ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2015


,,პატარა ამბები 2,,

ლევანი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ლევანს ბევრჯერ სტკენია, მაგრამ ჩვეულებრივ ვერ შეამჩნევდით. იგი ჩვეულებრივად იღიმოდა. იგი ჩვეულებრივი იყო სახლში, სამსახურში, ეზოში და ქუჩაში. რითიც და როგორც შეეძლო ლევანი ჩვეულებრივად ეხმარებოდა ყველას. იგი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ჩვეულებრივად მოხუცდა და ერთ დღეს ჩვეულებრივად გარდაიცვალა. როდესაც ასაფლავებდნენ, თვალებზე ყველას ჩვეულებრივ ცრემლი ჰქონდა, მათ შორის მესაფლავესაც, ჩუმად რომ თქვა - ,,არაჩვეულებრივი კაცი იყო!,, - ო                                                             
                                       
                                                                              ............................................                                   
                                                       
გია ძალიან სწრაფი იყო. გია ჩქარიც იყო. იგი სწრაფად წყვეტდა, რომ უნდა ეჩქარა. გიას ასევე უნდოდა ყველაფერში ყველაზე წინ ყოფილიყო. გია კი არ ჩაგივლიდათ, იგი ჩაგიფრენდათ. რამდენჯერ დაუძახიათ - ,,გია, სად გარბიხარ?,, - ო, მაგრამ ისე სწრაფად გარბოდა სიტყვას ვერ აწევდნენ. ამის გამო მას არავისი არ ესმოდა. გიამ თითქოს ყველას ყველაფერში გაუსწრო. ერთ დღეს, როდესაც როგორც იქნა შეჩერდა და მიიხედ-მოიხედა,  ვერ გაერკვა წინ იყო თუ უკან, რადგან გარშემო არავინ იყო.
                       
                                                                                                        .................................................................       
       
თავაზიანი, თბილი, მხიარაული და გულღია იყო ნიკა. ნიკას არასოდეს არავისთან უთანხმოება არ მოსვლია. ნიკას ბიჭები პატივს სცემდნენ, გოგონებს კი მოწონდათ. ნიკა სკოლაში კარგად სწავლობდა, ამიტომ ინსტიტუტშიაც ჩააბარა. თანაკურსელებმაც შეიყვარეს ნიკა. მერე ის ომი დაიწყო, ნიკა რომ მოხალისედ წავიდა და წელიწადზე მეტი რომ გაგრძელდა. დასრულდა ომი და დაბრუნდა ნიკა. ჯმუხი, ქურფი და სიტყვაძუნწი გახდა ნიკა. მონატსრები მოიარა და ბოლოს მაინც ,,წამალზე,, შეჯდა. ნეტავი რა ნახა ასეთი იქ, იმ  ომში ნიკამ, ასე რომ სული დაუმძიმა? ომის ამბები არასოდეს არავისთვის გაუმხელია. ეს კი იყო:  მამაო აქვითინებული გამოვიდა ერთ დროს გულღია, მხიარული ბიჭისაგან, ახლა რომ საწოლში ჩაკარგულიყო და  ბოლო აღსარება თქვა.                                             
                               
                                                                                        ...................................................................                           
                               
დევი დევივით კაცი იყო და ხმაურიანიც. თინა სიფრიფანა და ჩუმი. თავის დროზე დევიმ რომ თინას ხელი სთხოვა, თინამ თავი დახარა, ხელი გაუწოდა და გულიც მიაყოლა. დევი ოჯახს არჩენდა, თინა ოჯახსაც  უვლიდა და ხმაურიანი დევის სტუმრებს დღეში ორჯერ მაინც სუფრასაც უშლიდა. ხმაურიანი დევი სულ ხმაურობდა, თინას ხმა კი  არავის გაუგია. თინა დევის მთელი ცხოვრება ყველაფერში მიყვებოდა და ერთ დღესაც სულაც გადაყვა. დევიმ თინას რაც საჭირო იყო ყველაფერი გაუკეთა  და როდესაც საფლავიც დაასრულა და სახლში დაბრუნდა გონება დაკარგა. თვალი რომ გაახილა, სიფრიფანა თინა გვერდით ჰყავდა. მას შემდეგ ერთად არიან და  თინას ცივი ნიავიც არ ეკარება, რადგან იქ ნიავი არ არის.                         
                                                     
                                                                                        ........................................................                                       
                                                                           
თედო და კაკო მეზობლები იყვნენ. თედომ დიდი სახლი ააშენა. კაკომ თედოს სახლს გახედა და თედოს სახლზე  დიდი სახლი ააშენა. თედომ სახლი გადახურა და კარგად მოაწყო. კაკომაც გადახურა, მაგრამ კარგად ვერ მოაწყო. გავიდა ხანი. თედო გარდაიცვალა. კაკოც გარდაიცვალა. თედოს შვილმა დიტომ დიდი სახლი გაყიდა და დიდ ქალაქში პატარა ბინა იყიდა. კაკოს შვილმა თომამაც გაყიდა დიტოს სახლზე უფრო დიდი სახლი და დიდ ქალაქში მანაც იყიდა პატარა ბინა.  თედომ რომ სახლი ააშენა და დიტომ გაყიდა როქოსამ იყიდა. კაკომ რომ ააშენა და თომამ გაყიდა, ის სახლი ისმაილმა იყიდა. ახლა დიტოს და თომას მეზობელი ზაური აშენებს დიდ სახლს და ბერდია მალულად აკვირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები