ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
12 აგვისტო, 2015


ყველაზე, ყველაზე ეგზისტენციალური



  თორმეტი წელია საკმაოდ პოპულარული ჟურნალის რედაქტორი ვარ, უფრო სწორად ჯერ მოადგილე ვიყავი და ორ წელიწადში მთავარი
რედაქტორი გავხდი.
ვისაც ამ სფეროში არ ჩაგიხედავთ, ვერც წარმოიდგენთ რამდენ უცნაურობებთან  გვიწევს მუშაობა:
ექსტრავაგანტული ადამიანები არ იცვლებიან...დრო გადის, ისინი კი კვლავ და კვლავ  იბადებიან,იზრდებიან, წერენ ლექსებს,მერე მიაქვთ
ჟურნალის ან გაზეთის რედაქციაში და  ზოგი მოწიწებით, ზოგი უხეშად, ზოგი ხვეწნით და მუდარით, თხოულობენ მათ  დაბეჭდვას.
რამდენი გრძელთმიანი ადამიანი მოსულა, გაქონილი,  წვირიანი ლაბადით  და რამდენიც ფეხშიშველა ან შლოპანცით...
ითხოვენ ლექსის, ნოველის, მინიატურის დაბეჭდვას.
მოაქვთ რვეულები, ფურცლებზე ხელნაწერები, მახსოვს შემთხვევა, გაყვითლებული ფურცლებიც მოუტანიათ, რომ არ იკითხებოდა, ისეთები.
ზოგის დიპლომატი იმხელაა, თავადაც უჭირთ და მაგიდაზე შემოდებისას ბეჭებში შვებას გრძნობენ.აქეთ იქეთ ტარებისგან ჩანთაც  დამტვერილა და
გარეცხვის მერე სისუფთავის პერსპექტივაც არ აქვს.

რამდენიმე წელია, რაც ინტერნეტი შემოვიდა, მასალებს  ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვიღებთ.წავიკითხავ და თუ არ მოგვეწონება, არც დავბეჭდავთ.
ჟურნალის მითითებულ მისამართზე წერია:მასალები უკან არ უბრუნდებათ...ამ უწყინარი წინადადებით პასუხისმგებლობა აცილებული და შუბლის ნაოჭი გაწყვეტილი გვაქვს...
უამრავი არაორდინალური ავტორი მინახავს მეთქი, მაგრამ რაც ოცდაშვიდ ივლისს მოხდა, დღემდე გაკვირვებული ვარ
სამსახურში მისვლისას თვალში მეცა "კლეჩატი" ბაზრის ჩანთა და მოსაცდელში ასაკოვანი ქალბატონი.
რა ენდომება?
არ ვაპირებ, ვიმკითხაო, რამდენიმე წუთში ეს ხომ ისედაც გაირკვევა.
მდივანმა _გელოდებიანო.
ხუთ წუთში მივიღებ_ვთქვი და კომპიუტერი ჩავრთე.
  ქალი ხვნეშით შემოვიდა, ჭარბი წონის გამო ცოტა ნელა მოძრაობდა_შემოვიდა და  შეიძლებაო?
_დაბრძანდით
  დაწყება უჭირდა
დროზე მოვილიო ეს საქმე მეთქი და, საუბრის დაწყებისას  წავათამამე:
_გისმენთ ქალბატონო
ქალმა საუბარი ნელა დაიწყო.პირველად სიტყვებს ეძებდა მაგრამ მერე დაიწყო თუ არა, ერთბაშად ყველაფერი თავდაყირა დადგა
მეტყველებდა  თავდაჯერებულად, მშვიდად, ნაზი ხმით და საკმაოდ ექსტრავაგანტულად,
მოკლედ, გარეგნული ვიზუალის არჩათვლით,მე  ჩვიდმეტი_ოციოდე წლის გოგონა  მესაუბრებოდა.მისი ხმა ისე მესიამოვნა, რომ თვალები
დავხუჭე , საზურგეზე მივწექი და გავიტრუნე.
ტვინმა კონვულსიები დაიწყო...
___ცუდად ხომ არ ხარ, შვილო?_წამომდგარა და მეკითხება.
__არა, ქალბატონო, გისმენთ მე
ქალს  მსუქანი თითები  ჰქონდა, ხელზე არანაირი  ბეჭედი არ ეკეთა , და ეტყობოდა ხელები ჯაფით გაუხეშებულ_დახეთქოდა.
_მითხრეს, რომ ნაწერები  აქ მომეტანა, ბევრმა მირჩია
_ დიახ, სწორად მოქცეულხართ_დატოვეთ.
_ქალი წამოდგა, საფულედან ჩიპი ამოიღო და მაგიდაზე დამიდო.თან მოიბოდიშა, თქვენი ელფოსტა არ ვიცოდიო
გამიკვირდა.
ეტყობა შვილებმა ჩაუწერეს
_წავიკითხავთ, ხვალ გამოიარეთ
_ხვალ არ შემიძლია, მომავალ პარასკევს ბაზარში მოვდივარ, ყველი მომაქვს გასაყიდად და ...მანამდე ვერ მოვალ
_კარგით, პარასკევი იყოს.
  ქალმა ჩანთა ხვნეშით აიღო, კარი ფრთხილად გამოაღო და გავიდა.
  იდუმალი, მაგრამ სასიამოვნო სურნელი დატოვა.  თითქოს  მისნაირად ჩაცმულ ქალს რომ არ უნდა ჰქონოდა,  ისეთი ...
...ყველაზე მეტად ამ კონტრასტებმა  გამიღვიძა საფიქრალი.
ჯერ ის გავიფიქრე, ალბათ თქმა დაავიწყდა და  შვილის ნაწერები დამიტოვა მეთქი, მაგრამ  როცა ჩიპი შევაერთე და ნაწერები გავხსენი, მისმა ფოტომ 
ჩემი ეჭვი გამიქარწყლა.
როგორ  მიყვარს კონტრასტები...

ახლა უფრო მეტად დავინტერესდი, ეს სოფლელი ქალი მართლა რამეს ღირებულს წერდა, თუ  უბრალოდ გარითმული სიტყვები ამიფრიალდებოდნენ თვალწინ.
მაგრამ  წაკითხულმა გამაოგნა...

ის ისევე დახვეწილად  წერდა , როგორც საუბრობდა და მსჯელობდა...
დრო მქონდა, დიდხანს  ვიკითხე, მაგრამ მერე საქმეები გამომიჩნდა და  მარიამის (მისი სახელი მარიამი  იყო) ჩიპი სახლში წავიღე.
გვიანობამდე ვიკითხე

ვკითხულობდი მის  გრძნობებზე, პირველზეც და უკანასკნელზეც , როგორი ახალგაზრდობა გაუტარებია, სად და ვისთან ცხოვრობდა,
ანდა ერთობოდა, საკმაოდ ორიგინალური ცხოვრების ინტიმურ დეტალებსაც  შეფარვით ამჟღავნებდა , თავმბრუდამხვევი თავგადასავლები და
ვირტუალური ცხოვრების დეტალები ...და ჩემს ცხოვრებაზე გონება პარალელს თავისთავად ავლებდა.

მეც მიცხოვრია და ამასაც?
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქალს, რომელიც  მთელი დღე ოჯახში შრომობს და საღამოს ძროხას წველის,ასეთი ცხოვრება გამოევლო ანდა  ამისთანა აზრები და  ემოციები გააჩნდა...

ერთი ასაკის ვიყავით, მეც და ისიც...
მე გარეგნულად ისე გამოვიყურებოდი, თვალი რჩებოდათ ახალგაზრდა ბიჭებს, თუმცა მსგავსი სიფაქიზე  არც თხუთმეტი წლის ასაკში მქონდა, სიყვარულიც კი არ გამომიცდია, ისე გავთხოვდი .
ის კი, გარეგნულად უკვე დაბერებულიყო, მაგრამ სინაზე და ჰაეროვნება არ დაეკარგა .  მისი სურნელიც კი  იდუმალებდა.
ნაწერზე ხომ არაფერს ვამბობ
მისი  გრძნობით ნაწერი ხან მაცრემლებდა, ხან კი მახარხარებდა..
  მიკვირდა, ასე რატომ შევედი ამ ქალის  ფსიქოლოგიური პორტრეტის  ფერთა ამოცნობაში.
რამდენიმე მოთხრობა ჟურნალისთვის გადავარჩიე და დაბეჭდვამდე  ავტორთან გასაუბრება და  ინტერვიუ გადავწყვიტე
ხომ დამპირდა, მომავალ პარასკევს მოვალო
ხოდა დაველოდები
მერე ცოტა გადამავიწყდა ეს ამბავი და როცა გამახსენდა, პარასკევი გასულიყო
არ მოვიდა
ჩიპის წასაღებად მაინც მოვა...
ორშაბათს ისევ ავწრიალდი და ...მოცემულ ნომერზე დავურეკე.
ტელეფონზე არ მიპასუხა
საღამოსაც ვცადე
_გისმენთ_მიპასუხა
_ქალბატონ მარიამს ვესაუბრები?_მაინც ვიკითხე, თორემ მის ხმას რა დამავიწყდება.ახლაც ისევე მესიამოვნა მისი მოსმენა, როგორც პირველად
_დიახ, მე გახლავართ
_ჟურნალიდან გირეკავთ, რედაქტორი...
_დიახ მივხვდი
_რომ არ გამოიარეთ, იმიტომ დაგირეკეთ
_ბაზარში არ მომიწია წამოსვლამ
ისე მომინდა ბევრი ესაუბრა, სისულელეებზე დავუწყე შეკითხვების დასმა
ისე ნაზად  და საინტერესოდ საუბრობდა, სავარძელში მივწექი და თვალები დავხუჭე

ვგრძნობდი, რომ ახალგაზრდა გოგონა მესაუბრებოდა და  საყვარლად ტიტინებდა.
_რამდენიმე დასაბეჭდად  გადავარჩიე
_მართლა?_ პატარა ბავშვივით გაეხარდა
_როცა მოიცლით, შემოიარეთ_ეს უფრო სპორტული ინტერესის გამო დავახეთქე.
_ვეცდები,
მომდევნო კვირას მისი ნოველა მართლაც დავბეჭდეთ.
სამი კვირა ისე გავიდა, თვითონ რედაქციაში არ მოსულა.
მე კი თანდათან უფრო მეტად მინდოდა, რომ გვესაუბრა.

  უკვე ერთი თვე გავიდა და ისევ პარასკევ დილით, სამსახურში მისვლისას ბაზრის კლეჩატი ჩანთა მომხვდა თვალში.
სიმართლე გითხრათ, გამეხარდა და სასწრაფოდ კაბინეტის კარი შევაღე.

_გელოდებიანო_ მომაძახა მდივანმა
_შემოვიდეს მეთქი_ აჩქარებულად გავძახე.
ოთახში ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა.
გამიკვირდა
მე თავად მარიამს ველოდი
მისი ქალიშვილი აღმოჩნდა.
ჩიპის  წასაღებად  მოვედიო_ წყნარად მითხრა
_ქალბატონი მარიამი?_ვიკითხე და  გული ამიჩქარდა.
_ავადაა, დედა ავადაა.
_სამწუხაროა_მხოლოდ ეს მოვახერხე.
_ის უკვე რამდენიმე წელია, ავადაა _ცრემლები მოერია გოგონას
_ვწუხვარ_კიდევ მეორედ გავიმეორე უაზროდ_ჰონორარი ეკუთვნის
_მის ანგარიშზე გადარიცხეთ_საფულე გახსნა და ანგარიშის ნომერი მომაწოდა.
__არაჩვეულებრივი ქალბატონია_სისულელე წამოვროშე
მისი სავიზიტო ბარათი მომაწოდა და მადლობა გადამიხადა.

ბარათზე ეწერა, რომ ქალბატონი მარიამი საქველმოქმედო საზოგადოება "თანადგომა, ვიდრე  პირში სული გვიდგას " პრეზიდენტია .
მთელი დღით ჩავუჯექი ამ საზოგადოების ინტერნეტგვერდს და  უფრო მეტი საოცრებები ვნახე
__თურმე თავად უვლის რამდენიმე მოხუცს .  ამის გამო  წველის სამ  ძროხას, რომ გაყიდული თანხით  ეს პრობლემები
მოაგვაროს და  ავადმყოფებისთვის წამალი იყიდოს.
ინტერნეტგვერდს კი თავად უძღვება და უამრავ საინტერესო ფოტო და აუდიო მასალას აქვეყნებს.
ასეთი ინტერესი არავის მიმართ არ მქონია.
ქალი_კონტრასტი
დავურეკე
საავადმყოფოდან მიპასუხა
თურმე მისი ლამაზი და ხავერდოვანი ხმა უკანასკნელად მესმოდა.
დასაფლავებაზე აუცილებლად უნდა მივსულიყავი...
უამრავ უცნაურ ფაქტთან ერთად, თვალში მეცა, თავთან, გვერდით თეთრი ხელთათმანები ეწყო...
ის ნამდვილი დედოფალი იყო
მხატვარი რომ ვყოფილიყავი, მისი დახატვა მომინდებოდა, მაგრამ ...ერთი უბადრუკი რედაქტორი ვარ და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც
კი ვერ დავხატე ისე ლამაზად, როგორსაც  იმსახურებდა.
მხოლოდ აღვწერე
ალბათ სხვას ესეც უკეთესად შეეძლო.
მის ნოველებს?
თანდათან გამოვაქვეყნებ და ყოველ ნომერში იმ სურნელის იდუმალებას ვიგრძნობ, თავად რომ დამიტოვა კაბინეტში


2015 წელი







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები