| ავტორი: მოდესტო. ჟანრი: პოეზია 19 აგვისტო, 2015 |
ქუჩებს ფილტვები აევსოთ მტვრით და ქოთქოთებს ეს თვე მოხუც ქალივით, ზევით აყრილი შავი ღრუბელი, თბილისის ლურჯ ცას აზის ხალივით.
წინ მოალერსე ტირიფის ტოტებს, შეფარებია მოხუცთა კრება, ფარენგეიტმა ისეთს აარტყა, ჯოხი ნაყინში კოჭამდე ძვრება.
ხორცის რეკლამის ბუმია ირგვლივ, ცვარი კანზე და ხშირდება სუნთქვა, ეხლა ისეთსაც ვერაფერს ვიტყვი, რაც ჯერ არავის, არასდროს უთქვამს.
ხოდა ვუხურავ პლანეტას კარებს, პირად სამყაროს გეახელ ისევ, ამ საგიჟეთის ცივ-ბნელ პალატებს, მხოლოდ და მხოლოდ შენი მზე მივსებს!
როცა მბზინავი, მომცრო წვეთები აპრილის ზეცის ჩამოჰყვა მუცელს. შენს გვირილებით მორთულ მინდვრებზე, როგორც ტორნადო მოვვარდი უცებ.
გამოგამწყვდიე და გასაღებიც ხელის მტევნებში ჩაგიგდე იქვე, შენი მიწა და შენი სასასხლე, ამოვაბრუნე ერთ დღეში პირქვე.
ვით დარუბანდის კარებს გარშემო, შემოგეკერე ნაჭერ და ნაჭერ, შენ ხორცშესხმა ხარ ჩემი ნატვრების და ამ ყველაფერს რითმისთვის არ ვწერ.
ზევით მძივებად აკინძულ სიტყვებს, მისმენ ქალთევზავ?!-ვგზავნი ლოცვებად, თეთრ ფეხის გულებს რომ ახებ მიწას, თვით ბებერ ქუჩებს ბურძგლავს ბორცვებად.
იცი, გუშინწინ ცხელოდა მაგრად, მე მთელი ღამე ვბორგავდი ვიდრე დამესიზმრე და როგორც ფილმებში, შენს ტუჩის გახსნას ვასვამდი ტიტრებს.
უცებ აღმოხდა მიდამოს ქარი, წელზე მოხვია ხელები ხეებს , გაცელქდა წვიმაც და გუბეებში წვრილი თითებით ხაზავდა წრეებს.
გამოიცვალა ირგვლივ გარემო, ირგვლივ სუყველამ აიკრა ბარგი, გაჩნდა შეგრძნება, აი იმის მსგავსი რაღაცა ცუდს რომ მოჰყვება კარგი.
თითქოს ლილვაკით უვლიდნენ ქალაქს, ნაცრისფერ რუინებს ულმობლად გვიდნენ, მერე შერბური აქ გადმოსახლდა, და შავთეთრ ქოლგებს შლიდნენ და შლიდნენ.
რელიეფები გასწორდა მყისვე, ღრუბელი დესანტს რაზმავდა მაღლა, წყალმა წაშალა განსხვავებები, ბოლოს ქოლგებსაც დაეტყოთ დაღლა.
გამოღებული ძველი ფანჯრიდან თამბაქოს რგოლებს უშვებდა ვიღაც, მხოლოდ თქვენ ორნი დარჩით ქუჩაში, ცეკვავდი შენ და ცეკვავდა წვიმაც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ველოდებოდი შენს შემოფრენას ჩემო თოლიავ:* გმადლობთ მეგობრებო შეფასებისათვის ველოდებოდი შენს შემოფრენას ჩემო თოლიავ:* გმადლობთ მეგობრებო შეფასებისათვის
3. როცა იცი, რომ შენია, უფრო მეტად მოგწონს : ) როცა იცი, რომ შენია, უფრო მეტად მოგწონს : )
2. რა საყვარელი ლექსია:) რა საყვარელი ლექსია:)
1. ამსიგრძე ლექსი, ამ სიცხეში, თავს რომ ბოლომდე წაგაკითხებს და კომენტარის დაწერასაც მოგანდომებს, ესე იგი, აქვს რაღაც ხიბლი :)
"ეხლა ისეთსაც ვერაფერს ვიტყვი, რაც ჯერ არავის, არასდროს უთქვამს."- გულწრფელობისთვისაც პლიუსი :)
"გაცელქდა წვიმაც და გუბეებში წვრილი თითებით ხაზავდა წრეებს."- ლამაზადაა ნათქვამი.
ამსიგრძე ლექსი, ამ სიცხეში, თავს რომ ბოლომდე წაგაკითხებს და კომენტარის დაწერასაც მოგანდომებს, ესე იგი, აქვს რაღაც ხიბლი :)
"ეხლა ისეთსაც ვერაფერს ვიტყვი, რაც ჯერ არავის, არასდროს უთქვამს."- გულწრფელობისთვისაც პლიუსი :)
"გაცელქდა წვიმაც და გუბეებში წვრილი თითებით ხაზავდა წრეებს."- ლამაზადაა ნათქვამი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|