ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2015


რა უნდა გითხრა

რა უნდა გითხრა…
რახანია ლექსებს აღარ ვწერ,
ფა, სო, ლა, სი-მდე ოქტავაში მოკვდა დო, რე, მი.
დაღამებამდე
ნაადრევად რომ არ დაღამდეს,
შენი მაღალი ქუსლის კაკუნს უსმენს ბათუმი.

რა უნდა გითხრა...
ქარიტების გაცვდა გრაცია,
ასე მგონია,შენ თუ მოკლავ სიკვდილს პუანტით.
დრომ სურვილების მოახდინა კონსერვაცია,
ჩამარხა ჩემში
მკვდრადშობილი ნეგოციანტი.

რა უნდა გითხრა...
ახლა წესრიგს ჰქვია ქაოსი,
მე-არქაული, შევეჩვიე ახალ ანტურაჟს.
დავხეტიალობ
ინტერნეტის სასაფლაოზე,
სადაც მარხია ყველა დროის ლიტერატურა
.
რა უნდა გითხრა...
გუგუნია ყალბი ოდების,
თავზე დამყურებს მოთმინება
ჯვარცმის ძელივით.
მიდის პროცესი მეგობართა გამეკობრების,
ამდენი ფარსი ისევ მამხობს კართაგენივით.

რა უნდა გითხრა...
ძველი ჩუსტით ცეკვავს მოდერნი,
სახვალიეთოდ მიღმიეთი ვერ მოვისარკე.
რის მაქნისია
ცალფა გზა ან გზაჯვარედინი,
როცა ყველა გზას აწერია: არყოფნისაკენ!

რა უნდა გითხრა...
ნაყარია გამჩენთან წილი,
ბედმა სასჯელად ეს ცხოვრება მომიჯანდაბა.
ისე, როგორც სხვებს,
მეც ამ ბორკილს ამხსნის სიკვდილი,
რა უნდა გითხრა...
გეტყვი...
თუმცა...
რა გითხრა, აბა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები