ვაჟი ისევ იმ პოზაში ისხდნენ - გურამი სავარძელში, ელენე საწოლზე. ელენეს თვალები დასიებოდა, აშკარა იყო უტირია.  გურამი წამოდგა  - უნდა ვილოცოო - და გავიდა. 
- რა მოხდა, ელენე? - ვკითხე   
- რას მერჩოდი? - იყო პასუხი. 
- რა არის, რო? 
- ვერ ხვდები?   
- ვერა! 
- ჩემს აწეწილ ცხოვრებას კიდევ ეს უნდა? 
- თქვი, რა მოხდა. 
-აუ, როგორი....როგორი... თუმცა... 
- თქვი, ელენე! - ხმას ავუწიე მე. 
- მე რაც ვარ ის ვარ, მაგრამ ამ კაცს ვერ ვაცდუნებდი!  - თქვა და საწოლიდან წამოდგა, მომიახლოვდა და თავი მკერდზე მომადო.
- ვერ ვაცდუნებდი, გაიგე?   
- ჰო, გავიგე. თუ გინდა დარჩი. 
- არა, წავალ... მე წავალ... 
- კარგი, როგორც გინდოდეს, მადლობა - წამომცდა ეს ,,მადლობა,, 
ელენეს რაღაცნაირად, მწარედ გაეღიმა და იმგვარად შემომხედა, რომ პირველად შემეცოდა.  ელენე წავიდა.  მერე გურამს ვთხოვე შემოსულიყო. 
ღიმილით შემოვიდა. 
- კარგი ქალია ელენე - თქვა. 
- რითი? - ვკითხე 
- აი, შინაგანათ. 
- ისე არ მოგეწონა? 
- რას ამბობ მშვენიერი ქალია!  ჩემს შეყვარებულზე კარგი გარეგნობა აქვს! 
- რატომ იტირა, გურამ? 
- არ ვიცი, ცხოვრებაზე ვსაუბრობდით, მერე წმინდანების ცხოვრებაზე ვუამბე, მერე მარიამ მეგვიპტელის შესახებ რომ დავიწყე, გაფაციცებით მისმენდა.  აი მისი ბოლო დღეების შესახებ რომ ვუყვებოდი, ტირილი დაიწყო და აღსრულების შესახებ რომ ვუამბე აქვითინდა. სულ ეს იყო. მერე შენც მოხვედი -   
      კიდევ ერთი უძილო ღამე მქონდა. ელენეს ცხოვრებისგან სიავე არ დაჰკლებია, მაგრამ ასეთი საცოდავი არასოდეს მინახავს.  მალევე მონასტერში წავიდა (სხათაშორის გურამის მამაოს კურთხევით), უკვე მეოთხე წელია რაც იქ ცხოვრობს ელენე.                                                                                                     
გურამი ისევ ისე, სანთლებსა და ხატებს ყიდის და ისევ მცირედს უხდიან.       
მე ისევ არეულად ვცხოვრობ.                   
უცნაურია ცხოვრება, მუსიკას ჰგავს. ვისთვის საგალობელია, ვისთვის ჯაზი, ვისთვის სულაც კაკაფონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები