ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2015


მხატვარი


მხატვარ ბიჭზე მოგიყვებით. მერაბ კოსტავას სახლთან ჰქონდა პატარა, ნესტიანი სახელოსნო...
არ მახსოვს, ოდესმე სუფთა ტანსაცმელი სცმოდა, მუდამ მოთხუპნული, საღებავებით დალაქავებული დაიარებოდა. არ მაღიზიანებდა, იმიტომ რომ ასეთი იყო, მართლა ასეთი, წამს არ თამაშობდა. უხეშსა და აუტანელს ცხოვრებაში, უმნიშვნელო ექცეოდა ხოლმე ტრაგედიად და ძლივს გამომყავდა.
სახელოსნოში ვსტუმრობდი ხშირად. ვიწყებდი ტიტინს გაუთავებლად, ზოგჯერ არც მისმენდა , მაგრამ მე მაინც ვლაპარაკობდი და არც მადარდებდა, არც თვითონ დაგიდევდათ დიდად, როცა რომელიმე ნახატს ვუწუნებდი და მხრებს ავიჩეჩდი, ვერაფერი გავიგე თქო. მახსოვს, იჯდა და ფუნჯის თავებს ჭამდა, სულ ილაპარაკეო, დინა, არასოდეს გაჩუმდეო ....
ერთხელ მითხრა - ოპიზარის ფრესკა გინახავსო, გაფითრებული თვალებით, იმას გავხარო სწორედ...
არ შევიმჩნიე, რომ არ მქონდა ნანახი, დღესაც არ ვიცი, რა ფრესკაა ეს...
- დამხატე მეთქი ვთხოვე და დამთანხმდა...კარგა ხნის მერე დამირეკა, წაიღეო. პორტრეტს ველოდი, გაწეწილი თმითა და თაფლისფერი თვალებით.
დიდ ტილოზე იყო შესრულებული, სახეები და ნახევარსახეები დაეხატა, ნახატის ერთ მხარეს ბავშვი ვარ და ხის ძირში ვზივარ ვიღაცის მომლოდინე, მეორე მხარეს გოგონა ვარ, სწორედ გაწეწილი თმით, მაგრამ უსახო. დანარჩენი სახეებია, ზოგან ვტირი, ზოგან გულგრილი, ზოგან მოწყენილი, ერთგან სისხლი მოწვეთავს ცრემლის წილ... და არსად, არსად არ ვ ი ც ი ნ ი !!!
კარმა დამიხატა თითქოს...
მოირა, რომელსაც ვერ ვცვლი !!! სხვა ნახატებიც მქონდა მისი. გამოფენისთვის ითხოვა, ყველა მივეცი ამ ერთის გარდა, ჩემი ჩემთანა თქო...
მერე ცოლი შეირთო, თავიდანვე არ მომეწონა მდედრი, კეკელკა ქალი ჩანდა. ვუთხარი კიდეც, შენ კი არ უყვარხარ, მხატვარი უყვარს მეთქი. გამებუტა.
მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. ისიც ითქვა : გოგონა ორსულად იყო და ნაყოფი მოიშორაო.
ფაქტს ვერც ვუარყოფ და დადასტურება, მით უფრო, არ ძალმიძს.
მხატვარი დაიკარგა. ბოლოს მონასტრის მოხატვაზე მუშაობსო მითხრეს და მკლავი ასტკივდაო. იცით ალბათ, როგორ სტანჯავთ მხატვრებს მკლავის ეს დაავადება. მალე დატოვაო მონასტერიც. შევეცადე, მომეძებნა, მაგრამ არ გამიკარა. მივუხვდი : იმდენად სძულდა წარსული, რომ მეც უსიამოვნო ფაქტად ვიქეცი ან რაღაცის შიშმა აიძულა, არ გამევლო მის სიახლოვეს. გავუგე და განზეც გავდექი...
დამრჩა მძევალივით, ნაომარი რკინის ჩაფხუტივით მისი ტილო , ჩემივე სახეებით დახუნძლული და ერთ სამსჭვალზე ჩამოკონწიალებული...
ის, ის თითქოს მზე ჩავიდა და თვითონ სხივს გაჰყვა მზის დასაბრუნებლად !!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები