ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2015


შეშინებული კნუტი

შეშინებული კნუტი გინახავთ? მე მინახავს. დაუცველობას სარეკლამო პოსტერი რომ ჰქონდეს, ამ პოსტერზე შეშინებული კნუტი იქნებოდა გამოსახული. და თქვენ რა გგონიათ, ადამიანები არ ვგავართ შეშინებულ კნუტებს? მართალია მათსავით ესთეტიკურები ვერ ვართ და შიში ისე არ გვაკვდება, როგორც კნუტებს, მაგრამ დიახაც ვგავართ.
ცხოვრების განმავლობაში დაუცველები უფრო ვართ ვიდრე დაცულები. საერთოდაც, დაცულად მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ თავს, როცა გვავიწყდება რომ დაუცველები ვართ. შენთან თავს დაცულად ვგრძნობო, ვინმეს როცა ვეუბნებით, ამის პერიფრაზი იქნება: შენთან ყოფნისას მავიწყდება რომ დაუცველი ვარ.
ასეა, ყველაზე თავდაჯერებულებშიც იმალება შეშინებული კნუტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გამოჩნდეს, ყურები უკან გადაყაროს, კუდი ფეხებ შორის შემოირკალოს, მოიკუნტოს, მოიბუზოს და შეშინებული, წყლიანი თვალებით ამოგვხედოს.
რისი გვეშინია? რისი აღარ. მე პირადად მეშინია რომ ვინმესთან ურთიერთობისას ჩემი თავი არ მომეწონება და დავინახავ რომ სინამდვილეში ქუჩის კუთხესთან ქარით მოხვეტილი ნაგავი ვარ, რომლის ადგილი ურნაშიც არ აღმოჩდა.
კიდევ ბედნიერების მეშინია. უფრო სწორედ, იმის აღმოჩენის რომ სინამდვილეში უბედურებისთვის არანაირი მიზეზი არ მაქვს. ყოველდღე გულმოდგინე კოლექციონერივით ვაგროვებ ყველა დეტალს და ნიუანსს, რომელიც დამარწმუნებს იმაში რომ უბედური ვარ, უბედური უნდა ვიყო, უბედურების გარდა სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვეს. უფროდაუფრო მინაოჭდება შეჭმუხნული შუბლი, ხალისი ჩემს თვალებში გადაშენების პირასაა, თავის კანი თანდათან მეცლება თმისგან, დარჩენილი თმა იცლება პიგმენტებისგან და თეთრდება.
მე მინდა რომ უბედური ვიყო. მინდა დეპრესიაში ვიყო. მინდა მართლა არაფერს ჰქონდეს აზრი, იმიტომ რომ მთელი ჩემეთი დიდი ხანია ამ ფსონზე ჩამოვედი. დიდი ხანია არარეალიზებულ შესაძლებლობებს, რომლებსაც უკვე ობი ეკიდებათ და ლპებიან, იმით ვამართლებ, რომ არაფერს აქვს აზრი.
და თუ ვცდები, გამოდის ლოგიკური ჭაჭვი, რომელსაც აქამდე მივყვებოდი, სინამდვილეში ლოგიკური ძაფია, რომელიც ათასგან გამწყდარა. ამის აღმოჩენას მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა წიაღსვლებსა და კოლუმბობაზე.
არც ერთი ნაბიჯი უკან! ან წინ.
დღეს დიალოგი მქონდა, რომელმაც შედარებითი შვება მომანიჭა. შედარებითი, ანუ დროებითი, ისეთი ხვალამდე რომ გამყვება თავისი გამაყუჩებელი ეფექტით და უკვე მომაბეზრებლად ქცეულ, გამაღიზიანებლად ხმამაღალ ტკივილს ჩააჩუმებს. დროებით. სხვათა შორის, სწორედ ასეთი ტაიმ აუტები იქცევა ხოლმე არაფრისმომცემი იმედების ინკუბატორად.
რა თქმა უნდა ის უცნობიც მე მგავდა, რომელსაც გამოველაპარაკე. ყოველ შემთხვევაში თავიდან ასე მეგონა. სქესს და ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, ან გარეგნობას. მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი რომ მასშიც დავინახე შეშინებული კნუტი. საერთოდაც, ზუსტად ვიცი რომ უბედური ადამიანები სხვებისთვის უხილავი ტელეპატიით არიან ერთმანეთთან დაკავშირბულნი. სადაც არ უნდა იყვნენ, ერთმანეთს ყოველთვის იცნობენ და მიხვდებიან, რომ ერთ დიდ, ბედით ნათესავთა ოჯახს ეკუთვნიან. უხეში მაგალითისთვის, მეტროში ესკალატორზე მდგარი არაერთხელ წავწყდომივარ საპირისპირო მხარეს მეორე მეს. ისიც ჩემსავით მკვდარი, უხალისოდ იდგა მოძრავ კიბეზე და იმანაც ისე შემომხედა, როგორც მე შევხედე. ჩვენ უხმოდ მივხვდით რომ ის მე ვიყავი და მე ის იყო. ასეთებიც ხდება.
მაგრამ დღემდე არასოდეს არცერთ ჩემგანს არ გამოვლაპარაკებივარ. ჩვენი ინტერაქცია მუნჯური იყო, მხოლოდ მზერითი და ვინმეს რომ გაეხმოვანებინა, დაახლოებით ამას მივიღებდით:
-შენც?
-ჰო, მეც.
დღეს კი მუნჯურმა ფილმმა ენა ამოიდგა და ამით რაღაც ეშხი კი დაკარგა, მაგრამ ახალიც შეიძინა.
სამსახურში მისვლამდე ხუთიდან ათ წუთამდე აუცილებლად ვჯდები ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელი პარკის ერთ-ერთ სკამზე. ყოველდღიურად დილის ეს მონაკვეთი ეგზისტენციალური ფიქრებისთვის მაქვს გამოყოფილი. ვჯდები, ხელებს ჯიბეებში ვიყოფ და დათრგუნული გამომეტყველებით ვჩხრეკ ჩემში უბედურების მუგუზალს, რომელიც მუდამ მზადაა ასაგიზგიზებლად. ამ დროს ყველაზე მკაფიოდ ვგრძნობ რომ საშინელი სიმძიმე მაწევს, თითქოს კი არ ვზივარ, ლურსმანივით ჩაჭედებული ვარ.
დღეს ამ რიტუალის შესრულებისას გვერდითა სკამზე ჩემი ასლი შევნიშნე. მის გარშემო ჯერაც ღამე იყო, თანაც უმთვარო. ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა, ზუსტად ჩემსავით, მერე კი იმის გაფიქრებაზე რომ ზუსტად ვიცოდი რა პროცესი მიმდინარეობდა ამ ტექნიკურად სრულიად უცნობი ადამიანის თავში, სიცილი წამსკდა. შემომხედა.
-რა გაცინებს?
ადამიანებს შორის დიალოგი ყოვლად რუტინული მოვლენაა, კაცობრიობამ განვითარების კვალდაკვალ ურთიერთდიალოგებს მკაფიოდ განსაზღვრული კალაპოტი მისცა და ყოველგვარი ექსცესი, ანუ არარუტინა ამ კალაპოტს მიღმა დატოვა. ამიტომაც, როცა გვეკითხებიან - „როგორ ხარ?“ - ჩვენ ვპასუხობთ - „არამიშავს“ ან „კარგად“ და არა - „საშინლად მიჭირს ცხოვრება, ვერაფრით მივაკვლიე ბედნიერების წყაროს, დეპრესია მჭამს.“ არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ რომ გავაკეთოთ, ღრმა კალაპოტიდან ამოვვარდებით და ალოგიკური, არანორმალური, ირაციონალური ადამიანის სახელი დაგვედება. რუტინული საუბრებით ადამიანები ცხოვრებას იმარტივებენ, აკონტროლებენ იმას, რაზეც ხელი მიუწვდებათ. ექსცესები ხომ ყოველთვის თავის ტკივილთანაა დაკავშირებული, თავის ტკივილი კი ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონს.
ამიტომ, როცა მარტივ შეკითხვას გისვამენ, აუცილებელია მარტივადვე უპასუხო. მარტივად, ანუ ლოგიკურად, ჩახუჭუჭებებისა და წიაღსვლების გარეშე. მაგალითისთვის, ჩემი ორეულის შეკითხვაზე თუ რა მაცინებდა, მე უნდა მეპასუხა: „არაფერი“, „რაღაც გამახსენდა“ ან „რა შენი საქმეა“.
მაგრამ ადამიანთა იმ ვიწრო ჯგუფს, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი უბედურება და თან შეეგუა მას, ის პრივილეგია აქვს, რომ შეუძლია დანარჩენი, „ფართო ჯგუფის“ ინტერესები ფალოსზე დაიკიდოს და ამის გამო სინდისმა არ შეაწუხოს.
-ის მაცინებს რომ ჩემსავით ხარ. იუმორის საუკეთესო მაგალითიც ეგაა, ისეთი რაღაცის კომიკურობამდე არეკვლა, რაც ჩვენთვის კარგად ნაცნობია.
-ანუ მე შენი პაროდია ვარ? - ძალიან მგავდა, დინჯად და ქედმაღლურად, შემპარავი დაცინვით მკითხა.
-შენ შენი პაროდია ხარ. კარგი იდეა მომაწოდე: ნათელი ფერები მაშინ მუქდება, როცა ვხვდებით რომ სინამდვილეში ჩვენ მიერ დახატული ჩვენივე თავების მხოლოდ პაროდიები ვართ და მეტი არაფერი.
-გამიმეორე, უნდა ჩაივიწერო. - საიდანღაც პასტა-ფურცელი დააძრო.
ისევ გამეცინა.
-რა გაცინებს? - ისევ მკითხა.
-მსგავსება ჩვენ შორის.
-რომელსაც მე ვერ ვამჩნევ. - უკმეხად მომიჭრა.
-იმიტომ რომ შენ ჯერ მხოლოდ ჩემს საწყის სტადიაზე ხარ. მალე დამეწევი.
ავდექი, დილის სეანსისთვის განკუთვნილი დრო ამომეწურა. აღარაფერი უთქვამს, თუმცა თვალს არ მაცილებდა, მერე შევატყვე როგორ გათენდა მის გარშემო. ჯერ ღრუბლები გაიფანტა და მთვარე გამოჩნდა, შემდეგ მთვარე თანდათან მზედ იქცა და გაღიმებულმა მითხრა:
-ჩვენ განვსხვავდებით. მე ერთი ცუდი დღე მქონდა, რაც გაივლის. შენ კი როგორც ჩანს აღარც გახსოვს ბოლოს როდის გქონდა ერთი კარგი დღე.
თითქოს სამაშველო რგოლი გადმომიგდეს და მერე, როცა ის იყო, ხელი უნდა ჩამევლო, ცხვირ წინ ამწაპნეს. მხრები ავიჩეჩე და ჩემთვის ჩავილაპარაკე:
-რა გაეწყობა, განვაგრძობ უმწეოდ ფართხალს.
თავი დამიქნია და სანამ გავეცლებოდი, დამადევნა:
-ზოგჯერ მოჩვენებითი არსებულზე რეალურია. ან უბრალოდ გვინდა რომ ასე იყოს.
არაფერი შეცვლილა, ეს ისე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს