ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2008


გულის ჭრილობებით დაინახავ

როდესაც შენი ქორწილია,
როდესაც სახეზე დაგთამაშებს
ღიმილი ნეფისა
და გვერდით გიდგას დედოფალი
მაისის წყალში ამოვლებულ ხელადასავით
ერთიანად გაბრწყინებული,_
თუ გახსოვს იგი,
შენს ქორწილში ვინც არ მოვიდა,
ვინც მარტო დარჩა_
დარჩა შენგან შორს
და ღმერთთან ახლოს,
ცრემლის ალმასებით აგებული
კოშკის სიჩუმეში...

როდესაც შენი ქორწილია
და შენი სადღეგრძელოები
მზეზე ალესილი ხანჯლებივით
ელავენ ჰაერში,_
თუ გახსოვს იგი,
ვინც საკუთარი გულის სიღრმეებში
იკარგებოდა და გალობდა,
გალობდა შენთვის
და სიზმრის მწვანე ჰორიზონტებზე
შენთან ერთად
ყვავილოვან ნაკვალევს ტოვებდა.

როდესაც შენი ქორწილია,
როდესაც ჭაღებსა და სამკაულებს
თითქოს შენი სიხარული
ასხია ნაპერწკლებად
და ცეკვავენ წყვილები
თავდავიწყების ტალღებს მინდობილნი,
თითქოს ზღაპრიდან ზღაპრისაკენ
გასაფრენად ფრთაგაშლილები;
როდესაც გეხვევა დიდი თუ პატარა
და მტერიც გილოცავს დღესასწაულს,_
თუ გახსოვს იგი,
ვისმა სიხარულმაც
სამუდამოდ დაკეცა ფრთები,
ვინც იმ დღიდან,როგორც არასოდეს,
მიენდო ღმერთს_
ასე ენდობა მდინარეს
ტოტი ალუბლისა,
ქარისგან მოტეხილი...

როდესაც შენი ქორწილია,
ბრიალებს ცეცხლი,
ოქრო-ვერცხლის კაფია ბრკიალებს;
როდესაც გიტარა სალამურს ეჯიბრება,
სალამური_ყელს მგალობელისას;
როდესაც უფრო ბედნიერი ხარ,
ვიდრე წინაპარი,
რომელსაც, უფლის ნებით ამაღლებულს,
ემცირა,ლამის ეარაფრა
სასწაული, მანამდე განცდილი_
დედამიწის ქალამნობა
და ცის ქუდობა;
როდესაც შენს ბედნიერებას,
ვით სამყაროს,არ უჩანს ნაპირები,_
თუ გახსოვს იგი,
ვინც შენთვის ლოცულობდა
და ახლაც ლოცულობს;
ვინც შენი გულისათვის
ჟამს განსაცდელისას
იასავით დალევდა სულს.

როდესაც შენი ქორწილია
და კარზე მოგდგომია
თვე თაფლობისა_
ვნებიანი თავდავიწყების
მიხაკებით მოჭიკჭიკებული;
როდესაც წამის უსწრაფესად
მოკლდება ბილიკი_
მიმავალი საქორწინო სარეცლისაკენ,
რომელიც სხვა არაფერია,
თუ არა კუნძული
თეთრი და მაცდური,
სიყვარულის წყაროთა სასაკლაო,_
თუ გახსოვს იგი,
რომელიც სიმარტოვემ
უბეში შეიფარა
ობოლი ქედანივით;
რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოვა_
უფრო სწორედ უფალი გამოიყვანს
ცრემლის ალმასებით აგებული
კოშკის სიჩუმიდან,
რომ ყველაზე მშვენიერ ნეფესთან_
სიკვილთან იქორწინოს
და მის ფერმკრთალ,
ნათელ სახეზე
შენს თვალებს ხედავდეს,
სანამ ბოლო სანთელი ჩაიწვება,
სანამ ბოლო ვარსკვლავი ჩაქრება,
სანამ ბოლო ნაპირი დადუმდება.

წლები ჩაივლიან
და დროის გახუნებულ თაღებქვეშ
შენი ქორწილის ექოც წაიშლება
და მაშინ მიხვდები,
რომ უფლის სამართალი
ულმობელი ყოფილა ძალიან;
რომ წუთისოფლიდან
უცრემლო ფიქრებით არავინ წასულა;
რომ სამზეოზე სიხარულზე ათასჯერ მეტი
ცოდვა და ბრალია.
იმასაც მიხვდები_
გულის ჭრილობებით დაინახავ,
რომ მისი სიყვარულის
ნათება და ჩრდილი მატულობს
და შენი სიყვარული
ნაქარგის მეორე მხარესავით
უგაზაფხულო და მკრთალია.

დროებითია ცაში ფრენა
ბედნიერ ნეფეთა,
დედოფლებიც დროებით ბრწყინავენ
მაისის წყალში ამოვლებულ ხელადასავით.

არც კარი გაიღება,
არს სარკმლები გაიხსნებიან,
თითქოს სინათლეს შემოჰყვება
შენს ჭერქვეშ სიკვდილი.
სიკვდილის ფერმკრთალ
და ნათელ სახეზე
მის თვალებს დაინახავ,
დიდი ხნის წინათ
შენს ქორწილში რომ არ მოვიდა
და დარჩა მარტო
ქვეყნის გამოღმა_
თითქოს რომელიღაც მესამე,
ყველაზე მშვენიერ
და მაღალ ნაპირზე;
დარჩა შენგან შორს
და ღმერთთან ახლოს
და,სანამ ცოცხლობდა,
სიყვარულის სევდიან სიმღერებს
მღეროდა ცრემლის ალმასებით
და ბედნიერების
კრიალა ნამსხვრევებით
აგებული კოშკის სიჩუმეში.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები