ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: კარდუ
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2015


კაცი რომელიც არ იგუგლებოდა (ციკლიდან "სამი ამბავი ინტერნეტით")

მაღვიძარამ რომ დარეკა, უკვე ათი წუთის გაღვიძებული იყო და საათის ისრებს უყურებდა. მერე ზურგზე გადაბრუნდა, თვალები მოისრისა და საწოლში წამოჯდა. წარმოიდგინა როგორ იღებდა შხაპს, იპარსავდა წვერს, ივარცხნიდა თმას, საუზმობდა. გონებაში გამოთვალა, ამას რამდენი დრო დაჭირდებოდა და ისევ დაწვა.
ზუსტად ოცდახუთ წუთში უკვე ლიფტში იდგა და ცალ ხელში პურის ნაჭერი ეჭირა, პირში ყველი გაეჩარა, ხოლო მეორე ხელით ცდილობდა თმა გაესწორებინა ლიფტის კედელზე გამოსახული საკუთარი ჩრდილის მიხედვით. ლიფტის კარი მეშვიდე სართულზე გაიღო და ლიფტში გაღიმებული მეზობელი შემოვიდა, ორმოცდაათ წელს გადაცილებული ძალიან გამხდარი ქალი, ხელში თოიტერიერითა და სახეზე მაკიაჟის სამი წლის მარაგით. საკმაოდ თამამი დეკოლტედან რამდენიმე ღრმა ნაოჭი და ძველთაძველი ტატუს ნაწილი მოუჩანდა და ყურადღებას უნებურად იპყრობდა.
- გამარჯობა შვილო, - დაბალი, ხრინწიანი ხმით წარმოთქვა ქალმა.
- გამარჯობა მაკუნა დეიდა, - ზრდილობიანად უპასუხა ბიჭმა
ლიფტის კარი კიდევ ერთხელ გაიღო, ამჯერად ლიფტში მსუქანი, მქშინავი და ერთთავად გაბანჯგვლული მეზობელი შემოვიდა, ორმოცს გადაცილებული, ჩაშავებული უპეებითა და ბოროტი გამომეტყველებით. კაცს ეტყობოდა, ბოლო წლებში გასუქებულიყო და ისე მოძრაობდა, გამოუცდელი მძღოლი რომ გადაჯდება ნისან მარჩიდან ჰამერზე, ზედმეტად ფრთხილად, თითქოს ეშინოდა რამეს არ გამოვედოო.
გარეთ გამოსულები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, მაკუნა დეიდა მთავარი გამზირისკენ წაკაკუნდა, კაცი ჰამერში ჩაჯდა, ბიჭი კი ავტობუსისკენ გაჩერებისკენ წავიდა.
- საით მიდიხარ? ხომ არ გაგიყოლო, - ჰამერის მინა ჩამოწია მსუქანმა.
- არა, მადლობა, სამსახურს ვიწყებ და აქვე რაღაც საბუთი უნდა ავიღო, - უპასუხა ბიჭმა, თუმცა ამ ჰამერში დიდი სიამოვნებით ჩაჯდებოდა.
- სამსახური კაია, - თავისთვის ჩაილაპარაკა მსუქანმა და მანქანა დაძრა.
ბიჭმა თვალი გააყოლა უზარმაზარ ყველგანმავალს და ავტობუსის გაჩერებისკენ სწრაფად წავიდა.
ბიჭისთვის, რომელსაც სხვათა შორის ლუკა ერქვა, ვინმე ცნობისმოყვარეს რომ ეკითხა ცრუმორწმუნე თუ ხარო, დაუფიქრებლად უპასუხებდაო არაო, მერე დაფიქრდებოდა და რადგან საკუთარი ცრუმორწმუნეობის დასტურის ერთ მაგალითსაც ვერ იპოვიდა, გაღიმებული დაამატებდა: არა, რა ცრუმორწმუნე, შეჩემა. თუმცა ამ ორი მეზობლის შეხვედრა მნიშვნელოვანი საქმის წინ, სიმართლე ითქვას, არ ესიამოვნა. ერთზე თარსიაო, ყველა ამბობდა, მეორე კი თავად ლუკას არ მოსწონდა, მისი ხვნეშა და ოდნავ ვიწრო ტანსაცმელი ყოველთვის ცუდ ხასიათზე აყენებდა.
ავტობუსმა დილის ცარიელი ქუჩები სწრაფად ჩაიარა და ლუკა მალევე მიადგა საჭირო სახელმწიფო დაწესებულებას.
როგორც წესი სახელმწიფო დაწესებულებების შენობები მრუმე ფერებითა და სევდიანი ხალხით გამოირჩევა, ყველა კარი მძიმედ იღება და ყველა კუთხესთან შეიძლება შეგეჩეხოს უხეში ქალი უამრავი ქაღალდით ხელში. ეს შენობები რომელიმე მთავარ ქუჩაზე დგას და მას ახლოს არ ეკარება ქუჩის კაფეები, ბატიბუტის გამყიდველი კაცები და ველოსიპედიანი ბავშვები - სწორედ ასე შეგიძლიათ ამოიცნოთ სახელმწიფო დაწესებულების შენობა ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში. სწორედ ამგვარ შენობას მიადგა ლუკაც და გრანიტის კედლების დანახვისთანავე დაითრგუნა. ძალიან ნელა შეაღო ხის უზარმაზარი კარი და ხელოვნური მარმარილოთი მოპირკეთებულ დიდ ფოიეში აღმოჩნდა. ფოიე სავსე იყო წარწერებით, მანიშნებლებით და სართულის აღმნიშვნელი ციფრებით; ერთი ორგან კი სადღაც გაქცეული კაცის გამოსახულებასაც მოჰკრავდი თვალს.
ლუკა ერთხანს დაბნეული იდგა ფოიეს ცენტრში და ცდილობდა საჭირო აბრა ეპოვა. გამოუცდელი თვალისთვის აბრების სიმრავლე, ფორმებისა თუ ფერების მრავლგვარობა ერთგვარ შოკს იწვევდა, მავანს შეეძლო ეფიქრა, აქ მე მაინც ვერაფერს გავარკვევ, ჯობს გავერიდები აქაურობას და იმ საქმეს, რაზეც მოსული ვიყავი, საერთოდ დავივიწყებო, თუმცა ლუკა ასე არ მოქცეულა, იგი ყურადღებით აკვირდებოდა ყველა აბრას და სადღაც ოც წუთში მიხვდა, რომ აბრების ფერები და ფორმები სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა. პირიქით, ეს ერთგვარი სისტემა იყო, რათა სტუმარი იოლად გარკვეულიყო სახელმწიფო დაწესებულების ლაბირინთებში და საჭირო ჩინოვნიკისთვის ადვილად მიეგნო. ასე, მაგალითად, ნარინჯისფერ აბრებზე ის ოთახები იყო აღნიშნული, რომლებიც მეორე და მეოთხე სართულებზე განლაგებულიყვნენ, მწვანე აბრებზე განყოფილების უფროსების კაბინეტების ნომრები მიეთითებინათ, წითელ აბრებზე პიროვნების ნამდვილობის დადგენის განყოფილების ოთახები იყო, გარდა ამ განყოფილების უფროსისა, რომლის გვარიც ნარინჯისფერ აბრაზე დაეტანათ, რადგან მისი ოთახი მეორე სართულზე იყო; მრგვალი აბრები იუწყებოდა სად უნდა გვეპოვნა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები, ხოლო სამკუთხა აბრები მიგვანიშნებდა იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც ევალებოდათ მოქალაქისთვის ინფორმაციის მიწოდება, დახმარების აღმოჩენა ან კარისკენ მითითება, მოკლედ არაფერი რთული, თუ არ ჩავთვლით, რომ ზოგი აბრა ორფეროვანი იყო, ზოგი სამკუთხა აბრა მწვანე, ზოგი მრგვალი კი წითელი; მაგრამ ლუკა ამ სირთულესაც გაუმკლავდა და კიდევ ოცი წუთის თავზე მიაგნო აბრას, რომელიც გზას მიასწავლიდა იმ თანამშრომლისკენ, რომელსაც ინფორმაცია უნდა ჰქონოდა სად შეეძლო ეპოვა ლუკას საჭირო ჩინოვნიკი.
ფოიედან ხელმაცხნივ, ვიწრო დერაფანის გავლით მიადგებოდი კიბეს, რომლითაც ჩადიოდი ნახევრად სარდაფში, სადაც ასევე იყო კიდევ ერთი დერეფანი, ეს დერეფანი თავის მხრივ იყოფოდა ორ დერეფნად, რომელთაგან მარცხენაში მეექვსე კარი იყო ის კარი, რომელიც მიასწავლა ლუკას იმ თანამშრომელმა, რომელსაც ამგვარის მისწავლებები ევალებოდა სწორედ. ლუკამ მორიდებით დააკაკუნა კარზე და შიგნიდან რეაქციას დაელოდა.
- მობრძანდით, - გაისმა რამდენიმე წამში კარს მიღმიდან. ლუკამ კარი შეაღო და ოთახში ჯერ თავი და შემდეგ სხეულის დანარჩენი ნაწილებიც შეყო.
სიმართლე ითქვას, ქალის ხმის გაგონებისთანავე ლუკას თარსი მეზობლები გაახსენდა, ოთახში შესვლამ კი მოგონებები უფრო გაუმძაფრა. ავეჯით საკმაოდ მწირად გაწყობილ ვებერთელა ოთახში, ხის დიდი მაგიდის მიღმა ტანმორჩილი ქალბატონი იჯდა უზარმაზარი სათვალითა და ყველაზე წითელი პომადით, რაც ლუკას აქამდე ენახა. ქალს მაგიდის ქვემოდან უგრძესქუსლიანი ფეხები მოუჩანდა, მაგიდის ზემოდან კი თეატრალურად მკაცრი გამომეტყველება.
ქალმა ლუკას მაგიდის წინ დადგმულ შესახედავადაც კი მოუხერხებელ სკამზე ანიშნა დაჯექიო, თვითონ კომპიუტერის უზარმაზარ მონიტორს ჩააშტერდა და კლავიატურაზე გრძელი ფრჩხილები ააკაკუნა.
- გამარჯობა, მე საბუთის ასაღებად მოვედი... სამსახურისთვის... მითხრეს გჭირდებაო... თქვენთან მომასწავლეს.
- სახელი, გვარი, - მკაცრი ხმით წარმოთქვა ქალმა.
ლუკამ ორივე დაასახელა და კისერი ოდნავ წაიგრძელა, თითქოს დანახვა უნდოდა რას აკეთებდა ქალი იმ უზარმაზარ მონიტორში. ეკრანზე გუგლის საძიებო სისტემის ფანჯარა ამოხტა, ქალმა ლუკას სახელი და გვარი თითების სწრაფი მოძრაობით შეიყვანა საგანგებო ფანჯარაში და შედეგის მოლოდინში გაირინდა.
- უი, - წარბები აწკიპა გოგომ, - არ იგუგლებით.
- არ ვიგუგლები? - დაბნეულად იკითხა ლუკამ.
პასუხად ქალმა მონიტორი ლუკასკენ შემოატრიალა და ზად ეკრანზე თითი მიაკაკუნა. არც ერთი შედეგი არ მოიძებნა - ეწერა შავით თეთრზე. ლუკა უხერხულად შეიშმუშნა, ზუსტად არ იცოდა რა რეაგირება უნდა ჰქონოდა ამ შედეგზე.
- და ეს პრობლემაა? - შემკრთალმა იკითხა ბოლოს.
- კი, - პირველად გაიღიმა მკაცრმა ქალმა, - ეს ნიშნავს რომ თქვენ არ არსებობთ.
ხუთი წუთი მაინც დაჭირდა ლუკას თვალები ეხამხამებინა, ნერწყვი ეყლაპა და საკუთარი გულისცემისთვის ესმინა და მერე აზრზე მოსულიყო.
- რას ნიშნავს, არ ვარსებობ?
- არ იგუგლებით, მაშასადამე, არ არსებობთ, მარტივია.
- როგორ არ ვარსებობ, აგერ ვზივარ, - არაბუნებრივი ხმით გაიცინა ლუკამ
- ეგ არაფერს ნიშნავს.
- არ ნიშნავს?
- არ ნიშნავს.
- ...
- უნდა იგუგლებოდეთ.
ლუკა მღელვარებისგან ფეხზე წამოდგა. გრძნობდა, როგორ აუხურდა სახე.
- პირადობის მოწმობა მაქვს, - წამოიყვირა მოულოდნელად, თან ჯიბეებში ქექვა დაიწყო, - აი, აი, - ამოაძვრინა ბოლოს ქაღალდის მცირე ნაგლეჯი და ქალს გაუწოდა.
ქალმა უზარმაზარი სათვალე შუა თითით შეისწორა და პირადობის მოწმობა ჩამოართვა, ცოტა ხანი სწავლობდა, შემდეგ შემოატრიალა და ერთ ხანს მეორე მხრიდანაც დააკვირდა.
- ესეც არაფერს ნიშნავს, - თქვა ბოლოს და პირადობის მოწმობა ლუკას გაუწოდა.
ლუკამ იგრძნო, რომ მისი სახე თითქმის ამ ქალის პომადისფერი გახდა და ხელისგულებზე ოფლმა დაასხა.
- რას ქვია, არაფერს ნიშნავს?! - თითქმის იყვირა ლუკამ.
- პირადობა შეიძლება გაყალბებული იყოს, - მშვიდი ხმით აუხსნა ქალმა.
- და ექსპერტიზაზე გავუშვათ..
- ექსპერტს ვერ ვენდობით, - მეორედ გაიღიმა მკაცრმა ქალმა, - უნდა იგუგლებოდეთ, სხვა გზა არაა.
- და თქვენ ვერაფრით დამეხმარებით? მე შემიძლია შემოგთავაზოთ... ვთქვათ... - ჩურჩულზე გადავიდა ლუკა და თან მკაცრი ქალისკენ შეთქმულივით გადაიხარა, თუმცა პასუხად ერთადერთი, რაც მიიღო, უზარმაზარი სათვალის მიღმიდან ჯერ არნახული სიბრაზით სავსე გამოხედვა იყო, რომელშიც ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლებოდა, დაწყებული „კიდევ ერთხელ მსგავს შეურაცხყოფას მომაყენებ და მწარედ ინანებო“ და „შენთვის მაგ უტიფარი თავის მოჭმა და აი, ამ ნაგვის კალათში გადმოფურთხება მინდათი“ დასრულებული, ამიტომ ლუკაც მყისიერად გასწორდა და საცოდავი ხმით დაამატა: - ძალიან მჭირდება ის სამსახური.
- მე შემიძლია მხოლოდ ერთ რამეში დაგეხმაროთ, - ლუკა გამოცოცხლდა, - შემიძლია კიდევ ერთხელ დაგგულოთ.
ლუკა ხვდებოდა, რომ ეს ხელჩასაჭიდი ხავსიც კი არ იყო, ხავსი მატერიალური მაინცაა, ეს იყო ვერტიკალურ უდაბნოში დანახული ხავსის მირაჟი, მაგრამ რას იზამდა, მორჩილად დაუქნია თავი. მორიგმა დაგუგვლამაც არ გამოიღო შედეგი, ლუკას უფრო და უფრო ხშირად ახსენდებოდა თარსი მეზობლები.
- იცით რა, ყველა იგუგლება, - თითქოს ლუკას დამშვიდებას ცდილობდა ქალი, - მე ვიგუგლები, ჩემი უფროსი იგუგლება, ჩვენი დამლაგებელი იგუგლება, ჩემი მეზობელი იგუგლება...
- მეზობელი, - მექანიკურად გაიმეორა ლუკამ.
- ჩემი კატაც კი იგუგლება.
დრო გადიოდა, გრანიტის შენობის მიღმა მზე ჩადიოდა, თვითონ შენობა ნელ-ნელა იცლებოდა და მის აკლდამისებურ სიჩუმეს მხოლოდ დამლაგებლების ხვნეშა და ერთი ოთახიდან გამომავალი საუბარი არღვევდა.
- დაბადების მოწმობა რომ მოვიტანო? ეგეც შეიძლება გაყალბდეს... ფოტოები მშობლებთან ერთად? ფოტოშოფი! მოწმეები ვინც დაადასტურებს, რომ მე მე ვარ? მსახიობები! - ლუკა უკვე მთელი საათი იყო წინ და უკან დადიოდა და თავის თავს ესაუბრებოდა, უამრავი ვერსია ჰქონდა, თუმცა თვითონვე უარყოფდა და მაშინვე ახალ ვერსიას სთავაზობდა საკუთარ თავს. მკაცრი ქალი კი ამ ყველაფერს მოთმინებით ადევნებდა თვალს და ელოდა, როდის დასრულდებოდა ლუკას შინაგანი მონოპიესა.
უეცრად ლუკა შეჩერდა, მაგიდას მიუახლოვდა, ორივე ხელით ზედ დაეყრდნო და ქალს ცხვირი ცხვირთან მიუტანა: - ბოლოს და ბოლოს მე ხომ აქ ვარ! ცოცხალი არსება, სისხლი მოძრაობს ჩემში, ვსუნთქავ, საჭმელს ვინელებ, პირიდან ცუდი სუნი ამომდის, ქერტლი მცვივა თქვენს მაგიდაზე, როგორ შეიძლება არ ვარსებობდე?! - გამოსცრა კბილებში ლუკამ ისე, რომ ქალის სათვალის მინები ნერწყვით დასველდა. საპასუხოდ ქალმა, ისე რომ ლუკასთვის თვალი არ მოუცილებია, კლავიატურაზე თითები ააკაკუნა, შემდეგ მონიტორი შემოუტრიალა და კმაყოფილი სახით მიესვენა სავარძლის საზურგეზე.
- ეს რა არის? - ლუკა გაოცებული ათვალიერებდა უცნობი ადამიანების ფოტოებს, - ვინ არიან ესენი?
- სინთეტიკური სხეულები, ისინი სუნთქავენ, მათ ორგანიზმში სისხლიც მოძრაობს, საჭმელსაც კი ინელებენ, მაგრამ არ არსებობენ.
ლუკა სკამზე დაეშვა.
- რა სისულელეა, - ჩაილაპარაკა თითქმის თავისთვის, თან თარსი მეზობლები გაახსენდა, - ასეთი რამე არ არსებობს.
- როგორ არ არსებობს, უკვე დიდი ხანია პროტეზირებისთვის იყენებენ ამ ორგანიზმებს, მთლიანად სინთეტური ადამიანის დამზადებაც შესაძლებელია, უბრალოდ ოფიციალურად ჯერ ეს ამბავი ცნობილი არ არის, მაგრამ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს.
- და მე?.. - ლუკამ თითით ჯერ თავის თავზე, შემდეგ კი მონიტორზე მიუთითა.
- არ ვიცი, მე მარტო ის ვიცი, რომ არ იგუგლებით და საბუთს ისეთ ადამიანზე, რომელიც არ არსებობს, ვერ გავცემ, კანონი მიკრძალავს, - და აქ ქალმა მესამედ გაიღიმა.
- გასაგებია, - ჩაილაპარაკა ლუკამ და ისევ მეზობლები გაახსენდა, - ბოდიში შეწუხებისთვის.
- არა უშავს.
ლუკა ადგა და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა, უკანა გზა ვერ გაიკვლია ისე იოლად, მაგრამ ამაზე დიდად არც უდარდია, მიდიოდა და ფიქრობდა, საკუთარ თავს რაღაცას უმტკიცებდა, არწმუნებდა, ჟესტიკულაციას და ნაბიჯს ნელ-ნელა უჩქარებდა და ბოლოს სრულად შემართული და  მოქმედებისთვის მზადმყოფი გამოვიდა სახელმწიფო დაწესებულების მთავარი კარიდან.
მსუქანი კაცი თავისი ჰამერით შინ გვიან დაბრუნდა, როგორც კი კუთხეში შემოუხვია, მანქანის ფარების შუქზე ნაცნობი სილუეტი დალანდა.
- ლუკა, აქ რას აკეთებ? კინაღამ დაგარტყი, კაცო, - ამის თქმაღა მოასწრო მსუქანმა ღია ფანჯრიდან და უეცრად საშინელი ტკივილი იგრძნო, შემდეგ კიდევ და კიდევ, მერე აღარ უგრძვნია, რადგან სული სხეულს განეშორა, ტკივილს კი, ცნობილია, რომ მხოლოდ სული გრძნობს. ლუკამ დასისხლიანებული აგური შორს მოისროლა, მსუქანი კაცი მანქანიდან გადმოათრია, იქვე დააგდო, თვითონ კი  საჭესთან დაჯდა. ერთხანს დაძაბული აკვირდებოდა მოსახვევს, თითქოს ვიღაცას ელისო. ცოტა ხანში კუთხესთან მაკუნა დეიდა შემოკაკუნდა, ხელში თავისი განუყრელი თოიტერიერით. ეტყობოდა დაქალისგან მოდიოდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოუყვებოდა ახალ ჭორებს დედამისს, რომელიც აგერ უკვე ორი წელი იყო სახლიდან ვერ გადიოდა და ძალიან დარდობდა, ახალ ამბებს პირველწყაროდან რომ ვეღარ იგებდა. მაგრამ სადარბაზოში შესვლა მაკუნა დეიდას აღარ დასცალდა, მოულოდნელად თვალი ჰამერის ფარებმა მოსჭრა, შემდეგ მანქანის ძრავის მძლავრი ხმა გაიგონა და განწირული ხმით შეჰკივლა.
როცა პოლიცია მოვიდა ლუკა ჰამერით დასდევდა თოიტერიერს, ცდილობდა გაეჭყლიტა, მაგრამ ვერ ახერხებდა ზომების შეუსაბამობის გამო, ძაღლი პატრონის ირგვლივ ტრიალებდა და ლუკაც იძულებული იყო ვიწრო შესახვევში ემანევრირა უზარმაზარი მანქანით. ძაღლი მარჯვნივ გაიქცეოდა ყეფითა და წკავწკავით, ჰამერიც დაიღმუვლებდა და მიყვებოდა, შემობრუნდებოდა ძაღლი, მანქანაც შემოუხვევდა.
დაკავებისას ლუკას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პოლიციელებს მშვიდად გაუწოდა ორივე ხელი ბორკილების დასადებად და მშვიდ ღიმილიანი სახით გაჰყვა მანქანისკენ. და როცა უკვე პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, ყველაზე მოულოდნელი კითხვა დაუსვა წინ მჯდომ პოლიციელს.
- ძმაო, ეგ კომპიუტერი ინტერნეტში შედის? აუ, მიდი რა, ძმურად ნახე, ახლა მაინც თუ ვიგუგლები. წესით უნდა ვიგუგლებოდე უკვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები