ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰებე -
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2016


მესამე

წიქარა არა იხვის ჭუკი! არასოდეს ვყოფილვარ მიმწოლი. მიძახდნენ და მივდიოდი, ფურცელს მაძლევდნენ და ვწერდი, სიგელებს მაძლევდნენ და ვართმევდი... არასოდეს მიბრძოლია არაფრისთვის. სად მაქვს მაგის თავი. პირიქით, თუ რამე მაქვს სულ თავისთავად
და რაც არ მაქვს _ ჩემდათავად.
ყველაფერი ბედის ირონიაა, გაამოს გარეშე!
ჰოდა  რა მოხდა.
არადედაქალაქის, მაგრამ უნივერსიტეტი დავამთავრე,
ჩემი ნანატრი სწავლა არც ისე საინტერესო აღმოჩნდა იმ, კონკრეტულ სასწავლებელში. ისეთ ლიტერატურას გვაძლევდნენ წასაკითხად, რაც დიდი ხანია წაკითხული მქონდა, ზოგი საწოლში, ზოგიც საპირფარეშოში (მომიტევეთ გულახდილობა). ახალი და უცხო ბევრი ვერაფერი ვისწავლე. პირიქით, ხან ვგიჟდებოდი, ისეთ უაზრო საკითხებზე მიდიოდა დებატები. მაგალითად: რა იყო ალიგატორი?! ხოლო, დოლაბის რაობა რომ გაერკვია, ლექტორმა ერთი საათი ქექა სულხან საბას ლექსიკონი.. გაოგნებული ვრჩებოდი ასეთი ხშირად გამოვლენილი უმეცრების გამო. ვხედავდი რა პროგრამით სწავლობდა ჩემი მეგობარი თბილისში და უზარმაზარ განსხვავებას ვპოულობდი.
თან ისეთ პირობებში მიწევდა ცხოვრება, ვერც სტუდენტობის სიტკბო-სიმწარე დავაგემოვნე მაინც და მაინც.
დაგენიძლავებით ახლა ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ 5 თეთრი რამე შეიძლება ღირდეს... აი, მაშინ ტრამვაი ღირდა 5 თეთრი. როგორც კაშკაშა ჭორფლები, ისე დასრიალებდნენ ქალაქის მოასფალტებულ ცხვირ-პირზე. ჟღალები, რიხიანები, რაც მთავარია 5 თეთრიანები! მისაღები და მისაწვდომი სტუდენტის ბრონქიტიანი ჯიბისთვის. (არ დაიწყოთ ახლა რა ბრონქიტიო... ზუსტადაც. როცა ლექციების მერე გოგოები, უახლოეს კაფეში ყავის დასალევად დავირაზმებოდით, ჩემს ჯიბეს ჯერ უეცრად შესცივდებოდა, ისე რომ კანკალიც კი აუტყდებოდა ხოლმე, მე ამ დროს ცხვირი მეჭედებოდა და დუდღუნით ვაძლევდი მიმტანს შეკვეთას, შემთხვევით იმდენი არ მექნა, რომ შეკვეთას გადაეჭარბებინა ჩემი ბიუჯეტისთვის, აშკარად ტემპერატურაც მემატებოდა ყურის და ღაწვის მიდამოებში... მართალია ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ ის კი ვიცოდი ეს ყველაფერი პირწმინდად, ბრონქიტის ნიშნები რომაა).
ჰოდა, მანამ, სანამ ჩემი ოთახი მეღირსებოდა და შავი პურის კატლეტებს დავუძმაკაცდებოდი, სამ მომცრო ოთახში, გვარიანად გამრავლებულ ნათესავთან ვცხოვრობდი და სამი წელი ძალიან მიჭირდა თავისუფლად ყოფნა, მეცადინეობაც... ხშირად (ძირითადად) მათი სურვილების მიხედვით მიწევდა სწავლაც, სადმე წასვლა-წამოსვლაც, ძილიც და ყველაფერი... არადა, მაგ დროს საჭირო ოთახიც კი არასაჭირო დროს გინდება, ისეა მოწყობილი ადამიანი.
ერთადერთი კომპრომისი იყო წვრილმანი მსუნაგობებით დატენილი ჯიხური, რომელიც რკინიგზის სადგურზე მდებარეობდა და ხსენებული სანათესაოს მფლობელობაში იყო. იქ მიწევდა ყოფნა უნივერსიტეტზე და სახლზე მეტ დროს.
სწავლის ხარისხი არ მომწონდა? სამაგიეროდ ვაჭრობაში გავიწაფე. მაწანწალების და მათხოვრების, ქუჩის ქალების და საცოდავი, უსახლკარო ლოთების ცხოვრებას ვაკვირდებოდი, ასევე ტაქსის მძღოლების, კრიმინალური და დაცვის პოლიციის მოქმედებას. ყველა ზემოთჩამოთვლილი პროფესიის ხალხი გავიცანი და ბევრი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდი. თითქმის ღამეებს ვათენებდი ბაქანზე მიყუჟულ ჯიხურში და ჩემს სტუდენტობას დავცინოდი. ზოგ, მატარებლის მომლოდინე მგზავრს, ვიღაც ქუჩის ქალი ვეგონე და თითით მიხმობდა, ზოგიც ჯიხურის ვიტრინიდან მიჟუჟუნებდა თვალებს. ზოგ გადამთვრალ ახალგაზრდას კიდევ, გასართობად კარს რომ მოადგებოდა და აბრახუნებდა გამიღეთო, ჩაბნელებულ კუთხეში ვემალებოდი. სპირტის და წყლის გაზავება ვისწავლე, ჭიქა ალკოჰოლის მათხოვარ ლოთებს, ოც თეთრიან `არაყს~ ვუსხამდი და მათი უიღბლო ცხოვრების შესანდობარს ვისმენდი. ხანდახან მშიერი, ვიტრინაში, გასაყიდად გადგმულ, სიცივისგან ქვადქცეულ კატლეტს ვიღებდი ჩუმად, ღმერთს ვთხოვდი ცოდვა ეპატიებინა და ვჭამდი, თან გულში ვითქვამდი, რომ იმის თანხას აუცილებლად დავდებდი, როცა მექნებოდა (ისე, საკმაოდ ვალი დამრჩა გადასახდელი, რამოდენიმე კატლეტის და მოხარშული კვერცხის!) ყოველთვის არ მიწევდა ჯიხურში ყოფნა, მაგრამ სახლში ყოფნას, მერჩივნა ისევ ათასი ჯურის ხალხი მეთვალიერებინა სადგურზე. საინტერესოც კი იყო, ჩამოდგებოდა მწვანე მატარებელი, გადმოცლიდა შიგთავსს, გადმოტვირთავდნენ ბორჯომის ყუთებს, ფერად-ფერად ვაშლებს, ტყლაპებს, იატაკის ჯოხებს და უცებ დაინახავდი მოდიოდა სუფთა რიჩარდ გირი, ყურებიანი ქუდით, მხარზე მწვანილის ბოხჩით... ან გვერდით ჩაგივლიდა მერილ სტრიპის სოფლელი ვარიანტი, მომართული ჩაყვითლებული დედლების გასაყიდად. მახსოვს, მონიკა ბელუჩისაც მოვკარი თვალი. კი, ის იყო... ერთხელ ერთ-ერთი ჩვენს ჯიხურში დანაყრდა მოხარშული კვერცხით _ კოპიო პრინცესა დაიანა!
იმათი შემხედვარე, რაღა მეთქმოდ-მეწუწუნებოდა. ვუჯექი ჯიხურის ჩაგისოსებულ ვიტრინას (რაღა ის და რაღა შოუშენკი) და ვფანტაზიორობდი.
ავითრევდი წელს ნახევარღამე ნათევი დილით, წამიღებდა ტრამვაი უნივერსიტეტისკენ და იქიდან სტუდენტების ჯგუფს მივქონდი ტაატით, ვიდრე პირველ კორპუსამდე, სადაც მხვდებოდა სადაქალო და ნამძინარევ სიფათზე ცხელ-ცხელ, ჩემთვის უინტერესო ჭორებს მილაწუნებდა.
დიდი ამბავი იყო ჩათვლა-გამოცდებისას. ქალაქის დელიკატური ნაწილი უცებ სოფლის თემშარად რომ გადაიქცეოდა ხოლმე. ნაირ-ნაირი ზომა-წონის ხურჯინები ყველა ერთად იყრიდნენ თავს განათლების კერაში და თუხთუხებდნენ, ჭაჭის გრადუსს აორთქლებდნენ, გლუვ მუცლებს აჩენდნენ და ჩათვლის წიგნაკებს ანაყრებდნენ.
ოჰ რა იყოო. მივტანტალებდი მე შიშველი ზურგით, ტელევიზორის შუქზე დაზუთხული გრამატიკა-ფონეტიკის რაობით და მიხაროდა რომ ტრამვაი 5 თეთრი ღირდა.
ჩემები რომ სოფელში არ ცხოვრობდნენ და ხორაგით დატიკნილ ხურჯინებს არ მაყოლებდნენ გამოცდების ჩასაბარებლად _ ეგეც მიხაროდა.
მერე ისევ სადგური თავისი ჭკვიან-სულელიანად და გიჟი თამარა, მუსიკა რომ უყვარდა ძალიან. რასაც მათხოვრობდა, მაგნიტოფონების ყიდვაში ხარჯავდა, შემოიდებდა ხან მარჯვენა, ხან მარცხენა დაქნეულ მხარზე და მთელ დასახლებას ასმენინებდა ქართულ ფანოღებს. თითქმის ყოველ მეორე დღეს უმტვრევდნენ მთვრალი მოცლილები, დამპალი კაბის ქვეშ უფათურებდნენ ავადმყოფ აზრებს და ბილწად დასცინოდნენ. ჩია იყო თამარა, სულ დასაბანი და სულ საცოდავი, როგორც საპამპულო ბურთი, ისე დაგორავდა ერთიდან მეორე ფეხის ტერფებამდე და გადამტვრეულ, მაგნიტოფონის კასეტებს დასდევდა.
იქვე, სადგურზე გავიცანი ბაჩო. გამხდარი, დაბალი ტანის, წითურთმიანი,  თუმცა რომანტიული და მგრძნობიარე. ისიც სადგურის დასახლებაში ცხოვრობდა და ყოველ დღე, სადგურის გავლით, დედას აცილებდა სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში. დედა სტილისტი ყავდა, ისეთი ახალგაზრდა და თოჯინასავით მოვლილი ქალი იყო, და-ძმასავით დადიოდნენ დედა-შვილი.
იმ საღამოს საზიზღარ ხასიათზე ვიყავი, როგორც ხშირად. სადგურზე, ჯიხურთან ვიდექი და მატარებლის ლოდინში აყაყანებულ ბრბოს ვაკვირდებოდი. გამოიარა და პირდაპირ ჩვენს ჯიხურთან დაამუხრუჭა. ჩემს ნათესავთან გააბა საუბარი, თან ჩემკენ იყურებოდა, როგორც მივხვდი, ჩემზე ელაპარაკებოდა, გამაცანიო თხოვდა. ასე გავიცანი. მესამედ რომ ვნახე, უკვე საჩუქარი მომიძღვნა და მეოთხე შეხვედრიდან მთხოვდა _ სერიოზული სალაპარაკო მაქვს და მომისმინეო. მე კიდევ გადავდე, გადავდე და ბოლო-ბოლო ჯიხურის გაბრიგინებულ ტახტზე დავჯექი მოსასმენად. ორი კოლოფი სიგარეტის კვამლის ფონზე სიყვარული ამიხსნა და თან ისეთი საცოდავი თვალებით მიყურებდა, კიდევ კარგი ნათესავმა მოგვისწრო და გაგვანიავა, თორემ ისე ვიყავი გაბუღული და თავზარდაცემული მისი მზერით, ალბათ მივატოვებდი ჯიხურს და პირდაპირ სადგურიდან გავყვებოდი ცოლად.
გადასარევ სიურპრიზებს კი მიწყობდა, უბრალოდ რამე მეთქვა... ციცინათელა დავინახე და ერთი საათი ირბინა ლიანდაგებს შორის, სანამ არ დაიჭირა და არ მომიყვანა, მე კიდევ მაშინვე თავისუფლება მივანიჭე. იცოდა, რომ პეპლებს ვაგროვებდი და ვახმობდი, რომლითაც შემდეგ რაღაც კომპოზიციებს ვქმნიდი, სადღაც დაუნახავს თავისთვის მიძინებული უზარმაზარი ფარვანა, დაუჭერია და ფრთები დაუგლეჯია. იმავე დღეს, უნივერსიტეტთან დამხვდა და ასანთის კოლოფით მომართვა `ნანადირევი~, თან ისეთი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა... საერთოდ, ძალიან ნამდვილი თვალები ქონდა, სუფთა, პირდაპირ ეწერა ყველანაირი განწყობა. ყოველ დილით მხვდებოდა და სასწავლებლამდე მაცილებდა, მთელი გზა მთხოვდა ლექციების შემდეგ სადმე, ყავის დასალევად გავყოლოდი, რაზეც უარს იღებდა. ვინმეს ხელით მიგზავნიდა ხელისგულისტოლა,  წითელ მარწყვებს, ყვავილებს... ხან მოულოდნელად მეჯახებოდა სასწავლებლის, სწორედ იმ კორპუსის კიბეზე, სადაც ლექცია მქონდა; ლექციების შუალედებში, შესვენებისას, სულ ჩემს გარშემო ტრიალებდა საძმაკაცოსთან ერთად, ჩუმად იხდიდა ფოსტაში, ჩემი საუბრის თანხას, რომელსაც გამოვდიოდი და უკან ვუბრუნებდი, მერე ისევ მაცილებდა სახლამდე და საღამოს აუცილებლად იზიარებდა ჩემს ვაჭრულ გამოცდილებას სადგურზე, ჯიხურში.
მერე, იმდენი უძახა ჩემმა თავგამოდებულმა სანათესაომ: `ნაკითხი გოგოა და გაუნათლებელს არ გაყვებაო~, სანამ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბარა. (ჩემგან სახსოვრად დიპლომი მაინც დარჩებოდა). სამჯერ ჩამომაკითხა ჩემს გამზრდელ სახლში. მესამედ, როცა მეგონა რომ ჩვენი ურთიერთობის უაზრობაში დავარწმუნე და ნახვა ავუკრძალე, მაშინ მომაკითხა, ჩემს დაბადების დღეზე, საჩუქრით ხელში. თუმცა ისევე მოუწია უკან გაბრუნება. მაშინ ბევრი ვიტირე მისი გაცრუებული და ნაწყენი თვალების გამო. მოკლედ, საწყალი ბაჩო, ახლაც მრცხვენია რომ მახსენდება, იმხელა გზაზე იჩაქჩქა, ვინ იცის, სახლში აპატიჟებას და ქეიფსაც ელოდა და როგორ გულნატკენი წავიდა...
ივნისი იყო, ზუსტად ზაფხული და არდადეგების პერიოდი, ამიტომ შედარებით იოლად გადავიტანე ბაჩოს გაბუტული თვალების მიერ დატოვილი საყვედურები.
იმავე წლის ზამთარში, თვალებს არ დავუჯერე, როცა ჯიხურის პაწაწა სარკმლიდან დავინახე როგორ ჩამისეირნეს წინ ხელიხელჩაკიდებულმა ბაჩომ და მისმა ჩაპუტკუნებულმა ცოლმა!
ჰო, ცოლი მოუყვანია.
რას გაუგებ ამ ბიჭებს. იმდენი ვინერვიულე უარი რომ ვუთხარი, ისე მანამუსებდა: `უშენოდ ბურუსი და ბნელია ჩემი ცხოვრებაო~...
კი გათენებულა იმ შემოდგომაზე.
. . . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები