ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2016


ბაბუა

  ბავშვობიდან მესმოდა გმირი ბაბუის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და ფრონტიდან აღარ დაბრუნებულა. ჩვენთვის მოყოლილი, ბებიას ზღაპრების მთავარი გმირი თითქმის ყოველთვის ის იყო. ყოველ ღამე ვისმენდი ამბავს ასფურცელაზე, რომელიც ომში წავიდა, ან ნაცარქექიაზე, რომელმაც დევს კი არ აჯობა ჭკუაში, მტრის მთელი ბატალიონი გააცურა და ოჯახთან ამაყად თავაწეული დაბრუნდა. ძალიან გვიან წავიკითხე ეს ზღაპრები ორიგინალში და დამერწმუნეთ, იმაზე მეტად გაკვირვებული დავრჩი ამ აღმოჩენით, ვიდრე ახლა თქვენ ხართ გაოგნებული ზღაპრების ბებიაჩემისეული ვერსიებით.
ომი ჩვენს ოჯახში ყოველთვის მძიმე თემა იყო, ისეთი რომელსაც გადამეტებული ლოლიავით ვეკიდებოდით. გაორებული შეგრძნება მქონდა: ერთის მხრივ რაღაც საშინელის, რომელმაც ბებიას ბაბუა წაართვა და მეორეს მხრივ, რაღაც ისეთის, რომელში მონაწილე მებრძოლი ადამიანებიც გმირებად იწოდებოდნენ. ბაბუაც ამ ომის ნაწილი იყო და ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ბაბუას თუნდაც უმცირესი წვლილი შეეტანა „ცუდში“. პატარა ბავშვისთვის ცოტა რთული აღსაქმელი იყო ეს ყველაფერი.
  ბაბუა ისე წავიდა ომში და დატოვა ოჯახი, რომ მისი ფოტოც კი არ შემოგვრჩა. ეს კიდევ ერთი უტყვი ტრაგედია იყო ბებიათვის. არ იძახდა, მაგრამ ვხვდებოდი, როგორ აწუხებდა. მახსოვს ერთხელ ჩუმად როგორ ბუტბუტებდა: „მეშინია სიბერეში ისე არ გამოვჩერჩეტდე, რომ შენი სახე დამავიწყდესო.“ თვითონ ვერ მხედავდა, მაგრამ მე ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და ბავშვობის ყველაზე მძაფრ მოგონებად შემომრჩა. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ ადამანი ცოცხლობს მანამდე, სანამ ჩვენ არ გვავიწყდება... იმ ღამეს საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ არასდროს დავივიწყებდი ბაბუას.
  ომის ვეტერანების არც ერთ შეკრებას არ ტოვებდა ბებია. მიდიოდა და ცნობებს აგროვებდა. იმ ხალხს კი ვისაც ფრონტის ფოტოები ჰქონდა, მორიდებით სთხოვდა და მერე ყურადღებით ათვალიერებდა. მეუღლეს ეძებდა... მახსოვს ჩვენი ხშირი სტუმრობა ოკუპაციის მუზეუმშიც. ყველა ფოტო ზეპირად იცოდა და თითოეული მათგანის წარმომავლობა დეტალურად ჰქონდა შესწავლილი. რამდენიმე არც ახლა, ამდენი წლის შემდეგ წაშლილა ჩემი მეხსიერებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მკვდრებშიც ეძებდა, მაინც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ელოდა.
  პატარაობიდან მეცოდებოდა ის ვისაც საკუთარი ფოტო არ ჰქონდა. მახსოვს ჩემი პირველი გადაღებული ფოტო. როგორ  შვებით ამოვისუნთქე... ასე მეგონა რაღაც ძალიან დიდი დავამარცხე. ახლა აღარაფრის მეშინოდა.
  მამა ფოტოგრაფი იყო და ეს ყველაზე კეთილშობილურ პროფესიად მიმაჩნდა. ასე მეგონა მის ატელიეში მოსულ ხალხს მამაჩემი სიცოცხლეს უხანგრძლივებდა. მეც მინდოდა მასავით ფოტოგრაფი გამოვსულიყავი. ავისრულე ბავშვობის ოცნება და ახლა მეც ვუხანგრძლივებ სიცოცხლეს ადამიანებს.
  ბებიას 70 წლის იუბილეზე 9 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 5-ის. რამე ისეთი საჩუქარი მინდოდა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ დაავიწყდებოდა. ვიცოდი, რომ ბებიას ბაბუა არ ავიწყდებოდა არასდროს. თავში გენიალური აზრი მომივიდა. დახმარება მამას ვთხოვე... მამას ამაყი თვალები მახოვს მაშინ. ბებიას სკივრიდან ჩუმად ავიღე ბაბუას შარვალი, ლაბადა, ცილინდრი და ზურგჩანთა. ნაცნობი ნაფტალინის სუნი მეცა ცხვირში. ყოველ ზაფხულს ამზეურებდა ბებია ამ ავლადიდებას და ბავშვობიდან ნაფტალინის სუნი ბაბუასთან ასოცირდებოდა. სათუთად დაკეცილი ნივთები, ასევე ფრთხილად მივიხუტე გულზე და მამასკენ გავეშურე. შევარჩიეთ შესაფერისი ადგილი. ბაბუას შარვალი ამოვიცვი. ჩემს უმცროს ძამიკოს ლაბადა ჩავაცვით, ცილინდრი დავახურეთ, ზურგჩანთა ავკიდეთ და მამას დახმარებით მხრებზე შემოვისვი. მართალია მხოლოდ 5 წლის იყო, მაგრამ ტკბილეულის სიყვარულს თავისი ექნა და მახსოვს, როგორ გმირულად ვიტანდი მხრებზე ამხელა სიმძიმეს. მამამ სწორი რაკურსი შეარჩია და ფოტოზე აღგვბეჭდა. გულისფანცქალით ველოდებოდი ფირის გამჟღავნებას, მანამ არ გამოვედი ატელიედან, სანამ ხელში უკვე გამშრალი ფოტო არ დავიჭირე. ზუსტადი ის იყო, რაც მინდოდა... ხელში ბაბუას სურათი მეჭირა...
  სწორედ ეს ფოტო გახლდათ ბებიას საჩუქარი, მაგრამ ამითი მე მგონი, ბევრად მეტი ვუთხარით ვიდრე სიტყვებით შეგვეძლო. დედაჩემის გაოგნებული სახე მახსოვს და ბებიას ცრემლები. 9 წლის ბიჭუნას თვალთახედვამ ააცრემლა. გულში ჩაგვიკრა ორივე და კიდევ დიდი ხანი არ გვიშვებდა...
  არ ვიცი, ვინ როგორ გაიგეთ ჩემი მაშინდელი საქციელი, მაგრამ ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ მე უბრალოდ ბებიას გახარება მინდოდა... მინდოდა დამენახებინა რომ ყველა დასასრული, რაღაც კარგის დასაწყისია, რომ ბაბუას არსებობა არ წყდებოდა ომის შემდეგ. ის ჩვენში აგრძელებდა არსებობას და ასე იქნებოდა სანამ ჩვენ ვიარსებებდით - მისი შთამომავლები. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე „ბაბუა“ მარტო იყო, ჩვენ არ აღგვიბეჭდავს მარტოობა... ეს იყო იმედი... მომავლის იმედი. ეს მომავლის იმედი ახლაც კიდია ჩემი ოთახის კედელზე და ახლა ჩემთვის ორივეს მოგონებას ინახავს... ბებიას და ბაბუას მოგონებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები