ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ოქტომბერი, 2015


Instagram

ერთი ძალიან კარქი ფოტოგრაფი კაცი იყო, რამაზი. ყველას და ყველაფერს იღებდა. თავის დროზე მისი ფოტოები სად არ გამოფენილა. ცოლი ჰყავდა ინეზა. რამაზი სიყვარულით და მოფერებით ინას ეძახდა. ინა რამაზზე 11 წლით უმცროსი იყო, ფიზიკა-მათემატიკური დაამთავრა და მერე უკვე ინფორმატიკას მიჰყო ხელი სერიოზულად. უკვე საკუთარ პროგრამებსაც წერდა, მაგრამ თავი რომ ერჩინა მელიქიშვილზე ფოტო სალონში დაიწყო მუშაობა. გამჟღავნებულ ლენტებს ასკანერებდა, აციფრებდა და მერე ფოტოშოპით ისე ამუშავებდა, რომ ყველას ანცვიფრებდა თავისი ხელოვნებით. რამაზმაც, სწორედაც იქ და თან საქმეში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე. ერთხელაც ფოტოების დასამუშავებლად მივიდა რამაზი მელიქიშვილზე, ფოტო სალონში. გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ინაც ჩვეულ რეჟიმში ფოტოებს ფოტოშოპით ამუშავებდა და საგაზაფხულო პერანგზე ზედა ღილებიც შეხსნოდა. ძალიან ლამაზი სანახავი იყო. რამაზს უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავში, სახე გაუბრწყინდა და უნებურად ღიღინი დაიწყო "გაზაფხული შემოსულა, ინ!". ინამაც ნაზად გაუღიმა და თვალებშიც შეანათა. რამაზმაც აღარ დააყოვნა და ამდენი ხანია ერთმანეთი მოგვწონს, მაიტა, ინ, ერთი ცოლად გამამყევიო. ინამაც, რატომაც არაო და ასე დაქორწინდნენ. შეუდგნენ ცხოვრებისეული ჭაპანის ტვირთვას. რამაზმა ქორწილების, დაბადების დღეების და სხვა "პრივატ ევენთების" გადაღებები დაიწყო. აბა, რა ექნა ოჯახი, ხომ უნდა ერჩინა. ინაც წამოიყვანა სამსახურიდან, ერთი დიდი პროფესიონალური კომპიუტერი უყიდა და სახლში დასვა. მოდი, შენს პროგრამებს და ინფორმატიკას მიხედე და რაც დრო გექნება მე მომეხმარე, ფოტოები ფოტოშოპით დამიმუშავეო. კარგიო, ინამაც და შეუდგნენ ახალ ცხოვრებას. დრო გადიოდა. რამაზს მობეზრდა რუტინული, ერთფეროვანი და არაარტისტული ყოფა, თან სამსახურიდან გამომდინარე სასმელის მიღება ხშირად უწევდა. თუმცა, მანამდეც არ იკლებდა შემოქმედებით წრუპვას, მაგრამ ის სულ სხვა იყო. ბოლოს ისე მოხდა, რომ რამაზის ქრონიკულმა "პახმელიებმა" ყოველდღიური სახე მიიღო. სახლიდან ისე ვერ გამოვიდოდა, რომ ასი გრამი მაინც არ ჩაერტყა და ამიტომაც ინა სასმელს ყოველთვის უმალავდა. მათი სიყვარული ნელ-ნელა ტანჯვაში გადადიოდა. ინა ხვდებოდა, რომ რაღაცას მალე თუ არ მოიმოქმედებდა, მთელი ცხოვრება უმალ ჩამოენგრეოდა. ის უკვე ამთავრებდა ბოლო პროგრამაზე მუშაობას და სჯეროდა, რომ სოლიდურ ფასადაც გაჰყიდდა.
ერთ ჩვეულ დილასაც რამაზი რისვაივაგლახით ადგა და მორიგი ქორწილის გადასაღებად წასვლისათვის გაემზადა. ძალიან ცუდად იყო, მხოლოდ ასი გრამი თუ უშველიდა, მაგრამ სახლში ინას ყველაფერი დაემალა. დარცხვენილი ბავშვივით მივიდა კომპიუტერთან გაფაციცებით მომუშავე ცოლთან და ვედრებით ამოილუღლუღა: ინ, სტა გრამ თუ არადა ვკვდებიო. ინა იმ წუთასვე გამოფხიზლდა და ხმამაღლა შეჰკივლა რამაზს, რაო, რა სთქვიო?! რამაზს კინაღამ გული გაუსკდა, მეჩხუბებაო. იფრინა ინამ, საიდანღაც ირლანდიური ვისკის ბოთლი გამოაძრო და თან ორი ჭიქაც მოაყოლა. რამაზს ბოლომდე შეუვსო ჭიქა, შენ იყავი კარგად და აჰა, ორასი გრამი იყოსო. თვითონაც დაისხა, მაგრად ჩაეხუტა ქმარს, მოდი ჩვენს ბედნიერებას გაუმარჯოსო და გადაჰკრა. ვაიმე, მგონი ცოლი გამიგიჟდაო და შიშით დალია სასმელი რამაზმაც. შენ გაიხარე, ჩემო ქმარო, მარკ ცუკერბერგთან მაქვს რახანია მოლაპარაკება და პროგრამის სახელს ვეძებდიო. მოდი, ერთიც კიდევ დავლიოთ, ჩვენი გამარჯვებისა იყოსო და ისევ ჩამოასხა ინამ...
დღეს ინა პალო ალტოში, ფეისბუქის მთავარ ოფისში წამყვანი და დაფასებული თანამშრომელია, ხოლო რამაზი კი კვლავ ჩვეული ბედნიერებით იღებს ყველას და ყველაფერს. განსაკუთრებით, კალიფორნიის კანიონებზე, ხედებზე და ბუნებაზე ფოტო ნადირობა მოსწონს.

"Instagram"
ტარიელ დათოდევაძე
California 2015

საქართველოს
კეთილსიტყვიერების
აკადემია
სკა - 2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები