ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2016


ამხანაგები

მთელი ეს ბინა, ფანჯრებიან-ფარდებიანად
დავიზეპირე ძილის პირზე, როცა ვაცეცებ
თვალებს, რომელშიც მწკრივდებიან: ფორტეპიანო,
კედლები, ჭაღი, სავარძელი და ქვეშაგები.
ვიხსენებ ყრმობას, ფრთამსუბუქი ფიქრი მიტაცებს,
ხანა-ყველაზე უდარდელი, ლაღი, მქროლავი...
ტრფობის წერილებს, ღამ-ღამობით ჩუმად მინაწერს,
მინდვრის ყვავილებს, რომ მიმქონდა მასთან. ონავარ
დღეების ბრუნვას ისე ვყვები, საკუთარ თავთან,
რომ მეცინება აშკარად და მოურიდებლად;
მახსოვს რიგებში ღამისთევა-პურის ან ნავთის,
შემდეგ უძილოს დილით წასვლა, როგორ მიწევდა
სკოლაში. ახლოს, რამდენიმე ქუჩის გადაღმა,
სადაც მთელი დღე, მე და ჩემი ამხანაგები
ვსწავლობდით, ვწერდით, ვთამაშობდით წესის თანახმად
და სამომავლოდ არარსებულ სახლებს ვაგებდით,
ვაგებდით გზებს და ავტობანებს, რაღაც შოსეებს,
დღეს კი ყველანი მიმოვდივართ ჩვენივე გზებით...
ვინ ელჩი გახდა, ვინ მნეა და კალატოზია,
მე ძველებურად, როგორც წესი, დღემდე ვწერ ლექსებს
და თვალწინ მიდგას ძილის პირზე, მეათასეჯერ:
გზები, სახლები, ხიდებიც კი, რასაც ვაგებდით
მერე ვიძინებ და არ მინდა, რომ დავიჯერო
სხვადასხვა გზებით მიმოვდივართ ამხანაგები...
         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები