ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2016


ბიძგი - უშენოდ

(ეტიუდებიდან)

სასულეზე მადგას ცრემლის მწარე ყლუპი.
როგორ შევიკავო ახლა ღაპაღუპი!
მერამდენედ, ისევ ვერ მოზომვა ტონის,
ვერ მოზომვა ბიჯის. დარდს რა გადასწონის!
ვიდრე გავიგებდე, დავისაჯე თუ რად,
ისევ გასწრებ ბოდიშს, ვცრუობ თაღლითურად.
ნეტავ ახლა მიხვდე,  პატიება მთხოვო,
აღარ მეცივო და აღარ მეუცხოვო.
მინდა ავიწყვიტო, რა მაბრკოლებს, მბოჭავს?
მერამდენედ, თავი თავად გამიკოჭავს.
ბიძგი უეცარი. უცებ გამეღვიძა
და მიხუტებს გულში ღამე, როგორც ძიძა.
ო! რამდენი ცრემლი ღამით მოწმენდილა
და უშენოდ დგება მერამდენე დილა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები