ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2015


პასეანსი

გათოვდა, ზეცისგან უკეთესს ნუ ელი,
სიცივის ლექსები, თამბაქრო, არაყი.
არა ღირს ზამთართან სხვაგვარი დუელი,
ამაზე ნაკლები სიკვდილი არა ღირს.

იხევა ღრუბლების ცისფერი მუნდირი,
დახუჭე თვალები - ცრემლების კარავი,
ეშვება ბურუსი და ნემსის ქურდივით,
იპარავს სივრცეში გაწოლილ ქარავანს.

გაწყალდა დაცემის ტკივილით ხმელეთი,
ვიღაცას სიგიჟის სიზმრები აღვიძებს.
და ასე ჩაივლის რამდენი ტერენტი
და ასე ჩაივლის რამდენი ტაბიძე.

გაუცვდა სურნელი ტიტების საკმეველს,
მხარდამხარ იბრძვიან მეფე და პაიკი.
ნეტავი სიკვდილი რა ძნელი საქმეა,
უბრალოდ პოეტის სახელი დაირქვი.

უბრალოდ იგრძენი დეკემბრის ვენდეტა,
დღეების გაფრენა, ან იქნებ პირიქით...
უბრალოდ მომყევი, უბრალოდ მენდე და
გამოვჭრათ ზეცისკენ ფიფქების ბილიკი,

დანარჩენს, მერწმუნე, იგივე ფასი აქვს,
რამდენიც რწმენაზე მოგონილ არაკებს.
ეპოქა უთუოდ თამაშობს პასეანსს
და გულის დასტაში პოეტებს ალაგებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები