ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2016


გული ამოისკვნა ერთმა ფოტომ...

მანძილი დარდიდან ტკივილამდე,
ეს შენი საწვრთნელი ბილიკია.
შიშები წარსულში მიიმალნენ,
თუმც, ისევ საშიში პირი კი აქვთ...
„ესეც გადაივლის“ სიბრძნის ჭაში
მოჩანს მოტივტივე ყველა გრძნობა.
რაღა აღარ ხდება ცხოვრებაში,
მღვდელი ჭილოფშიაც არ იცნობა!..
ვინც ვერ გაიმეტე - გაგიმეტა!
ლოყა გადაწითლდა მისაშვერი...
არ ღირს შეყვარება თავზე მეტად,
მერე სიძულვილს რით უსაშველებ...
ჯერ არ შემიძლია პატიება,
როცა სულში მძიმე ჰაერია!
ვნებები - სინდისის პატიმრები
ერთმანეთს უღმერთოდ დარევიან...
წუხილის გვერდითი მოვლენები
ფიქრმა მედდასავით განმიმარტა.
ამასაც როგორმე მოვერევი,
როგორღაც მოგონილ შვების კართან...
უერთმანეთობის ალბომში კი
ხსოვნამ ყველა სახე გაამკვეთრა.
მარჯვნივ - სიყვარული არმოშლილი,
მარცხნივ - შუბლის ძარღვის გადაკვეთა...
გული ამოისკვნა ძველმა ფოტომ,
ვაჩვევ უცრემლობას სენტიმენტებს.
ფიქრს ხმა დაუბოხდა ერთი ნოტით,
და სხვა არაფერი ამის მეტი...
          18.02.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები