*** ყელზე მომებჯინა ღამე ეშვებივით, ისე დავიღალე ვსუნთქავ მინორებით, ახლა სულ ყველაფერს ერთად შევეშვები, ყელში ამოვიდა, ისევ ვიმეორებ...
სისხლიც აღარ წვეთავს ჩემი ვენებიდან, თორემ გადავიჭრი, კარგად დავისვენებ, ისე დავიღალე, ბედსაც ვნებდები და გულსაც ალესილი გრძნობით დავისერავ.
მთელი სიძლიერე მისცეს ნაძირალებს, მცოდნემ დავივიწყე ყველა საიდუმლო, ყურებს გაუგონარ ხმებით ვაზიანებ, მერე სხვების მსგავსად, ხმა რომ ჩავიდუმო.
საქმე, რომ არ ჰქონდეთ წყეულ მორალისტებს, რომ არ გამიბურღონ ტვინი დარიგებით, მოვკვდი, მკვდრეთით აღვსდექ, როგორც მონტე კრისტო, ღმერთთან გავაუქმე ყველა გარიგება.
ყელში ამოვიდა მართლა ყველაფერი! არცერთ ხუმრობაზე აღარ მეცინება, რასაც განვიცდიდი, იმის შესაფერისს ვიტყვი, უკვე დედაც აღარ მეფიცება,
რადგან ტყუილშია ყველა გახვეული, აზრი აღარა აქვს სხვასთან შეჯიბრებას, გულსაც მოვალეწე კარზე სახელური, რადგან უშენობა შესვლას მეჯინება.
გარეთ სიცხეები - შიგნით ტკივილები, არის ამინდებიც გრძნობის შესაფერი, ზოგჯერ კარგად ყოფნას ისევ ვიტყუები, ყელში ამოვიდა მართლა ყველაფერი!