ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2015


ძაღლის ტემპერატურა

        ძაღლის ტემპერატურა

  -შეეშვი რა, რას გიშლის? რა უნდა გააგდო. შენ კარგათა ხარ, ვერა ხედამ გარეთ რა ყიამათია!
  ...
  -ბეწვი ცვივა? დიდი ამბავი. ბეწვი მეცა მცვივა, უნდა გამაგდონ? მაგას რო ჯიგარი აქვს...
გინდა კაი რამე მოგიყვე? აი, ხო მწერალი ხარ...
  ...
  -მე რავი რანაირი. ხო წერამ ხომე რაღაცეებს- „ღრენო” მრენო. ხოდა, დაწერე რა, იქნება ვინმე აზრზე მოვიდეს.
  დამიგდე ყური! ერთი ხუთი წლის ამბავი იქნება, მაშინ ეგრე დაჩაჩანაკებული არ იყო ჩემი „ლასკა”. ეს დრო იქნებოდა, ნათლისღება უკვე ჩავლილი იყო. წინა ღამით ცოტა მოთოვა. დილით ადრიანად ავდექი. (სიბერეს სცოდნია, მთელი ღამე მაჭოტებს). ეზოში ჩავედი. მეთქი ამ ჩემ დაფხაულ სახლს გადათოვლა ხო არ სჭირდება, რამე. კი გამიკვირდა,  ძაღლი რო არ შამამახტა. ყოველთვინ მელოდებოდა დილაობით. დავუძახე, არა ჩანს. ხუხულაც გამოციებულა, ეტყობა, ადრე მიუტოვებია. მეთქვი, რა ხდება. თოვლზე მკრთალი ნაფეხურები ემჩნევა. ზნაჩიტ ღამე გასულა, ფიფქებს ლამის  წაუშლია კვალი. ღობეში ერთ ადგილას გასაძრომია, იქიდან ჩანს გამძვრალი, ბანალია ღობეზე შერჩენილი. კვალს გავყე. რაღაცნაირი რბილი სიჩუმეა, თოვლში რომ იცის. მივდივარ , მივდივარ და ერთიც ვნახოთ, ცალფეხა ვალოდას ბუტკა რო იდგა...
  ...
  -ის კი  დაუნგრიეს, მარამ ხო დარჩა რაღაც გადაფარებული. ხოდა იქა, მიწაზე არა ვხედამ ჩემს ლასკას. კიდე ოთხ ძაღლთან ერთად. კრუგში წვანან და ერთმანეთზე არიან მიკრული. ვა, ნოდარჯან ეგეთი რამე არ მინახამს,ამ ხნის კაცი ვარ. ლამაზად მიუდიათ თავები ერთიმეორის გავაზე. გატრუნულან. მეთქვი ამ შუა ზამთარში რადროს მძუნაობაა, თანაც გრუპავოი. რაღაცაშია საქმე. დამინახეს, მარტო თავები წამოწიეს, არ ინძრევიან, ვეძახი ჩემსას, არა ტოკდება. ახლოს მიველი. ვხედამ, ერთმანეთს კი არ მიჰკვრიან, როგორც თავიდან მომეჩვენა, რაღაც თეთრად შეფუთულს ეხუტებიან. შევხედე და გული კინაღამ გამიჩერდა. ბავშვი, აზრზე ხარ?
  ...
  -როგორ და, ჩვილი ბავშვი, ტო! ჩვრებში შეხვეული. იასნია,  ვიღაცას ღამე დაუგდია.
  ...
  -თავიდან მეც ეგრე მეგონა. მარამ თუ ყარაულობენ, ეს მიხუტება რაღა საჭიროა. და უცებ მოვტვინე- ათბობენ, ტო! ხო იცი, მაგათ მაღალი ტემპერატურა აქვთ სორაკ-სორაკ პიატ. დისკავერში ვნახე ერთხელ.
  გავიქეცი, ჩემს ლამარას ვეუბნები, ჩქარა, პლედი მაიტა! ეგ კიდე სუ გადაირია- რა პლედი აგიტყდა, თუ ქცივა, შემო, რას დაბოდიალობო. ხოდა, ატყდა ერთი ამბავი. გაიგო მეზობლობამ მთელი უბანი მოქუჩდა. გივია, იმისი წინამასწარა ცოლი, ჯანოს მარგალიტა- უბნის მოსამართლე და რა ვიცი. ყველა თავისას ახურებს. -ძაღლების მოთრეული იქნება, აქ ვინ დააგდებდაო. მეთქვი, რეებსა ბოდამთ, სად ეტყობა აქ რო მოთრეულია, ნათრევის კვალი ხო უნდა ჩანდეს თოვლზე-მეთქი.ეგაო ჩვენი უბნელის საქმე არ არისო. შორიდან იქნება მოტანილიო.- მარგალიტამ.    მეთქვი, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროს უბნის ბლატების კაჩაობაა ხალხო, თქვენ კარგათა ხართ? მაგათ კიდე, (ძაღლებმა რა) ამდენი ხალხი რო დაინახეს, დაიძაგრნენ, ახლოს არ გვიშვებენ. გესმის შენა,  არ გვენდობიან, იციან, ვინც ერთხელ გაიმეტა თავისიანი, მეორედაც გაწირავს. უცებ გაიჩითა სასწრაფო, პოლიცია.(არ ვიცი, ვინ დარეკა). ოქმი შაადგინეს. -პირველად ვინა ნახეთ, დედა ვინ არის, ვინ გადააგდოო? მე რა ვიცი, მე რო მეკითხები, პოლიცია შენა ხარ.-ძაღლები მოაშორეთ, არ დაკბინონო. აი, შე მართლა ძაღლო, ვფიქრობ. ჩავიკუზე. ჩემი სუ კანკალებს. ხელი გადავუსვი, ვამშვიდებ. მეორე - კავკასიური გივიასი ყოფილა, იმანაც დაუყვავა თავისას. აისორის პავლიკამაც მოაკითხა თავის დალმატინელს. გამოვაშორეთ ნელ-ნელა.
  ...
  -მახლას, ბავშვი წაიყვანეს.
...
  -არ ვიცი , მაშინა თქვეს გადარჩაო. გამოვბრუნდით უკან, ეგ კუდამოძუებული მე- ყურებჩამოყრილი. უკან ლამარა მოგვდევს. სუ ქოქოლას მაყრის- გვარი რო ჩააწერინე იმ პოლიციელს, რა გრჯიდა. ეხლა ნახე შენი პოლიციაში თრევაო. მე კიდე გულში მაგის დედას სალამს ვუთვლი, ჩემი მჭირს- ძაღლს ვერ ვუყურებ- მცხვენიან.
  ...
  -რისი? ადამიანი რო მქვიან. მართლა გეუბნები. ეზოში რო შევედით, შევხედე და ცრემლი არ მოსდის. დედის სულს გეფიცები, პირველადა ვნახე მაშინ ძაღლის ტირილი.  ...
  -მაშ, ეგრე იყო. შენ კიდე, გარეთ გაუშვიო. აღარ უშლიან? რაღაც ძალიან განეჟნებულხარ იმ კანადაში. აიღე, რა, რას გაშტერდი. თითოც დავურტყათ, სამი გახდება!

          2014, XI 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები