ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია როსტიაშვილი
ჟანრი: პროზა
24 სექტემბერი, 2015


ამალიას ზარი

                                                        შიშის ზარი
ამალია თქვენ ისეთი ქალი კი არ გეგონოთ, ზაფხულობით, მამიდაჩემივით, ღოღნაშოს მურაბას ხარშავდეს, ზამთრობით  - იმ წარუმატებლად მოხუფულ ქილებში ჩაშაქრულ მურაბას გულდაწყვეტილი წამოადუღებდეს და წელიწადის ოთხივე დროს, რეცხვისგან ქანცგაწყვეტილ ხელებს, წინსაფრის ბოლოთი, დიდი მონდომებით იმშრალებდეს.
არაა... სულ სხვანაირი ქალია ამალია. სულ სხვანაირი ხელები აქვს.
მამიდაჩემ ტასოს მეგობარი ამალია სიგარეტს ძვირადღირებული მუნდშტუკით ეწევა და საუბრისას, წვრილ, გრძელ თითებს მარაოსავით შლის და კეცავს. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ თითო ხელზე მინიმუმ შვიდი-რვა თითი მაინც ექნებოდა. აბა, უფრო ნაკლებით, ხელებს ასე ლამაზად და თეატრალურად როგორ გადაშლიდა?...
_ მკლავს, ტასენკა, მკლავს, მაგრამ ვეღარ ვეშვები. ჯანდაბა... ეს ისეთი საძაგელი ვინმეა, შენ კიდე არ იცი! - კაცებზე ხშირად, მუნდშტუკის მისამართით იტყოდა ხოლმე. - აი, პირდაპირ, მეძახის, რომ ავიღო და პირში გავირჭო. საზიზღარი.
თავის საამაყო, ძვირფას-ლამაზი (როგორც გვითხრა: ოქრო-ძვალი-ტიხრული მინანქარი) მუნდშტუკის „ვითომ-ვითომ“ გაჭორვა ხიბლავდა ამალიას. მე კიდევ - ამალია რომ მუნდშტუკს ვითომ-ვითომ ჭორავდა - ეგ.
_ კლიანუს! აი იმ ჩემი ექსტრასენსულ-ჯადოქრული ზარივით რეკავს ეს ჩემის შმუნშტუკიც, თან პირდაპირ ტვინში: წკრნ-წკრნ... ამალი-ა!... ერთი ღერი გამირჭე და გააბოლე!.. ზრრრ! წკრრრ! ბრახ-ბრუხ! კაკ-კუკ! მო-ოდი ამალი-ა!..
იცინის ამალია, ლამაზ კბილებს ამზეურებს. ამალიას გემრიელი სიცილი, მამიდაჩემის ნელ-თბილი ღიმილი და ჩემი მშიერი თვალები რაღაცნაირ, მხოლოდ ჩვენი სამქალიანი ოჯახისთვის დამახასიათებელ სიმყუდროვეს ქმნის...
ამალია ისეთია, გინდა სულ უყურო და თვალები დაიძღო, მაგრამ დასანაყრებლად არასდროს გყოფნის. მაქსიმუმ „წაიხემსო“ და ეგრევე სადღაც გარბის.
- მძულს. აი, მძულს-მძულს. მძუ-უ-ულს! - ერთხელაც, ჩვეულებისამებრ, მუნდშტუკის ლანძღვას მოჰყვა, - იცი, ტასიკ, ეს არის ჩემი გარანტია სამუდამო ჯოჯოხეთზე. მეკუთვნის, კი... გაგეცინება და ღამ-ღამობით სულ „შიშის ზარს მცემს“ იმის გააზრება, რომ ღმერთების ატრიბუტი ზარი, ამ ეშმაკის სადილ (თუ როგორც ამბობენ), სიგარეტის ჯანდაბაზე გადავცვალე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დამპალი კაცის ტკბილ ტუჩებში იყო ხოლმე გამოჩრილი...
უცებ მუნდშტუკი პირისკენ გაიქანა და ისე გემრიელად გამოქაჩა, ნერწყვი მომადგა.

                                                      ლითონის ზარი
ერთხელ, კარზე ზარი დარეკეს. გავაღეთ და დგას ზღურბლზე ვიღაც მაღალი, ეშხიანი ქალი. ცალ ხელში ლითონის ულამაზესი ზარი უჭირავს (აი, ნაძვის ხის სათამაშოები რომაა, ეგეთი, ოღონდ ნამდვილი), მეორეში - ლითონისავე გრძელი ჯოხი.
_ექსტრასენსი ვარ. - თქვა და ჯოხი ზარს ისე თეატრალურად შემოჰკრა, თითქოს „ექსტრასენსი ვარ“ კი არა, „წარმოდგენა იწყება“ ეთქვას.
ასე გავიცანით ამალია.
მესამე სტუმრობისას ამალიამ (როგორც თავიდან გვითხრა, მამიდაჩემის გაკავებულ წელს 7-8 სეანსი მაინც დასჭირდებოდა) მამიდაჩემს უთხრა: „გაკავებული წელით, ცხადია, ვერავინ გამაკვირვებს, მაგრამ თქვენი საუბრის კულტურით ნამდვილად გამაოცეთ. საუცხოო მოსაუბრე ხართ, ქალბატონო ტასო.“  ეს იყო ბოლო „ქალბატონო“ და სეანსიც, რატომღაც, ბოლო. მერე დამეგობრდნენ. მამიდაჩემი, ამალიას გაგებით, ბოლომდე „საუცხოო მოსაუბრედ“ დარჩა. იმიტომ, რომ ძირითადად ამალია ლაპარაკობდა და მამიდაჩემი უსმენდა. იშვიათად თუ ჩაურთავდა მოკლე, არაფრისმთქმელ ფრაზებს, ამალიას მონოლოგს მოჩვენებითი დიალოგის ფორმა რომ მისცემოდა.
ერთხელ, დაბდების დღეზე, რაღაც შეფუთული მომიტანა ამალიამ. გავხსენი და... ზარი! ძალიან ჰგავდა იმას, სეანსებს რითიც ატარებდა. თვითონ ის სახელოვანი „ექსტრასენსული“ ზარი ერთი კლიენტისთვის გაუცვლია ამ სახელოვან მუნდშტუკში... მოკლედ, ამალიამ ნამდვილი, ლითონის ზარი მაჩუქა და ასეთი ნამდვილი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ჩემი სიხარული, დაბადების დღის საჩუქრის გამო.
_ იცოდე, ამ ზარზე ჯოხის შემოკვრის უფლება მხოლოდ სამჯერ გაქვს: როცა დიდი მწუხარება გეწვევა, როცა რაიმეთი ძალიან გაოცდები და როცა ნამდვილ სიყვარულს შეხვდები. დაბადების დღეს გილოცავ, ძეტკა!

                                                        ბზარი
_ მიყვარდა ამალიას სტუმრობა, მაგრამ ერთხელ ამ სიყვარულს ბზარი შეეპარა. ბზარიდან კიდევ, იქვე, ერთი გადაფურთხებაზეა (ამალიას ლექსიკონია) ნაპრალი. მალევე მოირღვა, ჩამოიშალა ეს ჩემი სიყვარული. მიწად და ტალახად იქცა. აქედან აწი მხოლოდ სიძულვილი თუ ამოიზილებოდა...
_ ტასენკა, არჩილიკომ კრუჟაოებიანი სარაფანჩიკი მიყიდა. სასწაული რამეა. ხვალ გამოდი, გაჩვენებ. - იმ დროს უთხრა, მამიდაჩემი წინსაფარზე ხელებს რომ იმშრალებდა. მომეჩვენა, რომ მამიდას ხელები ჩვეულზე დიდხანს შერჩნენ მაშინ წინსაფარს.
იმ წამიდან ვიგრძენი, რომ ბზარი დაიძრა. ნელ-ნელა და თანდათან კი არა როგორც ბზარების მოდგმას სჩვევია, უცებ გავარდა ერთი კიდედან მეორემდე. არც იყო გასაკვირი. მე ხომ ერბაშად სამი მიზეზი მომეცა ამალიას შესაძულებლად: მამიდაჩემის ქმარს არასდროს უყიდია „კრუჟაოიანი სარაფანჩიკი“ მამიდაჩემისთვის (არც მაგის ნახევარი, ანუ არც მარტო „კრუჟაო“ და არც მარტო „სარაფანჩიკი“), ტასოს საერთოდაც, ამალიასგან განსხვავებით ცოცხალი აღარ ჰყავდა ქმარი (ეგ მეორე მიზეზი) და როცა ჰყავდა, მაშინაც, არჩილიკო კი არა, ბეჟანა ერქვა (ეგეც - მესამე). ცოტაა?!

ბოლოს რომ მოვიდა, რაღაცნაირად, ორ ხმაში ახველებდა. მე სულელური ასოციაცია გამიჩნდა, რომ ამალიას ერთი ფილტვი გოგოა და მეორე - ბიჭი. რომ ამალიას მუნშტუკიდან გამოსრუტული ბოლის დანახვისას ერთდროულად იწყებენ ყვირილს ,,გვიშველეეეთ!..“ ადამიანურ ენაზე მოთარგმნილი კი ორ, წვრილ და ბოხ ხმაში ხველებაა და ვიზუალურად ასე გამოიყურება: ,,აახხმმ-აახხმმ!...“ ისე საშინლად ახველებდა, მზად ვიყავი შემბრალებოდა, მაგრამ ხველება რომ ჩაიწმინდა თქვა: არჩილიკომ ფრანღული სუნამო მომართვა, ტასინკ. გამო ხვალ, დაგასხამ.
რაღას შემებრალებოდა...
_ ამალია ძალიან ავადაა... - თქვა ძილის წინ მამიდაჩემმა. - მითხრა, ჩემს მუნდშტუკს კუბოში როგორ ჩავალპობ, შენს გოგოს ვუტოვებ, გამოშტერებული უყურებს ხოლმე, ისე მოსწონს, ვერ ამჩნევდიო? ოღონდ არ მოწიოს, ისე ქონდეს, რაც დიდხანს არ იხმარს, უფრო დიდხანს შემენახებაო.
გული მომეწურა. კიდევ კარგი, მამიდაჩემს ჩემი ცრემლები დანახვის თავი არ ჰქონდა, გულიანად მოსთქვამდა. გამიკვირდა კიდეც, ერთ ჯერზე  ამდენი ლაპარაკი თუ შეეძლო, ვერასდროს ვიფიქრებდი. ამ დატირებიდან გავიგე, რომ ამალიას ქმარი არასდროს ჰყოლია. არჩილიკო კი, ყოფილი მუნდშტუკისა და ახლანდელი - ზარის პატრონს ჰრქმევია. ოღონდ არანაირი „სარაფანჩიკი“ იმას ამალიასთვის არასდროს უყიდია. არც „კრუჟაოთი“ და არც - „ბეზ“.
არ მეჯერა, რომ სამყაროში ოდესმე შეიძლებოდა მკვდარ ამალიას ეარსება, მაგრამ... ღმერთო მაპატიე ამალიას ცოდვა. ისეთი რამეებისთვის რომ შევიძულე, რაშიც ბრალი არ მიუძღოდა, მაგისთვის კი არ გთხოვ პატიებას, ამალიას მუნდშტუკი ოდემე ჩემი რომ გახდება, ეს რომ მიხარია... ეს სიხარული მაპატიე, ღმერთო.
                                                  თავზარი
ერთ დღესაც, თითქოს ვიღაც ჩემთვის უცნობი მოხუცი ყოფილიყოს, ადგა და მოკვდა ამალია. ასე უპაუხისმგებლოდ ცხოვრებაში არ მოქცეულა. ჩემი ამალია მოკვდა, ხალხო!
რომ მივედით, ზღურბლზე დავდექი და ჩაველურსმნე, ვეღარ შევედი. ვუყურებდი კუბოში მწოლიარეს და ვფიქრობდი: თითქოს შიგნიდან თავის თავი გამოაცალეს ამალიას. ლამაზი სიცილი და ხელების გადაშლა, მხიარული ხმა და გრძელი ფეხების ერთმანეთზე გადადება-გადმოდება გამოაცალეს. გამოაცალეს და ჰა, რაც დარჩა - ესაა...
ტასოს მუდარის მიუხედავად, დასაფლავებას არ დავესწარი. მე ჩემი რიტუალი მქონდა შესასრულებელი.
სახლისკენ მოვრბოდი და ვფიქრობდი: „დაუჯერებელია, დაუჯერებელი! მაგრამ ჩემი თვალით ვნახე: მხოლოდ ხუთ-ხუთი თითი ჰქონია თითო ხელზე, მეტი არა! წარმოუდგენელია!“
სახლში შემოვედი თუ არა - ამალიას ზარი ლენტებიანი ყუთიდან ამოვიღე და ლითონის ჯოხის ნაცვლად, ამალიას მუნდშტუკი ორჯერ, მთელი ძალით შემოვკარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები