ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: საბავშვო
16 ოქტომბერი, 2015


სიურპრიზი

    ყოველდღე თამაშობს გვანცა თავისი სათამაშოებით და  ყოველდღე თან სდევს  ოცნება:  ნეტა გაცოცხლდნენ!
        ძალიან უყვარს სათამაშოები. მაღაზიებშიც დედას რომ დაჰყვება, თვალს ვერ აცილებს თოჯინებს, დათუნიებს, მაიმუნებს, სხვდასხვა ზღაპრი გმირებს, მატარებლებს, მანქანებს. . . ეს მინდაა - ხვეწნას უწყებს ხოლმე დედას.  დედაც, რაც შეუძლია, ყიდულობს, მაგრამ გვანცას არ ყოფნის.
      ჰოდა, ამშვენებს მის ოთახს უამრავი თოჯინა, ფისო, ძაღლი, დათუნია, ბატი, გველიც კი. ჰყავს ზღაპრის რამდენიმე გმირიც. არ ჰყოფნის, რაღაც სხვა უნდა.
      ერთ დღესაც მიხვდა, რაც უნდოდა. მარტო რაოდენობა არ ყოფილა პრობლემა. გვანცას უნდა მისი სათამაშოები ელაპარაკებოდნენ, ამბებს უყვებოდნენ და ეთამაშებოდნენ. აი, რა უნდა!
      მორჩა! ამიერიდან მოსვენებს აღარ აძლევს ამაზე ფიქრი. უნდა გაცოცხლდნენ, აღარ უნდა რომ ჩუმად უყურებდნენ, თავის ნებაზე ატაროს, ათრიოს ან დაამტვრიოს. უნდა რომ მათ პასუხი გასცენ, ეჩხუბნონ, ელაპარაკნონ.
      - რატომ არ ცოცხლდებიან სათამაშოები? - ეკითხება ბებიას.
      - როგორ გაცოცხლდებიან სათამაშოები ბებო, ისინი ხომ ადამიანმა გააკეთა, უსულო საგნები არიან, ვერ გაცოცხლდებიან.
        გვანცას არ აკმაყოფილებს პასუხი.
      - მე მინდა რომ გაცოცხლდნენ, ერთად ვჭამოთ, დავიძინოთ, ტელევიზორს ვუყუროთ, ლიზის დავუძახოთ.  ლიზი მეზობელი გოგოა, გვანცაზე ცოტა უფრო პატარა, ერთმანეთთან დადიან ხოლმე სტუმრად.
        გადის გარკვეული ხანი და მერე ისევ იწყება. - რატომ არ მელაპარაკებიან? - ბუზღუნით უბრუნდება საქმეს გვანცა.
        - ვერა, ბებო. ესენი ხომ ადამიანები არ არიან, ადამიანს, ცხოველებს სისხლი აქვთ, ცოცხლები არიან. ხომ გახსოვს, ხელი რომ გაგეკაწრა, სიხლი მოგდიოდა.
        ბებოს იმედი აქვს, რომ დამაჯერებლად უხსნის შვილიშვილს. გვანცას თავში კი იდეა ჩნდება: „ მე თვითონ გავაკეთებ სისხლს!“
        სისხლი წითელია, გაკაწვრის  დროს წითლად მოჩანს, ამიტომ სისხლს დავუმზადებ ჩემს სათამაშოებს და ამოძრავდებიან.  გვანცა საქმე შეუდგა. აიღო ჭიქა, ჩაასხა წყალი  ჩაუმატა  სახატავად მორთმეული საღებავი. წყალი გაფერადდა, გაწითლდა, გვანცამ ცოტა კიდვ დაუმატა და მართლა სისხლის ფერი გახადა.
        - ახლა მე ამას თოჯინას და კურდღელს ჩავასხამ პიველ რიგში - გაიფიქრა თავდაჯერებულად და სათამაშოებისთვის თავების მოძრობა დაიწყო. სისხლი ჩაისხა და გვანცამ ლოდინი დაიწყო. გავიდა ცოტა ხანი, არც თოჯინა გაცოცხლდა, არც კურდღელი. გვანცა მოთმინებით უცდიდა. ამასობაში დღეც მიილია და დაიძინა. დილით იგივე მდგომარეობა დახვდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ თავი ისევ მოაძრო სათამაშოებს, ხომ სისხლი ადგილზეაო და ამ დროს დედა შემოვიდა. რომ ნახა, რა ჩაედინა მის შვილს, სასწრაფოდ წაართვა შეღებილი წყლით გაჭყეპილი სათამაშოები და საღებავიც საგულდაგულოდ გადაიმალა.
        - ადამიანი და ცხოველები რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, ღმერთმა სული შთაბერა - ამშვიდებს ბებო გვანცას - ამიტომ არიან ცოცხლები. გვანცას ეს აზრიც მოსწონს. სათითაოდ ყველა სათამაშოს სულის ბერვა დაუწყო. შეისუნთქავს ღრმად ჰაერს, შეუბერავს ხან თოჯინას, ხან დათუნიას ან ბატს, შედეგი არაა. გვანცას ჰყოფნის მოთმინება, კიდევ ერთი დღე იცდის. ზის თავის ოთახში და ელოდება როდის დაელაპარაკება თოჯინა, როგორ გადმოხტება სპაიდერმენი, იბაჯბაჯებს ბატი, რბილი ნაბიჯებით წამოვა ფისო ან ცუგა გაუქიცინებს კუდს.
        გულდაწყვეტილია, რატომ ვერ გააცოცხლა უსულო მეგობრები? არადა, როგორ უნდა. ეს არაა საკმარისი?  ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებს მათ და უცბად რას ხედავს:  ჭრელი ფისო წამოიწია, გაიზმორა ნამდვილივით და რბილად გადადგა ნაბიჯი.
      გვანცა თვალებს არ უჯერებდა. ვერც ვერაფერი თქვა სიხარულისა და გაკვირვებისგან. ჯერ უნდოდა დაეძახა: დედა!!  გავაცოცხლე ჩემი სათამაშოები!  მერე  გაიქცეს ლიზისთან, მოიყვანოს და ამაყად აჩვენოს რა შეძლო, მაგრამ პრაქტიკულობამ სძლია და ეს საქმეები გადასდო. ჯერ ხომ თვითონ უნდა გაეცნოს თავის სათამაშოებს, ჯერ რა საჭიროა სხვებმაც ნახონ და გაიგონ? მერე უცბად გაამჟღავნებს, რა სახეები ექნებათ - ფიქრობდა გვანცა.  სათამაშოები კი იწყებდნენ ნელ-ნელა მოძრაობას. აი, ბარბი თვალებს ახამხამებს, აფახულებს ლამაზ წამწამებს,  თავის პატარა კარადასთან მიდის და სარკეში იყურება. სპაიდერ მენმა ნელა დაიწყო ხტუნაობა, თითქოს დიდ ნახტომამდე მოთელვას აკეთებსო, ბატმა ფრთები გაშალა და აბაჯბაჯდა, ცუგა კუდს აქიცინებს და ერთ ადგილას ტრიალებს, ფისო გადი-გამოდის, ყველაფერს აკვირდება, პატარა მწვანე გველმა სრიალი დაიწყო, თან სულ არაა საშიში, ძალიან საყვარელია . . .
      - რა კარგია! ამბობს გვანცა, დამელაპარაკებით, ვითამაშებთ ერთად. თან გული ამოვარდნაზე აქვს აღელვებისგან.
      - მართალია ეთანხმება ბარბი, თან თმას ისწორებს, - ჩვენ სულ შენთან ვიქნებით, ვისეირნებთ კიდეც შენთან ერთად.
      - მე კი შენს გასართობად სხვადასხვა ილეთებს და ოინებს გავაკეთებ - სიტყვას აწევს სპაიდერმენი და  ნახტომით ადასტურებს.
      - აქამდე რატომ მალოდინეთ? - ეკითხება გვანცა ახალ  მეგობრებს, აღარ იცის რა ჰკითხოს, ისეა გახარებული, სუნთქვა ეკვრის.
      - ჩვენ ყოველთვის გვესმოდა შენი. შენ გგონია, რომ არ გისმენდით ან არ გიჯერებდით. ვიცით, როგორ ნერვიულობდი ჩვენზე.
      - გგონია, ვერ ვგრძნობდი, როცა  მჩქმიტავდი, მაწვალებდი? - უკმაყოფილოდ წამოიკნავლა ფისომ.
      - ეს იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ - მიუალერსა გვანცამ და ხელში აიყვანა.
      - მე კი კუდით მატარებდი ან მკიდები - საყვედურით შეხედა მწვანე გველმა.
      ცუგამ მიირბინა და კუდის ქიცინით წინ დაუდგა, თან წვრილი ხმით წამოიყეფა, რითაც მეგობრების სიტყვები დაადასტურა.
        ყველამ ერთად გაიხარა. დაიწყეს ოთახში ანცობა, თამაში. ბარბიმ თავის ჩაიდანს თავი მოხადა, წყალი ჩაასხა და გაზზე შემოდგა. მის სახლს ხომ არაფერი აკლდა, პატარა მაცივარიც კი ედგა. სხვა თოჯინებმა მაგიდაზე ჩაის სათამაშო სერვისი დადეს.  სპაიდერმენმა კედლები მოიარა, ცუგა და ფისო ერთმანეთთან თამაშ-კამათით დარბოდნენ, ასევე დათუნია, რობოტი და სხვა რამდენიმე პატარა თოჯინა პატრონს ესალმებოდნენ და ეთამაშებოდნენ.
      რა გაიხარა გვანცამ!! დარბოდა, იცინოდა, კოტრიალებდა მათთან ერთად.
სათამაშო მატარებელიც ჩართეს და სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა.
      - ჩუმად! - უცბად თითი ტუჩებთან მიიტანა ერთ-ერთმა თოჯინამ და ყველა გაჩერდა.
      - რა ხდება? - იკითხა გაოცებულმა გვანცამ.
      - მგონი დედა მოდის - თქვა სპაიდერმენმა. 
      მერე რა? - გაიკვირვა გვანცამ. - დედამ იცის, როგორ მინდოდა გაცოცხლებულიყავით და ისე გვემეგობრა.
        - ჯერ არა - გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ბარბიმ, - მერე მოვა მაგის დრო.
        გვანცას გული დასწყდა. როგორ უნდოდა დედიკოსთვის გაემხილა თავისი მიღწევა - წარმატების შესახებ.
        - კარგი, ჯერ არ  ვეტყვი დედიკოს დ მამიკოს, არც ლიზის ვუთხრათ?
        - კი, ლიზის ვეტყვით მერე - უპასუხა რობოტმა და გაჩუმდა.
          დედამ კარი გააღო და შემოიხედა.
        - რა ხმაურია გვანცა? - იკითხა.
        - არაფერი დედა,  მატარებელი ჩავრთე და სათამაშოებს ვასეირნებდი - აუხსნა გვანცამ.
        - ჭკვიანად იყავი, არაფერი გააფუჭო, მალე ძილის დრო მოვა - გააფრთხილა დედამ და გავიდა.
        ძილის გახსენებაზე გვანცას ახალი შეკითხვები გაუჩნდა.
        -  თქვენც დაიძინებთ ჩემთან ერთად? - ჰკითხა მეგობრებს.
        - ჩვენ ყოველთვისაც შენთან ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით - აუხსნეს მათ. - გგონია, შენ რომ ძილი გერეოდა, ჩვენს მასე არ ვიყავით? დაწოლის  წინ რომ ყველას თავის ადგილზე გვსვამდი, მაშინ ვიძინებდით. დილით კი შენთან ერთად გვეღვიძებოდა.
          - სიზმრებს ნახულობთ?
          - სიზმრები შენ უნდა ნახო, ჩვენ არა. ჩვენი სიზმარი ის არის, რომ შემოვდივართ შენს სიზმრებში, როცა იძინებ.
          - იცი, რამდენჯერ გნახეთ სიზმარში?  - თვალები უბრწყინდება გვანცას. ერთხელ ფისო ჩამიჯდა კალთაში, რობოტი მანქანით დადიოდა. მერე კიდე სხვა სხვა დროს ვნახე, ვითომ მე და ბარბი ერთად ვსეირნობდით, ცუგამ ხელი გამილოკა  . . .
          - ეს ყველაფერი მართლა მოხდა - აუხსნა ფისომ. მაგ დროს მართლა შენს გვერდით ვიყავით. უბრალოდ ამას ვერავინ დაინახავდა და გაიგებდა.
        - ვერც მე - წყენით თქვა გვანცამ. ველოდებოდი, როდის გამცემდით ხმას.
        - გახსოვს?  ავად იყავი, სიცხე გქონდა - შეეკითხა ბარბი. ჩვენ ყველანი ვხედავდით ამას. დედამ წამლები დაგალევინა. ადრე დაგეძინა. დილით რომ გაიღვიძე, ჩვენთან იყავი ჩახუტებული.
      - მახსოვს!  შენთან და დათუნიასთან. ფეხებთან ფისო მეჯდა - წამოიძახა გვანცამ.
      - მარტო წამლებს არ უმკურნალიათ შენთვის. მეგობრებს რომ შენთან ერთად გვეძინა, მაგანაც მოგარჩინა. ერთად დავამარცხეთ ავადმყოფობა - ამაყად თქვა დათუნიამ.
      - ყველანი ველოდით, როდის გახდებოდი კარგად და ისევ ერთად ვითამაშებდით - განაგრძობდა დათუნია. მეორე დილით სიცხემ დაგიწია. კარგად რომ გახდი, ყველანი გავმხიარულდით.
      - მართლაც! - თვალები გაუბრწყინდა გვანცას, - კარგად რომ გავხდი, გარშემოც ისე კარგი იყო ყველაფერი, თქვენც მხიარულად გამოიყურებოდით.
      - ეს სულაც არ მოგჩვენებია - საუბარში ჩაერთო რობოტი და პრაქტიკული იერით მიატრიალ - მოატრიალა თავი - ჩვენ მართლაც შევუერთდით შენს სიხარულს.
      - კიდევ რა გვახსოვს კარგად იცი? - ეშმაკური ღიმილით უთხრა პატარა თოჯინამ, რომელსაც გვანცა ციცის ეძახდა, - შენი დაბადების დღე. დიდი ტორტი შემოიტანეს ოთახში და სანთლები ჩააქრე. ყველანი გხედავდით.
      გვანცა მეცხრე ცაზე იყო სიხარულით. თურმე სათამაშოები მართლაც მისი მეგობრები ყოფილან. იზიარებდნენ მის სიხარულს თუ ცუდად ყოფნას. ის კი ბრაზობდა, ხმას რომ არ სცემდნენ. გული აუჩუყდა, სათითაოდ მიეფერა ყველას.
      - ბავშვები სათამაშოებს ხშირად აფუჭებენ, ამტვრევენ ან თავს აძრობენ ხოლმე - საყვედურის კილოთი თქვა რობოტმა, - ჩვენ მათი გამხიარულბა გვინდა, ისინი კი ნაგვად გვაქცევენ ხოლმე.
      - მე ყოველთვის გაგიფრთხილდებით, სხვა ბავშვებსაც დავარიგებ ხოლმე - დაამშვიდა გვანცამ.
      - მხიარულება გაგრძელდა; ბურთიც გააგორეს. გვანცა ძალიან გაახალისა სპაიდერმენის ნახტომებმა, ფისოს რბილი თათებით სირბილმა, ბარბის დიასახლისობამ. ცუგა და დათუნია ხომ სულ თან დასდევდნენ.
      - ლიზი! - წამოიძახა უცებ, - ლიზის ხომ უნდა გავაგებინოთ, რომ ველაპარაკებით და ვეთამაშებით ერთმანეთს!
      - აუცილებლად გავაგებინებთ! - ერთხმად შესძახეს თოჯინებმა.
      - ჩუმად უნდა გავიდეთ ბინიდან, ისე რომ არავინ დაგვინახოს - განაცხადა სპაიდერმენმა, - კედელ-კედელ წავიდეთ, მე ორი ნახტომით კარებთან გავჩნდები. დანარჩენები ჩუმად გვანცას გაყვებით.
      გვანცამ სერიოზული სახით გააღო კარი და ოთახიდან გაიხედა. დედა ტელეფონით საუბრობდა, მამა დივანზე წამოწოლილიყო და ტელევიზორს უყურებდა. ბებია არ ჩანდა, შეიძლება უკვე დაწვა კიდეც დასძინებლად. მართლაც მოსახერხებელი დრო იყო.
        - აბა, ჩუმად და ნელა წავიდეთ კარებისკენ - გასცა განკარგულება და ფეხაკრეფით გავიდა, მაგალითი მისცა სხვებს.
        ჩუმად მიდიოდნენ. გვანცა წინ მიუძღოდათ, დანარჩენები ჩამწკრივებულნი კედელს მიუყვებოდნენ. მწვანე გველი უცებ მისრიალდა კართან, სპაიდერმენი იქ დახვდათ. გვანცა აიწია, სახელურს ხელი მოჰკიდა და გააღო. გარეთ პირველი სათამაშოები გავიდნენ, მერე გვანცა. მიირბინა ლიზის კართან და ფრთხილად დააკაკუნა. სათამაშოები კუთხეში მიიყუჟნენ. კარს თუ დიდები გააღებდნენ, შეუმჩნეველნი დარჩებოდნენ, მერე კი ლიზისთვის სიურპრიზი უნდა მოეწყოთ, ერთად შემოეხვეოდნენ გარშემო.
      კაკუნს არავინ გამოეხმაურა. გვანცამ კიდევ ერთხელ ფრთხილად დააკაკუნა, მერე კი დაიძახა:  ლიზი!
      ალბათ ლიზიც თავის ოთახში იყო, მშობლებს კი ძახილი არ ესმოდათ.
      - ლიზი! - განაგრძობდა ძახილს გვანცა.
      - დამეხმარეთ - მიუბრუნდა მეგობრებს.
      - ლიზი! ლიზი! - ერთხმად აყვირდნენ სათამაშოები. გვანცა ძალიან ღელავდა. წარმოიდგინა, როგორ გააკვირვებდა და გაახარებდა ლიზის. ამიტომ გულმოდგინედ, ხმამაღლა განაგრძო  ძახილი:  ლიზი!  ლიზი!  და უცბად . . .
      - ლიზის ხედავ სიზმარში? - ჩაესმა ალერსიანი ხმა და თვალები გაახილა.
      - ლიზის ეძახდი ხმამაღლა - ღიმილით აუხსნა დედამ საქმის ვითარება ახლადგაღვიძებულ გვანცას.
      გვანცა ჯერ ვერ გარკვეულიყო, რა მოხდა. თვალებს იფშვნეტდა, ახამხამებდა. წამოიწია, მოღუშული სახით გადახედა ოთახს, სათამაშოებს. ყველაფერი თავის ადგილას იყო: ბარბი თავისი სახლიანად, ცუგა და ფისო გვერდიგვერდ ისხდნენ, დათუნიაც იქვე ჰყოლია, მწვანე გველი თავისთვის დახვეულიყო . . .
      გვანცას ცრემლი მოადგა. თურმე სიზმარი ნახა, გული ამოუჯდა, ატირდა.
      - რა დაგემართა? -  მიეფერა დედა, - ცუდი სიზმარი ნახე?
      - სათამაშოები მელაპარაკებოდნენ - ზლუქუნით უპასუხა გვანცამ.
      - ძალიან კარგი სიზმარი გინახავს, თუკი გელაპარაკებოდნენ, ესეიგი, მართლა ესმით შენი - დაამშვიდა დედამ.
      გვანცამ ტირილით იჯერა გული. დედამ პირი დაბანა, ასაუზმა. ნელ-ნელა დამშვიდდა.
      - აბა, მომიყევი სიზმარი - გვერდით მოისვა ბებომ.
      გვანცამ მოუთხრო, როგორ გაცოცხლდნენ სათამაშოები, როგორ იმხიარულეს ერთად. მოუყვნენ, რომ მისი ყველაფერი ესმით, ბოლოს კი ერთად ლიზისთან  სტუმრობა დააპირეს.
        - აი, ხომ ხედავ - უთხრა ბებიამ - მართლა შენი მეგობრები ყოფილან, უყვარხარ, გიცნობენ.
      გვანცა დამშვიდდა. ცოტა ხანში ხასიათიც გამოუკეთდა. ბარბის თმა დავარცხნა, ფისო ლამაზად დასვა, რობოტს თავი გაუსწორა და ახალი გეგმაც დასახა.
      - ლიზისთან წავალთ! - თქვა მტკიცედ.
      - წადი, ერთად ითამაშეთ - ნება დართეს უფროსებმა.
      გვანცამ ხელი  მოკიდა  სათამაშოებს, რასაც მოერია, დაიჭირა ორივე ხელში და ლიზისთან წავიდა. ისევე გახარებული იყო, როგორც სიზმარში. მოუყვა პატარა დაქალს, თუ  როგორ აჩუქეს  სათამაშოებმა ერთი განსაკუთრებული დღე, გაცოცხლდნენ მისი გულისთვის.
      - ოღონდ ეს არავინ იცის - პირზე თითის მიდებით დაასრულა.
      - ნეტა ჩემი სათამაშოები გაცოცხლდებიან? - შეეკითხა ლიზი.
      - კი. იცი, რომ ყველაფერი ესმით შენი, როცა გეძინება, ესენიც იძინებენ, როცა ავად ხარ, ნერვიულობენ. კარგად რომ ხდები, უხარიათ. ისიც იციან, როდის გაქვს დაბადების დღე.  მერე დაგელაპარაკებიან კიდეც - აიმედებს გვანცა.
      ლიზი გახარებულია. რა კარგი რამე უთხრა დაქალმა. რა თქმა უნდა, მეგობარს საიდუმლოს შეუნახავს, არავის ეტყვის. დაელოდება, მასაც როდის აჩუქებენ სათამაშოები განსაკუთრებულ დღეს. ამიტომ არ უნდა გათქვას საიდუმლო, თორემ სურვილი არ ასრულდება.
         
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები