ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 თებერვალი, 2016


ექსოდისი

აიხედე,
იხილე!
დაგპირდა და მოსულა
დღე - ღრუბლებით მოსილი,
ღამე - ცეცხლის ნათლითა,
გიხმობს: -"მოსეე-ე"!
იგია,
ვინ წყვდიადი დაფლითა.

დგას ერი გადაღლილი,
ვეღარ ითვლის იარებს.
სიტყვებს შენსას
მოზარე როგორ გაიზიარებს
და შენც წვალობ,
არ იცი, მოუხმო რაღა ღონეს
,,მკვლელო, ენაბრგვილოო!"-
სიმწრით თუ დაგაღონეს.

ჰო, ამქვეყნად ყოველი არარასგან შეიქმნა,
ჰო, ძნელია შესაქმე,
უფრო ძნელი - გარდაქმნა,
მაგრამ ვერ ასცილდება
ერს აღთქმულის გამო ცვლა,
რადგან
უფრო ძნელია აღსვლა,
ვიდრე გამოსვლა.

ღელავს ერი,
შორია ნაყოფი მსხმოიარე,
მაგრამ
რაკი მიგიძღვის
გამპობელი ვრცელი ზღვის,
ნუ გეშინის შერისხვის,
არ შეჩერდე,
იარე!

აღსრულდება ყოველი, დღემდე რაიც იწამე,
დასრულდება ყოველი, მისთვის რაც გიწამია,
ოღონდ წელი ათასი მისთვის ერთი წამია
და რაკი აღიარე,
გვატარე,
მოგვიარე,
ეჭვმა რომ არ დაგვფანტოს,
როგორც მგელმა- ცხოვარი.

მოდის აღთქმა ახალი,
ახლოა მაცხოვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები