ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2015


როდესაც ქარი ამთავრებს სოლოს

როდესაც ქარი ამთავრებს სოლოს,
წყდება ყვავილთა კვნესის არია,
მე მოგიკვდები ზამთარში ბოლოს
და მიწის ნაცვლად თოვლს მომაყრიან.
მექნება მკვდართა სასახლე ბროლის,
ალაყაფზე კი ეპიტაფიათ,
მომკვეთეთ დადეთ ცოცხალი გული,
რომ იქნებ იგრძნონ ეიფორია,
ყველაფერ იმის რასაც განვიცდი,
გულს ვერ ხედავენ და არ იციან.
არ მინდა არა გლოვა და ფიცი,
არც შაოსანთა მთელი ფრაქცია.
მე მოგიკვდები ზამთარში ვიცი,
როცა სულ ყველას თეთრი აცვია.
როდესაც მთები ნარბენ ბედაურს,
ჰგვანან და ტანზე ორთქლად ასდიან,
თეთრი ნისლები ზურგების ბოლოს,
ყელზე ნამქერის ფაფარს გაშლიან.
როდესაც ქარი ამთავრებს სოლოს,
წყდება ყვავილთა კვნესის არია,
როცა ზამთარი თეთრებში გლობობს,
რომ ყვავილები აღარ არიან.
მე მოგიკვდები ზამთარში მხოლოდ
და მიწის ნაცვლად, თოვლს მომაყრიან.
***********************
ნეტავ ჩიტები,
გადამფრენი ჩიტები ზღვაზე,
რას განიცდიან,
როცა ერთ-ერთი
მოწყდება და
ფსკერისკენ წავა.
იქნებ ჩვენც ასე,
მოვწყდით ერთმანეთს
და იმ ფსკერიდან,
ამოვედი ადამიანად.
ახლა რომ მკითხო,
შენი ხსოვნის,
რა შევინახე,
მე თავ ჩახრილი გიპასუხებ:
ადამიანებს,
ადამიანებს სულ არ ახსოვთ,
წინა ცხოვრება.
მხოლოდ თვალები,
უფრო სწორად,
მესამე თვალი,
ინახავს რაღაც,
წარსულსა და სხვა ილუზიას,
რომ სადღაც დამრჩი,
რომ ჩემიდან ვიღაც წავიდა
და როცა თავში,
საკუთარში ვეღარ ვეტევი,
მე მაშინ ვხვდები,
რომ გაქცევა,
ხეებსა და ადამიანებს,
აქ ერთნაირად, არ შეუძლიათ.
აქ მოწყვეტილი ვარსკვლავები,
გარბიან მხოლოდ
და შემომასწრეს,
მაგ თვალებში,
დღესაც შემოსვლა.
არ შეიძლება,
ყვავილები ქოთანში იდგეს,
არ შეიძლება ყვავილს მიწა,
ჩიტს ცა წაართვა.
ჩემი ფანჯრები,
მხოლოდ ზეცის,
მხარეს იღება
და გაღებისას,
ჰაერივით შემოდის
ღმერთი.
მე ყოველ დილით,
მტრედებს ვატან,
ცაში ბარათებს,
სადაც სისხლისფრად აწერია,
გაცრეცილ ფონზე:-
ჩვენ დავემგვანეთ ციცინათელებს
და სამუდამოდ წაგვართვეს ღამე,
ერთმანეთი რომ ვერასოდეს აღმოგვეჩინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები