ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
31 ოქტომბერი, 2015


,,გენიალური შეშლილი“ თუ ,,შეშლილი გენიოსი“(ბლეიკის ო. ცისკაძისეული თარგმანებისთვის)

(უილიამ ბლეიკის ოთარ ცისკაძისეული თარგმანებისთვის)


    პოეტი და მხატვარი, მისტიკოსი...ზოგი მკვლევარის მახვილგონივრული შენიშვნით -  გენიოსი, წინარე რომანტიკოსი, რომელსაც ბედის უცნაურობის წყალობით, არავითარი გავლენა არ მოუხდენია რომანტიზმის განვითარებაზე, მაგრამ მზარდი გავლენის ქვეშ მოაქცია პოეზიის  და ზოგადად, ხელოვნების  გვიანდელი განვითარება (ედვარდ ლერისი) ...მაგრამ, ვინ იცის, შემორჩებოდა თუ არა ისტორიას უილიამ ბლეიკის  სახელი,  დანტე გაბრიელ როსეტს რაღაც, თხუთმეტიოდე შილინგად  შემთხვევით რომ არ შეეძინა ამჟამად ,,როსეტის მანუსკრიპტის“ სახელით ცნობილი მისი ერთი  უცნაური რვეული, რომლის ფურცლებზე მოთავსებულ ნახატებსაც პოეტური ტექსტები ახლდა...
      ბლეიკის შემოქმედების გაცნობისას ძნელია, არ დაგებადოს კითხვა, რომელმაც არაერთი მოაზროვნე დააფიქრა, მაინც,  სად გადის ზღვარი გენიალობასა და შეშლილობას შორის.
      ,,სავსებით ეჭვგარეშეა, რომ ეს ადამიანი შეშლილი იყო, მაგრამ მის სიშლეგეში იყო რაღაც, რაც  იმაზე მეტად იპყრობს ჩემს გულისყურს, ვიდრე გონიერება ლორდი ბაირონისა და ვალტერ სკოტისა“ - ეს სიტყვები  უილიამ ბლეიკის შესახებ ვორდსვორდს ეკუთვნის.
      მოგვიანებით, მეოცე საუკუნის არაერთი გამორჩეული  პოეტი თუ მეცნიერი  ბლეიკს საკუთარ წინამორბედად  მიიჩნევს. მის ფენომენზე მსჯელობენ ნორტროპ ფრაი, ჯორჯ ბატაი, სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია  მისი ტიპოლოგიური კავშირი ფსიქოანალიზის მამის ზ. ფროიდის ნააზრევთან, ხოლო  კ.გ. იუნგისა და მისი მიმდევრებისთვის ბლეიკის შემოქმედება და ცხოვრება ცხოველი კვლევითი ინტერესის საგნად რჩება.
      ბლეიკმა მკვეთრი კვალი დაატყო არა მხოლოდ  დ.გ. როსეტისა და  სვინბერნის, არამედ  უფრო გვიანდელი - მოდერნისტების,  მისი რედაქტორისა და ერთ-ერთი პირველი მკვლევარის  - უ. ბ. იეიტსის შემოქმედებას,  მისი გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა  გაცილებით გვიან,  მეოცე საუკუნის  ორმოცდაათიან წლებში ბიტნიკების - ალენ გინსბერგისა და სხვების; სამოციანებში  - კონტრკულტურის წარმომადგენელ პოეტებზე; ასევე მუსიკოსებზე  - ბონ დილანსა და ჯიმ მორისონზე,  ცალკე შესწავლის საგანია ბლეიკის პოეზია, როგორც ოლდოს ჰაქსლის  წყარო. რამდენადაც ამჯერად მხოლოდ ლიტერატურით ვიფარგლებით, კონკრეტულად  აღარაფერს ვამბობ  სახვითი ხელოვნების  სფეროზე მისი შთამბეჭდავი გავლენის შესახებ.
დღემდე აზრთა სხვადასხვაობას, მეტიც, დაპირისპირებას იწვევს ბლეიკის რელიგიურობის საკითხი.  მკვლევართა ერთი ნაწილისათვის იგი ღრმად მორწმუნე ქრისტიანია, ამის საპირისპიროს ამტკიცებს მეორე ნაწილი, ერთი ნაწილისათვის იგი ,,თავისუფალი სიყვარულის“, მეტიც, პოლიგამიის აპოლოგეტია, სხვები მსჯელობენ პირუკუ,  მის უსაზღვრო სიყვარულსა და  ერთგულებაზე ერთადერთი ქალის, მეუღლე კეთრინის მიმართ.
      ამგვარია  მთელი მისი ცხოვრება  და შემოქმედება-  საოცარი შერწყმა და მონაცვლეობაა უსაზღვრო თავისუფლებისა და უკიდურესი კონსერვატივიზმისა!



***


უილიამ ბლეიკი დაიბადა 1757 წლის  28 ნოემბერს, ლონდონში, წვრილი მოვაჭრის ოჯახში. სკოლაში მხოლოდ იმდენხანს  დაჰყო, რომ წერა-კითხვა შეესწავლა. მისი მუდმივი საკითხავი იყო ბიბლია. ადრიდანვე გამოავლინა ინტერესი სახვითი ხელოვნების, კერძოდ რაფაელის, მიქელაჯელოს დიურერის და სხვათა შემოქმედების მიმართ. ათი  წლისა მშობლებმა სტრენდში, სამხატვრო სკოლაში მიაბარეს. ამ პერიოდიდან  იკვეთება მისი გატაცება ფსალმუნებით,  ასევე ბენ ჯონსონისა და ედმუნდ სპენსერის ქმნილებებით. რომელთა ილუსტრირებასაც იგი ცდილობს.
      1779 წელს იგი სამეფო აკადემიის სტუდენტი ხდება, მაგრამ  საკუთარი რადიკალური შეხედულებების გამო იძულებულია, მიატოვოს იგი.
      სამი წლის შემდეგ  ცოლად ირთავს კეთრინ ბიუჩერს,  მებაღის ქალიშვილს, რომელსაც მერე თავად შეასწავლის წერა-კითხვასა და საკუთარი გრავიურების დამზადების საქმეშიც ჩართავს. ერთადერთი შვილი - სახელად ტელი  დაბადებისთანავე ეღუპებათ... მის ხსოვნას ეძღვნება ბლეიკის ,,წიგნი ტელისა“.
    სიცოცხლეში იგი უფრო ცნობილია, როგორც მხატვარი,  ლითოგრაფი, გრავიურების ოსტატი.
      ბლეიკი  ირწმუნებოდა,  რომ ოთხი წლის ასაკიდან დაეწყო ხილვები და პირველადვე ღმერთი იხილა. უთუოდ არის რაღაც ღრმად სიმბოლური იმ გარემოებაში, რომ ეს ავტორი უცნაური, ვიზიონური  ნაწარმოებისა ,,ჯოჯოხეთისა და სამოთხის შეუღლება“ 1827 წლის 12 აგვისტოს,  იმ დროს გარდაიცვალა, როცა დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედიით“  შეპყრობილი ინტენსიურად მუშაობდა მის დასურათებაზე, (თუმცა ამ გრანდიოზული ჩანაფიქრის განხორცილებას ვერ მოესწრო და სულ რამდენიმე საცდელი ნამუშევარი დარჩა).
    იგი გარდაიცვალა უცნაურად მშვიდი და ამაღლებული, ჰიმნებისა და ფსალმუნის სიმღერით.
გადმოცემით, მის ქვრივს - კეთრინს ხშირად ევლინებოდა გარდაცვლილი მეუღლის სული, კეთილად ეპყრობოდა , ჩვეულებისამებრ,  ეთათბირებოდა კიდეც მას და რამდენიმე წელიწადში, 1831 წლის ოქტომბერში ისიც, რწმენით აღსავსე,  მშვიდად შეერთო საიქიო ცხოვრებას.
    ბლეიკის წინააღმდეგობრივი ცხოვრება, რომელიც საკმაოდ დეტალურად შეისწავლეს მისით აღფრთოვანებულმა პრერაფაელიტებმა, პარადოქსებითაა სავსე, მაგრამ თურმე ერთი გულდასაწყვეტი პარადოქსი გარდაცვალებიდან საუკუნე ნახევრიც მერეც ელოდა. იმ დროს, როდესაც დასავლური აზროვნება  სულ უფრო მზარდ დაინტერესებას ავლენდა მისი ფენომენისადმი, კერძოდ კი, 1965 წელს იმ დრომდე შემორჩენილი მისი საფლავი დაიკარგა! ახლა სავარაუდო მდებარეობის მიდამოში დადებული  ქვა-ღა ამცნობს მნახველებს, რომ სადღაც, იქ  ადრე მისი სამარე იყო.


***
    ბლეიკის პირველი პოეტური კრებული, სათაურით ,,პოეტური ჩანახატები“, სავარაუდოდ 1783 წელს, ნაციონალური გალერეის დამაარსებლისა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლის ჯორჯ კემბერლენდის  დახმარებით გამოიცა. ამ და სხვა კრებულებში ბლეიკი ქმნის საკუთარ სახე-სიმბოლოთა მთელ სისტემას,  საკუთარ მითოლოგიას,
      ბლეიკი იყო რომანტიკოსი, რომელიც  კრიტიკულად შესცქეროდა სამყაროს. მისი  ,,უმანკოების სიმღერები’ შექმნილია, როგორც ხილვა იდეალისა, ხოლო  ,,გამოცდილების სიმღერებში’’ უტოპიური სული სუფევს -  აღნიშნავს დ. უილიამსი.
      ბლეიკის ეს ორი მთავარი პოეტური კრებული  გაერთიანებული წინამდებარე წიგნში, ასევე სხვა ლექსების უმრავლესობა  შექმნიდან თითქმის ორი საუკუნის შემდგომ ქართულ ენაზე პირველად ოთარ ცისკაძემ აამეტყველა.
      ვფიქრობ, არ იქნება მართებული, თუ შემოვიფარგლებით აღნიშვნით, რომ  თანამედროვე ქართველი მკითხველი უკვე იცნობს  მას ჯორჯ გორდონ ბაირონის ლექსების  თარგმანებით. (წიგნი დაიბეჭდა 2015 წელს, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით“, მთარგმნელობით კონკურსში გამარჯვების შედეგად), ან გასულ 2014 წლის შემოდგომაზე, გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებული უილიამ ბლეიკის  თარგმანების წყალობით.
    დღესდღეობით საქართველოში ყველაზე მკითხველმრავალი ლიტერატურული საიტის ,,urakparaki.com’-ის წევრებს - მთარგმნელ ოთარ ცისკაძის ერთგულ აუდიტორიას, რომელშიც ამ სტრიქონების ავტორი საკუთარ თავსაც გულისხმობს, ბოლო წლებში წილად ხვდა,  პირველი გაცნობოდა ამ შესაშური რუდუნებით შესრულებულ  თარგმანებს.
      თარგმანისადმი მიდგომათა შორის  პირადად მე უპირატესობას მაქსიმალური სიზუსტისაკენ სწრაფვას
ვანიჭებ. (თუკი საერთოდ წარმოსადგენია პოეტური ენის ზუსტი დაცვა ერთი ენობრივი სამყაროდან მეორეში ტრანსფორმირებისას). ჩემს სუბიექტურ მიდგომას ის განაპირობებს, რომ მირჩევნია, ვიცოდე, რას ამბობს ორიგინალის ავტორი, ხოლო როგორ ამბობს, თეორიული ცოდნის პირობებში შესაძლებელია,  რაღაც წარმოდგენა თავად შევიქმნა.
      უნდა ვაღიარო, რომ ეს მიდგომა თარგმანის, როგორც ახალი, გარკვეულად თვითკმარი ქმნილების, სპეციფიკური მხატვრული  ღირებულების არსს ეწინააღმდეგება. განსხვავებით ამისაგან, ოთარ ცისკაძის მიდგომა,  ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციულია. შეძლებისდაგვარად ღრმად სწვდება რა ორიგინალის პოეტურ სამყაროს, ერუდიცია და პოეტური ნიჭიერება საშუალებას აძლევს, მთარგმნელობით ამოცანათა  უმრავლესობა კომპენსაციის გზით წარმატებით გადაჭრას. სახისა და სათქმელის უკეთ გადმოსაცემად იგი ძირითადად, რითმის პირობითობას სჯერდება.  რიტმულობის მხრივ კი  ესრწაფვის, გათავისუფლდეს ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის ერთი მკვეთრი  ინერციის - ყველაფრის მარტივად,  ე.წ. ათმარცვლოვანი ლექსით გადმოტანისაგან. შედეგად, მისი თარგმანები რიტმულად მრავალფეროვანია, შეგვეძლო გვესაუბრა მის მიერ ახალი რიტმული ვარიაციების შემოტანის შესახებაც, მაგრამ  ეს აგვაცდენდა წინასიტყვაობის მცირე ფორმატს და  უფრო მომავლის საქმეა. მისეული ბლეიკის ენა არქაულით ზომიერად შეფერილი თანამედროვე სალიტერატურო ქართულია.
      ვნახოთ, როგორ ჟღერს ბლეიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქმნილება ინგლისის არაოფიციალურ ჰიმნად აღიარებული .,იერუსალიმი“:
ხომ არ დადგმულა ძველს დროში ფერხნი
ინგლისის მწვანე ბორცვებზე მისი?
ოდესღაც წმინდა ბატკანი ღმერთის,
სწვევია ამო მდელოთ ინგლისის.
      ბლეიკის შემოქმედებას ოთარ ცისკაძის თარგმანებამდე ორიოდე პოპულარული ლექსით  იცნობდა ქართველი მკითხველი და მას ჩვენში არც ბლეიკის რეცეფციის რაიმე ხელშესახები ტრადიცია, ორიენტირი დახვედრია. ამის გათვალისწინები , ვფიქრო, კიდევ უფრო  დასაფასებელია მისი მთარგმნელობითი შრომა.  მიმოხილვის სისრულისათვის  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  არსებობს ბლეიკის ,,ვეფხვის’’ გია ჯოხაძისეული თარგმანი., ხოლო ბოლო ხანს ჩვენში გენიოსი პოეტის შემოქმედებისადმი სამეცნიერო ინტერესი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოვლინდა. ვგულისხმობ  ნათია დავითიშვილის საყურადღებო დისერტაციას: „პოეტური მეტაფორა ინგლისურენოვან რომანტიკულ ტექსტში (უილიამ ბლეიკის პოეზიაზე დაყრდნობით)“.
      ვიმედოვნებ, ოთარ ცისკაძის მიერ თარგმნილი წინამდებარე კრებულის წყალობით უილიამ ბლეიკის - ამ ,,გენიალური შეშლილისა“ თუ ,,შეშლილი გენიოსის“ შემოქმედება არა მხოლოდ ახლობელი გახდება ქართველი მკითხველისათვის, არამედ,  გასული საუკუნისა და თანამედროვე დასავლური  კულტურის დარად, ახალი  კრეაციული იმპულსებით აღავსებს  თანამედროვე ქართულ პოეზიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები