ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
18 ნოემბერი, 2015


"სტიუარდესა ჟანნა"



იმის შემდეგ , რაც მეშვიდე სართულზე ტატიანა  ნიკოლაევნა გადმოვიდა, იგივე  „სოლნიშკა“, -როგორც ერთ–ერთი რიგითი (ამ შემთხვევაში ოციოდე წლით უმცროსი) საყვარელი ეძახდა ეზოდან მთელი ხმით  -  სადარბაზოში სიმშვიდე გაქრა. 
ტატიანა,  წოდებით მილიციის კაპიტანი,  ქალთა კოლონიის ზედამხედველი, უმშვენიერესი  რუსი ქალი, - რომელსაც დიდი აურზაური,  სმა, მილიციის თანამშრომლები, კახპები და  „შავები“  გადმოჰყვნენ, - არაფრად აგდებდა მეზობლების „ირიბ მზერას“ და მთელი ექსტაზით აღნიშნავდა ყველა დღესასწაულს.
უყვარდა ქეიფი და მიზეზს რა გამოულევდა!
თუ ჩავთვლით, რომ შაბათი და კვირაც ტატიანასთვის დღესასწაულებად ითვლებოდა, წარმოიდგინეთ რა მგდომარეობა იყო სადარბაზოში.
ეს შევარედნაძის „გამყინვარების პერიოდი“ გახლდათ,  როცა სამოქალაქო ომის შემდეგ საქართველოში არეულ–დარეულობა და განუკითხაობა იყო. ხალხს  შებინდებისას  სახლიდან გასვლის ეშინოდა - იყო ძარცვა, დაყაჩაღება, გაუპატიურება, მკვლელობები, თვითმკლვლელობები, შიმშილი, უმუშევრობა, უწყლობა.  შეიძლებოდა დილით მანქანა საბურავებმოხსნილი დაგხვედროდათ, ამიტომ  მანქანის პატრონები საღამოობით საბურავებს ხსნიდნენ და სახლში აჰქონდათ. წყალი მხოლოდ ეზოში მოდიოდა - ზედა სართულებამდე ხალხი ვედროებით ზიდავდა ულიფტოდ.
  რომელი ჭკვათამყოფელი ამოიღებდა ხმას და იტყოდა რამეს  ტატიანას წინააღმდეგ! ამბობდნენ,  ერთი ცნობილი რეციდივისტიც  მოვიდა ერთი-ორჯერო.
რუსები მასიურად მიდიოდნენ საქართველოდან.
ტატიანა არსადაც არ აპირებდა წასვლას.  მშვენივრად გრძნობდა თავს საქარველოში და ქართულ „გარემოცვაში“.
ხშირად  რამდენიმე დღე გადაბმულად ქეიფობდა. ამ დროს მეზობლები ჩუმად შედიოდნენ სადადარბაზოებში, ბინის კარს გულმოდგინედ ამოწმებდნენ დაწოლის წინ და ელოდნენ, ნიკოლაევნასთან  როდის შეწყდებოდა გინება, ხმაური  ღრიალი, მუსიკა,  ცოტა თვალისთვის  რომ მოეტყუებინათ...თვალი მოეტყუებინათ, თორემ ძილს ვინ ჩიოდა!
ძილით, მაშინ იძინებდნენ, როცა  ტატიანა, ღვთის წყალობით, სახლიდან მიდიოდა რომელიმე მეგობართან რაიმე საზეიმო დღის აღსანიშნავად, ან ყოველ მესამე დღეს, როცა ქალთა კოლონიაში მორიგეობდა.  თუმცა,  აქაც მეზობლებს მაინცადამაინც არ უმართლებდათ იმ მხრივ, რომ  სახლში  ხშირად ტოვებდა „მეგობრებს“.
როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ხდებოდა  ცხრასართულიანი შენობის პირველი სადარბაზოს მეშვიდე სართულზე.
საქმე იმაშიც გახლდათ, რომ თუკი ნიკოლაევნა,  მთვრალი არ იყო, ან როგორღაც, მეგობრები მობეზრდებოდა, სახლიდან გაყრიდა და  გადაწყვეტდა, თუნდაც ორი დღე არ დაელია, კარგი ადამიანი იყო.  ვისაც კი ფხიზელ ტატიანასთან შეხება ჰქონია და რუსული იცოდა, ყველა ერთხმად ახასიათებდა, როგორც კეთილ და  განათლებულ ადამიანს.  ეს გაორებული ბუნება კი  აოცებდათ. როგორღაც და რაღაცით  ნიკოლაევნამ მეზობლების, თუმცა ზიზღნარევი,  მაგრამ აღიარება მაინც  მოიპოვა. მითუმეტეს, იმის შემდეგ, რაც უკიდურესად გაჭირვებულ, ამავე სადარბაზოში მცხოვრებ  ოჯახს  ფინანსურად დაეხმარა მოხუცი მამის დაკრძალვაში.
  როგორც გინდა მთვრალს დაეძინა, დილით როჭოსავით ფხიზელი მიდიოდა სამსახურში.
სკოლიდან მომავალ  შვილებს  მშობლები ეზოში ხვდებოდნენ და ხელჩაკიდებული მიჰყავდათ სახლებში, -  პირველი  სართულიდან მეშვიდე სართულამდე  ნიკოლაევნას მუდმივად მთვრალი მეგობრები დაბორიალებდნენ  და  შეიძლება უსიამოვნებას  გადაყროდნენ.
ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ტატიანას ზემოთ, მერვე სართულზე მაცხოვრებელი დარია იყო თავისი ორი შვილით. დარიასთან ისე ისმოდა ქვედა სართულიდან ხმა, თითქოს მასთან იყო ეს აურ-ზაური.
ორი წელიწადი ღამით ბალიშზე თავი არ დაუდვია. იჯდა და შვილებს დარაჯობდა. დილით, როცა ბავშვებს სკოლაში ჩააცილებდა პირველ სართულამდე, მაშინ იძინებდა. ან სულაც დასაძინებლად დედასთან გადადიოდა ბავშვებიანად.  ღამით  ქსოვდა, ან კითხულობდა, ან სახლს ალაგებდა. ტელევიზორის ყურებას აზრი არ ჰქონდა, ხმაურში მაინც ვერაფერს გაიგებდა.
ასე გავიდა ორი გრძელი წელიწადი.
ორი გრძელი წელიწადის განმავლობაში  სადარბაზო ზანზარებდა.
რამდენჯერ უფიქრია, ჩასულიყო და ეთხოვა, ღამით მაინც ჩაეწიათ მაგნიტოფონისთვის, ან ცოტა ხმადაბლა ელაპარაკათ,  მაგრამ მეზობლები კატეგორიულად აფრთხილებდნენ,  „ეგ არ გააკეთო, ხომ იცი, ვის გადაიკიდებ, შვილები გყავს, ისიც გოგონებიო.“
იყო გაჩუმებული.  სხვა რა გზა ჰქონდა?!
მაგრამ, ერთხელ, როცა ტატიანა ნიკოლაევნას დაბადების დღეზე  ორგიამ პიკს მიაღწია და ზუსტად სამი დღე და ღამე, გამოურთველად მაგნიტოფონი „სტიუარდესა ჟანნას“  ღრიალებდა,  დარია  ტატიანასთან „ვიზიტისთვის“  მოემზადა.
კარის მეზობელმა სუსანამ რომ დაუკაკუნა, ღამის ორი საათი იყო. 
„ეს რა ხდება დარიაჯან, ეს რა დღეში ვართ?! ნეტა, დღეს ცოტა ხანს მაინც არ დაიძინებენ?“
„რა გითხრა, სუსან, აბა.“
„ვაჰ! ეგეთი რამე გინახნია?! უძილო ბავშვები სკოლაში როგორ გავუშვა, არ ვიცი რა!“
სუსანა სომეხი ქალი იყო. ექვსი შვილი ჰყავდა -  ხუთი ბიჭი და ერთი გოგო. 
ახლა  ექვსივე ბავშვს თავები გამოეყოთ კარიდან.  სახეზე ეტყობოდათ,  უძილობისაგან და ხმაურისაგან გაბრუებულები იყვნენ.
„ახლა ჩასვლას ვაპირებდი,იქნებ დაგვდონ პატივი და მაგნიტოფონი  გამორთონ.“
„არა, დარია-ჯან ფეხი არ ჩაადგა. ეგენი ძაან ფინთი ხალხია, რამე უბედურება არა ქნან.“
„აბა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!“
„რა ვიცი, ცავატანემ, რა ვიცი...“  - თქვა სუსანამ და კარი გაიხურა.
ცოტა ხანს იჯდა და ქსოვდა. უკვე  დილის ოთხი საათი იწყებოდა და  „სტიუარდესა ჟანა“  ისევ აზანზარებდა სადარბაზოს.
უძილობისგან  ბავშვებმა ტირილი დაიწყეს.   
საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა იუბილართან ჩასვლა. არა, კი არ გადაწყვიტა,  თითქოს ვიღაცამ წამოაგდო  ტახტიდან და რაკი წამოაგდო, ინერციით გავიდა ბინიდან.
  მეშვიდე სართულზე დაეშვა.
ტატიანას ზარი არ ჰქონდა. პირველ, მეორე და მესამე დაკაკუნებაზე რომ ვერ  გააგებინა, ორივე ხელით დაუბრახუნა კარზე. როგორც იქნა, მაგნიტოფონს ჩაუწიეს და ეტყობა, მოაყურადეს, მართლა კაკუნია, თუ გვეჩვენება რამეო. ამ პაუზით ისარგებლა და კიდევ დაურახუნა კარზე, თან დაუძახა.
„ტატიანა ნიკოლაევნა, გააღე, დარია ვარ!“ - ერთი წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა ტატიანასთან.
ცოტა ხნის შემდეგ კარი ტატიანას ნამძინარევმა,  ნამთვრალევმა და  თვალებჩაწითლებულმა საყვარელმა გაუღო.  წელზევით შიშველი იყო  და  შარვალს იკრავდა. „ეტყობა, მორიგეობით იძინებენ და მორიგეობით  სვამენ“,  გაიფიქრა დარიამ და ძალიან მკაცრად თქვა:
„ნება იბოძეთ და მაგნიტოფონს ჩაუწიეთ! ბავშვები ვერ  დაგვიძინებია!  შემძულდა თვითმფრინავები, სტიუარდესები, მაგნიტოფონები  და  თქვენც!“
ეს უთხრა და გამობრუნდა.
ტატიანას კარი მიიხურა ისევ ჩამოვარდა სამარისებული სიჩუმე. 
მერე კი დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო:
ტატიანას  საყვარელი იქაჩებოდა, დაუპატიჟებელ მეზობელთან აპირებდა ასვლას და ჭკუის სწავლებას. ტატიანა ემუდარებოდა, არ  ასულიყო. „თუ გიყვარვარო“ - ტატიანამ.  „მიყვარხარ, მაგრამ მაგას ჭკუას ვასწავლიო“- საყვარელმა.- „როგორ გაბედაო. თავი ვინ ჰგონიაო“, „ვინ?! ეს „სკილეტკა“ გვაძლებს „პრიკაზებს“?!  ახლავე  დედას!..შენ არ ინერვიულო „სოლნიშკა“, ავალ, გადმოვაგდებ მერვე სართულიდან თავის ნაბიჭვრებიანად და ახლავე ჩამოვალო“.
ტატიანა ემუდარებოდა, დაწყნარებულიყო „კარგი შვილები ჰყავს, თვითონაც კარგი გოგოა, ეტყობა ახლა შეწუხდა, თორემ არ მოვიდოდაო...არ გინდა უსიამოვნებაო“...
„მოდი, ახლა ბევრს გაკოცებ და გაგივლისო გაბრაზება“.
ბოლოს, დაწყნარდა. იმდენი ელაქუცა და კოცნა ნიკოლაევნამ (ისმოდა მერვე სართულზე), დაწყნარდებოდა, აბა, რა იქნებოდა,  ამდენი ნაპოლეონისთვის რომ ეხვეწნა ჟოზეფინას, ან ჰიტლერისთვის ევას, კაცობრიობა ორ მსოფლიო ომს აიცილებდა.
დარია  კორიდორში  იჯდა  და ელოდებოდა, როდის ამოვიდოდა  ვინმე. არ ეშინოდა. შიშის გრძნობა არ ჰქონდა,  საერთოდ შეგრძნებადაკარგული იყო ისტერიისგან.
გულგახეთქილი სუსანა ისევ შემოვარდა:
„დარია–ჯან , ხო გითხარი, ეგენი ძალიან ფინთი ხალხია, რათ ჩახვედი?! კიდევ მოვითმენდით ცოტას.“
„როდემდე?! „- არ ტიროდა, მაგრამ ნიკაპი უკანკალებდა.
„იურა წაგიყვანდა დედაშენთან, იქ დაიძინებდით.  რათ გინდოდა ეგეთი რამე?!“
იურა სუსანას ქმარი იყო. წაყვანით ნამდვილად წაიყვანდა, მაგრამ მანქანაზე ბორბლებს ვიდრე დააყენებდა, გათენდებოდა კიდეც. 
ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ.
მეორე დილით ბავშვები სკოლაში არ გაუშვა, დედასთან გადაიყვანა. ცოტა წაუძინა და სახლში მარტო დაბრუნდა.  ნიკოლაევნას კართან გაჩერდა.  ბინიდან არანაირი ხმაური არ ისმოდა, არც ლაპარაკი. აშკარა იყო, სტუმრები წუხანდელი  „მეზობლური სიურპრიზის“ გამო, წასულიყვნენ.   
დაკაკუნებაზე ტატიანამ გამოიხედა.
მარტო იყო.
დარიას დანახვაზე ცოტა კი შეცბა, მაგრამ შეიპატიჟა.
საქმე კიდევ იმაში იყო, რომ  ნიკოლაევნას დარიას მიმართ რაღაც განსაკუთრებული განწყობა ჰქონდა.  ვერ გეტყვით, ეს  განწყობა  პატივისცემა იყო, თუ  ჰგავდა, უპირატესობის აღიარებასა. მიუხედავად ყველაფრისა ნიკოლაევნამ კარგის და ცუდის გარჩევა იცოდა.
მოკლეთ, დარიას წყენინება არ უნდოდა .
„ტატიანა...“ - ძალიან მკაცრად თქვა -  „ეს უკვე მეტისმეტი იყო...ღამეებს  ვათენებთ.  სუსანას ბავშვს საბავშვო ბაღში იძინებს. ჩემებს გაკვეთილებზე  სძინავთ.“
„მართალი ხარ, დარია, მართალი...“
„რატომ არ გამოუშვი ჩემს გადმოსაგდებად?!“
„ცუდი ადამიანი არ არის, მთვრალი იყო..მართლა კი არ ამოვიდოდა.“ - მოუბოდიშა.
„მე გაჩვენებდით, ვინ ვის გადმოაგდებდა მერვე სართულიდან...“ - ყავაზე უარი თქვა და სახლში ავიდა.
სუსანამ ისევ გამოაკითხა.  ყავა დალიეს.
საღამომდე ხან რა აკეთა და ხან რა. ბავშვებიც  მოვიდნენ.

გული უგრძნობდა, გუშინდელ ამბავს გაგრძელება მოჰყვებოდა.
მოლოდინმა გაუმართლა. უკვე ღამის ათი საათი იყო,  როცა ტატიანას მეგობარმა ქალმა (ფხიზელმა!) დაუძახა, ქვემოთ ჩამოდი, გელოდებიანო.
გასვლამდე  სარკეში ჩაიხედა. ათამდე დათვლა უნდოდა დასამშვიდებლად, ოცდაათამდე გამოუვიდა.  ყველაფერი კარგად იქნებაო.
ბავშვები გააფრთხილა,  კარი არავისთვის გაეღოთ.
ტატიანა ნიკოლაევნა ღია კარში იდგა და ელოდებოდა. მისაღებში მისი მეგობრები ისხდნენ. განცალკევებულ ოთახში გაიყვანა.
ეს იყო სამოთახიანი ბინის ყველაზე პატარა ოთახი ალაგ-ალაგ ჩამოხეული შპალერით და ორი საწოლით. ოთახში სამნი იყვნენ. დარიას არც ერთი მანამდე დანახული არ ჰყავდა. ერთი საწოლზე იჯდა ნახევრად მიწოლილი,  ერთი  კედელთან იდგა და მესამე სკამზე იჯდა.
„დაბრძანდითო“ შესთავაზეს. დარიამ უარი თქვა „მეჩქარებაო“.  უცნაურად და შეუმჩნევლად ათვალიერებდნენ ქალს, რომელიც ტატიანას მხრებამდე ძლივს სწვდებოდა. ეს იყო სუსტი, ხორბლისფერი თმით, ოვალური სახით, მაღალი წარბებით და პროპორციული ნაკვთებით, - ასე ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი.
ტატიანა გავიდა.
„ ეს თქვენ შეგაწუხათ ხმაურმა?“
„დიახ, მე და არა მარტო მე.“
„ჩვენი ნუ გეშინია, წესიერი ხალხი ვართ, ქარხანაში ვმუშაობთ...ხო იცი, წესიერი ხალხი მარტო ქარხანაში მუშაობს“  კედელთან მდგომს ოდნავ გაეღიმა ირონიულად.
„ვინ გითხრათ, რომ მეშინია...
„ხელები გიკანკალებს.“
ეს,  საწოლზე ნახევრად მიწოლილი ელაპარაკებოდა.
დარიამ ხელები უკან წაიღო.  მართლა უკანკალებდა . ხელები კი არა, ფიქრობდა, სადაც არის გული წამივა და წავიქცევიო. თავბრუ ეხვეოდა. კიდურები გაეყინა.
„ჩემთვის სულერთია სად მუშაობთ..“
„მართლა?!“
„მართლა. სულ ხმაურია.  ერთიმეორის ლაპარაკი არ გვესმის სახლში.  „სტიუარდესა ჟანა“  სამი დღე-ღამე გამოურთავად ატრიალეს მთელ ხმაზე.  ბავშვები გვყავს, მეცადინეობაც უნდათ, დაძინებაც...ხომ არ გადავსახლდებით...ჩემს შვილებს ხანდახან გაკვეთილებს ვაცდენინებ, გამოუძინებლები არიან და ამიტომ...უკვე ორი წელია, მოსვენება არ გვაქვს“.
„მუდმივი ხმაურია?!“
„მუდმივი. შეუსვენელად...იშვიათი გამონაკლის გარდა...აი, წესიერი ხალხი რომ ხართ...“ - აქ დარიამაც მრავალმნიშვნელოვნად თქვა „წესიერი ხალხი“ - გეცოდინებათ, ადამიანს და მითუმეტეს, ბავშვებს მოსვენება სჭირდებათ...“ - არ გათამამდა, მაგრამ თავი ვეღარ დაიმორჩილა და სულ სხაპა-სხუპით მიაყარა - „იმიტომ, რომ ტატიანას სტუმრების ხალხს ეშინია და ხმას ვერავინ იღებს, ეგ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია და არავის აწუხებთ...“ თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა, დარია ისე უსმენდა საკუთარ ხმას. კიდევ თქვა რაღაცეები. თვითონ აღარც კი ესმოდა რა.
„ჩვენ არავის ვაწუხებთ...“ - ეს ისევ საწოლზე ნახევრად მიწოლილმა თქვა და წამოჯდა. „კარგი, წადი ახლა შენს შვილებთან და  გუშინდელი აღარ განმეორდება...“
„ნახვამდის“
ის იყო, გამოსვლას აპირებდა, რომ სკამზე მჯდომმა ჰკითხა:
„ორი ენგელოზი რომ დადის, ისინი არიან შენები?“ - ეს ჩვეულებრივი კითხვა იყო, მაგრამ დარიას მუქარად მოეჩვენა.
თვალებში სისხლი მოაწვა. ხელები ლამის დაეკრუნჩხა.  თავი დაიმორჩილა და სკამზე მჯდომს პირდაპირ შეხედა თვალებში:
„ის ორი ანგელოზი ჩემია და ნებისმიერს დავთხრი თავლებს, იმათ გამო!“
თქვა და გამოვიდა. ვიდრე გამოვიდოდა, შეამჩნია, როგორ გაეღიმა  სამივეს.

რომ გამოვიდა, მაშინ გაუკვირდა თავისი გაბედულება. სად მიდიოდა, რომ მიდიოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,  უფრო უარესი იქნებოდა, შიში  რომ შეემჩნიათ. 

სუსანა სადარბაზოში ელოდა:
„დარიაჯან, ახლა მილიციისთვის უნდა გამოგვეძახებინა“
„ვინ მილიციისთვის, სუსან, მილიციაც ეგენი არიან და პროკურატურაც“
„ხო ყველაფერი კარქათ არი?“
„კი, სუსან, ყველაფერი კარგად არის. წადი, დაიძინე. ბავშვებიც დააწვინე. სტუარდესა ჟანნა აღარ შეგვაწუხებს...“
„ვაჰ! მართლაა?!“
„ჰო. უკვე გაფრინდა“ - გაეცინა.

ბავშვები დააწვინა. თვითონაც მიუწვა.
მეშვიდე სართულზე სვამდნენ:
„იმ გოგოს თამადობით ყველა კარგ დედას გაუმარჯოს, ვინც თავისი შვილებისთვის, ნებისმიერს დასთხრის თვალებს!“
„პანტერად გადაიქცა, ხო დაინახე.“
„აბა! თან ეშინოდა, თან არ გვაგრძნობინა, რომ ეშინოდა“
„ნიკოლაევნა, ძვირფასო, იმ ჩმორს  უთხარი წესიერად მოიქცეს!  ქალებთან რომ დიდი გული აქვს, აქ მობრძანდეს და დაგველაპარაკოს...ძაან ზემეტი მოგდით“
ორი წლის განმავლობაში ეს პირველი ღამე იყო, როცა შვილებთან ერთად დაწვა დასაძინებლად.

ფაქტი ერთი იყო,    ღამის თერთმეტი საათის შემდეგ აღარ რთავდნენ მაგნიტოფონს და  არც ხმაურობდნენ.
ტატიანა ნიკოლაევნას  მერე სხვა საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ეტყობა, წესიერი კაცი იყო და  საკუთარი თანხით ყიდულობდა დასალევს,  დიასახლისთან ეზოდან არ  ათანხმებდა  „მენიუს“.













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები