ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2016


არაგრავიტაციული

რა შეედრება ჭალებიდან აფრენილი ჭილყვავების ფრთხიალს,
როცა გიკმევენ სიჩუმეში ნისლის ოხშივარს დილის მცველები,
დაჟინებით რომ ჩააფრინდებიან,შენს მიღმა
ყველა უჯრედში გამომწყვდეულ უწონობის სურვილს,
როგორც - მარადიულ ამბოხს; დამარცხებულ რევოლუციას...
მოგადუნებენ და დაგაშორებენ უწინდელს.
ეს შენი შექმნილი სიზმარი იქნება, მაგრამ არა საკუთარი ნება...
აქ არ იქნება ხმაური და ფარისევლობა.
ამ ტერმინებსაც ვეღარავინ გამოიყენებს.
გარდამავალ განზომილებაში გავიშლებით
აქამდე ჯერ არნახული სილუეტების თანხლებით,
რომლებსაც კიდურების ნაცვლად,
თავისუფლების ჩვენს მიერ გამოგონილი სიმბოლოები
ექნებათ გამოზრდილი და ოდნავ შერხევაზე
მორიდებით შეგვიგრძნობენ-ჩაგვიძვრებიან მახსოვრობაში
და გაგვიძევებენ აქედან გამოყოლილ შეუთავსებლობებს,
გამოუსადეგარ ისტორიებს, ფუჭ მცდელობებსა და ცრუ სწავლებებს,
რომელიც ამ ცხოერებაში ადამიანებს
ყოველთვის აკარგვინებდა მნიშვნელოვან დროს.
ჩაგვაბარებენ კუთვნილ სივრცეს სახელ დაურქმეველი სილუტები,
მოიგლეჯენ კიდურნაცვალ ნაწილებს,
გაფანტავენ ჩვენს კუთვნილებაში და შექმნიან გარსს,
რომლის მიღმაც ერთ დროს ნამყოფები,
აღარასოდეს მოვინდომებთ იქ დაბრუნებას,
სადაც ადამიანებს საკვებად ერთმანეთი
ყველაზე მეტად ეგემრიელებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები