მივიწყებული სიტყვა *** დიდი ხანია, რაც ჩემს შუბლს თითების სამაია მოვაკელი, განა მარტო შუბლს, მუცელსაც, მხრებსაც! მთელი დღე მარიამს ვუცქერდი, და როდესაც არ ვუცქერდი, მასზე ფიქრები გამიბატონდნენ. როგორ შეიძლება მიყვარდეს და ვუყვარდე, თუ რწმენაც საერთო არ გვაქვს! შენც მარიამის გამო გამახსენდი. წუხელ გამახსენდა შენი არსებობა, ამ უღმერთო სამყაროს ჭაობში ჩაძირულს. თაგვივით ავფართხალდი, რომ წყალს ნაპირისკენ გავერიყე, ჯერ კიდევ გზაში ვარ, დამეხმარე, რომ ნაპირს მივაღწიო! მთელი ღამე ვერ მოვისვენე, ვფიქრობდი მოძღვრისთვის აღსარება როგორ ჩამებარებინა, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ არ ჩავაბარებ მოძღვარს აღსარებას, ისიც ხომ ჩემსავით კაცია, და გაუჭირდება გამიგოს. ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას გიწერ, და იმედს ვიტოვებ, რომ წაიკითხავ უფალო. პოეზიაც ხომ, უფლის მივიწყებული სიტყვებია, რომელიც ხშირად უნდა გაუმეორო ხალხს და საკუთარ თავსაც. და ჩემი თითების სამაიას ვუძღვნი შუბლს, მუცელს და მხრებს! არ ვნანობ, ჩემი ნებით თუ უნებლიედ ნამოქმედარს, რადგანაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გამოცადოს ადამიანმა, სინანულისგან სიშორეც კი. ვერ ვინანებ ისეთ ცოდვებს, რომლებსაც ვიცი რომ გავიმეორებ. მოკვდავი ვარ უპრეტენზიო. ამბიციის გარეშე. მე არ მჯერა დედამიწაზე ტანჯვის, მიყვარს საკუთარი თავი, იმიტომ, რომ სხვისი სიყვარული შემეძლოს. უკვე ვფიქრობ რომ ჩემი თავი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მარიამი ძალიან მიყვარს. არც გასაჭირში მყოფად ვთვლი თავს, ამიტომ არ გამხსენებიხარ, ისევ მარიამის გამო. არც გევედრები, არც გემუქრები, არც გავალდებულებ, უბრალოდ შენი შვილი ვარ და გახსენებ ჩემდამი შენი მამობის პასუხისმგებლობას. მჯერა სიყვარულის, ხელოვნების და მეცნიერების. და რადგანაც თვითონ ხარ სიყვარული, შემოქმედი და უკიდეგანო. მსურს შენც შენი წვლილი გქონდეს ჩემს ბედნიერებაში. რადგანაც შენგან დალოცვა მჭირდება. ნუ მიმატოვებ, როგორც მე მიგატოვე. უძღები შვილებიც ბრუნდებიან. დღეს დილით ეკლესიიდან ზარის ხმა ისმოდა, თითები კი უჩვეულოდ აცეკვდნენ.