ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2015


აფუფქულის სათესური

  ყოველ ცისიერ  დილას  ქალი ადრე დგება, სახლიდან გარეთ გამოდის,  პირველად დაწყვდეულ  ქათმებს  გამოუშვებს და საკენკს დაუყრის, მერე  ბოსელს კარს გაუღებს და პირუტყვს  ჭიშკარგარეთ  გადენის.შემდეგ  სამზადში შედის,ცეცხლს ანთებს და  ოჯახისათვის საუზმის გამზადებას იწყებს.ბევრი არც რამე  აქვს გასამზადებელი, ერთ მჭადს კეცზე დააკრავს და რამდენიმე ნატეხ ყველს თეფშზე გადატეხავს.  ესეც მაშინ, როცა ფქვილი მოეპოვება.  სამივე შვილს სამყოფად მაინც ვერ დაანაყრებს და თვითონაც  ,  სანახევროდ მშიერი რჩება.  უფროსი შვილები ხვდებიან და დედის წილ მჭადს ხელს  არ ახლებენ, მაგრამ ნაბოლარას  ვერ საყვედურობენ...  ისედაც ნახევრად მშიერია ექვსი წლის ბავშვი.

კატოს არ ახსოვს, რომ დედაზე ადრე ვინმე ამდგარიყოს, უკვირს ამას როგორ ახერხებს , რომ მუდამ დაუღლელად და  ხალისით  აპურებს შვილებს და იმედიანი თვალებით შეცქერის სამივე ობოლს.

---კატო, შვილო , გადადი ამ საღამოს ნინა ბიცოლასთან და ესესხე ცოტა ფქვილი,---ეუბნება უფროს ქალიშვილს სონა.
---მეტად ვეღარ გადავალ მე ნინა ბიცოლასთან---უარობს გოგო.
---უთხარი,დედამ  აფუფქული ჩამიყარე, საფენლად მინდა და მალე დაგიბრუნებთქვა---ქალი  პასუხს არ ელოდება და კოთხო გამოაქვს სამზადიდან.
გოგო ვერც გადაჭრით უარს ეუბნება, დედისაც რიდი აქვს, მაგრამ ისეთი მორცხვია, სათხოვნელად გადასვლას სიკვდილი ურჩევნია და ფეხები უკან რჩება.
----უთხარი, ხვალ ან ზეგ წისქვილში წავა ჩემი ბიჭი და მაშინვე დაგიბრუნებთქვა---გზადაგზა არიგებს  გოგოს და კოთხოს ხელში აჩეჩებს ქალი.
  სოფელში  ყველაზე მძიმე თვეა მარიობისთვე, ჯერ ახალი სიმინდი არაა შემოსული და ძველი მარცვალი უკვე მიილია.ბევრ ოჯახში უკვე ყოველდღე აღარ  ცხვება ცხელი მჭადი და არ იკეპება პარკილობიო. სონას უკაცო ოჯახს ხომ ყველა მარაგი შემოაკლდა და სამი შვილის დაპურებას ძლივძლივობით ახერხებს ქვრივი ქალი.

  ფეხათრევით მიდის  კატო ნინა ბიცოლას სახლისაკენ.  სამეზობლო ჭიშკარი  მუდამ ღია აქვს ნინა ბიცოლას, მაგრამ დაუძახებლად შესვლას მაინც ვერ ბედავს  გოგო.
---ნინა ბიცოლა, დედამ გამომაგზავნა, თუ გექნება , ერთი კოთხო მჭადის ფქვილი მასესხე , მალე გახმება  ჩემი სიმინდიც და გადაგიხდი ვალსო. ბევრი კი 
არ მინდა, აფუფქული ჩამიყარე, საფენლად მინდაო.
----კატო  ხარ , გოგო?---ხელს იჩრდილავს ნინა ბიცოლა----ფუფქულიას სათესური არ მაქვს და არც დამითესია ამ წელში---პასუხობს ეშმაკურად გაღიმებული ქალი  და კოთხოს პირამდე დატენილს ატანს გოგოს.
----დედაშენს უთხარი, არ დამიბრუნოს ეს დაფქული, თვარა  მაწყენიებ ძალიანთქვა---აბარებს სონასთან და კარამდე აცილებს გოგოს.
----მერამდენედ, ნინა ბიცოლა---წითლდება გოგო.
----შენ ჯერ ეს გადაუტანე და ამაღამ ჩემთან გამოგიშვას, უთხარი სონას, მარტო არის ნინა ბიცოლათქვა.


  გოგო ,უკვე მერამდენედ,დარცხვენილი და  აწითლებული მოდის სახლისაკენ, მაგრამ მაინც გულში სიხარული ღვივის,ამაღამ მაინც დანაყრდება მისი ძმები.
ნინა ბიცოლას შვილები არ ყავს და მისი ქმარიც კარგ საშოვარზეა, ხან სად დადის,  ხან სად ვაჭრობს და ოჯახიც მაძღარი ჰყავს. კატოს  მასთან სტუმრობა ყველაზე  მეტად უყვარს.მისთვის ტკბილი ჩაი და მურაბა,  ცხელი ხაჭაპური და ჩურჩხელა ყოველთვის აქვს ნინა ბიცოლა_ნათლიას. მას  არც ნათლობა ახსოვს, იმდენად პატარა იყო, რადგან მამის ავადმყოფობის დროს სასწრაფოდ მოუნათლავთ და ნინა ბიცოლამ ბავშვებზე დახმარება თავად აღუთქვა სონას.


                            ^^^^^^^^^^^^                                                     

----დეილოცა ღმერთო შენი სამართალი, მარა მე ასეთი გაჭირვება აღარ უნდა მენახა---ვიშვიშებს სამოცდაათს მიტანებული , შვილიშვილებში ჩამჯდარი და საკმაოდ მოტეხილი კატო ბებო_ რაც მე გოუცრელი ჭადი მაქვს ნაჭამი, ამ სიბერეში ეს აღარ  მეჭირვებოდა_ წყევლის ომის მომგონსაც და ქვეყანაზე გაჭირვების ჩამომგდებსაც.

    გაღმა სოფლიდან კაი ბიჭი ერიგებოდა, მაგრამ  იმის გამო არ გათხოვდა, რომ დამჭირდეს და ჩემს ეზოგარემოში ,
უკალოშოდ, ფეხშიშველმა გავიარო, რატომ უნდა დამინახოს დედაჩემმა და ჩემმა ძმებმა,  არაა აუცილებელი, იცოდნენ  რამე მიჭირს თუ მილხინსო.  დედაჩემის, სონასოდენს მაინც ვერ შევძლებო, ასე ფიქრობდა. ამის გამო საკმაოდ  შორს გათხოვდა, უფრო მეტად გვეამება  ახლობლებს ერთმანეთის ნახვა, ხშირ-ხშირად რომ არ ავატალახიანებთ ერთმანეთის სახლკარსო...

    ოჯახი შრომით ისე მოაწყო,  დასაწუნი  არაფერი ჰქონდა.  მეუღლის გარდაცვალებამ ფრთა ნაადრევად ჩამოატეხა .  მაინც არაფერი გაუჭირდებოდა, შვილები წამოზრდილი ჰყავდა, სამოქალაქო ომს გაჭირვება
ახლიდან რომ არ შემოეპარებინა ოჯახში.  მჭადი  და ლობიო ისევ სანატრელი გაუხდა შვილიშვილებით დახუნძლულ ოჯახს.  თვითონ იმდენი ძალა აღარ მოსდევდა, თორემ ვაჟკაცივით გვერდში უდგა შვილს ,  წისქვილსა  და კაცის საქმეს ისედაც  ბავშვობიდან იყო ჩვეული.
----სოფელში ცხოვრებაც რომ გაგიჭირდება ადამიანს და ჭადი და ლობიოც სანატრელი გაგიხდებაო----სადაც წაეწეოდა, ყველგან ამჟღავნებდა თავის გულისწუხილს მოხუცი ქალი.

    ერთადერთი შემოსავალი ყველის გაყიდვა იყო.  კვირაში ხუთი დღის ნაწველი  ყველი  (დანარჩენი ორი დღისა თვითონ იტოვებდნენ) ყოველ პარასკევს საზანოს ბაზარში მიჰქონდათ და  ამ თანხით სიმინდს ან ცოტა პურის ფქვილს ყიდულობდნენ, რომ თავი როგორმე გაეტანათ .
  იმ დილითაც ბაზარში გაატანა შვილს ყველი გასაყიდად. ცოლიან კაცს რა დედის სწავლება დაჭირდებოდა, სიმინდს იყიდდა და თან წისქვილში გამოივლიდა, რომ მჭადის ფქვილი დროზე მოეშველებინა ოჯახისათვის.თვითონ სამი დღეც რომ არ ეჭამა,  ფეხმძიმე რძალს, ისედაც ყველაფერი რომ აკლდა, სადილი მაინც დროზე უნდა  მოსწრებოდა.
რამდენჯერმე გაუარ-გამოუარა თუთის ხეს, იქნება შეთვალებულია და პატარა კუჭს დავაცხრობო.
დილით ადრევე აჟრიამულდნენ ბავშვებიც, მაგრამ საკბილო ვერაფერი ნახეს და მამას დაუწყეს ლოდინი, გზისკენ დაიწყეს ცქერა , შეიძლებოდა  ბაზრიდან  რამე გამოეყოლებინა მათთვის, ნუგბარი ან საკნატუნო.
----გურიკა, ბიჭო, ჩემი ბოვში არ გინახავს?---ბაზრიდან მომავალ მეზობელს გზაზე შეხვდა კატუშა ბებია...რაღა ბოვში იქნებოდა ოცდაათს გადაცილებული  კაცი, მაგრამ დედისთვის  ყოველთვის  ბოვშიაო,  შვილიშვილებსაც ხუმრობით ეტყოდა ხოლმე  მამაზე...
----კი ვივაჭრეთ,მარა წისქვილში დარჩა, ბარემ დავფქვავო, არ იყო ბევრი ხალხი---დაუზუსტა მეზობლის ბიჭმა.
გახარებული დატრიალდა, წინსაფარი ჩამოიბერტყა და კეცები გააწყო შუაცეცხლზე.  ნადუღი გადმოდგა ცეცხლიდან, გასაცივებლად...
...თუმცა მაინც  უჭადოთ მოუწიათ კვერცხისა და ნადუღის ჭამა, იმდენად დააგვიანდა წისქვილიდან მოსვლა კაცს.
კეცები გახურებული ელოდა მჭადის დაკვრას, დრო რომ არ გაქცეოდა,მაგრამ ფქვილი არსად ჩანდა...


  დაღამებულში, როცა წისქვილიდან სახლში დაბრუნდა კაცი, ბავშვები უკვე დაძინებული დახვდნენ, ფეხმძიმე ცოლი დაუნაყრებლად წამოწოლილი  , კატუშა ბებია ისევ ცეცხლთან მოტრიალე და შვილის მომლოდინე...
---რა იყო, კი მარა, რას მოუნდა ამდენ ხანსო----თან ვახშამს უწყობდა და თან ელაპარაკებოდა შვილს, კარზე ძახილი რომ გაიგონა. საჩქაროდ  გარეთ გაიხედა , ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეზეო...
---კატუშა ბებია, დედამ გამომაგზავნა, წისქვილში ყოფილა დათო ბიძია და იქნება ცოტა ფქვილი მასესხოს, აფუფქული ჩამიყაროსო----გაუბედავად ლაპარაკობდა მეზობლის ბავშვი და თასს ხელით  აწვალებდა. გოგოს თასზე  ფქვილი დაუტენა  და უკან შემობრუნებული  შვილს  მოუბრუნდა:
----რას ამბობდი შვილო?
---- დენი არ იყო და წისქვილი არ მუშაობდა,  დაუფქვავად წამოსვლა კი აღარ მინდოდა და შევრჩიო---თან ლუკმას ღეჭავდა და თან ლაპარაკობდა  კაცი. მერე პრასი და მწვანილი ხელზე დაიბერტყა ,  მარილზე ჩააწო,  სანახევროდ გამომცხვარი კეცის მჭადი ხელზე გადაიმტვრია და ამნაირი ცხოვრება დასწყევლოს ღმერთმაო, ჩაილაპარაკა.


საქართველოში იდგა  ქრისტეშობიდან  წელი ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები