ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2008


ფანდურის დაბადება

დროის შორეულ მხარეებში
გადადიან ფიქრი და მზერა
(ტყუპები_ერთი ბუდიდან აფრენილი)
და ამბავს მიამბობენ,
რომელიც მომხდარა ძველად:
ყვავილოვან ბალახში სანთელივით
იდგა და მღეროდა
ლელა თუ ბადრი,
ბადრი თუ ლელა...
სიმღერა(ნათება გულისა)
ისე მოეწონათ
დაბლა_დედამიწას
და მაღლა_მზეს,
რომ შეხმატკბილებულად თქვეს:
"სიმღერაში ღვთიური სითბოა,
ღვთიური სევდაა და ნექტარი,
სიმღერაში სამყარო მოჩანს,
ხან გასხივოსნებული
და ხანაც ფერმკრთალი,
სანამ დასრულდება
და ჰაერს შეაშრება,
ისეთ რამედ უნდა ვაქციოთ,
ხელის შეხებისას თვითონაც მღეროდეს,
ქალსა თუ კაცს,
დიდსა თუ პატარას
ყველას ერთნაირად უხაროდეს,
ყველას ერთნაირად შვენოდეს..."

და,მართლაც,სიმღერა
იქცა გასაოცარ ნივთად_
მოხდა,რაც სივრცის სიჩუმეში
მზისა და დედამიწის
თვალებით ითქვა...
და იმ ნივთს ეწერა:
"სიმები სიყვარულმა
თუ არ შემირხია,
იები ჩამიქრება ხმაზეო."

ასე მოევლინა ფანდური სამზეოს.

და იმ ფანდურზე დღესაც ღიღინებენ,
დღესაც მღერიან სიყვარულისას,
მღერიან ღვთიური მადლით
ბადრი თუ ლელა,
ლელა თუ ბადრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები