ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
14 ოქტომბერი, 2015


ბამბაქულას თავგადასავალი (ცისფერი ქვეყანა, არწივი და ბამბაქულა)

    ც ი ს ფ ე რ ი        ქ ვ ე ყ ა ნ ა

ერთხელ ბამბაქულა ცას ძალიან მიუახლოვდა და თვითონაც ვერ გაიგო, ისე ამოჰყო თავი ცისფერ ქვეყანაში. აქ ყველაფერი ცისფერი იყო: მთები, ველები, ხეები, ყვავილები, ცხოველები და ადამიანებიც. კანიც ცისფერი ჰქონდათ, თმებიც და ტანსაცმელიც ცისფერი ეცვათ. ჰაერში ცისფერი ღრუბლები დალივლივებდნენ, ზღვა ხომ ცისფერი იყო და ცისფერი! რამდენი არ ეძება ბამბაქულამ, ვერც ერთი სხვა ფერი მაინც ვერ შეამჩნია.
        - ნუთუ აქ ყველაფერი ცისფერია? - იკითხა გაოცებულმა.
        - ყველაფერი ცისფერია, - უპასუხა ცამ, - ხომ მოგწონს?
        ეს ისეთი სიამაყით ჰკითხა ცამ, რომ ბამბაქულა მიხვდა, ძალიან ეამაყებოდა თავისი ცისფერი ქვეყანა და სასწრაფოდ მიუგო, ძალიან მომწონსო.
        თავიდან მართლა მოეწონა. ცისფერი ხომ მართლა ლამაზი ფერია, მაგრამ ყველაფერი ცისფერი ცოტა არ იყოს დამღლელი გამოდგა თვალისთვის. ბამბაქულას მხედველობის დაძაბვა სჭირდებოდა, რომ ერთმანეთისგან გაერჩია ცისფერი ჩიტი და ცისფერი ყვავილი, ცისფერი ცხენი და ცისფერი აქლემი, ცისფერი ხე და ცისფერი სახლი, ცისფერი ძაღლი და ცისფერი კატა . . .  ბოლოს ისე აუჭრელდა თვალები, სულ ვეღარაფერს ამჩნევდა. ცა კი აღარ ეშვებოდა თავისი შეკითხვებით, უნდოდა ბამბაქულასთვის ერთი ქათინაური მაინც დაეტყუა. „მითხარი, ხომ ლამაზია ცისფერი ქვეყანა?“ - ეკითხებოდა ცისფერი გაბრწყინებული თვალებით.
        ძალიან, ძალიან ლამაზია. . . - თქვა ბამბაქულამ და რაც შეიძლება სწრაფად დაეშვა ძირს, მიწისკენ, სადაც მრავალფეროვანი ქვეყანა ელოდა.
        ცა უკმაყოფილო დარჩა, ქება-დიდებას რომ ვეღარ ეღირსა ბამბაქულასგან და ნიშნისმოგებით მიაძახა:
        - ალბათ შენ თვითონაც ნატრობ, სულ ერთიანად ცისფერი იყო ჩემსავით.
        - მაშინ ხომ ბამბაქულას არავინ დამიძახებდა, - მოუჭრა სიტყვა ბამბაქულამ, - მე კი ეს სახელი ყველაზე მეტად მომწონს.
     
   
                                                ა რ წ ი ვ ი  და  ბამბაქულა

        ნიავისა და ბამბაქულას მეგობრობა სამაგალითო იყო ზღვისა და ხმელეთის ყველა ბინადრისთვის. ბამბაქულა ფეხს არსად ადგამდა ნიავის გარეშე, ნიავი კიდევ ბამბაქულას მზეს ფიცულობდა. თუმცა არც თუ ისე იშვიათად მაინც მოსდიოდათ უთანხმოება. ამაში უმეტესად ნიავი იყო დამნაშავე. თითქოს ძალ-ღონეს სცდისო, ისე თავდაუზოგავად ჩამოიქროლებდა ხანდახან, ღონიერ მკლავებს ბამბაქულას შემოხვევდა და ფრენა-ფრენით თან გაიტაცებდა ხოლმე. ბამბაქულას ძალიან აფრთხობდა ასეთი გიჟური ქროლვა. „ნეტავი თვალითაც არასოდეს მენახე, - ჩიოდა შიშისგან სუნთქვაშეკრული. - რად მინდა შენისთანა დამთხვეული მეგობარი. ვაი, ვაი, გვერდები მთელი აღარ შემრჩა. მომშორდი-მეთქი, არ გესმის შე თავქარიანო!“
        ნიავი საპასუხოდ მხოლოდ ქირქილებდა და კიდევ უფრო მეტი სისწრაფით მიაქროლებდა თავბრუდახვეულ ბამბაქულას, თანაც აქეთ-იქით ციბრუტივით ატრიალებდა და რბილ, ფაფუკ თათებს ნაწილ-ნაწილ უფლეთდა. თავს მხოლოდ მაშინ ანებებდა, როცა გულს მოიჯერებდა. სულ ერთიანად დაწეწილი ბამბაქულა სადმე მყუდრო ადგილას, მდინარის ან ზღვის მახლობლად მიფარფატდებოდა ჭრილობების მოსაშუშებლად. ძალიან ადვილად კი ახერხებდა ამას: დაფლეთილ-დაგლეჯილი კიდურები თვალის დახამხამებაში ერთიანდებოდნენ და ბამბაქულა ისევ ის ბამბაქულა იყო, ბუთხუზა და თოვლის გუნდასავით ჩამკვრივებული. ასეთ დროს უკვე გონს მოსული და ღონემოკრებილი, სიტყვას აძლევდა თავის თავს, იმ გიჟსა და თავქარიანს ახლოსაც არ გავეკარებიო; მაგრამ დაჰქროლავდა ნიავი, ახლა უფრო ნარნარად და შემპარავად...  ასე იცოდა ხოლმე, იმ გიჟური სრბოლის შემდეგ მუდამ კარგ ხასიათზე იყო. ერთი პირობა ბამბაქულა ცდილობდა არ აჰყოლოდა მის ქროლვას, მაგრამ ნიავის პირველსავე დაბერვაზე თავისდაუნებურად მთელი სხეული აუთრთოლდებოდა ხოლმე. ცოტაც და ... უკვე ჰაერში იყო. ერთი განავარდების შემდეგ თვითონაც შედიოდა ეშხში, ფართოდ გაშლიდა მკლავებს და ჰერი, ხელგადახვეული მიჰქროდნენ ცის სილურჯეში. აღტაცებულ ბამბაქულას ყველაფერი უკვალოდ ავიწყდებოდა და იმ წუთში ნიავზე უფრო საყვარელი და ძვირფასი არავინ იყო მისთვის. მერე ნიავს ისევ მოუვლიდა თავდაუზოგავი ქროლვის სურვილი, ისევ დაატრიალებდა ჰაერში და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
        ბოლოს ბამბაქულა ისე გაბეზრდა ნიავის ხუშტურებით, რომ გულში მტკიცედ გადაწყვიტა, დავემალებიო. დასამალავად ერთ ვიწრო ხეობაზე შეაჩერა არჩევანი. ხეობა მაღალ მთებს შორის იყო ჩაჭედილი. დრო იხელთა, როცა ნიავმა ერთი წამით თვალს მოატყუა, ჩუმად ჩაიპარა იმ ხეობაში, პირდაპირ მიწაზე გაწვა და შვებით ამოისუნთქა, აქ ვეღარ მომძებნისო ის თავქარიანი.
        დიდხანს იწვა იმ მყუდრო ხეობაში ბამბაქულა, არხეინად ისვენებდა და ბედნიერი ვარო, ფიქრობდა. ყველა ჭრილობა მოიშუშა, უფრო გაივსო და გაიზარდა. მაგრამ გავიდა დრო და ნელ-ნელა მოწყენილობა შეეპარა გულში. ლურჯად მოკამკამე ცამ გაახსენა, როგორ ლაღად დანავარდობდა ერთ დროს ნიავთან ერთად. ახლაც კინაღამ სულმა წასძლია ასაფრენად, მაგრამ თავი შეიკავა, იმ თავქარიანმა არ მომძებნოსო.
        ბევრი ითმინა, მერე თქვა: სულ ერთია რაც მომივა. ამ ხეობაში ჩაჭედვას ის მირჩევნია, ისევ ნიავმა დამაგლიჯოს გვერდებიო. მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება, მაშინვე მოინდომა ხეობიდან ამოსვლა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ვერ შეძლო.
        მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, სულ ერთიანად დაიძაბა, მეტისმეტი მონდომებისგან ოფლმაც კი დაასხა, ისე, რომ მთელი ხეობა დაინამა მისი ოფლით. არა, მაინც არაფერი გამოუვიდა.
        მიხვდა ბამბაქულა, ხეობიდან თავის დაღწევა არ ეწერა. ერთი პირობა ისიც კი სცადა, თავის მდგომარეობას შერიგებოდა. „აქა სჯობიაო“, უმტკიცებდა თავის თავს. აქ რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ცოცხლებში აღარ ვიქნებოდიო. ამას ამბობდა, თვალი კი მუდამ ლურჯად მოკამკამე ცისკენ გაურბოდა. შენატროდა იმ დროს, როცა ლაღად დაჰქროდა აღმა-დაღმა. რამდენჯერ უტირია კიდეც, მისი ცრემლები ნაკადულებად მოსჩქეფდნენ ხეობის ძირას, ფერიც სულ მთლად შეეცვალა. თეთრი ქათქათა ფერის ნაცვლად ახლა ნაცრისფერი დაედო, სევდა-ნაღველის ნამდვილი განსახიერება იყო.
        ბამბაქულას ასეთი არასასიკეთო ცვლილება იმ ხეობაში მობინადრე არწივმა შეამჩნია და ერთ დღეს ჰკითხა, რა დაგემართა, რა სულ ცხვირ-პირი ჩამოგტირისო.
        - აქედან წასვლა მინდა, ვერ მომიხერხებია და იმას ვტირი, - უპასუხა ბამბაქულამ და ღვარივით წამოუვიდა ცრემლები.
        არწივს ძალიან შეეცოდა ბამბაქულა.
        - მართლაც ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნილხარ, - თქვა მისი საცოდაობით თვითონაც ცრემლმორეულმა. - ტყვეობაზე უარესი ამქვეყნად არაფერია. მაგრამ ნუ დარდობ, გიშველი როგორმე.
        ამ სიტყვებით არწივმა ფართოდ გაშალა ვეება ფრთები და მძლავრად დაიქნია. დაუბერა მისი ფრთებით დაძრულმა ნიავმა და ბამბაქულა ჰაერში აიტაცა. ამოფრინდა ხეობიდან ბამბაქულა, როგორც იქნა, დააღწია თავი ტყვეობას. ნიავიც იქ გაჩნდა დაბარებულივით. სადა ხარ, რა ხანია დაგეძებო, ჩასჩურჩულა ყურში, გადახვია მკლავი და ძველებურად გააქროლა. ბამბაქულას ბედნიერებას საზღვარი აღარ ჰქონდა, მეტისმეტი სიხარულისგან არწივისთვის მადლობის თქმაც კი დაავიწყდა, მაგრამ არწივს არ სწყენია.  იცოდა, რომ თავისუფლების სიხარული ყველას ღვინოსავით აბრუებს. თვითონ ისედაც კმაყოფილი დარჩა, ხეობაში თავისუფლად ვეღარ დაფრინავდა ბამბაქულას წყალობით.
        ამის შემდეგ ბამბაქულა ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები ებუზღუნა ნიავის ხუშტურებზე. რას იზამ, ყველას თავისი ხასიათი აქვსო, ამბობდა ფილოსოფიურად, რაც მთავარია, ვუყვარვარ, არასოდეს მივიწყებსო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები