ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2008


რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?

        _ შე ახტაჯანა, შენა! _ მეტყოდა ბებიაჩემი, _ ხომ ხედავ, თითქმის არაფერი დამრჩა შენთვის მოსაყოლი. დამიტოვე, გოგო რაღაც საიდუმლო, იქ, გაღმა სოფელში წასაღები.
      _ შენც რა ქადაგად დაუდგები ხოლმე. ამ გამწლიკულმა გოგომ როგორ უნდა გაგასულელოს?! _ სიცილით მიუბრუნდებოდა მამიდაჩემი.
        მე, რაც ბებიაზე გამეგონა ან იმ დროის გაზეთებში ამომეკითხა, ოდნავადაც კი ვერ მიკლავდა ცნობისმოყვარეობის ჟინს. ბებია ჩემი იდეალი იყო. ლამის სიგიჟემდე ვეთაყვანებოდი და, აბა, რაღა გასაკვირი იყო, რომ მის შესახებ ყველაფრის ცოდნის წადილი მკლავდა. ბებიას სილამაზე  დროს ხანდაზმულობის ასაკშიც ვერ გაეფერმკრთალებინა.
        _ ეჰ, ეგ რო ჩაივლიდა და გაანათებდა! მაგას რომ პალკოვნიკები ჰყავდა, იმდენი, მგონი, თმის რერიც არ მქონდეს თავზე.
        _ პალკოვნიკები კი არა, “პაკლონიკები”, _ შეუსწორებდა მამიდაჩემი მეზობლის ქალს, რომელსაც, სკლეროზის გამო, შვილები მარტოს ქუჩაში გასვლას უკრძალავდნენ, თუმცა ბებიაჩემის სილამაზე  დღემდე ახსოვდა.
            იმასაც ჰყვებოდნენ, როცა ბებია ოცდაათს გადაცილებული იყო, თექვსმეტი წლის ბიჭს შეჰყვარებია. სადარბაზოს წინ თურმე საათობით იდგა ატუზული, რომ თვალი შეევლო. რამდენჯერ ბინის სახელურში ყვავილებთან ერთად გაჩრილი პატარა ბარათიც უნახავთ წარწერით:
          _ "მიყვარხარ, ელისაბედ"!
        ბებიას ალბომში თავს რომ ჩავჩრიდი,  გარესამყაროსთან კავშირს  ვკარგავდი და იმდროინდელ თბილისში ვსახლდებოდი. რამდენ ცნობილ და დღეს  ლეგენდადქცეულ პიროვნებას არ ნახავდით ამ ალბომში, მაგრამ ერთადერთი, ვის შესახებაც ბებიას დაუზარებლად შეეძლო საუბარი, ბაბუა იყო. მათ სიყვარულზე სხვებისაგანაც ბევრი მსმენია, მაგრამ, რატომღაც სულ მეჩვენებოდა, რომ ის რაღაცას მალავდა.
      რამდენჯერ გამიგონია – ამ სილამაზის ქალს, ბატონო, ვინ დააყენებდა? ხომ იცი, კაცი რა ოხერია, _ მარტო მანუჩარზე ხომ არ დადგებოდაო... ბებიამდე ეს ხმები არ აღწევდა, თუ იცოდა და ყურადღებას არ აქცევდა, ვერ გეტყვით.
      მგონი უსაზღვრო სიახლოვემ თუ ზედმეტმა სითამამემ მძლია.  ერთ დღეს ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვკითხე:
        _ ძალიან გთხოვ, გულწრფელად მითხარი  ბაბუასთვის თუ გიღალატია?
        ჯერ უხერხულად შეიშმუშნა,  რაღაცნაირად ჩაიცინა, დილიდან კარგ გუნებაზე  იყო,  ალბათ, იმიტომ. მერე კარგა ხანს გარინდდა, სახე ცოტათი მოუნაღვლიანდა.
        _ გეტყვი, შე ეშმაკის ფეხო, გეტყვი. შენ თუ ადამიანს შეუჩნდი, სულ ერთია, მაინც არ მოასვენებ. პირველი იქნები, ვისაც ამ საიდუმლოს ვანდობ. და ხმადაბლა აღსარებასავით დაიწყო:
          ერთ საღამოს ჩემი მეგობარი თინიკო სანაძე მირეკავს და მეუბნება: ბარისახოში მივდივართ ორი დღით, ზაურიც მოდისო. ეგ ზაური  ერთი  მუდო ვინმე  იყო, გოგონებს მაინდამაინც  არ გვეხატებოდა გულზე და კარგადაც ვერ გავრკვეულიყავით, მართლა სერიოზულად ფიქრობდა თინიკო მასზე თუ არა. ჰოდა, იმას ვამბობდი, მირეკავს თინიკო და თან ამატებს: თბილად ჩაიცვი, გოგო, იქ ისეთი ყინვები იცის, ვერ გაუძლებ. მანუჩარიც წამოიყვანე! _  გამიხარდა. ქალაქის ერთფეროვნებიდან თავის დაღწევა ოცნებად მქონდა გადაქცეული. რომც არ ეთქვა, მანუჩარი წამოიყვანეო, მაინც უნდა წამეყვანა. გათხოვილ ქალს კი არა, გათხოვებამდეც, როცა ერთმანეთი გვიყვარდა მაშინ არ მღირსებია თავისუფლება.  დღითიდღე მე და მანუჩარს სიყვარულის თითო ნაპერწკალი გვემატებოდა და ამდენად მარტოს გული მაინც არ გამიწევდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე დღეს, დილის თერთმეტი საათია და უკვე გზაში ვართ. ავტობუსში შევიტყვეთ, ერთი ნაცნობი ხევსურის დაბადების დღეზე მივდიოდით თურმე. მთავარი კი მაინც მთა იყო და _ სურვილი,  უსახური, ქალაქური ყოფისთვის როგორმე თავი დაგვეღწია. ამინდი გვწყალობდა. შორს, მანდილივით ნისლებდახურული მთები მოჩანდა. მღელვარე არაგვი და მის ირგვლივ პირველყოფილი სიწმინდე  განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებდა. აგერ მესამე წელი სრულდებოდა, რაც მე და მანუჩარი ერთ სარეცელს ვიყოფდით, თაფლობისთვის თავდავიწყება განელებული უნდა გვქონოდა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ ითქმოდა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, მით უფრო გვემატებოდა ერთმანეთისადმი ლტოლვა და სიყვარული. მაგრამ გამოგიტყდები, იმ დღეს რაღაც განსაკუთრებული, თავბრუდამხვევი გრძნობით ვიყავით ატანილი ორივენი. მოკრიალებულ ცას, მინდვრის ყვავილების სინაზესა და ვეება მთების სიზვიადეს ჩვენში  ახალი სუნთქვა და მჩქეფარე სისხლი შემოეშვა.
        ავედით, სიხარულით დაგვხვდნენ ხევსურები, ჩვენც საკმაოდ გვახლდნენ იმ მხარის მკვიდრნი. სანამ ავიდოდით, ავტობუსში გზადაგზა ვსვამდით. ზოგნი შეთვრნენ კიდეც და ახლა ხეტიალის, სიმღერისა და ლექსის თქმის სარერრელი აშლოდათ. მანუჩარი და მე სიამის ტყუპებივით, სულ ერთად ხომ არ ვივლიდით? წამით თუ მარტო დავრჩებოდი უმალ ერთი ხანჯალასხმული ხევსური გვერდით ამომიდგებოდა, გაცნობას მთავაზობდა და თან თვალებით შიგ უბეში მიძვრებოდა. ხევსური ქალების ფონზე ჩემი ჩაცმულობა, არ დავმალავ  გამომწვევად გამოიყურებოდა.
        ერთხელაც  მანუჩარმა თვალი შეგვავლო და ხევსურს უმალ გამოვეცალე.  ეგ იყო და ეგ, საღამომდე რაიმე დასამახსოვრებელი არ მომხდარა. დაკლეს ცხვარი, დააცხვეს ხაბიზგინები, ჩაყარეს ხინკლები, ჩამოდგეს ყელმწარე ჟიპიტაური და დიდი პურობაც გაიმართა. არ უყვარდა მანუჩარს ამნაირი ქეიფი. არც მღეროდნენ, შიგადაშიგ თუ დაიწყებდა ვინმე გაუბედავად ხრინწიან ხმაზე და მერე ისიც დადუმდებოდა. სულ მთისა და სტიქიის ამბებს ჰყვებოდნენ. მეც ინტერესის გარეშე ვუსმენდი. მთელი დღის დაღლილი სასიამოვნოდ მოვითენთე და ძილი მომერია. ოჯახის დიასახლისმა იქვე დერეფნის ბოლოში  საწოლ ოთახზე მიმითითა. დავწექი. ძილმა უმალ წამართვა თავი. ფეხის ხმამ გამომაღვიძა. ჩემკენ ლანდი მოიწევდა. მამაკაცია!... მთელ სხეულში ცივმა, მედუზას სხეულივით მზარავმა შიშმა დამიარა. მინდოდა მეკივლა, მაგრამ პირზე ხელი ავიფარე. რაღაც უხილავმა  ძალამ შემაჩერა. რამდენიმე წამში საწოლში შემოძვრა. მე, დამფრთხალ ბეღურასავით შეშინებული  საწოლის კიდესთან მივიყუჟე.  დამეუფლა... ისეთი მყრალი გრძნობა მქონდა, თითქოს დილეგში ჩამაგდეს და უხეში ჩექმებით მალაჯებდნენ გულზე. მოულოდნელად  ფანჯარას მთვარის მოციაგე, თეთრი შუქი მოადგა და უმალ მივხვდი სასტიკად რომ შევმცდარიყავი. უცხო კი არა, მანუჩარი იყო. მყის თითქოს სველი, ნესტიანი გვირაბი განათდა, მაღლა თეთრ ფარფატა ღრუბელზე დამსვეს და ამავე ფერის რაშით მიმაქროლებდნენ სადღაც შორს, უსასრულობაში... ქალურმა ვნებამ მტელი ძალით იფეთქა და არაამქვეყნიურ თავდავიწყებაში გადავეშვი...
      იმ ღამის განცდა ისე ჩამჭედოდა გონებაში, რომ არა და არ მტოვებდა, მაგრამ ვერავის ვუმხელდი. ფილარმონიაში მშვენიერ კონცერტს ვესწრებოდით. მანუჩარიც კარგ განწყობაზე იყო. უცბად მომიბრუნდა და ჩურჩულით მითხრა – ბარისახოს ღამე დღემდე ულამაზეს მოგონებად მახსოვს, ელისაბედ. მე  მყისვე მივუგე – რაც იმ ღამეს შიში და ბრძოლა გადავიტანე რომ იცოდე, არ იტყოდი ამას.
      _ რაა?! – გაკვირვებული ხმით მკითხა.
        მივხვდი, არ უნდა მეთქვა. მაგრამ ჩემს სიტყვებს უკან ვეღარ დავიბრუნებდი და ისევ სიმართლის თქმა ვამჯობინე. რა და... იმ ღამეს, შენ რომ ოთახში შემოხვედი, უცხო კაცი მეგონე. სულ ბოლო წამში, მთვარემ რომ დაგვანათა, მაშინ მივხვდი, შენ რომ იყავი.
      წამის უსწრაფესად ფერი ეცვალა.
      – ეგ ხომ ღალატია!! აქამდე რატომ მიმალავდი?
      _ ვერ გაგიბედე, მანუჩარ, შენს გულისტკენას მოვერიდე.
      _ ესე იგი სხვას ნებდებოდი. უნდა გეკივლა!
        _ გაგიჟდი? შემეშინდა. რომ მოეკალი?! შენ ხომ უიარაღო იყავი.
        _ ერთ დღეს ხომ ისედაც ყველანი იმ სამყაროში წავალთ, ელისაბედ! რქებდადგმულ ქმარს რომ მკვდარი სჯობია, არ იცოდი?!
        ირგვლივ მსხდომებმა ყურადღება მოგვაქციეს.
        _ ოჯახური საქმეები სახლში გაარჩიეთ, თუ შეიძლება! – შემოგვსისინა ხანდაზმულმა, სათვალიანმა ქალმა უკანა რიგიდან.
          დარბაზი უხმოდ დავტოვეთ. გარეთ გამოვედით. ისეთი საზიზღარი, წიოკა ქარი ქროდა, მე რომ ვერ ვიტან. სახლამდე უხმოდ მივედით. რაღაცნაირი, სახელდაურქმეველი უხერხულობა იდგა ჩვენ შორის.
        იმ ღამეს საწოლ ოთახში არ შემოსულა.
        _ მაპატიე, ელისაბედ, რა ვქნა, თავს ვერაფრით მოვერიეო, _ ისეთი სახით მეუბნებოდა, თითქოს იბოდიშებსო. მეორე ღამითაც არ შემოსულა ჩვენს საწოლ ოთახში და ასე გაგრძელდა ის  გაუსაძლისი ორი კვირა,  მანამ, ვიდრე, შემატყობინებდნენ  ავტოკატასტროფაში მოჰყვაო.
        სულთმობრძავს მივუსწარი.  ჩემს მკლავზე დალია სული. სიკვდილის წინ სიხარულის ცრემლი გადმოუგორდა: ბედნიერი ვარ, უკანასკნელ წამს რომ გხედავო. სიმღერა არ იცოდა საწყალმა, მარა დღე არ გავიდოდა, ერთი ამოჩემებული მელოდია  თავისებურ კილოზე არ ემღერა.
      _ "მიყვარდი და მიყვარხარ, სულ მუდამ მეყვარები, მსურდა შენი ხელებით დამხუჭვოდა თვალები”.
      მაშინ ვერ ვგრძნობდი, მე სულელი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, სულზე მოწოლილ დიდ ტკივილს მიმსუბუქებს იმის გახსენება, რომ ბოლო წუთებში მის გვერდით ვიყავი და ეს ერთი სურვილი მაინც ავუხდინე. ეს არის და ეს, რაც უნდა მეამბნა, _ თქვა ბებიამ და ისე ამოიოხრა, თითქოს გული ამოატანაო.
      _ ძალიან სევდიანი ისტორიაა, _ ამოვთქვი მე. ბებია ტანით ჩემგან მიბრუნდა, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებულ ქალს, იმოდენა სულიერი ენერგია კიდევ შერჩენოდა, რომ ცრემლს სხვას არ დაანახვებდა.
      მეორე დილით რომ გამეღვიძა, ბებია უკვე ფეხზე იყო. გარეთ ისეთი სითეთრე იდგა, ნამძინარევ თვალებს ვერც ვუსწორებდი. ეტყობოდა, ზამთარი წასვლას აღარ აპირებდა. ირგვლივ თოვლის საოცარი, თეთრი მდუმარება სუფევდა – თვალისდამაბრმავებელი სიკაშკაშე,  ყინავდა. ხეებზე და რიკულებზე ყინვის ლოლუები ჩურჩხელებივით ეკიდნენ. სუსხი მწველი იყო, შიგ ძვალსა და რბილში ატანდა.
        ელისაბედი სასაფლაოზე უნდა წასულიყო. ასე იყო ყოველ კვირა დღეს. გამორჩეულ ყვავილებს დებდა საფლავთან და იდგა ასე, ქანდაკებასავით, საათობით გარინდებული. ელისაბედმა ზამთრის თბილი ქურქი მოისხა, ყოველი შემთხვევისათვის ქოლგაც დაიჭირა, რომელსაც ხანდახან დასაყრდნობადაც იყენებდა და  სასაფლაოსაკენ მიმავალ გზას გაუდგა. ხიდს გაღმა, იქ, სადაც შეაღმართება იწყებოდა, ჩიტის გულსაკლავი ხმა შემოესმა. ირგვლივ ცნობისმოყვარედ იყურებოდა. ყინვისაგან გათოშილ ჩიტს,  მეორე გულთეთრა ჩიტი თავზე დასდგომოდა და არ შორდებოდა. ისეთი სიჩუმე იდგა, როგორც ხატებით გაბრწყინებულ უმრევლო საყდარში. ელისაბედს მისი დაფრთხობა არ უნდოდადა წინ ნაბიჯი აღარ წაუდგამს. კარგად დააკვირდა, თუმცა რა დაკვირვება უნდოდა, ისედაც ადვილად ჩანდა – მარტოდ დარჩენილი ჩიტი ტიროდა.
      პატარაობისას, როცა ცივ, სუსხიან ზამთარში მობუზულ ჩიტებს დავლანდავდი, მუდამ ვფიქრობდი, რომ ისინი ტიროდნენ. როცა ამას ვამბობდი, არ მიჯერებდნენ,  ალბათ, გეჩვენებაო_ მეუბნებოდნენ. არადა, დღესაც მიკვირს, რატომ სხვები ვერ ამჩნევენ ამას. ახლა, როცა წამოვიზარდე, სკოლა დავამთავრე და პატარა გოგოც აღარა ვარ, ისევ ისე, უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით მაინტერესებს. საოცარია არა?! მართლაცდა, რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს