ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
10 თებერვალი, 2016


ერთი განსხვავება(ძაღლური ისტორია)

  ორნი მიდიოდნენ პარკში, გვერდიგვერდ, ნაბიჯების საოცარი სინქრონით. ერთი შავგვრემანი იყო, მაღალ ფეხებზე შემდგარი. თაფლისფერ თვალებს ყურადრებით აცეცებდა ირგვლივ. მეორე - დაბალი, ხორბლისფერი, ასეთივე ფერის თვალებით და ჟღალი წამწამებით. სიმშვიდის პერიოდი ედგათ და გულითადად მუსაიფობდნენ:
-სხვა, რა არის ახალი შენსკენ? მოგიშუშდა ზურგი.- ეკითხება შავგვრემანი თანამგზავრს.
- ბოლომდე არა, მაგრამ შედარება არაა. საშინელ დღეში ვიყავი.
- როგორ მოგივიდა ეგ ამბავი, თითქოს კარგი ურთიერთობა გქონდათ?
- გაჩუმდი თუ ძმა ხარ, მაგათი კარგი ურთიერთობა რა ვთქვი. მეგონა ყველაფერი კანფეტივით გვქონდა. ერთმანეთს თვალებს ვუჟუჟუნებდით.  ყოველდღე, როცა შენობაში სტუმრები ქეიფს მორჩებოდნენ, სადილად მპატიჟებდა…  და უცებ მდუღარეთი სავსე ქვაბი არ გადმომაპირქვავა!? რა მექნა, რომ ავყოლოდი, ხომ უნდა დამეგლიჯა.
- სწორად მოქცეულხარ, ძმაო. ხომ იცი, ადამიანისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. არა, მაგათი ნდობა ერთი წუთით არ შეიძლება.
  ნაცნობს ჩაუარეს გვერდით.  იმას არც შეუნიშვავს ესენი.  ბანცალ-ბანცალით მიმავალ, არყის სუნით გაჟღენთილ კაცს ხვეწნა-ხვეწნით მისდევდა: „ ჩემი ადამიანი იყავი რაა, ჩემი ადამიანი იყავი რაა.“ დინჯად გააყოლეს თვალი.
-ჯერ კიდევ ლეკვია. ცისარტყელას ფერებში ხედავს ცხოვრებას. - ჩაიცინა შავგვრემანმა - ჯერ ისიც  არ იცის, რომ მაგათ არათუ ჩვენი, ხშირად ერთმანეთისაც არ ესმით...  ერთი პერიოდი მეც მინდოდა ადამიანის აყვანა (ხომ იცი,  მაგათი ხელიდან სულ საჭმელი ცვივა), მაგრამ მერე გადავიფიქრე. მაგათ ხომ იქამდე უნდიხარ, სანამ ჯანზე ხარ, მერე კი მიგაგდებენ სადმე, უცხო მხარეში. ნადირობაც აღარ შეგიძლია და ხარ შავ დღეში.
მოზრდილ ბუჩქს მიადგა  და ფეხი ასწია, მაგრამ ერთი წვეთი შარდი ძლივსღა მიასხა.
-არა რა, დაგვღუპავს ადამიანებთან თანაცხოვრება. დღითითღე მაგათ ვემსგავსები: ვერ ვძღები ტერიტორიებით.
ხორბლისფერი შორიახლოს ელოდა. თან მტკივანი ზურგის გალოკვას ცდილობდა.
-ეჰ! - ლოკვას მორჩა და ამოიოხრა ხორბლისფერმა - მართალი ხარ, კარგად გცნობია ადამიანები.  ჩემი  ისტორია ხომ იცი, სოფლში რომ ვცხოვრობდი, მაშინდელი?
-არა, არაფერი ვიცი. მე მეგონა ჩემსავით კარენნოი ქალაქელი იყავი. ისე, სოფელში მაგარი სტრნნი ძაღლები ცხოვრობენ. ყველას თავისი ადამიანი ჰყავს... მიდი აბა, მომიყევი შენი ამბები.
-წამო, სადმე ჩრდილში გავჩერდეთ და მოგიყვები.
ჭადრის ძირში, ნაბარი მიწა ამოფოფნეს და წამოკოტრიალდნენ.
ჯერ კიდევ ლეკვი მთვრალს დახსნოდა და ახლა ბილიკზე თეძოების რხევით მიმავალი, გავაგანიერი ქალისკენ გაცუნცულდა. „ჩემი ადამიანი იყავი რაა! ჩემი ადამიანი იყავი რაა!“ ეხვეწებოდა და კუდს ისე აქიცინებდა, ტანის წელს ქვემოთა მხარე 30 სანტიმეტრის ამპლიტუდით ირწეოდა. ქალმა ისტერიკული წივილი ატეხა და სკამზე შეხტა. ეს კუდამოძუებული მოშორდა და ჭადრის ძირში წამოწოლილებს მოკრძალებით მიუახლოვდა.
-მოდი, ბიძიკო, მოდი - გაამხნევა ხორბლისფერმა. - რას დასდევ მაგ გულქვა არსებებს. გირჩევნია ჩვენ გვდიო, რამე სასარგებლოს ისწავლი.
ესეც მიუცუცქდა  და გაიტრუნა.
-ეგენი ზოგ რამეში ჩვენ გვგვანან, მაგრამ ერთი უეჭველი განსხვავება აღმოვაჩინე, ამას წინათ... მსუყე რესტორნები რო აქ, ის ადამიანი ხო იცი? - ეკითხება შავგვრემანი.
-რომელი, პიდბულივით სახე რო აქვს?
- ჰოო, ეგა?
-მაგას სუპერმარკეტებიც აქვს. ამას წინათ გავიგონე, შესასვლელში თანამშრომელს როგორ ტუქსავდა, ხალხის თვალწინ...
-ჰო, ჰოდა, ორი დღის წინ შევესწარი მაგის შეხვედრას ერთ თანაკლასელთან.( ხო იცი, მაგათში თანაკლასელობა ყველაზე ახლობლობას გულისხმობს.) ეს, - პიდბული გადმოვიდა გასანსალებული მანქანიდან, ყელზე მაჯის სიმსხო ჯაჭვი ჩამოეკიდა... ჩვენებს რო აბამენ ისეთი კი არა, - ბრჭყვიალა. შეხვდა ის,- კლასელი. ისეთი გაცვეთილი ტანისამოსი ეცვა, ერთი გარეცხვაღა იყო დარჩენილი.  გაუხარდა კლასელის დანახვა და ყურებამდე მიუვიდა პირის კუთხეები. იმდენი კბილი აკლდა წინ, ფეხბურთის მოედნის კარები გეგონებოდა. - როგორ ხარო -ეკითხება პიდბული . - კარგად, ძმაო, შენ როგორ ხარო - ჰოდა, ნეტა არ ეკითა. რაც ამან იწუწუნა და იწუწუნა, ვაჭრობის საქმეები ცუდად მიმდისო, ისაო, ესაო...  მის მაგივრად შემრცხვა. სულ თათებს ვიფარებდი თვალებზე... და მაშინ მივხვდი: ჩვენ, როცა მაძღრები ვართ, სითბოდ და სიყვარულად ვიღვრებით. ეგენი პირიქით - რაც უფრო მსუყედ ჭამენ, უფრო ცივები და სასტიკები ხდებიან.
- შენ რა ოხერი ხარ, რას არ შეამჩნევ - ჩაიცინა ხორბლისფერმა.
- შენი ისტორია მომიყვი, რა გადაგხდა.
-ჰოო, მე სოფელში, იმათთან გავიზარდე. კარგად მექცეოდნენ. მეც ჭკუა მეკეტებოდა მათზე. მერე ბავშვი გაუჩნდათ. ძალიან საყვარელი იყო.
-კი, პატარა ყველაფერი საყვარელია, ადამიანის ნაშიერიც კი. - შეაწყვეტინა მეგობარმა.
- ბავშვი გამორჩეულად მიყვარდა. ცივ ნიავს არ ვაკარებდი. ისეთი ცელქი იყო, წამით ვერ მოაშორებდი თვალს.
ერთხელ დედამისს უკანა ეზოში გამოეპარა. ჩემდა ჭირად გველი დაინახა და მოეწონა ჭრელი, დაგორგლილი ჯოხი. ხელის მოკიდებას რომ აპირებდა, მაშინ მივუსწარი... დიდი ბრძოლა გადავიხადე იმ დღეს. მოვკალი, მაგრამ იქამდე რამდენჯერმე დამგესლა. კინაღამ მოვკვდი. ერთი კვირა  ვიშუშებდი ჭრილობებს.
ერთხელაც, ღობეზე აბობღდა და ჩამოსვლისას ტანსაცმლით მავთულზე ჩამოეკიდა. ეტირა -მაინც, რომ ვინმეს გაეგონა და დახმარებოდა. ადგა და ფართხალი დაიწყო.  რომ ჩამოვარდნილიყო, ქვაზე დაენარცხებოდა. გავიქეცი და მამამისი მოვიყვანე, მაგრამ სანამ იმას გავაგებინე - რას  ვთხოვდი, ერთი სიკვდილი გავათავე. ხომ იცი, რა ბოთეები არიან.
-მაგაში კი ბატონო, ბადალი არ ჰყავთ.
-რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი. გადაყოლილი ვიყავი მათზე. მერე, როგორღაც მუნი შემეყარა. იმათაც,  საბარგულში ჩამსვეს და აქ ჩამომაგდეს. - დაამთავრა თხრობა. ამოიოხრა და ხორბლისფერი ყურები ჩამოყარა.
-ეჰ, ნეტა მეც ეგრე დამმართნოდა და სხვა არაფერი. – ახლა შავგვრემანმა ამოიოხრა, ლამის გული ამოაყოლა.
-შენ რაღა შეგემთხვა?- დაინტერესდა ხორბლისფერი.
- შარშან ერთი ძუკნა გავიცანი. -დაიწყო და სევდიანი თვალები მიწას მიაპყრო. ისეთი ლამაზი იყო, ავ თვალს არ ენახვებოდა, თეთრი, ქათქათა. ისეთი თამაში და კეკლუცობა იცოდა,თავს დაგაკარგვინებდა. დავახლოვდით და ერთმანეთი შეგვიყვარდა. რა ბედნირები ვიყავით, ერთნანეთს რომ ქარივით გავედევნებოდით, დავეწეოდით და მსუბუქი კბენით ვესიყვარულებოდით... ერთი ბოროტი ადამიანი იყო. ჩვენს მოდგმას ემტერებოდა. მაშინ წაადგა თავს, ჩემს შეყვარებულს, როცა ეს ჩემს მირთმეულ ძვალს შეექცეოდა. ჯოხი მიარტყა და დაუყვირა. ეს დაიბნა, ეგონა ძვალს ართმევდნენ და უკბინა. ადამიანმა სადღაც გადარეკა. ტელეფონს ჩაყვიროდა და სულ დორბლებს  ყრიდა. მივხვდი, ცუდი დღე გველოდა. მოვარდნენ მაღალი მანქანით ადამიანები და სამი ჩვენიანი დაიჭირეს. ისიც – მათ შორის. მე დამალვა მოვახერხე. გავიგონე, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს, თეთრია დასაძინებელიო. – ისევ ამოიოხრა და თვალები აუწყლიანდა. – მას შემდეგ იმ უბნისკენ გახედვაც აღარ მინდა.
-ხომ გესმის ბიძიკო? აი, ასეთები არიან. ზედმეტად ნურავის შეიჩვევ.- მიუბრუნდა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ჯერ კიდევ ლეკვს, მაგრამ ეს უკანასკნელი ღრმა ძილში ჩაფლულიყო და ტკილ სიზმარს ხედავდა: ვითომ ადამიანი აეყვანა და ართობდა, - მის გადაგდებულ ჯოხს წინ და უკან დაარბენინებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები