ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2016


ნატირ-მორტი

,,-თეთრი, თეთრი ფინლანდია,
ოღონდ ჰქონდეს ბურთულა!"-
- მოხმიანე ვინ ლანდია,
ფიქრს გზა ვინ გაურთულა?
... და ქაშაყის მარინადი
ქაშანურის ფიალით,
შავი პური, ანდაც მჭადი...
ხსოვნა, გულის ფრიალი.
სველი ფუნჯი,
ფონი ლურჯი,
ზედ ფასკუნჯი ნისკარტა.
მერამდენედ - ლაპარაკში
მოპარება ცისკართა.
და სიტყვები  - არართული,
არაფერი - მორთული.
თვალზე რულით დახატული
სიყვარული - ფერწერული,
სიყვარული -  პორტრეტული,
არანატურმორტული.

სახელოსნო შენი მუდამ ასე მომაგონდება.
მერე შენი აღსასრული,
მერე სიმწრით დაისრული
გული. ჩვენი გოდება.

ჩვენი რა ვთქვა, გვიდგას სული,
მაგრამ ველით გაყურსული,
ვის მოუწევს კანჭზე ცელის მოდება.
ან იმედი გვქონდეს რისი,
ან რას შერჩა რა საზრისი,
ან ვის რა გველოდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები