ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
10 ოქტომბერი, 2015


ბამბაქულას თავგადასავალი (იალქნიანი ნავი, დავიწყებული სიმღერა)

                იალქნიანი ნავი

  როცა ბამბაქულამ იალქნიანი ნავი პირველად დაინახა, ძალიან გაოცდა და ნიავს ჰკითხა, ნავზე თეთრი ფარდები რად ჩამოუფარებიათო? სწორედ ასე თქვა, თეთრი ფარდებიო.
        ნიავმა ამ სიტყვებზე იმდენი იცინა, კინაღამ სული შეეხუთა და ძლივსღა ამოთქვა:
        - ეს ფარდები კი არა, იალქნებია ბამბაქულა.     
        - რისთვის სჭირდება მერე ეს იალქნები?
        - რისთვის და მაგითი მოძრაობს. მე ვუბერავ იალქნებს და ნავი ზღვის ტალღებზე მისრიალებს.
        - აი, თურმე რა . . . - ჩაილაპარაკა ბამბაქულამ. - იალქნიანი ნავიც შენი მეგობარი ყოფილა, არა?
        ნიავი დაეთანხმა, შენს შემდეგ ჩემი უახლოესი მეგობარიაო. ბამბაქულა დამშვიდდა, ნიავმა პირველი ადგილი მას რომ მიაკუთვნა და დაკვირვებით დაუწყო თვალთვალი ნავს. რაც უფრო მეტს შეჰყურებდა, მით უფრო მოსწონდა.
        - მე რომ ბამბაქულა არ ვიყო, იალქნიან ნავად ყოფნას ვინატრებდი. - ბუტბუტებდა თავისთვის. - რა კოხტაა და მოქნილი. რა მსუბუქად მისრიალებს ტალღებზე. გეგონება, სულ ცოტაც და ჰაერში აფრინდებაო. ცოტათი მგავს კიდეც.
        აღფრთოვანებული ბამბაქულა ზღვის ზედაპირს მიუახლოვდა, რათა იალქნიან ნავს უფრო კარგად გასცნობოდა.
        - ძალიან მომწონს შენი მსუბუქი სრიალი, - უთხრა გულითადი ღიმილით.
        იალქნიანმა ნავმა ქათინაური დაუბრუნა:
        - მეც ძალიან მომწონხარ, სიმსუბუქით ვერავინ ვერ შეგედრება, თვით მეც კი.
        ბამბაქულამ კიდევ უფრო გაიხარა, იალქნიანი ნავისაგაანაც გულითადობის გამომხატველი სიტყვები რომ გაიგონა და მაშინვე მასთან დამეგობრება გადაწყვიტა. უკვე წარმოიდგინა კიდეც, ერთად როგორ ისრიალებდნენ ზღვის ტალღებზე და როგორ დაეხმარებოდათ ნიავი. აკი  ორივეს მეგობარი იყო,  წინასწარ სიამით ეღიმებოდა, რა კარგ დროს გავატარებთო.
        - მე ბამბაქულას მეძახიან, შენ რა გქვია? - ჰკითხა იალქნიან ნავს. ჯერ ხომ უნდა გასცნობოდა თავის მომავალ მეგობარს.
        - ძალიან სასიამოვნოა. მე ფრთათეთრას მეძახიან, - უპასუხა იალქნიანმა ნავმა. - აი, ხედავ? გვერდზე მაწერია ჩემი სახელი. კითხვა ხომ იცი?
        ბამბაქულას ცოტათი ეწყინა იალქნიანი ნავის შეკითხვა, მაგრამ არ შეიმჩნია. მაშინვე დაეშვა ზღვის ზედაპირზე, რათა წარწერა წაეკითხა და იალქნიანი ნავის წინაშე გამოემზეურებინა თავისი ცოდნა. მაგრამ თავისდა გასაოცრად, როცა ძალიან მიუახლოვდა, წარწერას ვინღა დაეძებდა, თვით იალქნიანი ნავიც ვეღარ დაინახა.
        - სადა ხარ ფრთათეთრავ? - დაუძახა ბამბაქულამ, - ვეღარ გხედავ!
        - ვერც მე გხედავ ბამბაქულავ, მოესმა სულ ახლოდან. ბამბაქულამ თვალები დააცეცა, მაგრამ მაინც ვერ დაინახა.
        „ალბათ შემეშალა და სადღაც სხვაგან დავეშვი ზღვის ზედაპირზე“, - იფიქრა ბამბაქულამ და ისევ მაღლა აიწია. ზევიდან კარგად დაათვალიერა ბამბაქულას სამყოფელი, არ შემეშალოსო და ისევ ჩამოეშვა დაბლა. მაგრამ როგორც კი ზღვის ზედაპირს შეეხო, ისევ დაჰკარგა მხედველობიდან.
        - სად დაიკარგე, ფრთათეთრავ? - დაუძახა ბამბაქულამ.
        - მე კი არა, შენ ხარ დაკარგული, - მოესმა ფრთათეთრას ხმა. ძალიან ახლოდან კი მოისმოდა ეს ხმა, მაგრამ ბამბაქულამ მაინც ვერაფერი დაინახა.
        ბამბაქულა დაიბნა, ვერაფერი გაეგო. ისევ აიწია მაღლა. კიდევ ერთხელ სცადა ფრთათეთრას მიახლოებოდა და კიდევ დაჰკარგა მხედველობიდან.
        - ერთი მითხარი, მე თუ მხედავ ფრთათეთრა, - დაუძახა მოთმინებადაკარგულმა ბამბაქულამ.
        - შენ კი არა, ვეღარც ლურჯ ცას ვხედავ, - მოესმა ფრთათეთრას ხმა. - მხოლოდ იმ ტალღას ვარჩევ, რომელზეც ამ წუთში მივცურავ და იმასაც ძალიან ბუნდოვნად.
        ბამბაქულამ აღარ იცოდა რა ეღონა. ფრთათეთრაც დაბნეული იყო, გაუბედავად ირწეოდა ტალღაზე. ისევ ნიავმა უშველათ. დაუბერა და მაღლა აიტაცა ბამბაქულა. ახლა კი დაინახა ბამბაქულამ ფრთათეთრა, იმანაც თამამად გააგრძელა გზა ლურჯ ტალღებზე.
      - მე კარგად გხედავ ფრთათეთრავ, - ჩამოსძახა ბამბაქულამ ზევიდან, - შენც ხომ მხედავ?
      - მეც კარგად გხედავ, - გამოეპასუხა ფრთათეთრა, - ლურჯ ცასაც ვხედავ, ჰორიზონტსაც.
      ვერც ბამბაქულას და ვერც ფრთათეთრას ვერ გაეგოთ, თუ რა ხდებოდა, რატომ ეკარგებოდათ ერთმანეთი მიახლოებისას. ისევ ცალ-ცალკე გააგრძელეს თავიანთი გზა, შორიდან ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, თან გულში ფიქრობდნენ: „სიშორე ჩვენს მეგობრობას სულ ერთია, ვერაფერს დააკლებსო“, ნიავმა ალბათ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ საჭიროდ არ ჩათვალა, მათთვის რაიმე განემარტა, მხოლოდ ჩუმად ქირქილებდა თავისთვის.

          დავიწყებული სიმღერა

ბამბაქულა ქალაქის თავზე  გაწოლილიყო და მშვიდად თვლემდა. ნიავის ასავალ-დასავალიც არსად ჩანდა, ირგვლივ გამე  დ ა ვ ი წ ყ ე ბ უ ლ ი        ს ი მ ღ ე რ აფებულ მყუდროებას თვითმფრინავის ხმა თუ დაარღვევდა ხანდახან. უცბად ბამბაქულამ ძლივს შესამჩნევი, წყნარი რხევა იგრძნო. იფიქრა, ალბათ ნიავი დაბრუნდაო. მთელი ტანით ბურთივით შეიკუმშა, ახლა დამიქროლებს და წამიღებსო, მაგრამ არაფერსაც არ დაუქროლია “ალბათ მომეჩვენა“ - გაიფიქრა ბამბაქულამ და ისევ ჩათვლიმა. სულ მალე ისევ იგრძნო ჩუმი, ნაზი რხევა, რომელმაც ისე უცნაურად, ისე საამოდ აუთრთოლა მთელი სხეული, რომლის მსგავსიც ჯერ არაფერი განეცადა. ბამბაქულამ თვალები ფართოდ დააჭყიტა.
        - ვინა ხარ?
        - სიმღერა ვარ, - მოისმა პასუხად და ბამბაქულამ ახლა უფრო მკაფიოდ იგრძნო ენით აუწერლად საამო, ჰარმონიული რხევა, რაც ნიავის შეთამაშებას არაფრით არ ჰგავდა.
        - ესეც ახალი ამბავი! - გაიკვირვა ბამბაქულამ. - როდის იყო სიმღერები მარტო დასეირნობდნენ?
        - მე დავიწყებული სიმღერა ვარ.
        - ვის დაავიწყდი?
        - ერთ გოგონას. დაეზარა მუსიკაში მეცადინეობა. ხვალ კონცერტი აქვს. თვითონ არც კი იცის, თუ დავავიწყდი.
        - საწყალი გოგონა, - შეებრალა ბამბაქულას. - წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება კონცერტზე.
        - თუ მე არ გამიხსენა, რა თქმა უნდა, ცუდ დღეში ჩავარდება.
        ბამბაქულა ისევ შეფიქრიანდა, შუბლზე კოპები ამოებურცა.
        - შენ თვითონ ხომ არ დაგვიწყებია ის გოგონა? - ჰკითხა ბოლოს.
        - არა, არ დამვიწყებია, თუ სადმე ვნახე, მაშინვე ვიცნობ.
        - მაშინ ხვალ დილით წამომყევი და ერთად მოვძებნოთ.
        სიმღერა დაეთანხმა. ბამბაქულამ ისევ ჩათვლიმა და ისევ ფერად-ფერადი, ზღაპრულად ლამაზი სიზმრები ნახა, თავის დღეში რომ არ მოლანდებია. თუმცა რა გასაკვირია, მასთან ერთად ხომ სიმღერას ეძინა.
        დილით ბამბაქულა და სომღერა ერთად გაემართნენ იმ გოგონას მოსაძებნად. სად აღარ იყვნენ, არ დაუტოვებიათ არცერთი სახლი და არცერთი ქუჩა. არც ბაღები და სკვერები გამორჩენიათ, სადაც შეიძლებოდა გოგონას ეთამაშა. ხალხი გაკვირვებული იყო, როდის მომხდარა, ღრუბელს ოთახიდან ოთახში ევლოსო, მაგრამ ბამბაქულა არავის აქცევდა ყურადღებას, შეუსვენებლად დაეძებდა გოგონას.
        ჰოდა, მიაგნეს კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გვიან. გოგონა სცენაზე იდგა ხალხით სავსე საკონცერტო დარბაზში და ისეთი შეფიქრიანებული სახე ჰქონდა, ალბათ ის-ის იყო აღმოაჩინა, რომ სიმღერა დავიწყებოდა.
        - დავიგვიანეთ, - სასოწარკვეთით აწუწუნდა სიმღერა, - ვერ მოვასწარით გაფრთხილება.
        - მართლა დავიგვიანეთ, - დანანებით დაუდასტურა ბამბაქულამ, სულ ერთი წუთის წინ რომ მოვსულიყავით, მოვასწრებდით.
        ხალხი დარბაზში ისე გაისუსა, ბუზის გაფრენასაც გაიგონებდით. სიმღერის დაწყებას ელოდნენ, მაგრამ გოგონა აგვიანებდა. უძრავად მდგარს თვალები ჭერისკენ მიეპყრო.
        - ჩქარა წავიდეთ აქედან, - წასჩურჩულა სიმღერამ ბამბაქულას. ასეთი უსიამო სცენები ჩემზე ცუდად მოქმედებს.
        მაგრამ ბამბაქულა არ დაეთანხმა.
        - მოიცა, იქნებ რაიმე ვიღონოთ. წასჩურჩულა სიმღერას. თუმცა წარმოდგენა არა ჰქონდა, რა შეიძლებოდა ეღონა. საკონცერტო დარბაზში მაინც შეიპარა და მაღლა, ელექტროჭაღთან დაეკიდა ჭერში.
        უეცრად გოგონას თვალები გაუბრწყინდა, სახიდან დაძაბული გამომეტყველება გაუქრა . . .
        მან დაინახა ბამბაქულა.
        დაინახა და მაშინვე სიმღერა წამოიწყო.
        თურმე დავიწყებული სიმღერა პატარა, ლურჯ ღრუბელზე ყოფილიყო, მსუბუქად რომ დალივლივებს ლურჯი ცის თაღზე  და გოგონას მაშინვე გაახსენდა, როგორც კი თვალი მოჰკრა მაღლა ჭერში განაბულ ბამბაქულას.
        ისე ლაღად, ისეთი გრძნობით იმღერა გოგონამ, რომ დარბაზში მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. მეტი გრძნობისგან ბამბაქულას ცრემლებიც კი გადმოსცვივდა, მაგრამ როდი შერცხვა: შეამჩნია, რომ დარბაზში ბევრს ეკიდა ცრემლი თვალზე.
        როგორც კი გოგონამ სიმღერა დაამთავრა, ბამბაქულა ჩუმად გაიპარა ფანჯრიდან. იგი გოგონას მეტს არავის შეუმჩნევია, ყველა ისე იყო სიმღერით მოჯადოებული.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები