ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: იუმორისტული
8 მარტი, 2016


სიზმარი ურაკპარაკზე

რაც მართალია, მართალია, დაღლილი ვიყავი, გათანგულიც მეთქმოდა არაეროტიკული გაგებით და ჩემი ცხოვრების ერთდაერთ ეგზისტენციალურ დანიშნულებად იმ მომენტისათვის საწოლზე მიგდებასა და თვალების დახუჭვას მივიჩნევდი.
როგორ ჩამეძინა არ მახსოვს, ეგ კი არა, როგორც წესი, სიზმრებიც არ მამახსოვრდება, როცა თვალს ვახელ, ყველაფერი ქრება, რასაც დახუჭული თვალებით ვხედავდი, მაგრამ იმ ღამით ნანახი სიზმრის ყველა დეტალი შესანიშნავად მახსოვს.
თავიდან ვიგრძენი რომ ჰაერში ვიყავი, ანუ მივფრინავდი და აქ რა უნდა იყოს არაბანალური, ვის არ დასსიზმრებია როგორ ლივლივებს, ვის არ განუცდია ეგ ნეტარება, მაგრამ ვინ გითხრათ რომ ვნეტარებდი, პირიქით, რაღაც უხერხულობა მიხუთავდა სულს და რომ გამერკვია რა სახის უხერხულობა ამეტორღიალა ამ სიმაღლეზე, ირგვლივ ყურადღებით მიმოვიხედე. არ დამჭირდა დიდი დრო იმის აღმოსაჩენად, რომ თურმე მარტო სულაც მივნავარდობდი - მარჯვნივ ჯონათან ლივინგსტონი მონარნარებდა, მარცხნივ მფრინავი ჰოლანდიელი.
-ქალბატონო ჯონათან, რატომ არ გეზარებათ ამდენი უნიჭო მფრინავისათვის თვალის დევნება, როგორ ახერხებთ ენთუზიაზმის შენარჩუნებას? 2009 წლიდან ალბათ რამდენი ბარტყი გაჩიტდა თქვენს ხელში ან პირიქით, იმასაც მოესწრებოდით როგორ იქცნენ კვერცხებად. - ვუთხარი ლივინგსტონს და მანაც პასუხი არ დააყოვნა:
-ჩვენები არიან, თანაც გზადაგზა ნაპოვნ ამბებს, რომლებსაც ხშირად სოფლის სუნიც ასდით, არაფერი მირჩევნია, საშობაო ღვეზელივით ტკბილია ასეთი ისტორიები და განსაკუთრებით იმის ყურებაა საინტერესო, როგორ ჰგონია ზოგიერთს რომ მიუწვდომელს მისწვდება.
მფრინავ ჰოლანდიელს მივუბრუნდი, რომელიც არც მფრინავი იყო, არც ჰოლანდიელი, შენ სადღა მოეტენები, აქ რას მიკეთებ-მეთქი, ჩავეკითხე.
-ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი, ჩემი ჰობია ვიჯდე ქანდაკების წინ, თეთრი ბუცებით და შთამაგონებლური მზერით გავყურებდე ჰორიზონტს. მიყვარს წვიმაც, რაც ქმნის ილუზიას იმის შესახებ, რომ რომანტიკოსი ვარ.
ამ არაადეკვატური პასუხებისგან ისე დავიბენი, ფრენაც დამავიწყდა და შურდულივით წავედი მიწისკენ, ამ დროს როგორც წესი ეღვიძებათ, მაგრამ მე ისე ღრმად მეძინა, სიუჟეტი (ბევრის საუბედუროდ) გაგრძელდა და მთელი ძალით ჭაში მოვადინე ზღართანი.
-ღამეების ყველაზე საშიში ციკლის დროს, აქ რამ მოგიყვანა? - ჭამ მკითხა.
ვუპასუხე, რომ იქ მაღლა სულაც არ ბნელოდა და დღე იყო.
-დამადე ყური და შენ გაიგებ მიწის გულის ცემას.
-და რა ხეირი?  - გულწრფელად გამიკვირდა.
-ხო უნდა იცოდე სძინავს თუ არა.
-ვის?
-მტრედებს. თითქოს არაფერია მათთან საუბარი მაგრამ აბა ჰკითხე ამ ღამეს, რომელიც ჩემშია.
მე ყველაფერი ერთ ყურში შევუშვი და მეორეთი გამოვუშვი, ჭიდან ამოსვლა დავიწყე და როცა როგორც იქნა ამოვაღწიე, ეგვიპტურ ფრესკებზე გამოსახული ფიგურებივით პროფილში ხელებგაფარჩხული ნეფერტარი შემრჩა.
-ბედუინი ხარ? - მკითხა და მერე შემომხედა. მხრები ავიჩეჩე. - ისე, ჩემთვის ვეძებ ბედუინებს. მაგრამ ისე, შენთვის რომ იცოდე, ასე მიწა-მიწა წანწალით ბევრს ვერაფერს მიაღწევ. - ესა თქვა და საიდანღაც ვიოლინო დააძრო, რომელიც ჩემი წარსულიდან მოქექილი ჰანგებით ააჟღერა, მთელი წარსული გულზე მომახალა, ვეღარ გავუძელი და გავიქეცი.
ამ სირბილში შავი ხუჭუჭა ძაღლი ამეკიდა, რომელიც კი არ მიყეფდა, მელაპარაკებოდა, თან სულ ერთსა და იმავეს მიმეორებდა, ჯონიკა მქვია, ჯონიკა მქვიაო. თუ გინდა მურადა გერქვას, რას ამეკიდემეთქი, შევუღრინე და გაბრაზებულმა წიხლიც მივაყოლე, წკავწკავით გამშორდა.
ბოლოს დაღლილი ერთი დიდი მუხის ძირას ჩამოვჯექი.
-უწმაწური სიტყვები არ გამაგონო, ეგ სტილი კი არა, უზრდელობაა! - ჩამომესმა მაღლიდან და როცა ავიხედე, აღმოვაჩინე, რომ მუხა მელაპარაკებოდა.
-სად გაიგე მერე ჩემი გინება? - გულწრფელად დავინტერესდი.
-არ გამაგონო-მეთქი! ამბავი კეთილშობილი უნდა იყოს, მთქმელიც პატიოსანი და გულწრფელი.
-მერე ბილწსიტყვაობისასაც ხომ არიან ხოლმე გულწრფელები? - კამათი შევბედე, მაგრამ ისე აიფოფრა მაშინვე ვინანე, ტოტიც მომიქნია მაგრამ ავიცილე და კვლავ გავიქეცი, თან უკან ვიხედებოდი, ტოტები ხომ არ მომზდევენ-მეთქი, ამიტომ ვერ ვნახე როგორ შევასკდი ვიღაცას და ორივე პირაღმა ამოვტრიალდით.
მერე წამოვჯექით და ერთმანეთს შევხედეთ, ფორთოხლისფერთმიანი გოგო შემრჩა ხელში, რომელიც ხან მიღიმოდა, ხან მიბღვერდა, ხან ეჭვის თვალით მიყურებდა, ხანაც ნდობით.
-მე ფორთოხლის გოგონა ვარ. - განმიმარტა, თუმცა არაფერი მიკითხავს.
დავრჩებოდი მასთან სასაუბროდ, თუმცა გამახსენდა, რომ ფორთოხალი სულაც არ მიყვარს, ამიტომ წამოვდექი და გზა განვაგრძე. ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა ჩემი სახლი და იქით მივდიოდი, მაგრამ ერთერთი ქუჩის კუთხეში, ჩრდილში ჩასაფრებული კოვბოი შევნიშნე, რომელსაც სამი თითი ქუდის ფარფლზე ეკიდა და სახე არ უჩანდა, მაგრამ როცა ჩავუარე დამისტვინა, ქუდი საჩვენებელი თითით აიწია და დავინახე რომ თურმე გოგო ყოფილა, ვიცანი კიდეც.
-მისის სმიტ, აქ რას აკეთებ, დუელი ხომ არ გაქვს დანიშნული?
მისის სმიტმა ცარცი აიღო, წრე შემოხაზა, მერე მგლის თვალებით ამომხედა, ამ წრეში ჩამაყენა და მითხრა:
-თუ არ გაინძრევი შენს ჩრდილს დავხატავ და მერე მითხარი, ვინ ხატავს ჩრდილებს ყველაზე უკეთ.
მე, როგორც სულელმა თვალები ავახამხამე, მოპირდაპირე ფანჯრებიდან ვიღაცები გვადევნებდნენ თვალს. ხატვა დაიწყო და როცა დაასრულა, კითხვის ნიშნით ამომხედა.
ის იყო შეფასება უნდა გამეკეთებინა, რომ უცებ ყველაფერი თანდათან გაქრა და მივხვდი - გამეღვიძა.
ოფლი მოვიწმინდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები