ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2015


თვითმკვლელი ნიშნები (არცმთლადშესაფერისილექსი კატო ჯავახიშვილს)

ყველა კუთხეში აწყდები ნიშნებს,
სიმბოლოები არიან თითქოს...
კითხვის ნიშნები უფრო ხშირად გვხვდება რატომღაც...
უპასუხოდ დარჩენილი კითხვის ნიშნები,
დუმილის გამო თვითმკვლელობა რომ განუზრახავთ...
..........................................................................
როცა გგონია გაივაკე,
აღმართები იწყება იქვე...
ჰოდა, აღმართზე აწყდები მძიმეს...
მძიმედ ჩერდები,
ისვენებ მძიმედ,
როგორც დაღლილი ბერიკაცი ცხოვრების გზაზე...
მძიმედ ისუნთქავ ჟელესავით შესქელებულ ჰაერს და
ხვდები, რომ სხეულის ყველა ნერვი დაჭიმულია...
და მერე ცდილობ დაასრულო წინადადება,
ეს-ესაა რომ წამოიწყე -
დასვა წერტილი,
როგორც დიადი განაჩენი ამაოების...
მაგრამ კითხვები,
პასუხებს რომ ითხოვენ მუდამ
და უპასუხოდ დარჩენილები თავს რომ იკლავენ,
იმ წინადადებასავითაა,
მასწავლებელი რომ იტყოდა ხოლმე და
გულს რომ გირევდა:
დაღეჭილი ლუკმა ჩაგიდევი პირშიო
და წარმოდგენაზეც გაზიდებდა,
არც სწავლა გსურდა,
აღარც მოსმენა...
ჰოდა, გარბოდი...
........................................................................................
ჩვენ არ ვსვამთ წერტილს...
ჩვენ პასუხს ვეძებთ,
კითხვის ნიშნები თვითმკვლელებად რომ არ ვაქციოთ...
პასუხებს ვეძებთ გათენება-დაღამებაში,
ერთ პეშვ მზესა და ერთ ჩასუნთქვა მოფერებაში,
პასუხებს ვეძებთ ღიმილებში,
მზერაში,
ფიქრში,
არაფრისმთქმელ სიტყვებში ვეძებთ
და ყოვლისმომცველ მდუმარებაშიც...
ჩვენ ვეძებთ პასუხს,
რომ კითხვები ვიხსნათ როგორმე...
რომ მოვუძებნოთ ახსნა
ჰაერში მოფარფატე ყველა შეკითხვას და
ჰა, პასუხიც:
როცა გვგონია გავივაკეთ,
აღმართები იწყება იქვე და
ბოლო არ ჩანს,
რადგან წერტილს არ ვსვამთ არასდროს...
ცხოვრებაც ხშირად მხოლოდ
მრავალ -
წერტილებია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები