ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტკბილი ნო-ემ-ბე-რი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2015


ღირებულებათა ციკლიდან

  იცი, შენი მოახლოვებისთანავე მივხვდი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვყოფილვართ შექმნილნი. ვგრძნობდი, რომ ერთად ყოფნა არ გვეწერა. გამოგიტყდები, მაშინაც ასე ვფიქრობდი, სასეირნოდ რომ გამოგყევი, მაშინაც, როცა წვიმის შემდეგ სახლთან მუხლამდე ტალახით დასვრილი შარვლით მომაკითხე და დელფინების სანახავად სანაპიროზე წასვლა შემომთავაზე.
          ჩვენ ერთად ყოფნა არ გვეწერა, არა, ეს მაშინაც ვიგრძენი, სანამ პარკში ეშმაკის ბორბალზე თვალებში ჩამხედავდი, მეტყოდი, რომ ძალიან ლამაზი ვარ, შემდეგ გაიღიმებდი, ხელს მხრებზე მომხვევდი, გულზე მიმიკრავდი, მერე თვალებს დახუჭავდი და საფეთქელზე ისე მაკოცებდი, თოთო ბავშვებს რომ კოცნიან, ანდა გამოსაშვებ საღამოზე, ხეივნის ჩრდილსა და ეზოში განლაგებული ლამპიონების შუქზე ხელს მთხოვდი. მაშინ არც ბეჭდის ბრწყინვა დამინახავს და არც ჩვენი მეგობრების ყიჟინა გამიგონია.
        ისიც უნდა ვაღიარო, რომ მანამდე დინებას მივყვებოდი, არ მიყვარდი, მაგრამ არც სხვა მიყვარდა, შენთან ერთად სეირნობა კი სიცარიელეს მივსებდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ვუყვარდი, ეს საოცარ თავდაჯერებულობას მმატებდა. ამიტომ ვიყავი შენთან, ხოლო როცა დინების შედეგს შევეჯახე და ხელის თხოვნის შენს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე „კი“-ს ან „არა“-ს წინაშე აღმოვჩნდი, ვიგრძენი, რომ ეს შეჯახება არ იყო მტკივნეული, რადგან შენს იმედიან თვალებსა და ღიმილში გამოიხატებოდა. ჰოდა მივხვდი, რომ  არ შემეძლო შენი გაშვება...
მერე იყო ქორწილი, სამ ოთახიანი ბინა, რომელში გადასვლისასაც დამპირდი, რომ ძალიან მალე მექნებოდა ჩემი კაბინეტი, სადაც ლექსები უნდა მეწერა და იქვე ჩამომართვი პირობა, რომ პირველი ლექსი შენზე არ დამეწერა. ის ჩვენზე უნდა დაწერილიყო ...
მერე იყო შეგუება ყოველდღიურობასთან, რომელსაც ერთმანეთს ვულამაზებდით, კიდევ იყვნენ მომაბეზრებელი მეზობლები, შფოთისთავი ეზოს ბიჭები, კონსერვატორი ჰომოფობები და პოპულისტი მოდერნისტ-ლიბერალისტები, იყო თეთრი ლაბრადორი ლედი.
მერე იყო ერთფეროვანი ათი წელი, ათი დაბადების დღე, ათი აღდგომა, ათი შობა და ახალი წელი, ოთხი თეთრი ლაბრადორი.
და ვიყავით მე და შენ, მაგრამ არ იყო შვილი. არ იყო შენი ოცნება.
როცა დავეჭვდი, რომ ამ ოცნებას ახდენა არც არასოდეს ეწერა, გაიძულე ჩემი ცხოვრებიდან წასვლა. ჩემთან არაფერი აღარ იყო, შენთან კი... შენთან იყო ალკოჰოლი, ბევრი ალკოჰოლი, რომელსაც შენმა ღვიძლმა ვეღარ გაუძლო და ჰეპატიტად გამოვლინდა.
  მერე იყო სოცარიელე, ნაცრისფერი დღეები და ღამეები, გეფიცები, აღარაფერი იყო გულის წასვლამდე და თავბრუს ხვევამდე ...
მერე აღარც მეწერებოდა, აღარც მტკიოდა, აღარც მიხაროდა გამობურცული მუცელი.

შენი სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ, პირველად მეწერება, ასე მგონია, ხელახლა დავიბადე, რაც შენზე მოგონებებით აღვსილს, ცრემლიანი თვალი პაწაწინა თითებით მომწმინდა და მკითხა: „რატომ ტირი დე, ვინმემ გაწყენინა?“-შემდეგ ჩემს გაოცებულ მზერას თავის ბავშვური, წმინდა, შეულახავი ღიმილი დაუხვედრა, თუმცა არა, ეს შენი ღიმილი იყო ...
ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვყოფილვართ შექმნილნი, თუმცა შენთვის არასოდეს მითქვამს.
პ.ს: არაფერს არ ვნანობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები