ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2015


ობოლი დიქტატორი

თოვლს ჩამოჰქონდა ამბავი ციდან,
თოვლმა პატარა ქოხი დაფარა.
ამინდის თეთრი ამბიციიდან,
გამოიძერწა მიწის ფაფარი.

იდგა სოფელი, ყრუ და ხმიანი,
იდგა, ებარა ორი გოლგოთა.
ყოველ საღამოს, ხმიადის ყუა,
მოხუცს მიჰქონდა მშიერ ობოლთან,
და მისი წელში მოხრილი კვალი,
ცივი ფიფქების ცახცახს აცხრობდა.
ამოდიოდა კვამლი ბუხრიდან -
- უკანასკნელი ლოცვა მაცხოვრის.

მთის ფერდობებში დამწყვდეულ ნისლებს,
ცამ ხეობები გამოუტირა.

სკამები ქვისგან, მაგიდაც ქვისვე
და ამ დღეების მძიმე რუტინა,
მეორდებოდა ისევ და ისევ...

ობოლი მუხუცს, მოხუცი ობოლს-
- ავსებდა, ასე გაიჭრა თარგი -
- დროის და როგორც ყველაფრის ბოლო
ტოვებს ღიმილს და ტოვებს იარებს,
გამოიარეს ათასი კარგი,
ათასი ცუდი გამოიარეს,

მაგრამ მიზნები სხვა გზით გვმართავენ,
ძველ სილამაზეს რა თავში ვიხლით?!
(ბედმა შენც ასე გიქნა დორიან!)
ის ბიჭი ახლა,
ის ბიჭი ახლა,
ერთ დროს მტრედივით ალალ-მართალი,
დღეს უძლეველი დიქტატორია.

დაპყრობილი აქვს ყველა ქალაქი,
ათასი ტყვე და ათასი ხარჭა.
და დარჩა მხოლოდ ერთი ალაგი,
ის მშობლიური სოფელი დარჩა.

თოვლია კვლავაც, უწინდებურად
და თოვლში საკენკს კენკავს ბეღურა.

სოფლის ფერდობზე მთავარსარდალი
რაზმს მიუძღვება უხვად მოფენილს.
და ამ ფიფქებში,
და ამ წვიმაში,
ღრუბლების რუხი ჯანყი აჯარდა.
გამოსულია მთელი სოფელი,
ანუ ამდენი მხედრის წინაშე,
ერთი მოხუცი გამოჩანჩალდა.

ცეცხლი! ბრძანებამ მთების მარხილი -
- შეძრა და თოფმა გაიხმიანა.
და მოხუცს ადრე გადანახული,
გადმოუგორდა ძველი ხმიადი.

ამოსუნთქული ფართო ნიავი,
იყო ლოცვა და ციური ხვედრი.
(ეგებ არც იყოს მისი სადარი?!)
მერე ებრძოდა გამთენიამდე,
გაშმაგებული, მისივე მხედრებს,
ორგზის ობოლი მთავარსარდალი.

და თოვდა... თოვდა გადაუღებლად,
მდინარეს ხმელი პური მოჰქონდა.
შორს ქოხი იდგა, როგორც გოლგოთა,
კაცის და ღმერთის მძიმე უღელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები