ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2015


ზარი

,,და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი:
სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.
გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა”.  - მათეს სახარება

ზღვაში ცურავდა. ძალიან მოშორდა ნაპირს. მერე ქარი ამოვარდა. უზარმაზარმა ტალღებმა ნაფოტივით აათამაშეს. ნაპირი დაეკარგა, ვეღარ ხედავდა უკვე. ცდილობდა მაღლა მოქცეოდა წყალს. თან მიწას ეძებდა. უცებ მთა დალანდა, მთის წვერზე კი ეკლესია იყო თითქოს. სმენას ეკლესიის ზარის ხმა მოსწვდა. ამ ხმას მიჰყვა და...
ტელეფონის  ზარის ხმამ  გააღვიძა. თემო რეკავდა, შენი დახმარება მჭირდება.  დღეს სასწრაფოდ  თბილისში უნდა ჩამოხვიდეო. ფანჯრებს გახედა. ბნელოდა ისევ. ჯერ მამლებსაც კი არ ჰქონდათ ყივილი დაწყებული...
ოცი წლისაა გოგა, არადა სამჯერ ციხეში ჯდომა მოასწრო უკვე.  პირველად თვრამეტი წლის იყო  ბათუმში, კაფეში სამ უცხოელს რომ ეჩხუბა.  ისინი ხინკალს დანა-ჩანგლით ანაკუწებდნენ, თან იცინოდნენ. ასე ეგონა მას დასცინოდნენ, ის ხო  მეგობრებთან ერთად ჩვეულებრივ,  ხელით ჭამდა.  ხარის ჯანი ჰქონდა, სამივეს საკუთარი ხელით აჭამა ხინკალი, თუმცა ამისთვის გარკვეული ძალდატანება დასჭირდა, რადგან ისინი, უკვე ზრდასრული მამაკაცები,  ჯიუტი ბავშვებივით უძალიანდებოდნენ. დაცვამ იფიქრა, რომ ჩავერიოთ, ჩვენც ზედ მიგვაყოლებსო და პატრულის სამი  ეკიპაჟი ერთად გამოიძახა.  თავიდან სამთვიანი წინასწარი მისცეს. მერე, სასამართლოზე, პროკურორი ხულიგნობის მუხლით სამ წელს ითხოვდა, მაგრამ  აშკარად არა უცხოური მენტალიტეტის მოსამართლემ სამ საათიანი ბჭობის შემდეგ, ამ კაცს რაც იჯდა ის ვაკმაროთო და გამოუშვეს.
ორი თვეც არ იყო გასული, ოზურგეთიდან თბილისში ორადგილიანი კუპით მოუწია მგზავრობა. არ მოეწონა იქ მინაზებული ხმის კაცი რომ დახვდა, თან ბლანჟით. ზედა საწოლზე აძვრა. ფიქრებში გაერთო,  ხვალ  ნინოს ნახავს. ასე ჰგონია, ყოველთვის უყვარდა ნინო, მაშინაც კი საერთოდ რომ არ იცნობდა. ნინო მეოთხე კლასში გადმოიყვანეს სოფელში სასწავლებლად. გოგამ  დაინახა თუ არა,  მეხის დაცემა რომ გაანათებს ბნელ ცას, ისე განათდა მასში უცებ ყველაფერი. პირველივე კვირაში Gგოგამ სამჯერ ცხვირის გატეხვა და ოთხჯერ ტალახში ამოგანგვლა  გმირულად გადაიტანა, სამაგიეროდ დაასკვნა, რა იყო სამოთხეში ყოფნა – ნინოს გვერდით მერხთან ჯდომა.
ბურანში იყო. მატარებლის ბორბლები  მწყობრად იძახოდნენ: „ნი-ნო, ნი-ნო...” უცებ მინაზებულხმიანმა კაცმა, „არ გინდა გასიამოვნოო” და უხერხულ ადგილას დაადვა ხელი. ამანაც, ძლივს გონს მოსულმა,  არ გინდა ჯერ მე გასიამოვნოო, და როგორც მერე სასამართლოზე ყვებოდა,  ,,ზედ ბლანჟეზე გლიჯა ტყუპი წიხლი”.  ხმაურზე მატარებლის გამყოლმა პოლიციელებმა შემოიხედეს, ოზურგეთიდან გამოსული,  ლანჩხუთში ჩამოსვეს და ახლა უკვე ოთხ თვეს მოუწია ყურყუტი ოთხ  კედელს შუა.
ყოველ გამოსვლის ჟამს თვალცრემლიანი ხვდებოდა ნინო.  თავიდან ხმას არ ცემდა, თუ ელაპარაკდებოდა, საყვედურებით ავსებდა, ყველგან შარს და ხიფათს შენ რატომ უნდა გადაეყაროო. ამას კი ნინოს საყვედურიც უყვარდა, ჩხუბიც უყვარდა,  ბრაზიანი თვალებიც უყვარდა,  იმიტომ, იმიტომ,  იმიტომ, რომ თუმცა ვერ ამხელდა იმას,  ის რაც ცამ და ქვეყანამ იცოდა -  უყვარდა. …
ნინო მეორე კურსზე იყო,  გოგა რომ მესამედ დააპატიმრეს. იმ დღეს უნივერსიტეტთან შეხვდნენ ერთმანეთს. ნინოს  ჯგუფელი გოგოები ახლდა.  გოგას ერჩივნა მარტო ეხეტიალა ნინოსთან ერთად ქუჩა-ქუჩა. ჯგუფელებმა კი ,,მაკდონალდში ჩიზბურგერებია, იმენნა შოკიო”. ხათრი ვეღარ გაუტეხეს და ცოტა ხანში მაკდონალდში იდგნენ უკვე რიგში. იქ ერთი ბიჭი, ყველა მეორე სიტყვაზე, ჩემი დედა, ჩემი დედაო, იძახდა... გოგამ, ძამა,  გოგონები დგას აქ და ნუ იგინებიო... იმან, ჩემი დედა, ბიჭო, ვის უბედავო, ვისაც მინდა იმას შევაგინებო და თუ გინდა მე შენი -  ,,დ...” ასოს თქმა მოასწრო მხოლოდ  და სამი ვიტრინა ერთად გაიტანა თავით. მისი ტვინის შერყევა გოგას იმად დაუჯდა, რომ ახლა უკვე ერთი წელი მოუწია ვირის აბანოს ხეხვა.  ეს დედის მაგინებელი ბიჭი ვიღაც პარლამენტარის შვილი აღმოჩნდა.
მესამე ჯდომისას გაიცნო თემო, ჩეფირს სვამდნენ ერთად და ასაკითაც თითქმის ტოლები იყვნენ. თემო თაღლითობაზე იხდიდა სასჯელს. დეზერტირების ბაზარში ინდაურის თავებს ყიდულობდა, სამგორის ბაზარში ნაყიდ ინკუბატორის დიდბარკლებიან ქათმებს აკერებდა და საახალწლოდ  გლდანის ბაზარში  ცეცხლის  (ანუ ინდაურის) ფასად ყიდდა. თითქმის ორივე ერთდროულად გამოუშვეს.
არ ესიამოვნა ეს დილაუთენი ზარი. არ უნდოდა ახლა თბილისში წასვლა. წინა საღამოს სოფელში ადილობრივი თვითმოქმედების  ანსამბლ „პარაშუტის” კონცერტი ტარდებოდა. მშვენიერ სიმღერებს ისმენდა, ნინოს გვერდით იჯდა  და კვლავ სამოთხეში გრძნობდა თავს.  უცებ გადაწყვიტა, კი არ ვიმსახურებ, მაგრამ  რა კარგი იქნება ამ სამოთხეში ყოველთვის თუ ვიქნებიო და კონცერტის მერე ცოლად ხო წამოყვებიო, ნინოს არც თუ ხმადაბლა უჩურჩულა. იმან არა ნორმალური ხარო. გოგამ, არა, ეს კი ვიცი, მაგრამ ხო იცი რომ არა ნორმალურად მიყვარხარო. ნინომ, არ ვიცოდიო. მთელმა სოფელმა იცის და შენ რატო არ იცოდიო, - გოგამ. ,,ვიცით, ვიცითო...” – გაისმა უცებ დარბაზში. „ჩვენც ვიცითო” - აჰყვნენ სცენიდან მომღერლები.  მერეღა შეამჩნიეს,  რომ დარბაზში სიჩუმე გამეფებულიყო,  გუნდიც აღარ მღეროდა და ყველანი ამათ უსმენდნენ. ნინოს, თუმცა დარბაზში ნახევრად  ბნელოდა, ღაწვები მაინც შეეფაკლა, ადგა და ასე ღაწვებშეფაკლული წავიდა გასასვლელისკენ. გოგამ იფიქრა ძალიან ვაწყენინეო და წელი ვერ აითრია, გაქვავდა თითქოს, ან  სკამს მიელურსმნა. ამ დროს ანსამბლმა ,,ადე ბიჭო გიორგუნა, არ გოუშვა ეს ბოშუნაო…” – სიმღერა დაიწყო. ამან თითქოს ძალა შემატა და გასასვლელშივე დაეწია ნინოს. მერე მიდიოდნენ, სიტყვას არ ამბობდნენ,  მაგრამ ასე ეგონათ ორთავეს,  სიჩუმითაც ამბობდნენ ყველაფერს. მიდიოდნენ და ვერ ხვდებოდნენ,  ღამე იყო თუ დღე,  დედამიწაზე იყვნენ თუ მეცხრე ცაზე და ნინოს ეზოს ჭიშკარს რომ მიადგნენ, ორივეს დასწყდა გული...
დღეს პირველი რასაც გავაკეთებ, ნინოს ვნახავო, ფიქრობდა და გუშინ რაც სიჩუმით ვუთხარი იმას ხმამაღლაც ვეტყვიო. ახლა კი ეს ზარი.
პირველ მიკროავტობუსს გაყვა. ორ საათზე უკვე თბილისში იყო. თემო დიდუბეში დახვდა ძველი საბჭოთა „მოსკვიჩით”. მერე ბინაში მივიდნენ, რომელიც სანახევროდ მიწაში იყო და სიძველისა და ნესტის სუნით ყარდა. ახლა დავისვენოთ, შენი ჯანის იმედად ვარ, ღამე მაგარი მუშაობა გვიწევს, ძმაკაცი ოპერაციას იკეთებსო (თვალს არ ახამხამებდა თემო ისე ტყუოდა, თავანის ჩასაბარებელი ფული ჰქონდა საშოვნი),  საშიშია არაფერია. ასჯერ გაზომილი საქმეა. არც სიგნალიზაცია, არც კამერები. მხოლოდ ათი პაკრიშკა გვინდა დისკებიანად. მაყუთს მოვღუნავთ, ნახევარი შენიაო.
თავიდან კი თქვა ეს ხო ქურდობააო, იქნება სხვა გზა გვეპოვნა ფულის შოვნისო.  გამორიცხულია, თემომ, ყველა გზა ვცადეო.  უარს ვერ ამბობს გოგა გაჭირვებულის დახმარებაზე. არ მინდა ის ნახევარი.  ისიც ავადმყოფს მოახმარე თუ ასეა საქმეო. ასე სად არის, ნახევარი შენიაო, თემო ეუბნება,  მაგრამ გოგას არ ესმის ეს ხმა, ნინოზე ფიქრობს, ნეტა ახლა რას აკეთებს,  ისიც ჩემზე თუ ფიქრობსო.
ღამის პირველი იქნებოდა ბინიდან რომ გავიდნენ. თემოს მიერ წინასწარ მონიშნულ ადგილებზე მიდიოდნენ. გოგა მანქანის ცალ მხარეს აწევდა, თემო ამასობაში ბორბალს ხსნიდა. ერთ საათში  უკვე სავსე იყო „მოსკვიჩი”. მანქანა ბინასთან მიიყვანეს და სწრაფად დაცალეს.
- მაგარი ჯიგარი ხარ, ძმა, - უთხრა თემომ ცოტა რომ დაისვენეს, - მოშიებული ხო ხარ, თეკოს, ჩემი შეყვარებულის დაბადების დღეა. მაგარი  თოხლი და  გოგოები გელის!
არ ეხალისებოდა ახლა დაბადების დღეზე წასვლა, შიმშილით  კი ძალიან  შიოდა. ბინიდან ამოსულებს  მანქანა არ დახვდათ. თემო აცქმუტდა, ეს არის, რომ ამბობენ, ქურდობა აღარ არის, რას უყურებს პატრულიო. გოგა იმას ფიქრობდა ეს დანჯღრეული მანქანა ვის რად უნდოდაო, რომ დაჯახების ხმაც გაიგეს. მოშორებით ბოძს დაჯახებული „მოსკვიჩი” დაინახეს, - მისით დაგორებულიყო.  სირბილით მივიდნენ. მანქანას დიდად არც არაფერი დატყობია, ცხვირი  ჰქონდა ოდნავ შეჭეჭყილი ბოქსიორის ჯიშის ძაღლსავით. 
ცოტა ხანში უკვე თბილისის გარეუბანში იყვნენ სამსართულიანი კერძო სახლთან, რომელსაც საკმაოდ დიდი ეზო და უზარმაზარი ჭიშკარი ჰქონდა.  შიშკარი ღია იყო. პირველ სართულზე თეკოს აკადემიკოსი ბაბუა დახვდათ.
–  რა დრო მოვიდა, ხალხი ისე გაეშმაკდა, ეშმაკი გასაქცევს ეძებს! – გამარჯობა არ უთქვამს, საყვედურები დაიწყო ბაბუამ, – ჩემი შვილიშვილი და  მისი დაქალები რომ ჭიპმოშიშვლებულნი დადიან, მათ უნდა გადაარჩინონ საქართველო?
საქართველოს გადარჩენის რეცეპტი არც გოგას, მით უმეტეს არც თემოს არ ჰქონდა და ვერაფერი თქვეს.
- ან თქვენ რომ მოდიხართ, სტუმრად მოსვლის დრო არ უნდა იცოდეთ? - გააგრძელა აკადემიკოსმა საყვედურების კოიანტელი.
- ბაბუ, მეგობრობა „კრუგლასუტოჩნია”! – თეკოც გამოჩნდა ამ დროს. მართლა მოუჩანდა ჭიპი. „მაღლა ავიდეთო”, - ბიჭებს უთხრა. სახლის შიდა ლიფტით ავიდნენ მესამე სართულზე დიდ, სურათებითა სარკეებით მორთულ მისაღებ ოთახში, რომელსაც ელექტრობუხარი ამშვენებდა, დინამიკებიდან კი თუფაქის რეპი იღვრებოდა.  ბუხართან ორი, ლამის შიშველი  გოგო ცეკვავდა. გოგამ რომ დაინახეს ერთმა, ,,რა კაცი, დავეციო” -  კლაკვნა-გრეხვით წავიდა მისკენ. ახლოს რომ მივიდა, კისერზე შემოხვია ხელი, ტუჩები ყურთან  მიუტანა და „რა კუნთები გაქვს, მხეცოო” - მიბნედილი ხმით წასჩურჩულა. მეორემ ,,ეს კაცი მე მეკუთვნისო”, - უკნიდან აეტმასნა და ძუ მგელივით  დაყნოსა. გოგამ ორივე, თავისდა გასაკვირადაც კი, თავაზიანად მოიცილა და თეკოსთან მოცეკვავე თემოს უთხრა, გავიდეთ საქმე მაქვსო. 
ლიფტით პირველ სართულზე ჩავიდნენ. იქ ბაბუა-აკადემიკოსი ხვრინავდა სავარძელში. ეზოში გავიდნენ. სოფელში მივდივარო, - გოგამ.
- გიჟი ხომ არა ხარ, ამ შუაღამით სად უნდა წახვიდე, თან ხვალ ფულიც ხო უნდა მოგცე, საქმე გაკეთდა, ნახევარი მაყუთი შენია! 
- ტრასაზე გავალ, რამეს გავყვები, ის ფულიც შენი იყოს, ან იმ ავადმყოფ კაცს მოახმარე და აწი აღარ დამირეკო! – თქვა გოგამ და პასუხს არც დალოდებია, ისე გავიდა ეზოდან.
... სოფელში რომ  დაბრუნდა, თენდებოდა. ეკლესიის ზარის ხმა გაისმა: „ნაუ”, „ნაუ”... ახლად აღდგენილ ეკლესიაში წირვა იწყებოდა. გაუხარდა, ნინო აქ იქნება და ვნახავო. გუშინდელი ქურდობა და საერთოდ მთელი გუშინდელი დღე ლოდივით აწვა გულზე. „ღმერთო, მაპატიეო!” - აღმოხდა და თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა. უცებ ნინო დაინახა, ეკლესიის ეზოში შემავალი.  ზარი ისევ რეკდა, ოღონდ ხმა შეეცვალა თითქოს:
- „ნი-ნოუ, ნი-ნოუ...”

ხარაგაული.  ოდეონი 10, 29-30 სექტემბერი,  2015 წელი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები