ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: კარდუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ოქტომბერი, 2015


როგორ შეიქმნა კოკა–კოლა

1865 წელს ამერიკის ცხელ შტაში, ჯორჯიაში, ისევე როგორც მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი იყო. ათასობით ამერიკელი კონფედერაციის თუ ჩრდილოეთის მხრიდან ერთმანეთს ესროდა, კლავდა, ასახიჩრებდა. ამ ომში სამხრეთის შტატების არმიას ბევრ ნიჭიერ გენერალთან ერთად ხელმძღვანელობდა გენერალი ჯონ კლიფორდ პემბერტონი, მეტად უცნაური კაცი წარმოშობით ჩრდილოეთიდან, თუმცა სულითა და გულით სამხრეთის პატრიოტი. ბევრი საინტერესო რამ გადახდა ჯონ კლიფორდს ამერიკის სამოქალაქო ომის განმავლობაში თუმცა დღეს მასზე არ მოგითხრობთ, მოგითხრობთ მის ძმის შვილზე უბრალო ფარმაცევტზე და სამხრეთის არმიის ოფიცერზე ჯონ სტით პემბერტონზე. უმცროსი ჯონიც, უფროსის მსგავსად თავგამოდებით იცავდა კონფედერაციას, თუმცა 1865 წელს მკერდში მძიმედ დაიჭრა და იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო. მაგრამ  ნაჭრილობევი კიდევ დიდხანს ტანჯავდა და ომის დღეებს ახსენებდა. იმ პერიოდში სამოქალაქო ომის მრავალი ვეტერანი ჯონ პემბერტონივით იტანჯებოდა ნაიარევებით და ალკჰოლიზმიცა და მორფინზე დამოკიდებულებაც გახშირდა. პემბერტონიც არ ყოფილა გამონაკლისი, მორფინითა და ოპიუმით დაამებული ტკივილები მოგვიანებით ამ ნარკოტიკებზე არანაკლებ მტანჯველმა დამოკიდებულებამ შეცვალა.
თუმცა ჯონ პემბერტონი გარდა ომის ვეტერანისა დიპლომირებული ფარმაცევტიც იყო და 1866 წლიდან შეუდგა მორფინის ჩამნაცვლებელი უფრო უსაფრთხო პრეპარატის ძიება/შექმნას. იმ დროისათვის შეიძლება ითქვას, მოდაში შემოდიოდა ახალი ნარკოტიკი კოკაინი, სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მცენარის კოკას ბუჩქების ფოთლებისაგან დამზადებული ნივთიერება. კოკაინი მაშინ, მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში აბსოლუტურად უსაფრთხო ნარკოტიკად ითვლებოდა და პემბერტონმაც ექსპერიმენტები დაიწყო.
ოცი წლის განმავლობაში სხვადსხვა სახის მიქსტურებს ამზადებდა თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღო ბოლოს კი ყველაფერი იმით დასრულდა რომ 1885 წელს, იმ დროისათვის ევროპაში საკმაოდ პოპულარული სასმელის საკუთარი ვარიანტი შექმნა.
ეს სასმელი იყო მარიანის ღვინო და იგი კორსიკული წარმოშობის ფრანგმა ქიმიკოსმა ჯორჯიო მარიანიმ შექმნა 1863 წელს. სასმელი ბორდოული ღვინოსა და კოკას ფოთლების ექსტრაქტისაგან მზადდებოდა. სასმელი ევროპის მაღალ წრეებში ძალზედ მიღებული იყო და მის საქებრად სიტყვებს არ იშურებდნენ ალექსანდრე დიუმა, ჟიულ ვერნი, არტურ კონან დოილი, რობერტ ლუის სტივენსონი, ჰენრიკ იბსენი, საფრანგეთის მაშინდელი მთავარი რაბინი, დედოფალი ვიქტორია და რაც უნდა საოცრად ჟღერდეს დღევანდელობის გადმოსახედიდან რომის ორი პაპიც კი პიუს მეათე და ლეო მეცამეტე. თუმცა მარიანის ღვინო სრულად აიკრძალა პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მანამდე იყო 1885 წელი, შტატი ჯორჯია და ჯონ პემბერტონი, რომელმაც ადგილობრივი ღვინის გამოყენებით, კოლას ნაყოფითა და კოკას ფოთლებით შექმნა „პემბერტონის ფრანგული ღვინო კოკა“ ასე დაარქვა თავის სასმელს ჯონმა და ვინ იცის რა წარმატებას მიაღწევდა ეს სასმელი რომ არა ერთი შემთხვევა.
ეს შემთხვევა კი 1885 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება იყო, გადაწყვეტილება ჯორჯიის შტატის მთავრობამ მიიღო, იგი უფლებას აძლევდა ჯორჯიის ყველა ოლქს ჩაეტარებინა პლებისციტი ალკოჰოლის აკრძალვის შესახებ. შედეგმაც არ დააყოვნა, ფულტონის ოლქმა რომელშიც ატლანტაც შედიოდა 1885 წლის 25 ნოემბერს პლებისციტის საფუძველზე აკრძალა ოლქში და ატლანტაში ალკოჰოლით ვაჭრობა. ჯონ პემბერტონსაც სხვა რაღა დარჩენოდა, შეაჩერა თავისი მარიანი ღვინის წარმოება და ახალ, უალკოჰოლო რეცეპტზე დაიწყო ფიქრი. პემბერტონს მაშინ რომ სცოდნოდა აკრძალვა მხოლოდ ორ წელიწადს გასტანდა და 1887 წლის პლებისციტზე უკვე ალკოჰოლის მოყვარულები გაიმარჯვებდნენ ალბათ უბრალოდ დაელოდებოდა და  ატლანტელებიც 1886 წლის მაისის ცხელ დღეს ვერ იხილავდნენ ერთერთ აფთიაქში კოლას მარცვლებით, კოკას ფოთლებით, დამწვარი შაქრის სიროფითა და კიდევ რაღაც საიდუმლო ინგრედიენტით დამზადებულ სასმელს, რომელიც როგორც პემბერტონი ამბობდა აყუჩებდა ტკვილს, კურნავდა მორფინზე და ოპიუმზე დამოკიდებულებას, ნევრასთენიას, დეპრესიას და იმპოტენციასაც კი; და რომელსაც პემბერტონის აფთიაქის ბუღალტერმა ფრენკ მეისონ რობინსონმა მარტივი, მაგრამ გენიალური სახელი კოკა-კოლა უწოდა, როგორც ცნობილია მეისონმა თავისი ლამაზი კალიგრაფიით კოკა კოლის ლოგოც შემნა რომელიც აგერ უკვე 130 წელია უცვლელია.
გასაკვირი არაა რომ თავიდან კოკა კოლამ ვერ მოიპოვა პოპულარობა, ამბობენ პირველ წელს მოგება სულ შვიდი დოლარი დატოვაო, მაგრამ პემბერტონი ალბათ გრძნობდა რომ რაღაც ძალიან დიდის და ლეგენდარულის სათავესთან იდგა, ტყუილად კი არ ამბობდა „ერთხელაც ეს სასმელი ეროვნული სასმელი გახდებაო“ და საქმე არ მიუტოვებია მანამ სანამ არ გარდაიცვალა 1888 წელს 57 წლის ასაკში. სიღარიბეში, მორფინზე დამოკიდებული და კუჭის კიბოთი გატანჯული. შეთქმულების თეორიების მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია, პემბერტონის საფლავს აწერია რომ ის თავისუფალი მასონი იყო
ზუსტად იმ წლებში როცა ოკეანის გაღმა, რუსეთის პროვინციული გუბერნიის მთავარ ქალაქში ქუთაისში მიტროფანე ლაღიძე ლიმონათის ქარხნის მმართველი გახდა, პემბერტონი მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავის პარტნიორებთან მათთვის კოკა კოლის ფორმულის მიყდვის მიზნით, მორფინზე დამოკიდებულება საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო და პემბერტონების ოჯახი გაღატაკებამდე მიიყვანა. მომლაპარაკებლებს შორის იყო ბიზნესმენი ასა კენდლერი, ენერგიული, ქარიზმატული, იდეებით აღსავე პიროვნება ჯორჯიის პროვინციიდან.
პემბერტონმა, ძირითადად მისი შვილის ზეწოლით სიცოცხლეში მოასწრო და კოკა კოლის ფორმულა რამდენიმე ადამიანს მიჰყიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კოკა კოლის დარჩენილი აქციები მემკვიდრეობით მის ვაჟზს ჩარლზს გადაეცა, თუმცა ისიციც მამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა და რადგან თავადაც ოპიუმის მომხმარებელი იყო საბოლოოდ გაასხვისა კოკა კოლის აქციები.
ასა კენდლერი ბიზნესმენის ინტუიციით გრძნობდა რომ ეს ახალი სასმელი უბრალო რამ არ იყო და სულ მალე ყველა უფლების გამოსყიდვაც შეძლო სულ რაღაც 550 დოლარად, თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში 550 დოლარი კარგი ფული იყო და სულაც არაა გასაკვირი კენდლერმა ამ ფასად რომ შეიძინა კოკა კოლაო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ სულ რამდენიმე წელიწადში ასა კენდლერი მილიონერი გახდა მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ კოკა კოლა კენდლერმა საკმაოდ იაფად ჩაიგო ხელში.
1892 წელს დაფუძნდა the coca-cola company კომპანია რომელიც დღემდე ყიდის ამ სასმელს, ხოლო ასა კენდლერის აგრესიულმა მარკეტინგმა კოკა კოლა სულ მალე ყველაზე პოპულარულ სასმელად აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. კენდლერი წარმატებით ხელმძღვანელობდა კომპანიას 1916 წლამდე, ამ წელს მილიონერი, ფილანტროპი და უკვე პოლიტიკოსი კენდლერი ატლანტის მერად აირჩიეს.
თუმცა მანამდე კოკა კოლას ერთი დიდი და საფუძვლიანი ცვლილება ელოდა. მეცხრამეტე საუკუნის 90იან წლებში საზოგადოებაში აზრი კოკაინის შესახებ დადებითიდან უარყოფითისკენ შეტრიალდა, ის უკვე აღარ ითვლებოდა უწყინარ ნარკოტიკად. 1903 წელს კი როცა კოკა კოლის კომპანია 120 000 დოლარიანი ბრუნვით ამერიკის ყველაზე პოპულარული სასმელი გახდა, გაზეთში „ნიუ იორკ ტრიბუნი“ გამოქვეყნდა სტატია სადაც ავტორი წერდა რომ სწორედ კოკა კოლით გაბრუებული ზანგები ესხმოდნენ თავს თეთრკანიანებს და ძარცვავდნენ და ატერორებდნენ მათ. კოკა კოლა სტატიას იმით გამოეხმაურა რომ თუ აქამდე სასმელში კოკას ცოცხალ ფოთლებს ურევდნენ ამის შემდეგ გამოწურული, გამხმარი და კოკაინამოცლილი ფოთლების შერევა დაიწყეს. ანუ კოკა კოლა სამუდამოდ დაემშვიდობა კოკაინს და დღემდე სწორედ ასეთი ფორმით მიეწოდება მომხმარებელს. ამის შემდეგ კოკა კოლა აღარასოდეს ყოფილა ისეთი როგორიც ის პემბერტონმა შექმნა, თუმცა გრანდიოზული სარეკლამო კამპანიებით და მსოფლიო ბაზრების დაპყრობის აგრესიული გეგმებით კოკა კოლა კვლავ რჩებოდა მოწინავე პოზიციებზე. ამ დროს კი მისი უშუალო კონკურენტი, რომელიც ბაზარზე 1895 წელს გამოჩნდა ძალ-ღონეს არ იშურებდა დასწეოდა და გადაესწრო კოკა კოლისათვის.
პეპსი კოლაც თავიდან შეიქმნა როგორც წამალი, თუმცა მასში კოკაინი ან სხვა რამ ნარკოტიკი არასდროს შედიოდა ამიტომ პეპსიმ პოზიციონირებაც ასე დაიწყო, უსაფრთხო სასმელია და ბავშვებისთვისაც შეიძლებაო, რამაც საწყის ეტაპზე კოკა კოლას მომხმარებლების დიდი სეგმენტი წაართვა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის გადაესწრო, მაგრამ არც დანებებას აპირებდა და ბრენდების ასწლიანი ომის მომწმეებიც გაგვხადა. ომი გადამწყვეტ ფაზაში 80იან წლებში შევიდა. საქმე ის გახლავთ რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას კოკა კოლას გამაგრილებელი გაზიანი სასმელების ბაზარზე 60%ანი წილი მყარად ეკავა, 80იანებში კი მისი წილი 25%ს ჩამოსცდა და ეს დიდწილად სწორედ პეპსი კოლას დამსახურება იყო, პეპსი კოლა მეტად იყიდებოდა მარკეტებში, ახალგაზრდები ირჩევდნენ პეპსის და მხოლოდ ავტომატებისა და კაფეში ჩამოსასხმელი კოკა კოლის ხარჯზე ინარჩუნებდა კოკა კოლა პირველობას. და კოკა კოლის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტს სერჯიო ზიმანსა და კომპანიის პრეზიდენტს ბრაიან დაისონს რაღაც უნდა ეღონათ, ჰოდა იღონეს კიდეც, დაიგეგმა ზესაიდუმლო ოპერაცია „პროექტი კანზასი“.
პროექტი კანზასი გულისხმობდა ახალი კოკა კოლის შექმნას, საქმე ის იყო რომ კომპანიაში გადაწყვიტეს პეპსი კოლა იმიტომ გვიგებს ომში რომ ის უფრო ტკბილია და შესაბამისად მეტ ხალხს მოსწონსო, ამიტომ ჩვენც უფრო ტკბილ კოკა კოლას გავაკეთებთ და იოლად დავიბრუნებთ დაკარგულ პოზიციებსო.
მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენლები, ახალი კოკა კოლის ნიმუშებით შეიარაღდნენ და ხალხში გავიდნენ. დაგემოვნების ტესტმა საოცარი შედეგები აჩვენა დიდი უმრავლესობა ვინც ახალი კოკა კოლა გასინჯა ერთხმად ამბობდა რომ ეს უცხო სასმელი პეპსისაც ჯობს და კოკასაცო, შემდეგ გამოკითხულებს ჰკითხეს, ამ სასმელს რომ კოკა კოლა ერქვას თუ იყიდიდითო, აქაც უმრავლესობამ კიო რა თქმა უნდა და მხოლოდ 10-12% პროცენტმა განაცხადა რომ საერთოდ შეწყვეტდა კოკა კოლის ყიდვას. დეგუსტაციის შედეგები ცხადყოფდა რომ სულ მალე მსოფლიოს ახალი კოკა კოლა უნდა ეხილა და ეს ასეც მოხდა 1985 წლის აპრილში. თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა, კოკა კოლის ერთგულმა მყიდველებმა წერილებით აავსეს კომპანიის მთავარი ოფისი „ამას გვერჩივნა გეთქვათ რომ ღმერთი არ არსებობს“, „ჩვენ აღარ ვიყიდით კოკა კოლას“ ასეთი და მსგავსი შინაარსის წერილები ტომრებათ ეწყოთ ოფისში და ფიქრობდნენ როგორ გამოესწორებინათ სიტუაცია. გამოსავალი მარტივი და პრინციპშოი ერთად ერთი იყო, სამიოდ თვეში ბაზარზე ძველი კოკა კოლა დაბრუნდა სახელწოდებით კლასიკური კოკა კოლა. დაბრუნებამ ისეთი კომერციული ეფექტი მოუტანია კომპანიას რომ შეთქმულების თეორიის მოყვარულები აჩურჩულდნენ, სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი პიარსვლა იყოო.
ეს იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი ამ ორი დიდი კომპანიის ომიდან რომელსაც „კოლას ომებიც“ კი შეარქვეს, შესაძლებელია ყველაზე დრამატული ეპიზოდი, მაგრამ არა ერთადერთი. თუმცა პეპსიკოსა და კოკა კოლა კომპანი პაექრობაზე საუბარი შორს და სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანს ჩვენ კი უნდა დავუბრუნდეთ მთავარ თემას.
კომპანიის არსებობის 130  წლის მანძილზე კოკა კოლამ უდიდესი გავლენა იქონია არამარტო ადამიანებსა და მათ გემოვნებაზე არამედ ზოგადად კულტურაზე, პოპკულტურაზე, ტრადიციებზე და მსოფლმხედველ,ობაზეც კი, აქ ერთი ფილმი გამახსენდა მტერი ჩემი ასე ჰქვია, ფანტასტიკური ჟანრის ფილმია და ადამიანების და უცხოპლანეტელების ომზე მოგვითხრობს, ჰოდა ამ ფილმში მთავარი გმირი რაღაც პლანეტაზე მოხვდება სადაც წესით მანამდე ადამიანს ფეხი არ უნდა დაედგა, ჰოდა ამ უკაცრიელ პლანეტაზე კოკა კოლის ქილას იპოვის და დანანებით გაჰკრავს ფეხს, კოკა კოლა ამერიკული ე.წ. კოლონიალიზმის სიმბოლოდ იქცა, ასე იყო თუ ისე თავად კოკა კოლა პოლიტიკაში არასდროს ერეოდა, უფრო სწორად ის პოლიტიკის გარეთ იყო ყოველთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს როცა ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩაბმული ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში, იმავე ნაცისტურ გერმანიაში მთელი სიმძლავრით მუშაობდა კოკა კოლის ქარხანა, ერთი ის იყო რომ კოკა კოლის სიროპის მიწოდება გართულდა ემბარგოს გამო ამიტომ მაქს კაიტმა, კოკა კოლა დოიჩლანდის ხელმძღვანელმა მოიფიქრა შეექმნათ გამაგრილებელი გაზიანი სასმელი იმით რაც მაშინ გერმანიაში იშოვებოდა, შემდეგ შეკრიბა თანამშრომლები და დაავალა აემუშავებინათ ფანტაზია და ამ ახალი სასმელისათვის მოეფიქრებინათ კარგი სახელი, ერთერთმა გამყიდველმა ჯო ნიპმაც ფანტაზიაო გაიგონა და წამიერად მიახალა ფანტა, ასე გაჩნდა ფანტა ნაცისტურ გერმანიაში. ეს რაღა თქმა უნდა არ იყო ერთადერთი შემთხვევა როცა კოკა კოლამ ზეპოლიტიკურობა გამოიჩინა. 1980 წელს როცა დემოკრატიულმა მსოფლიომ მოსკოვში ჩასატარებელ ოლიპმიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის გამო და ეს ოლიმპიადა საბჭოთა ქვეყნების სპარტაკიადას უფრო დაემსგავსა კოკა კოლამ ყოყმანის გარეშე იტვირთა მოვალეობა ამ ოლიმპიადის ოფიციალური სასმელი ყოფილიყო და შესაბამისად რამდენიმე ასეულ მილიონიანი საბჭოთა ბაზრის ათვისება დაეწყო, რომელსაც აგერ უკვე 15 წელია პეპსიკოლა მარტოდ მარტო უმკლავდებოდა, თუმცა ესეც სხვა ისტორიაა, ასეთი და მსგავსი ისტორიები კი ამ სასმელს უამრავი შეხვედრია განვითარების გზაზე,  ახლა თავს აღარ შეგაწყენთ ისედაც ბევრი გესაუბრეთ, უბრალოდ გირჩევთ თუკი ამის წაკითხვის შემდეგ კოკა კოლით მოგინდებათ პირის ჩაგემრიელება ჭიქაში ყინული ზომიერად ჩაყარეთ და ერთი ნაჭერი ლიმონი ჩააგდეთ, ანდა თქვენ როგორც მოგინდებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები