ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2016


რომაელი ჯარისკაცის აღსარება


აქ უფლის ნებამ მომიყვანა, წმინდა დედაო,
სად არ ვიარე, ბედისწერის გზებს რა ჩამოთვლის.
მე აღარ ვიცი, გოლგოთაზე როგორ აღმოვჩნდი,
ჯერ  გონებაში ბურუსია, თუმცა, ვხედავ, რომ
აქ უფლის ნებამ მომიყვანა, წმინდა დედაო.

გაელვებისას, როცა ღვთისთვის კვლავ ვიბადებით,
სულ ერთი წამით მოვასწარი მეც შეშველება...
ახლა სხეულით დავატარებ ბედნიერებას _
მონათლული ვარ იმ შეხებით და იმ ნათებით
გაელვებისა, როცა ღვთისთვის კვლავ ვიბადებით.

ბაბუაწვერას ფიფქებივით უფაქიზესი
და  თბილი იყო ჯვარს დახსნილი უფლის სხეული...
ეს სიყვარული, სამყაროში მიმობნეული,
ჩემი გონების გარდამოხსნის გახდა მიზეზი _
ბაბუაწვერას ფიფქებივით უფაქიზესად...

და ეს სურათი გონებისთვის გახდა სანიშნე _
უსამშობლოო, სხვისი ომის ვარ მეომარი,
ახლა კი ვიცი, ღმერთი ჩემთვის სამშობლო არის,
ჩემი წარსული მომავლისგან ვეღარ გავმიჯნე
და ეს სურათი გონებისთვის გახდა სანიშნე:

ირგვლივ ხორხოცი გაისმოდა ღამის ხიზანთა,
ვთრთოდით, თუმცაღა შიშიც გვქონდა ჩვენ აკრძალული,
გამომშრალ ხახას გვწვავდა ცხელი მტვერი სამუმის,
ბროწეულივით დამსკდარ ტერფებს  ქვიშა გვიწვავდა,
ირგვლივ ხორხოცი გაისმოდა ღამის ხიზანთა.

იმ უდაბნოში, იმ სიცხეში დედას სციოდა,
ახალშობილ ჩვილს რომ აგლეჯდნენ ცხელი მკერდიდან,
გულისპირი კი სველი ჰქონდა დედას ხსენით და,
ჩემს ძმას, უსუსურს რომ ვტოვებდით შორის ქვიშრობთა,
იმ უდაბნოში, იმ სიცხეში დედას სციოდა.

თქვენ, დედოფალო, უსათუოდ გეცოდინებათ,
რადგან გერგუნათ საამსოფლო ტვირთის ტარება,
რომლის საჭურჭლედ დედამიწაც მეცოტავება,
თუმც ყველაფერი სამყაროში ღმერთმა ინება...
თქვენ, დედოფალო, უსათუოდ გეცოდინებათ,

რას გრძნობდა დედა, როცა ყურში ჩამჩურჩულებდა
ნაცნობ ლოცვას და მიცხელებდა ლოყებს ალერსით,
გადაეწყვიტა, უცხო გზაზე მარტო გავეშვი,
ძალაგამოცლილს მოუხმობდა რადგან სულეთი...
რას გრძნობდა დედა, როცა ყურში ჩამჩურჩულებდა:

_ უნდა დაბრუნდე და ნაყოფი უნდა მოისხა,
შენი სხეული აღმოცენდეს უნდა სულიდან,
არ დაგავიწყდეს, შენ ხარ კოლხი, შენ ხარ ურიდი,
არ შეგეშინდეს არც მანძილის, აღარც დროისა,
უნდა დაბრუნდე და ნაყოფი უნდა მოისხა!..

ახლა ბავშვობას დროის ნისლში აღარ დავეძებ,
სულით ჯვარცმული ვდგავარ თქვენს წინ იმის დასტურად,
რომ გოლგოთაზე გამახსენდა ჩემი წარსული,
დავიწყებული დედის ლოცვაც, დედის ანდერძიც
და ჩემს ბავშვობას დროის ნისლში აღარ დავეძებ.

უფლის აღდგომა ამ სამყაროს შეცვლის სრულიად,
მტრედს გამოატანს იმედის რტოს და მიგვიზიდავს.
მან ნოესავით წამოკრიფა დედამიწიდან _
საკუთარ სულში დაატარებს ყველა სულიერს...
უფლის აღდგომა ამ სამყაროს შეცვლის სრულიად!..

სანამ მზის ფერად ბილიკებზე გავიფანტები,
იქ დავბრუნდები, მიყვებოდა სადაც არაკებს
მამა და სადაც ჩემი სული მოავარაყა
იმ მიწის ნატვრით, სადაც სხეულს სურს დავანება,
როცა მზის ფერად ბილიკებზე გავიფანტები.

ნება მომეცით, თქვენს უწმინდეს კალთას ვემთხვიო,
სანამ სიყვარულს მივიტანდე განთიადამდე
და სამყაროში ყოველ დილით მიმოვფანტავდე,
სანამ მუხლმოყრით ვეახლები უფლის მხედრიონს,
ნება მომეცით, თქვენს უწმინდეს კალთას ვემთხვიო. 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები