ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2009


კარავი მთაზე

ჩემი ცხოვრება არაა მშვიდი,_
გზა ეკლიანი აღმართზე მიდის,
ცის ნაპრალივით მოჩანს შორიდან
უფსკრულის თავზე გაბმული ხიდი.
შორს დარჩა ბევრი ლამაზი ბაღი,
მიწის სიცილს რომ მოჰგავდა მაღლით,
და სადღაც,მზიან ბურუსში ბრწყინავს
დაუვიწყარი ფრესკა და თაღი.
მე მოვდიოდი და კვალზე მდევდა
ულამაზესი ეჭვი და ელდა;
სიზმრებიც მახსოვს:ვარსკვლავით ხელში
მზის სიახლოვეს ვიდექი შენთან.
სიზმრები მახსოვს:ყანაში მდგარი
ხელებს მიწვდიდა სამოთხის ქარი
და ყვავილოვან კედლის ბზარებში
ენთო სიცილი ქარვის და ლალის.
მერე სიზმრებშიც გამოჩნდა ნისლი
და თბილი სუსხი ბუნების სიბრძნის.
ბუნების სიბრძნე,რაც წლები გადის,
უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის.

მზის სამეფოა ოთხივე მხარე
და ეს სამეფო ეძახის მგზავრებს.
შორს მწვერვალია...
იქაურ წყაროს
ასი მგზავრიდან ერთი თუ დალევს.

ჩემი ცხოვრება არაა მშვიდი,
გზა აღმართიდან აღმართზე მიდის,
ცის ნაპრალივით მოჩანს შორიდან
უფსკრულის თავზე გაბმული ხიდი.
ბევრჯერ დაფარავს გუმბათებს თოვლი,
აკიაფდება სვეტები ბროლის
და გაზაფხულებს კვლავაც მოჰყვება
თავდავიწყების ექო და თქორი...
კვლავ მონატრების ნათელში ივლის
გზა_დედამიწის და სივრცის შვილი,
აგვამაღლებენ მელოდიები
სკის ჰაერივით სუფთა და თბილი.

მზის სამეფოა ოთხივე მხარე
და ეს სამეფო ეძახის მგზავრებს.
შორს მწვერვალია...იქაურ წყაროს
ასი მგზავრიდან ერთი თუ დალევს.
ცა სიყვარულით როდესაც გიმზერს,
ბედნიერი ხარ და მაღლა იწევ,
ჩვენი თვალებით და მზით გამთბარი
საოცრებაზე მეტია სივრცე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები