ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 იანვარი, 2016


არასწორი ინფორმაცია ფეისბუქზე ანუ აშშ დოლარში ვალის დაფარვა ძველი კურსით


დავით ზარდიაშვილის ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი სტატია დასათაურებულია შემდეგნაირად :

  "ყველას საყურადღებოდ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს, თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ,                           

                                          რა  კურსიც კრედიტის აღების დროს იყო. "
   
        განთავსებულია აქ: http://www.nsp.ge/view.php?id=6743

თემა ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის განმარტებას, უფრო სწორად მის იურდიულად წაკითხვის საკითხს. ეს სტატია მთელმა ფეისბუქმა აიტაცა, რადგან კრედიტით/სესხით ბევრი სარგებლობს და ვისაც აშშ დოლარში აქვს ვალი, უფრო მეტი ლარი ეხარჯება კრედიტის დასაფარავად (მეც მათ შორის ვარ).

საქმე ისაა, რომ ამ მუხლთან მიმართებით, უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც საპირისპიროს ამბობს,  რადგან თემამ წამოიწია ჯერ კიდევ 1999 წელს, როცა ლარი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად დაეცა.

სასამართლოებში მაშინ წამოვიდა სარჩელების/დავების ტალღა რომლის საგანიც დღეს გავრცელებული იგივე თემა იყო, ეს საკითხი  თხუთმეტი  წლის წინ განიმარტა  და სპეციალურად შევიდა "ქართული სამართლის მიმოხილვაში"  N 5 /2002-1. 

დავა გადაწყვიტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2001 წლის 27 ივნისის N 3k/467-01 განჩინებით. მას შემდეგ სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი მოიხსენიება  როგორც "ნომინალიზაციის პრინციპი." 

გადაწყვეტილებაში წერია შემდეგი: 

მითითებული კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე (სამოქ, კოდექსის 389-ე მუხლი), ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება თავისთავად გულისხმობს ფულის რეფორმას, რაც ფულის სისტემის განმტკიცებისთვის გატარებული სახელმწიფო საკანონმდებლო აქტია, რომლის შედეგად ხდება ქვეყანაში ფულის მოქმედი სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლა.

ამ დროს ხდება გაუფასურებული ფულის მიმოქცევიდან ამოღება და მის ადგილს იკავებს ახალი ფული, იცვლება ფულის ერთეული ან მისი ოქროს შემცველობა, რის შემდეგაც დგინდება ფულადი ერთეულის, ფულის ნიშნის ფორმა და ეროვნული ვალუტის კურსი.

ფულის კურსი კი ნიშნავს ერთი ქვეყნის ფულის ერთეულის ღირებულებას, გამოხატულს სხვა ქვეყნის ფულის ერთეულში. ფულის კურსის დადგენა გაიგივებულია მის კოტირებასთან, რაც უცხოური ვალუტის საბირჟო ფასების დადგენას ნიშნავს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვალუტის შეცვლა გულისხმობს ქვეყანაში არსებული ფულის ნიშნის შეცვლას.

აღიარებული პრაქტიკით, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს მოქმედებს ე.წ. ნომინალური პრინციპი, ე.ი. პრინციპი იმის შესახებ, რომ ვალი ნომინალურად იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო დადებული ხელშეკრულება. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის ნომინალის ცვლილებას.

მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როდესაც 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით.

ვალუტის ცვლილებას ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო შემდეგ კუპონი – ლარით.

რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადასახადო ბალანსის მოშლასა და ნომინალური სამეურნეო კავშირების დარღვევას.

ამ დროს, მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალური საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა.

ვინაიდან ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს ადგილი არ ჰქონია, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება.

ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე ფულის ნომინალური გაცვლითი კურსის ვარდნის დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებულ იქნას რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან, როგორც ცნობილია, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებით მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით იზრდება.

წყარო: http://media.wix.com/ugd/1ee20c_2e19e9bec7ae46caa46d5da1f0528e94.pdf 

                                                                        + + + 

ასე რომ დ. ზარდიაშვილის მოსაზრება მცდარია.თუ მოვალე მისი ინფორმაციის საფუძველზე სასამართლოს მიმართავს, დიდი შანსია სასამართლო პროცესი წააგოს და  ვალის გადახდასთან ერთად, დაეკისრება როგორც სასამართლო ხარჯები, ასევე აღსრულების ხარჯები, რაც ჯამში ვალის 10%-ზე მეტი შეძლება იყოს.  ანუ ვალი 10% -ით მოიმატებს. 

გამოსავალს მკითხავთ  და გპასუხობთ:

მიაკითხეთ ბანკებს და "მისოებს", სადაც კრედიტები გაქვთ, ისინი მოქცეულნი არიან ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ. მიმართვის შემთხვევაში დაგეხმარებიან რომ ვადა გაუგრძელდეს კრედიტებს აშშ დოლარში (თვეში გადახდების თანხა მცირდება) ან სხვა სამართლებრივი ბერკეტებით დაეხმარონ მოვალეებს. სამწუხაროდ ეს არ შეეხებათ კრედიტორ ფიზიკურ პირებს,  რადგან ეროვნული ბანკის რეგულაციას არ ექვემდებარებიან. 

დიდი ილიასი არ იყოს "რა გითხრათ, რით გაგახაროთ..." თავს იმით  ვიმშვიდებ, რომ მეც იგივე გარემოებაში ვარ, მაქვს კრედიტი აშშ დოლარში ხოლო შემოსავალი ლარში. ანუ, ამ ქვეყანაში თუ რამე მოხდა, ყველაფერმა ჩემი სახლის კარზე გადაიარა...

გმადლობთ ყურადღებისთვის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები