ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2015


- პატარა ამბები -

  ანა სკოლიდან სახლში მიდიოდა და რეზი დაინახა. ანას ფითქინა ლოყები აუღაჟღაჟდა, რაც რეზიმ ვერ შეამჩნია, რადგან ანა არ დაუნახავს. გავიდა სულ ცოტა ხანი ახლა რეზიმ დაინახა ანა. ამჯერად ყმაწვილის ლოყებმა იცვალეს ფერი, მაგრამ არც  ანას  შეუმჩნევია რეზის ლოყები, მის  გამო რომ ვარვარებდნენ. ასე ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ როდესაც მათი მზერა  გადაიკვეთებოდა, მაშინ ორივეს ლოყების სიწითლეს მორცხვი ღიმილიც ამშვენებდა. ანას და რეზის არასოდეს ჰქონიათ დიალოგი. მეტიც, სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისათვის. არც ანას მოცახცახე ხელი ეჭირა რეზის ხელს. გავიდა ხანი. დიდი ხანი გავიდა. ანა და რეზი ქუჩაში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. თვალებმოჭუტულმა რეზიმ ანას გახედა. ანამაც შეხედა რეზის. ამჯერად მათ ლოყებს ფერი აღარ შეცვლიათ. ორივეს ფერმკრთალი და დანაოჭებული სახე ჰქონდა. ორივე წელში მოხრილიყო.   
  ,, საიდან მეცნობა?,, - გაიფიქრა რეზიმ. 
  ,, ნეტა რას მომშტერებია?,, - გაიფიქრა ანამ.   
მერე გზა განაგრძეს. რეზი მარჯვნივ წავიდა, ანა მარცხნივ. ისე კი ორივე ერთ მხარეს მიდიოდა, იქით...   
   
                                                                                    ................     
 
ლუკას ცოლი ჰყავდა, უყვარდა და მერე გაშორდა. ლუკას შვილი ჰყავს და უყვარს, რომელიც იმ ცოლმა წაართვა, ჯერ რომ უყვარდა და მერე გაშორდა. ლუკას ოდესღაც მეგობრებიც ჰყავდა, სახლიც ჰქონდა და სამსახურიც. ახლა აღარავინ და არაფერი გააჩნია, ყველა და ყველაფერი დაკარგა. სამაგიეროდ (წონასწორობის თეორიის მიხედვით) ლუკა სწორედ იმდენით გათავასუფლდა, რამდენიც დაკარგა. ლუკას ერთნი თანაუგრძნობენ, მეორენი აქილიკებენ, მესამენი ჭკუას ასწავლიან. ლუკა მშვიდად და უემოციოდ უსმენს მათ, რადგან იმდენად გათავისუფლდა, რომ სულით გაღატაკდა.                 
                                     
                                                                                      .................                         
                               
ბესარიონი  ბავშვობაში ფანტაზიორობდა, ყმაწვილკაცობაში კი ტყუილები დასჩემდა. მის გარშემო ეს ყველამ იცოდა და მისი არავის სჯეროდა. ბესარიონი ამის გამო სულაც არ წუხდა. ერთ დღეს იგი რაღაც დროით გაუჩინარდა და როდესაც გამოჩნდა გაზრდილიყო და მან რაღაც თქვა. ისეთი რამ თქვა, ვინც იცნობდა იმათმაც კი დაიჯერეს. მერე უფრო ხმამაღლა თქვა და ახლა სხვებმაც დაიჯერეს. მერე ქვეყანაში არჩევნების დრო მოვიდა და ბესარიონი ისეთ რაღაცაებს ამბობდა, რისიც ყველას სჯეროდა, რადგან ბესარიონი იმას ამბობდა, რასაც ხალხი ხედავდა, ბესარიონმა სიმართლის თქმას უმატა და უმატა. არჩევნების დღეს კი, ხალხი მას ხმას აძლევდა და აძლევდა.  ახლა ბესარიონი  პარლამენტში ზის და სიმართლეს სწორედ იმ დოზით ამბობს, რომ მისმა მხარდამჭერებმა ტყუილში ისევ იცხოვროს. სამაგიეროდ დროდადრო ბესარიონი ხალხს მკერდში გრძელ ხელს ჩაუყოფს და მფეთქავ, დაღლილ კუნთს მოუფხანს, განსაკუთრებით არჩევნების წინ.   
   
                                                                                      ....................           
                             
თემო სახლიდან გავიდა და ეზოდანაც გადავიდა, ბედნიერება რომ ეპოვა. სად არ იყო, ვინ არ ნახა, რამდენი მოისმინა, ვის არ ჰკითხა, მაგრამ ბედნიერების ადგილსამყოფელი არავინ იცოდა, თითონ კი ვერა და ვერ  დაადგინა. ბევრი იარა თემომ, ძალიან დიდ ხანს იარა, თითქმის მთელი ცხოვრება იარა. ერთ დღესაც სიარული გაუჭირდა და გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო. დაბრუნდა კიდევაც. ეზოში ჩავიდა სახლის წინ კიბეზე დაჯდა, სივრცეს მიაშტერდა და მიხვდა, რომ ბედნიერება იმ მიზეზით ვერ იპოვა, რომ არ იცოდა თუ  რა იყო ბედნიერება. როდესაც არ იცი რას ეძებ, სადაც არ უნდა ეძებო, ვერსად იპოვი! - ეს გაიფიქრა და იმასაც მიხვდა, რომ თურმე მთელი ცხოვრება იმისათვის უვლია, რომ ასეთ მარტივ რამეს მიმხვდარიყო და თემო  იმ წამიდან  ისე ძლიერად ჩაეჭიდა წამს, რომ დრო მისთვის საოცრად ნელა მიედინებოდა და ამ დროის ყოველი წამი იყო მშვენიერი. ამ მშვენიერებას კი მისი გული გრძნობდა. თემომ  იპოვა ის, რისთვისაც სახლი მიატოვა და ბევრი, ბევრი იარა.
                           
                                                                                        .....................................
ლევანი შეძლებულად ცხოვრობდა და კარგი ოჯახიც ჰყავდა.                                                                                                                                                                                                                                                                                                               
ლევანის მეზობლად ახალგაზრდა თიკამ ბინა იყიდა. თიკას საქმიანობას იოლად ვერ დაადგენდით, მაგრამ მშვენიერი გარეგნობის კი იყო! ერთხელ თიკა ლევანს სადარბაზოსთან შეხვდა, თვალი თვალში გაუყარა, სქელი ტუჩები გადაფურჩქნა და თეთრი კბილებიც დაანახა. იმ დღის შემდეგ ლევანმა მოსვენება დაკარგა. ოჯახში გახშირებული კინკლაობა ხშირად ჩხუბში გადადიოდა. თიკა ლევანს უფრო ხშირად ხვდებოდა, ჯერ სადარბაზოსთან, მერე კაფეში და ერთ დღესაც ლევანმა ოჯახი მიატოვა და თიკამაც გაყიდა თავისი ბინა. ლევანს უყვარდა თიკა. თიკას არავინ არ უყვარდა. ამიტომ იქ, სადაც ლევანმა თიკას ბინა უყიდა და ერთად ცხოვრება დაიწყეს, ასევე ჰქონდა სადარბაზო. ერთერთში ჯუბა ცხოვრობდა. ჯუბასაც კარგი ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ერთ დღეს სადარბაზოსთან თიკას შეხვდა, რომელმაც სქელი ტუჩები გადაფურჩქნა და ენის წვერი თეთრ კბილებზე აუჩქარებლად გაისვა. ახლა ჯუბამაც დაკარგა მოსვენება. იმ სახლს, სადაც  თიკამ და ჯუბამ ერთად ცხოვრება დაიწყეს, ასევე ჰქონდა სადარბაზო. ლევანი საწყის პოზიციას  დაუბრუნდა.     
         
               
             
  პატარა ელენე და ნინი თანაკლასელები იყვნენ. კოხტა ელენე ბიჭუნებს ძალიან მოწონდათ. ნინი პუტკუნა იყო. ნინი ელენეს გაებუტა. ელენემ ნინის ჰკითხა თუ  რა იყო მიზეზი. ნინიმ - პრანჭია ხარო. ელენემ ეს არ მიიღო, რადგან სულაც არ იყო პრანჭია.  გოგონები კი შერიგდნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება ნინი პუტკუნა იყო და ელენე სულ პრანჭია ეგონა.                                                     
                            ..........     
    სანდრო პოეტი იყო. გიგა პოეტობდა. სანდრო ნონკონფორმისტი იყო. გიგა სამშობლოს წინსვლას  და კიდევ ვიღაცაებს უმღეროდა. გიგა დიდ პატივში ჰყავდა სამშობლოს და იმ ვიღაცაებს. გავვიდა ხანი. გიგა დიდი პატივით დაკრძალეს პანთეონში. კიდევ გავიდა ხანი. სანდრო პანთეონში გადაასვენეს. დღეს სანდრო ჰყავთ დიდ პატივში, რადგან სანდრო პოეტი და ნონკონფორმისტი იყო.       
                                     
                              ..........           
       
ნონა ძალიან ლამაზი იყო. ნონა პრეტენზიულიც იყო. ყველა მამაკაცს იწუნებდა. ნონა ფიქრობდა, რომ ცხოვრება წინ ჰქონდა. როდესაც ნონას მოეწონა, თითონ დაიწუნეს. ნონას რომ ეგონა ცხოვრება წინ ჰქონდა, ახლა უკან დარჩა. ნონა ნანობს. ნონა მარტოა და მოხუცია.   
                         
                              ..............           
         
დავითმა კარგად იცოდა ვისთვის რა და როდის ეთქვა. უამრავი ადამიანი დაიოდა დავითთან. იგი მათ ორ კატეგორიად ჰყოფდა - ვისაც აქვს და ვისაც არაფერი გააჩნია. პირველთან დავითი თავაზიანი, ლმობიერი და მიმტევებელი იყო. მეორესთან მკაცრი, მომთხოვნი და შეუვალი. დავითმა კარგი ბინები შეიძინა. მანქანებიც. სწრაფად ადიოდა იერარქიულ კიბეზე. სვხათა შორის არც ერთი საფეხური არ ჩასტეხია. დავითი მამაო იყო. მერე , დავითი, იქით, ზევით მიიწევდა, ღმერთისკენ.  (ცაწკალი)         
                     
                                ...................             
           
  ცაცა საყვარელი მამაკაცისგან დაორსულდა. ამის შემდეგ ის  მამაკაცი ცამ ჩაყლაპა. ცაცა ნათესაობამ გაკიცხა და განაჩენიც გამოუტანა აბორტის სახით. ცაცა პროვინციიდან დიდ ქალაქში გაიქცა და შვილი გააჩინა. ბედნიერი ცაცა შვილს ზრდიდა. გაიზარდა ცაცას შვილი, დაოჯახდა და ტყუბებიც შეეძინა. ახლა ცაცა უფრო ბედნიერი იყო. მერე ცაცა გარდაივალა. დღეს ცაცას შვილიშვილებსაც ჰყავთ შვილები. მრავლდება და იზრდება ცაცას შთამომავალი, უკანონო შვილი რომ გააჩინა და პროვინციდან დიდ ქალაქში განაჩენს რომ გაექცა. მამაკაცი, ცამ რომ ჩაყლაპა, მიწას მიუბარებიათ.     
     
                                      ................                 
               
    ზურას ,,წამალი,, უყვარდა, მაგრამ იშვიათად იკეთებდა. გოგი ნარკომანი იყო. ზურა ორჯერ გააფრთხილეს და მერე ციხეში მოხვდა. გოგი არასოდეს გაუფრთხილებიათ და არც დაუჭერიათ. გოგის პატრონობდნენ და ამიტომ სულ კაიფში იყო. ზურა ციხიდან გამოვიდა და აღარ კაიფობს. გოგი ვეღარ კაიფობს. გოგი, რომელსაც პატრონობდნენ, აღარ არის...                 
                               
                                        ..................               
                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები