ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2016


სულ სხვანაირი ხაფანგი

პირველად ნახა...
აღარც ახსოვს პირველად როდის ნახა. მე მგონი თავიდანვე იცნობდა. ერთ უბანში ცხოვრობდნენ, ერთ სკოლაში დადიოდნენ, მასზე ხუთი წლთ იყო უმცროსი და როგორც წესი, ყველას იცნობ სკოლაში, ვინც შენზე დიდია. მათი ამბავი კი მაშინ იწყება როცა რეზიმ შეამჩნია პირველად ნონა...
მაშინ მესამე კლასში იყო ნონა. თავს ყოველთვის დამოუკიდებელ ბავშვად თვლიდა და ამ ასაკში უკვე ეთაკილებოდა სკოლაში ბებო რომ აკითხავდა. პირველ სექტემბერს მკაცრად გააფრთხილა: სახლში მე თვითონ დავბრუნდებიო და გაკვეთილების შემდეგ, მართლაც არ დალოდებია. საცოდავი ქალი სულ ტყუილად ეძებდა სკოლაში, მთელი დირექცია ფეხზე დააყენა და ბოლოს სახლის კარებთან ატუზული იპოვეს ქალბატონმა მარომ და კლასის დამრიგებელმა, ლეილა მასწავლებელმა.
მაროს არაფერი უთქვამს, მაგრამ ნონამ ხომ იცოდა, რომ ნაწყენი იყო. ყველაზე მეტად ბებოს გაბრაზებას ვერ იტანდა. ძილის წინ მივიდა, კისერზე მოეხვია და ჩუმად უთხრა:
-ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მარტო დავბრუნდებოდი?
საპასუხოდ ვერაფერი უთხრა მარომ. მთელი ერთი თვე დაჰყვბოდა სკოლაში, ოღონდ ისე, რომ ნონას არ შეემჩნია. მერე ცოტა შეეგუა და ბოლოს ფანჯარაში გადმომდგარი ელოდებოდა სკოლიდან მომავალ შვილიშვილს.
ჰოდა, იმ დღესაც მარტო ბრუნდებოდა სახლში. სკოლის ეზოდან გამოვიდა და ჩიხში შეუხვია. ნაბიჯი შეანელა. არ უნდოდა წინ მიმვალ ნოდოს წამოწეოდა. ერთადერთი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე, რომელსაც უფრთხოდა. მათი კორპუსის მოპირდაპირედ, მაღაზიის თავზე ცხოვრობდა ნოდო. ეს მაღაზიაც მის მშობლებს ეკუთვნოდათ და ბებო ხშირად ყიდულობდა მათთან პროდუქტს. ეზოშიც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნონა, როგორც კი დაინახავდა, მაშინვე სახლში გარბოდა, რაღაც არ მოსწონდა მასში, საკმაოდ ჩასუქებული იყო და მძიმედ სუნთქავდა. ნონა გაურბოდა, ის კიდევ სულ კუდში დასდევდა. ერთხელ თამომ უთხრა - უყვარხარო. მაშინ დიდად ვერ გაეგო, რატომ უნდა ჰყვარებოდა ნოდოს. თან მისი სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მის გვერდით დადგებოდა და სისულელეების ლაპარაკს იწყებდა. ნონას მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა და გაქცევის სურვილის მეტს ვერაფერს გრძნობდა. გარბოდა კიდეც. ნოდოც მისდევდა, მაგრამ არც ისეთი ადვილი იყო ნონას დაწევა ნოდოსნაირი ჩასუქებული და მოუქნელი ბიჭისთვის.
ახლა კი მის წინ მიდიოდა და როგორც ყოველთვის, მადიანად ილუკმებოდა. ნონა გაჩერდა, მაგრამ გვიან იყო, ბიჭმა დაინახა. მობრუნდა და სანამ გოგონა აზრზე მოვიდოდა უკვე მის წინ იყო ატუზული. უნებურად რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია ნონამ და მიტოვებული ქარხნის ბეტონის გალავანს მიეჯახა ზურგით. სახეში უყურებდა. საშინლად უშლიდა ნერვებს მისი ტუჩის კუთხეში შერჩენილი ფუნთუშის ნამცეცი. რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ არ ესმოდა, მთელი ყურადღება ნამცეცზე ჰქონდა გადატანილი, რომელიც ის-ის იყო უნდა ჩამოვარდნილიყო. მერე... მერე ძალიან ახლოს იგრძნო მისი სუნთქვა და თითქმის შეეხო მისი ტუჩები ნონას ლოყას. ერთადერთი, რაც მოიფიქრა ორივე ხელი სახეზე აიფარა და ჩაჯდა.
-ეი, შენ... - მოესმა ნონას და იგრძნო როგორ შეტრიალდა ნოდო. დრო იხელთა, მსუბუქად უბიძგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოკურცხლა. - დაანებე თავი. - კიდევ ერთხელ გაიგონა უცნობი ხმა, მაგრამ ნონას აღარაფერი აინტერესებდა, მთელი სისწრაფით გარბოდა. თავი უკვე სამშვიდობოს ეგონა, რომ ფეხი რაღაცას წამოჰკრა და წაიქცა. ეტკინა... წამოდგა და გადაყვლეფილ მუხლზე ხელი გადაისვა. გაქცევა კი არა ორი ნაბიჯი ძლივს გადადგა და იქვე ბორდიურზე ჩამოჯდა. თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ არ იტირა.
-კარგად ხარ? - თავზე მხსნელი წამოადგა.
ახედა. რეზი იყო. რა თქმა უნდა მშვენივრად იცნობდა, ისევე როგორც მთელი სკოლა. მათ სამეულზე სკოლაში ლეგენდები დადიოდა. რეზის "ბონჯორნო" ხომ საერთოდ ყველას პირზე ეკერა. არაფერი უპასუხა, მხოლოდ ოდნავ დაუკრა თავი. რეზი ჩაიმუხლა და მის გადაყვლეფილ მიწიან მუხლს შეხედა.
-უნდა მოიბანო, ინფექცია არ შეგეჭრას. - სიტყვა დაასრულა თუ არა ხელი მოჰხვია და მსუბუქად აიტაცა. ან რა წონა უნდა ჰქონოდა, გაჩხინკულ მესამეკლასელ ნონას?!
ამას არ ელოდა, სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა ისე მიიყვანა იქვე ეზოში ონკანთან და შემაღლებულზე ჩამოსვა.
-ფეხზე გაიხადე და მუხლი წყალს შეუშვირე. - უთხრა და დაელოდა, როდის შეასრულებდა ნონა მის დარიგებას.
ნონამ ინსტიქტურად გაიხადა ფეხსაცმელი და ჭრილობა ჩამოიბანა.
-სიარული გიჭირს? - მზრუნველად შეხედა რეზიმ.
ნონამ თავი გააქნია უარის ნიშნად.
-შენით წახვალ?
თავი დაუქნია.
-რა უნდოდა იმ პუტკუნას შენგან? - ღიმილით გადახედა.
ნონამ მხრები აიჩეჩა და შებრუნდა.
-რა გქვია? - უკვე კარგა მანძილით დაშორებულმა გაიგონა რეზის ხმა.
-ნონა. - შემოტრიალდა და პირველად ამოიღო ხმა მთელი ამ დროის მანძილზე.
-ლაპარაკი გცოდნია. - თბილად გაუღიმა რეზიმ. - მე რეზი...
-ვიცი...
ამ შემთხვევის შემდეგ უკვე რეზიმაც იცოდა ნონას არსებობის შესახებ. ვერ ვიტყვით, რომ განუყრელი მეგობრები გახდნენ, უბრალოდ შეხვედრისას ერთმანეთს ესალმებოდნენ და რეზი ყოველთვის თბილი, მზრუნველი ღიმილით აჯილდოვებდა. ბუნებრივია, მის შესახებ კოსტამ და თედომაც იცოდნენ და მათ ყურადღებასაც იმსახურებდა ნონა. თედომ რამდენჯერმე ტკბილეულითაც დაასაჩუქრა.
იმ დღეს კი, როცა ნონამ სამივე გააოცა. აი, მას შემდეგ დაიწყო მათი მეგობრობა, მერვე კლასელი ბჭების და მესამე კლასელი ნონას ისტორია...

****
სკოლის სპორტდარბაზის გასახდელის ნაწილი დაეხურათ რემონტისთვის და შესანიშნავი ადგილი იყო გაკვეთილების გაცდენის მოყვარული მოსწავლეებისათვის. სწორედ მაშინ, როცა ბიოლოგიის გაკვეთილიდან წამოსული რეზი და კოსტა ამ გასახდელს აფარებდნენ თავს, ფიზკულტურის გაკვეთილი მესამე კლასელებს უტარდებოდათ. ნონამ იცოდა გასახდელში, რომ იყვნენ ბიჭები, შემთხვევით მოჰკრა თვალი იქიდან გამოსულ თედოს და მიხვდა, რომ ის ორიც იქ იქნებოდა. ეს სამი ხომ ერთმანეთის გარეშე არსად დადიოდა. თითქოს გულის სიღრმეში გაუხარდა. მოსწონდა ბიჭების სიახლოვეს ყოფნა, რაღაც თავისიანებად თვლიდა უკვე.
გაკვეთილი თითქმის სრულდებოდა უკვე, დარბაზში დირექტორი, ქალბატონი ნანა, რომ შემოვიდა და პირდაპირ გასახდელისკენ დაიძრა. ფიზკულტურის მასწავლებელი თავაზიანად მიესალმა დირექტორს და ინსტიქტურად უკან გაჰყვა. დარბაზის კარებში თვალებგაფართოებული თედო რომ დაინახა, ნონა ყველაფერს მიხვდა და გული კიმაღამ გადაუტრიალდა. არაფრით არ უნდა ენახა დირექტორს იქ რეზი და კოსტა. რეზის ისედაც გამოსაცდელი ვადით იყო სკოლაში დატოვებული, ყველას კარგად ახსოვდა ფეხით შეღებული კარები ბიოლოგიის გაკვეთილზე და ისიც ყველამ იცოდა, რომ ქალბატონი ნანა მეორედ აღარავის პატიობდა სკოლის დისციპლინის დარღვევას. ნონამ კი ზუსტად იცოდა, ახლა იქ ბიჭები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ შესულები.
მერე რაც მოხდა, ცოტამ თუ გაიაზრა. ვერავინ დაინახა, როგორ ავიდა ნონა სპორტდარბაზის კედელზე აყოლებული კიბეების ყველაზე მაღალ საფეხურზე და როგორ გადმოეშვა იქიდან. ხმაზე ყველამ მისკენ მიიხედა და გაშეშდნენ. ქალბატონი ნანა და ფიზკულტურის მასწავლებელი მისკენ გაექანენ. ყველა გარს შემოეხვია. მარტო თედო იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული და ნანახის გადახარშვას ცდილობდა. მან თავიდანვე დაინახა, როგორ აძვრა ნონა კიბეზე და როგორ გადმოეშვა იქიდან თავისი ნებით.
მერე რაც მოხდა, ცუდად ახსოვს ნონას. ეტკინა... მაგრამ კმაყოფილი იყო თავისი საქციელით. ერთადერთი მშობლები და ბებო შეეცოდა ძალიან. ტვინის შერყევით საავადმყოფოში რომ დააწვინეს, გულს უკლავდა მათი შეშინებული თვალების დანახვა. ბებო ხომ საერთოდ ერთი წუთითაც არ ტოვებდა მარტოს.
ბიჭებმაც ინახულეს...
ის დღე კარგად ახსოვს ნონას. როგორ შემოლაგდა სმივე პალატაში და მის საწოლთან გამწკრივდნენ.
-სულ გაგიჟდი, გოგო? - როგორც კი მარო პალატიდან გავიდა. კბილებში გამოსცრა რეზიმ.
ნონამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ იღიმებოდა.
-რას იღიმები სულელივით? - წყობიდან გამოდიოდა რეზი. - მეორედ მსგავს რამეს გააკეთებ და...
-რა გაღრიალებს, ბიჭო? - თედომ შეაწყვეტინა. - ბავშვს ტვინის შერყევა აქვს, შენ კიდევ თავზე დაჰყვირიხარ. - უთხრა და ნონას მიუბრუნდა. - მართლა მეტისმეტი გააკეთე, კინაღამ თავ-პირი დაიმტვრიე. განა ისეთი რა მოხდებოდა დირექტორს რომ ენახა ესენი იქ, თავის საფრთხეში ჩაგდებად, რომ ღირებულიყო.
-გააგდებდნენ. - ღიმილი არ მოუშორებია სახიდან ისე თქვა ნონამ და თვალებით რეზიზე ანიშნა.
-სულელი ხარ, დედას გეფიცები ყველაზე სულლი მესამეკლასელი ხარ ვისაც აქამდე შევხვედრივარ. - რეზის ამ სიტყვებშ უკვე მზრუნველობა იგრძნობოდა.
ყოველდღე დადიოდნენ ბიჭები, ჯერ საავადმყოფოში და რომ გამოწერეს, მერე სახლშიც. მაროც შეეჩვია ბიჭებს და ცოტას რომ დააგვიანებდნენ კითხულობდა.
მერე სკოლაშიც სულ სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ, ყველას რომ უკვირდა ისეთი. ან როგორ არ გაუკვირდებოდათ? რა საერთო უნდა ჰქონოდათ მერვეკლასელ ბიჭებს და მესამეკლასელ ნონას? იმ დღის მერე პუტკუნაც აღარ გამოჩენილა და საერთოდ ვეღარავინ ბედავდა ნონას წყენინებას. განუყოფელ მოვლენად იქცნენ სკოლაში ნონა და ბიჭები.
ბიჭები სკოლას რომ ამთავრებდნენ, ნონა მეექვსე კლასში იყო. ვერც კი წარმოედგინა როგორ უნდა ყოფილიყო მათ გარეშე. ბოლო ზარზე ცოტა წაიცრემლა კიდეც.
-გეყოფა ახლა, ნუ დააყენე ტბორი. - გულში ჩაიკრა კოსტამ.
-რა გატირებს, გოგო? ჯარში კი არ გვაცილებ? - ხელი მოჰხვია რეზიმაც.
-რა და ვინ დამიცავს აწი? ის პუტკუნა, რომ გამოჩნდეს ისევ? - მზრუნველობა შეიფერა ნონამ.
-შენ ვინ შეგეხება, გოგო? იციან 'კაი' ბიჭების დაიკო რომ ხარ. - ახარხარდა კოსტა.
-კი, როგორ არა, მომავალ წელს ვიღას ემახსოვრებით? ნახე რა თაობა მოდის? მარტო კუნთიანი შალვა რად ღირს?! - ენა გამოუყო ნონამ.
-გაგაკუნთიანებ მე შენ! - წამოენთო რეზი. - კუნთიანი და აფუებული  თუ გინდოდა, კი გყავდა ის პუტკუნა და შეგეშნოვა.
-რა ვიცი, რას დაიგრძელე მაშინ ხელები? იმის მერე საცოდავი ეზოშიც კი არ შემხვედრია შემთხვევით. - გაეცინა ნონას. - არა, მაინც რა უთხარი ასეთი?
-ვასწავლე როგორ უნდა ევლო შეუმჩნევლად.
მერე იყო ბოლო ზარი და სკოლასთან დამშვიდობება. რეზის თეთრ მაისურზე მიწერილი ნონას სიტყვები: „პუტკუნების რისხვას დიდი სიყვარულით ჩემპიონისგან თავისუფალ ვარდნაში.“ ბევრი ემოცა და უამრავჯერ აფართხალებული ნონას გული. მარტოობის შეგრძნება, გაცნობიერება იმისა, რომ მათ უკვე სხვადასხვა გზები ჰქონდათ. მაგრამ არც ისე დიდხანს გაჰყვა ეს შეგრძნება ნონას. პირველივე სექტემბერს სკოლის შესასვლელში, რომ ნახა სამივე ატუზული, მაშინ დაიჯერა რომ შეუძლებელი იყო მათი დაშორება. ეს რაღაც მეგობრობაზე მეტი იყო, რაღაც ისეთი რაც არასდროს იკარგება.
ასე იყო სულ...
ყოველთვის ვერ ახერხებდნენ ბიჭები სკოლაში მიეკითხათ ნონასთვის, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდნენ, მაშინვე მისკენ მუწევდათ გული. რეზიმ და კოსტამ არქიტექტურა აირჩიეს, თედო სასულიერო აკადემიაში შევიდა. მერე სხვა ინტერესებიც გაუჩნდათ ბიჭებს საპირისპირო სქესის მიმართ. საშინლად ეჭვიანობდა ამაზე ნონა. ერთხელ, მაშინ მერვე კლასში იყო ნონა, უკვე ქალური ფორმებიც ჩამოყალიბებული ჰქონდა და საკმაოდ მიმზიდველადაც გამოიყურებოდა, სკვერში მჯდარი კოსტა, რომ დაინახა ვიღაც წითელპომადიან, წამწამაპრეხილ გოგოსთან, უბოდიშდ მიეჭრა და გემრიელი სილაც უთავაზა, თან ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც მიაყოლა:
-შე მოღალატე, ეს ვისში გამცვალე, არ გეყო, ხომ ერთი? მრავალფეროვნება მოგინდა არა? - იმდენად სერიოზული სახით გაჰკიოდა ნონა, რომ კოსტაც კი დამუნჯებული უყურებდა და ვერაფერი გაეგო. - იცოდე, ახლავე წავიყვან ბავშვებს და წავალ დედაჩემთან. გპირდები, ვაჟბატონო, თვალითაც ვეღარ ნახავ შვილებს.
კოსტამ გაოგნებულმა გააყოლა თვალი, უკვე სკვერის ბოლოში გაუჩინარებულ გოგოს და ნონას შეხედა.
-სულ გაგიჟდი? - ბრაზი ერეოდა. - რა სპექტაკლი იყო ეს?
ნონას სიცილი აუტყდა.
-დაინახე რა სახე ჰქონდა? - სიცილისგან ფეხზე ვეღარ იდგა.
კოსტამ ერთხანს გაოგნებულმა უყურა და ბოლოს თვითონაც ახარხარდა. სკამზე ჩამოჯდა ნონასთან ერთად და ხელი გადახვია.
-ისე კაი გასატყეპი კი ხარ. რას ერჩოდი ახლა იმ გოგოს? - თავზე აკოცა კოსტამ. - მეორედ მსგავს რამეს გაბედავ და მართლა გაგტყიპავ. - ხმა გაიმკაცრა და უფრო გემრიელად მიიხუტა გოგო.
-კარგი რაა, როცა ჩვენ ვართ, იქ სხვა რაში გვჭირდება? - ქვევიდან ახედა ნონამ.
-შენი ჭირიმე, ახლა უმანკოების აღთქმას ნუ დამადებინებ.
რეზის შემთხვევაში ბევრად მძაფრად რეაგირებდა, უბრალოდ არასდროს გამოხატავდა. როგორ კარგად ახსოვს, საკუთარ დაბადების დღეზე ვიღაც გრძელფეხებასთან ერთად რომ გამოცხადდა რეზი და თან მთელი საღამო ხელს არ უშვებდა. არაფერი შეიმჩნია, თორემ ბრაზისგან ლამის დამუნჯებულიყო. კოსტა იმ დროისთვის უკვე ამერიკაში იყო წასული. ყველა მხიარულობდა იმ დღეს ნონას გარდა, თვითონაც ვერ გაეგო, რატომ უშლიდა ნერვებს ასე ძალიან ეს გოგო. სამაგიეროდ თედო ხვდებოდა და კიდეც გადაულაპარაკა ჩუმად: „სულელი ხარო“. ნონამ სიტყვები კი გაიგონა, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდა. თითქმის მთელი საღამო არ განძრეულა ადგილიდან, რამდენჯერ სთხოვა თედომ, წამოდი ვიცეკვოთო, მაგრამ ნონას თითქოს არც ესმოდა. ბოლოს ადგა და უბრალოდ წავიდა. დიახ, ადგა და წავიდა. რეზის ადგილას კოსტა ან თედო, რომ ყოფილიყო შეიძლება იმ გრძელფეხებასთვის ჩანთაში პატარა, უწყინარი ტარაკანებიც კი ჩაესვა, მაგრამ რეზი სულ სხვა იყო. რეზის შემთხვევაში სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე.
კარი მარომ გაუღო და შეიცხადა: - რა მოხდაო.
-არაფერი, დავიღალე ცოტა. - სახლში შუბლშეკრული შევიდა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ გაემართა.
-ბიჭები სად არიან? - დერეფანში გაიხედა მარომ და იქაურობა მოათვალიერა. - არ მოგაცილეს?
-ბიჭებს ბევრად მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ. - უკვე ოთახიდან გამოსძახა ნონამ და კარები მიიხურა.
მარომ მხრები აიჩეჩა და სამზარეულოში შებრუნდა.
„დარწმუნებული ვარ ისე გათენდება, ვერც კი შეამჩნევს რომ წამოვედი. არადა რომ ჰკითხო...“ - საკუთარ თავს ებუზღუნებოდა გონებაში.
დიდხანს იბოდიალა ოთახში, ბოლოს საღამური გადაიცვა და დაწვა. დაწვა, მაგრამ ვერაფრით დაიძინა. ერთხანს იწრიალა, ბოლოს როგოც იქნა წავიდა ძილისკენ და სწორედ ამ დროს მოესმა აივნის კარზე კაკუნი. თავიდან ვერ გამოერკვა, ბოლოს შიშით მიუახლოვდა კარებს და ფარდა გადასწია. რა გგონიათ ვინ იყო აივნის მოაჯირზე ჩამომჯდარი? რა თქმა უნდა თვით რეზი. მაშინვე გამოაღო კარები.
-გაგიჟდი? აქ როგორ ამოძვერი?
-რატომ წამოხვედი? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა რეზიმ.
-რომ ჩავარდნილიყავი?
-გზაში ვინმე, რომ აგკიდებოდა?
-თან ნასვამი ხარ!
-ამ შუაღამისას მარტო წამოსვლა როგორ გაბედე?
-ძალიან გვიან კი გაგახსენდი. - ტუჩები გაბუსხა ნონამ.
-მაშინვე შევამჩნიე, მაგრამ ფეხით წამოვედი, მეგონა გზაში დაგეწეოდი. - ისე გაუღიმა რეზიმ, ნონას გულს რომ უთბობდა. - რატომ წამოხვედი?
-ჩემთვის არ გეცალა და...
-ნონა...
-წადი, სტუმრები ალბათ გელოდებიან.
-შენც წამოდი, ისე არ მინდა.
-მე უკვე ვიძინებდი.
-კარგი, როგორც გინდა. - რეზი მიბრუნდა და ცალი ფეხი მოაჯირის იქით გადაყო.
-რას აკეთებ? - შეჰკივლა ნონამ და ორივე ხელით ჩაეჭიდა მკლავებში.
-მივდივარ. - ძალიან მშვიდად უპასუხა რეზიმ.
-წამოდი, კარებიდან გაგიშვებ, არ ჩავარდე.
-როგორც მოვედი, ისევე წავალ. - გაჯიუტდა რეზი.
-კარგი, მაშინ მეც მოვდივარ. - აივნის მოაჯირზე ჩამოჯდა ნონა და ორივე ფეხი გარეთ გადაჰყო.
-გიჟი ხარ.  - გაეღიმა რეზის.
-შენც არ მყავდე დალაგებული. - გაეღიმა ნონასაც.
-არ გეშინია?
-ხომ არ დაგავიწყდა, ჩემპიონი რომ ვარ თავისუფალ ვარდნაში? - თვალი ჩაუკრა და ჩასასვლელად მოემზადა.
რეზიმ ერთი გადახედა, ხელი წელზე მოჰხვია და ნელ-ნელა დაეშვა დაბლა. მართალია მეორე სართულზე ცხოვრობდა ნონა, მაგრამ მაინც საკმარისი სიმაღლე იყო იმისთვის, რომ ჩამოვარდნის შემთხვევაში არცერთი ძვალი მთელი არ შერჩენოდათ. მშვიდობიანად ჩამოაღწიეს. სულაც არ ანაღვლებდათ ის, რომ ღამე იყო და ციოდა, სულაც არ ანაღვლებდათ ის, რომ ნონა საღამურით იდგა შუა ქუჩაში. სულაც არ ანაღვლებდათ რას იტყოდნენ გამვლელები. შუა ქუჩაში მიაბიჯებდნენ და ერთმანეთის გარდა ვერავის ხედავდნენ. მთელი ღამე იბოდიალეს, მანამდე სამან ფეხის კუნთებმა ტკივილისგან ფეთქვა არ დაიწყეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ესეც კი არ ანაღვლებდათ. გამთენისას დაბრუნდა ნონა სახლში. ამჯერად კიბით ისარგებლეს. კარები მარომ გაუღოთ და კინაღან გაგიჟდა, ნონა რომ დაინახა, სწორედ ის ნონა აქამდე საძინებელში ღრმა ძილში წასული, რომ ეგონა.
-მაპატიეთ, მარიამ ბებია, ჩემი ბრალია, მე მოვიტაცე წუხელ ნონა. - სანამ მოხუცი რამეს იტყოდა, რეზიმ დაასწრო. - ახლა კი უვნებელს გიბრუნებთ უკან. ეს ერთი მაპატიეთ, ჩემი დაბადების დღის საჩუქრად ჩავთვალოთ. - მოხუცს ლოყაზე აკოცა და კიბეები ჩაირბინა.
მარომ მხრები აიჩეჩა და საძინებლისკენ მიმავალ შვილიშვილს თვალი გააყოლა.

****
ყველაზე მძიმედ ახსოვს კოსტას ავარია. პრინციპში თითქმის არც არაფერი ახსოვს. მარტო საავადმყოფოს გრძელი დერეფანი და ბიჭების წაშლილი სახეები. მაშინ მეცხრე კლასში იყო. პირდპირ მათემატიკის გაკეთილიდან წავიდა, ზუსტად ასე, ადგა და წავიდა. დერეფნის ბოლოდან დაინახა ბიჭები და ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო. იქვე კუთხეში ჩაჯდა და ხმის ამოღების ეშინოდა. ეშინოდა ვინმეს ისეთი რამ არ ეთქვა, რისი მოსმენაც არ უნდოდა. ვერც ვერავინ შეამჩნია, მთელი დღე ასე იჯდა და განძრევისაც ეშინდა. ბოლოს რეზიმ იპოვა. ასე გაქვავებული და გაფითრებული. არაფერი უკითხავს, გვერდით მიუჯდა და მთელი ძალით მიიკრა მკერდზე. აი, მაშინ კი ვეღარ შეძლო ნონამ და ატირდა, მთელი ხმით, მთელი ემოციით, მთელი საავადმყოფოს გასაგონად. რეზიმ აცადა, სანამ ბოლომდე დაიცლებოდა. მერე ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა...
არ უყვარდა იმ დღეების გახსენება. არც არასდროს იხსენებდა. მხოლოდ კოსტა არ აძლევდა დავიწყების საშუალებას:
-შენი ტირილი რომ არა, ნარკოზიდან ვერც გამოვიდოდი. უკვე კარზე ვუკაკუნებდი მიქელას უკან რომ გამომაგდო, არა ძმაო, ყოჩაღ შენ თუ ყოველდღე მაგას უსმენ, ჯოჯხეთიც სამოთხედ მოგეჩვენებაო. - სიცილით ეუბნებოდა უკვე გონზე მოსული კოსტა და კისრამდე თაბაშირში ჩასმული ცდილობდა ნონასკენ თავი მოეტრიალებინა.
-ენაზე გაკლია თაბაშირი შენ. - ტირილნარევი სიცილით პასუხობდა ნონა.
მთავარმა საშიშროებამ გაიარა, მაგრამ ექიმები ჯერ კიდევ ვერ იძლეოდნენ იმის გარანტიას, რომ კოსტა არათუ დამოუკიდებლად გადაადგილებას, საერთოდ ზედა კიდურბის განძრევეს მაინც თუ შეძლებდა.
ყველა დუმდა, ყველას ეშინოდა, მარტო კოსტა ინარჩუნებდა იუმორის გრძნობას.
-ბატონო სოსო, შეგიძლიათ მარჯვენა მხარეს ცოტა თაბაშირი დამიმატოთ? - მთელი სერიოზულობით ჰკითხა დილით შემოვლაზე შემოსულ ექიმს.
-რად გინდა თაბაშირი? - დაბნეულმა ექიმმა ყველაზე სულელური კითხვა დასვა.
-ამ ქალბატონმა, წუხელ ცრემლებით დამილბო და პატარა ნახვრეტი მაქვს გვერდით. - თვალებით ნონაზე ანიშნა. - ჰოდა, ახლა ხან ორპირი მიბერავს და თუ ცოტა გავინძერი, ხომ ერთიანად ჭყაპუნობს ცრემლების გუბე. - წარბიც არ შეუხრია ისე უპასუხა ექიმს.
დაახლოებით ორი წუთი სამარისებული სიჩუმე სუფევდა პალატაში. აი, მერე კი იმხელა ხმაზე ახარხარდა ყველა, რომ სავარაუდოდ კიდევ ერთი-ორი პაციენტი გამოვიდოდა ნარკოზიდან უდროოდ.
რა თქმა უნდა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სხვანაირად შეუძლებელი იყო. ეს ხომ კოსტა იყო...
მერე კოსტა წავიდა...
მაშინ მეათე კლასში იყო ნონა. შეეშინდა... მარტო კოსტას კი არა, სამივეს დაკარგვის შეეშინდა. რაღაც ისე ვეღარ იქნებოდა. გაუცხოვების შეეშინდა. ხუთი წელი იყო კოსტა ამერიკაში, მთელი ხუთი წელი. პერიოდულად კი ჩამოდიოდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო.
მერე თედოც წავიდა. შორს არა, ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში მსახურობდა, მაგრამ მაინც წავიდა...
ესეც ძალიან ეტკინა. ხვდებოდა, რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა, თუნდაც იმიტომ რომ ისინი გაიზარდნენ. ისე არ გაიგოთ თითქოს მათი მეგობრობა დასრულდა. არა, პირიქით იმაზე ათასჯერ მეტად უყვარდათ ერთმანეთი. უბრალოდ ახლა ნონა აღარ გადმოხტებოდა და აღარ დაიმტვრებდა ცხვირპირს იმის გულისთვის, რომ რეზი დაეცვა. აღარც რეზი აძვრებოდა მის აივანზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გაბუტული შემოერიგებინა. უბრალოდ გაიზარდნენ.
მერე...
მერე, გაგიკვირდებათ და პუტკუნა გამოჩნდა. დიახ, სწორედ ის. თუმცა სულაც აღარ იყო პუტკუნა, პირიქით საკმაოდ სპორტული და სიმპატიური ბიჭი დამდგარიყო ჩვენი ნოდო. თქვენ წარმოიდგინეთ „სულ შემთხვევით“ ნონას კურსზე აღმოჩნდა და „სულ შემთხვევით“ აუდიტორიაში გვერდით მიუჯდა. რა თქმა უნდა მაშინვე იცნო ნონამ, მაგრამ არ შეიმჩნია. დახლოებით ერთი კვირა ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს ისე, რომ ნონა არც კი იმჩნევდა ძველ ნაცნობობას. ნოდოს კი არც აწყობდა წარსულის გახსენება. დიდხანს უარა შორიდან ნოდომ და ბოლოს კაფეში დაპატიჟა.
-წამოვალ, ოღონდ პირობა მომეცი, რომ ფუნთუშას ახლოსაც არ გაეკარები. - სრული სერიოზულობით უთხრა ნონამ.
-რატომ? - ცოტა დაიბნა ნოდო.
-იმიტომ, რომ კარგად მახსოვს, ფუნთუშის მერე, კოცნის ხასიათზე დგები ხოლმე. - სიცილი ვეღარ შეიკავა ნონამ.
ნოდო ჯერ გაწითლდა, მერე კი თვითონაც ახარხარდა.
-დიდი ხანია მიხვდი?
-პირველივე დღეს.
მერე...
მერე უბრალოდ დაახლოვდნენ ნოდო და ნონა. საერთოც ბევრი ჰქონდათ, გასახსენებელიც. თან ერთ კურსზე სწავლობდნენ. ნოდო ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ რატომღაც ნონას კურზე „მოხვდა“. მერე უბრალოდ აკითხავდა და უნივერსიტეტში მიჰყავდა, მერე უბრალოდ სტუმრობდა სახლში, მერე უბრალოდ მოუხშირა სტუმრობებს, მერე უბრალოდ...
რეზი აღარ ჩანდა... ძალიან იშვიათად. ნონას გული სტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
რეზის?
რეზის კიდევ უფრო სტკიოდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა. რა თქმა უნდა იცოდა, ნოდო რომ გამოჩნდა ნონას ცხოვრებაში და ალბათ ეს უფრო სტკიოდა.
მერე, ნოდო უფრო გათამამდა, რაკი ნონამ რაღაცეების უფლება მისცა, ერთ დღესაც ადგა და ყველაფერი უთხრა. უთხრა, როგორ უყვარდა, როგორ იქცა მის აჩრდილად, როგორ დასდევდა კუდში, როგორ აცილებდა ყველგან, ისე რომ არავის დაენახა, მთელი ეს წლები, როგორ ეძებდა მომენტს, რომ დაახლოვებოდა, როგორ მიატოვა ეკონომიური, უკვე დახურული ორი კურსი და როგორ ჩააბარა არქიტექურაზე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ იქ ნონა სწავლობდა და როგორ არ ნანობდა არაფერს.
ნონა უსმენდა. თითოეული სიტყვა ესმოდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს გრძნობდა. გადასარევი ბიჭი იყო ნოდო. ძალიან უყვარდა ნონა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა ამას ნონა. ნოდომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის გვერდით ყოფილიყო, თუნდაც უსტატუსოდ, მაგრამ მის გვერდით...
უფასებდა ამას ნონა. თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ადამიანები, ვინც ამის მეასედსაც მოახერხებდა. უფასებდა, მართლა უფასებდა, მაგრამ სულ ეს იყო. მეტი ვერაფერი... თუმცა მოსწონდა მისი ყურადღება. ზუსტად მაშინ, როცა ბიჭები არ ჰყავდა გვერდით. მესამე კლასიდან მზრუნველობით განებივრებულს ახლა ნოდო სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ, როგორც ადამიანი რომელიც მასზე იზრუნებდა და გაანებივრებდა, დაიცავდა და თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებდა. აი, ამიტომ მიეკედლა ნონა ნოდოს, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა იყო. შედარებაც კი არ შეიძლებოდა ამ გრძნობის იმასთან. აქ უბრალო პატივისცემა და მადლიერება იყო. იქ კი... იქ ბევრად მეტი. თუმცა სარგებლობდა ნოდო ამით და თანდათან უფრო დიდ ადგილს იჭერდა ნონას ცხოვრებაში. მერე ერთობლივ მომავალზეც ჩამოაგდო სიტყვა. ნონას არ გაუპროტესტებია, უბრალოდ არც გაუგია. ამან უფრო გაათამამა ნოდო. მასთან სტუმრობასაც მოუხშირა და ვიზიტების დროც საგრძნობლად გახანგრძლივდა. მერე სახლში დაბრუნებულ ნონას სამზარეულოში წამოჭიმული დახვდა. სასიამოვნო მუსაიფი გაება მაროსთან და მადიანად გეახლებოდათ მაყვლის მურაბას. რაღაც ჩასწყდა გულში ნონას. ეს რეზის ადგილი იყო. უბრალოდ დროებით ცარიელი, მაგრამ მაინც რეზის ადგილი. იმ წუთას გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა. ცუდად ვარო, - მოუბოდიშა ნოდოს და თავის ოთახში შეიკეტა.
მერე...
მერე ერთხელაც, სახლში წვეულებიდან დაბრუნებულ ნონას სადარბაზოს კიბეზე ჩამომჯდარი რეზი დახვდა.
-აქ რა გინდა? - უფრო მღელვარების დასაფარად ამოიბუტბუტა ნონამ.
-შენს ტერიტორიაზე შემოსასვლელად უკვე ვიზა მჭირდება? - მოჭარბებული ირონია იყო ამ სიტყვებში.
-მთვრალი ხარ? - გვერდის ავლა სცადა ნონამ.
-დაკუნთულმა მოგაცილა? - ნონას კითხვას ყურდღება არ მიაქცია რეზიმ და გზა გადაუღობა, ისე რომ ნონა იძულებული გახდა კედელს აკვროდა. ძალიან ახლოს დაუდგა რეზი და მზერა გაუსწორა.
-შენ აღარ გცალია ჩემთვის და... - თვალები ცრემლით აევსო ნონას.
-გოგო... - ხმა ჩაეხლიჩა რეზის.
-რეზი, სხვა დროს ვილაპარაკოთ გთხოვ, ახლა შეიძლება ზედმეტად ვატკინოთ ერთმანეთს... მერე გვიან იქნება.
„შენგან ტკივილიც მომენატრა..." - არ უთქვამს ეს სიტყვები ხმამაღლა რეზის, უბრალდ გრძნობდა.
ერთხანს ჩუმად იდგა გაუნძრევლად, ძალიან ნაღვლიანი გაუხდა მზერა. დაიხარა და ძალიან ნაზად აკოცა ლოყაზე. მერე მოსცილდა, შეტრიალდა და კიბეები ჩაიარა. სანამ გავიდოდა, მობრუნდა და თითქმის ჩურჩულით ამოთქვა:
-მისი გულისთვისაც გადმოხტებოდი?
-რეზი... - ხმა აუკანკალდა ნონას.
-მიპასუხე, გთხოვ...
არ უპასუხა ნონამ. ზედმეტად რთული იყო ეს ყველაფერი მისთვის. რეზიმ თავი დახარა, შებრუნდა და ძალიან ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. კიდევ დიდხანს იყო ნონა კედელზე მიყრდნობილი, ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ბოლოს მოეგო გონს, შეტრილადა და ლასლასით აუყვა კიბეებს.
იმ დღის მერე ნოდო აღარ გამოჩენილა. აღარც უნივერსიტეტში დადიოდა. მოიკითხა ნონამ და უთხრეს, საბუთები გაიტანაო. დაურეკა კიდეც, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მერე გაიგო, რომ ძველ ინსტიტუტში თავი აღიდგინა და საბუთებიც იქ გადაიტანა. დიდად არ დასწყვეტია გული, მაგრამ რაღაცნაირად თავი დამნაშავედ იგრძნო მის წინაშე. იმასაც ხვდებოდა ვისი დამსახურება იქნებოდა ნოდოს მისი ცხვრებიდან გაქრობა.
პირდაპირ სამსახურში მიადგა.
-რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს? - ყველაფერს ერთად გრძნოდა ნონა, ბრაზს, მღელვარებას.
-გამარჯობა, ნონა. - ზედმეტად მშვიდი იყო რეზი.
-რა გინდა? რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში? უკვე დიდი ხანია ამის უფლება აღარ გაქვს, მას მერე, რაც შენ თვითონ გაქრი ჩემი ყოველდღიურობიდან. - შეეშინდა ეთქვა, ჩემი ცხოვრებიდანო.
რეზი დუმდა.
-რა უთხარი ეგეთი? - არ ჩერდებოდა ნონა.
რეზი უყურებდა. ისე, როგორც ადრე. აი, ზედმეტად ნონასეული რომ იყო მისი გამოხედვა.
-ვასწავლე, როგორ უნდა ევლო შეუმჩნევლად. - ბოლოს ნაღვლიანად ჩაიღიმა რეზიმ.
ცრემლები მოადგა ნონას. სიტყვაც ვეღარ თქვა. შეტრიალდა და წავიდა. ძალიან დიდხანს იარა ფეხით.
შეუძლებელი იყო, ნონას ცხოვრებაში ვინმეს რეზის ადგილი დაეკავებინა. ნოდოს წასვლაზე მეტად ამ ფაქტის გაანალიზება უჭირდა ნონას. აღარც უცდია მეტჯერ ნოდოს დაკავშირებოდა. საერთოდ აღარ ფიქრობდა მასზე.
მერე კოსტა დაბრუნდა.
რა თქმა უნდა სამივე დახვდა. იმ დღის მერე პრველად აეროპორტში ნახა ნონამ ბიჭები. თედოს, ახლა უკვე მამა თევდორეს, გადაეხვია. ზედმეტად მშობლიური ეჩვენა ეს ყველაფერი. მერე რეზისთან მივიდა. როგორც იცოდა, ძალიან ახლოს დაუდგა, თითის წვერებზე აიწია და კისერზე შემოხვია თავისი გამხდარი მკლავები. გულში ჩაიკრა რეზიმ და უთვალავჯერ აკოცა თავზე. ცრემლები ვერ შეიკავა ნონამ.
-ჩემი სულელი გოგო. - ამდენი ხნის ნაგროვები ემოცია, არც რეზისთვის იყო ადვილი.
-მე მომეხვევა ვინმე? - ზურგსუკან კოსტას ხმა გაისმა.
ნონამ შეჰკივლა, კისერზე ჩამოეკიდა და დიდი ხანი არ მოშორებია. ბევრი ემოცია იყო იმ დღეს აეროპორტში.
კოსტა დაბრუნდა, ყველაფერი ძველებურად იყო.
კოსტას ჩამოსვლამ ყველაფერი თავის კალაპოტში დააბრუნა. ისევ განუყოფელ ნაწილებად იქცნენ.
მერე ნონამ სწავლა დაათავრა და კოსტამ შესთავაზა ადგილი თავისთან. არ სჭირდებოდა ნონას პროტექცია, საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო იყო, მაგრამ კოსტას თავისთან უნდოდა ჰყოლოდა, ისედაც განიცდიდა შორს გატარებულ რამდენიმე წელს. იქ, შორეულ ამერიკაში ძალიან ბევრი რამ გადააფასა და მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ მისთვის. თავის დროზე რეზისაც ამ მიზეზით შესთავაზა სამსახური.
მერე კოსტას ცხოვრებაში დინა გამოჩნდა. ბიჭების ცხოვრებაში მდედრობითი სქესის პირველი წარმომადგენელი იყო, რომლის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება არ გასჩენია ნონას. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ კოსტას უყვარდა სიგიჟემდე. ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი ანანურში ჩააკითხეს თვითონ და რეზიმ. სულ სხვანაირი იყო კოსტა, ისეთი, როგორიც მანამდე არასოდეს ენახა. შეუძლებელი იყო ასეთი სიყვარული არ სდომებოდა მეგობრისთვის. სწორედ ამიტომ მიიღო დინა უმტკივნეულოდ. მეტიც, მისი მეჯვარეც იყო. მერე, თვითონ დინა და ნონაც დაახლოვდნენ, უფრო ახლოს გაიცნო ნონამ და მიხვდა, ასე ძალიან რატომ უყვარდა კოსტას. ტკივილიანი იყო კოსტას და დინას ურთიერთობა, მაგრამ უმტკივნეულო სიყვარული გინახავთ ვინმეს? მე მგონი არც არსებობს. ჰოდა. ეს ტკივილიც გადააგორეს და იპოვეს ბედნიერება. მერე იყო დადებითი პასუხი და მოუთმენლობის ცხრა თვე.
მერე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, ბედნიერების კალაპოტში. თუმცა ნონასთვის  ამ ბედნიერებას მაინც აკლდა რაღაც, სრულყოფილება აკლდა.

****
მაშინ დინა ჯერ კიდევ შვიდი თვის ორსული იყო და შეიძლება ითქვას, ამ ოთხისთვის სამყაროს ეპიცენტრიც.
-კოსტა, სად ხარ?
-მე და რეზიმ ვივახშმეთ და ახლა ოფისში ვბრუნდებით, პროექტი გვაქვს დასამთავრებელი. შენ ნუ დამელოდები, დაიძინე.
-საჭესთან ზიხარ? - ზედმეტი მღელვარება შეატყო ხმაში კოსტამ და დაიძაბა.
-რა გჭირს, დინა? - შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-შეგიძლია მოხვიდე? - უკვე სლუკუნებდა დინა. - მე მგონი დაიწყო...
მეტი არაფერი გაუგია კოსტას, მაშინვე მოაბრუნა მანქანა და წარმოუდგენელი სიჩქარით გავარდა სახლისკენ. რეზის არც არაფერი უკითხავს, ისედაც ყველაფერს მიხვდა. არ ახსოვთ როგორ აიარეს კიბეები, კარი კი არ გააღო, შეგლიჯა და ოთახისკენ გაიქცა. სტუმრების ოთახში იყო დინა წამოწოლილი და სლუკუნებდა, თავზე ნონა ედგა და დაბნეულობისგან აღარ იცოდა რა ექნა.
-ექიმს დაურეკეთ? - ესღა იკითხა კოსტამ.
-არ მომცა უფლება, ჯერ კოსტას დაველოდოთო. - შეშინებული თვალები მიაპყრო ნონამ.
აი, მერე რაც მოხდა კარგა ხანს ვერ გაიაზრა ვერცერთმა. როგორ შეწყვიტა კვნესა დინამ, როგორ წამოდგა საწოლიდან, როგორ დაავლო ხელი კოსტას და თვალის დახამხამებაში გაიყვანა ოთახიდან და როგორ გადაატრიალა კარებში საგანგებოდ წინასწარ ჩატოვებული გასაღები. კოსტა კარებს აქედან ახამხამებდა რამდენიმე წუთი გაოცებისგან წამწამებს და ის ორი შიგნიდან.
-კი, მაგრამ ბავშვი? - ძლივს ამოთქვა კოსტამ და დინას გამობზეკილ მუცელს მიაშტერდა.
-ოოოჰ, კოსტა, ჯერ ადრეა. -  საყვარლად გაუღიმა და და ხმამაღლა განაგრძო, ისე რომ ოთახში მყოფთაც გაეგონათ მისი ხმა. - მიხვდით ალბათ, რომ მანამ არ გეღირსებათ მაქედან გამოსვლა, სანამ ერთმანეთს გულახდილად არ დაელაპარაკბით და ყველაფერს არ გაარკვევთ. არც კი გაბედოთ იმის კითხვა, რა გვაქვს გასარკვევიო. ნერვები არ მომიშალოთ, ფეხმძიმედ ვარ! თქვენ თვითონაც გადასარევად იცით რა გაქვთ გასარკვევი და მიხედეთ ახლა საქმეს. - მცირე პაუზის შემდეგ დაამატა. - ჰო, თავისუფალ ვარდნაში ჩემპიონის საყურადღებოდ: ფანჯრის ჟალუზები ჩაკეტილია და გასაღები მე მაქვს და საერთოდ, მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ. ორივე ნავახშმევი ხართ, ასე რომ დამშვიდებული სინდისით დავიძინებ მეზობელ ოთახში.
აქამდე მოულოდნელობისგან დამუნჯებული კოსტა, ნელ-ნელა აზრზე მოდიოდა, დინას თითოეული სიტყვა გაანალიზა და ახარხარებული იქვე იატაკზე ჩაჯდა. მიღებული სტრესისგან და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ლამის ისტერიკამდე მივიდა. ბოლოს, როგორც იქნა დამშვიდდა.
-სულ გაგიჟდი შენ. - ზურგით კედელს მიეყრდნო და ისე ახედა დინას.
დინა ისევ იღიმოდა. გაჭირვებით მიუჯდა გვერდით და თავი მკერდზე მიაყრდნო. კოსტამ მხარზე ხელი მოჰხვია და კიდევ უფრო მიზიდა თავისკენ.
-შეგეშინდა? - ქვევიდან ახედა დინამ.
-მეორედ ასეთ რამეს ვეღარ გადვიტან. - თავი ააწევინა და ტუჩებზე დასწვდა.

****
პირველი გონს რეზი მოეგო. ნელ-ნელა გაიაზრა რა მოხდა და სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს? - ჯერ კიდევ გაოცებული აფახულებდა თვალებს ნონა.
-რა და მოგვიტაცეს. - კიდევ უფრო ხმამაღლა ახარხარდა რეზი.
-ახლა შენს როხროხს უნდა ვუსმინო მთელი ღამე? - ცხვირი აბზიკა ნონამ. ასე უფრო ადვილი იყო მღელვარების დაფარვა.
-შენ ხვრინვა არ მოგისმენია ჯერ. - კიდევ უფრო ხმამაღლა ახარხარდა რეზი.
-გეყოფა, რეზი. სულ გაგიჟდით თქვენ? - ნელ-ნელა ხმას უწევდა ნონა. - რა საბავშვო ბაღია? რა მაქვს შენთან გასარკვევი? - კარებთან ახლოს მივიდა, იმ იმედით რომ დინას გაეგო მისი ხმა. - მალე მშობლები გახდებით და აღარ უნდა გაიზარდოთ? კოსტა, გააღე კარი, თორემ პირობას გაძლევ, ამ შენს ძმაკაცს აქედან ცოცხალს ვეღარ გაიყვან.
-ჩემგან რა გინდა? - ცოტა დასერიოზულდა რეზი.
-აბა, ჩემგან რაღა გინდათ? - სერიოზული ხდებოდა ნონაც. ხვდებოდა, რომ ძალიან სათუთს უახლოვდებოდნენ.
-არაფერი, ნონა, დამშვიდდი, გეგონება ვინმე უცხოსთან იყო ოთახში. - ხელები მოხვია და ახლოს მიიზიდა. - რა განერვიულებს, გეგონება მართლა მოგიტაცეს. დილით თვითონვე მოცუნცულდებიან კარის გასაღებად. კაი, არ მითხრა რომ ჩემთან გატარებული ღამის გეშინია. - თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. - ხვდები, რომ უძლური ხარ ჩემი ზესექსუალური სხეულის წინაშე და თავს დაკარგავ ხომ? - წარბები აათამაშა რეზიმ. არც თვითონ იყო კარგ დღეში. იუმორით ცდილობდა შეენიღბა მღელვარება.
-სულელი ხარ. - ხელით ოდნავ უბიძგა რეზის და თავი გაინთავისუფლა.
იქვე იატაკზე ჩაჯდა რეზი და კედელს ზურგით მიეყრდნო.
-მოდი ჩემთან, დაჯექი. - ხელი მსუბუქად დაარტყა იატაკს.
ნონას გაეღიმა და გვერდით მიუჯდა. რეზიმ ხელი მოჰხვია, ახლოს მიზიდა და ნიკაპით ჩამოეყრდნო ნონას თავს.
-რამდენი წელი გავიდა... - თითქმის ჩურჩულით ამოთქვა ნონამ. - ისე, გიფიქრია, მაშინ ნოდოს რომ არ მოენდომებინა ჩემი კოცნა, ან შენ რომ არ გაგეცდინა ბოლო გაკვეთილი და შემთხვევით არ აღმოჩენილიყავი იქ, ან სულაც... რა ვიცი, ის დღე რომ არა, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება? ვინ ვიქნებოდი თქვენს გარეშე.
-ვინ და პუტკუნას ცოლი და გეცოდინებოდა უგემრიელესი ხაჭაპურების დაცხობა. -ზედმეტი სიყვარულით წარმოსთქვა ეს სიტყვები რეზიმ და თავზე აკოცა ნონას.
-არადა ნოდოს ფუნთუშები უფრო უყვარს. - ეშმაკური ღიმილით ახედა ქვევიდან. - მაყვლის მურაბასთან ერთად.
-მაყვლის მურაბას და ფუნთუშას მოგცემ მე შენ... - ცოტა გაბრაზდა რეზი.
-წეღან შენ თვითონ არ გამათხოვე მასზე? - კიდევ უფრო ძაბავდა სიტუაციას ნონა.
-სხვა სალაპარაკო არაფერი გაქვს?
-რომელი საათია?
-გეძინება?
-არააა.
რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ რეზიმ დაარღვია.
-რაზე ფიქრობ?
-გულისცემას ვუსმენ.
-მერე რაო, რას გეუბენბა?
-იცი, შენ ყველაზე განსხვავებული გულისცემა გაქვს, რაც აქამდე მომისმენია. ბევრად უფრო რიტმულად გიცემს.
-კიდევ ვისი გულისცემა გაქვს მოსმენილი?
-ჩამოვთვალო?
-ნონა!
-ჩუმად ვარ.
ერთხანს ჩუნმად იყვნენ. რეზის შეეძლო მთელი ცხოვრებაც კი მჯდარიყო ასე. უყვარდა ნონა, სწორედ ისეთი სიყვარულითთ უყვარდა, როგორც არც ერთი სულიერი დედამიწის ზურგზე, უბრალოდ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა ამაში.
-რეზი, გქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა რაღაცის გაკეთება გინდა, მთელი გულით გინდა, მაგრამ გეშინია?
-კი. - თითქმის ჩურჩლით ამოთქვა რეზიმ.
-რისი გეშინია?
-იმ მცირედის დაკარგვის რაც მაქვს...
-არ უნდა გეშინოდეს, ის რაც ძვირფასია არასდროს იკარგება. - შეუმჩნევლად მოიწმინდა წამოსული ცრემლი.
რეზიმ არაფერი უპასუხა, ხვდებოდა რომ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ არ იღებდა ხმას.
მერე, ნონას ჩაეძინა. ასე უბრალოდ, რეზის მკერდზე მიყრდნობილს ჩაეძინა. რეზიმ ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლზე გადააწვინა. საგულდაგულოდ ამოუკეცა საბანი და თავზე აკოცა.
-რაც ძვირფასია, იმას დაკარგვის უფლებას არც მივცემ. - ძალიან ჩუმად ამოთქვა რეზიმ და თვითონაც გვერდით მიუწვა ნონას.

****
დილით გაღვიძებულმა ნონამ თვალი მოავლო ოთახს და ფანჯარასთან მდგარი რეზი შეამჩნია. მისკენ ზურგით იდგა და გარეთ იყურებოდა.
-იმედია, ის ორი „ბავშვი“ გონს მოეგო და კარები გააღეს. - უფრო უხერხული დუმილის დასაფარად თქვა ნონამ.
-კარი ღია იყო. - მისკენ შემობრუნდა რეზი.
-რას ჰქვია ღია იყო? - გაოცებისგან პირი დააღო ნონამ.
-ეს ოთახი არ იკეტება, გასაღები კი ტრიალებს, მაგრამ ჩამკეტია გაფუჭებული. ორი წლის წინ გავაფუჭეთ მე და კოსტამ. ერთ-ერთი წვეულების შემდეგ ძალიან გავერთეთ და... - დაღლილი სახე ჰქონდა რეზის, მთელი ღამის უძილო.
-რატომ არ გახვედი? - თვალები დახარა ნონამ.
-შენ გგონია, მარტო დაკეტილი კარი მაკავებდა ამ ოთახში?
ნონამ არაფერი უპასუხა. რეზი გავიდა ოთახიდან. გულში რაღაც ჩასწყდა. რატომ ვერასოდეს ახერხებდა პასუხი გაეცა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვისთვის. სწორედ მაშინ მუნჯდებოდა, როცა სათქმელი საკმარისზე მეტი ჰქონდა. საწოლიდან წამოდგა, აბაზანაში შევიდა, ცოტა თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა დანარჩენებთან.
-თქვენი მჟავე სახეებით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი გეშველათ ხო? - ხელი ჩაიქნია დინამ.
-მე წავალ. - წამოდგა რეზი.
-მოიცადე, ვისაუზმოთ და მერე ერთად წავიდეთ. - ფეხზე წამოდგა კოსტა.
-არა, სახლში გავივლი და მერე მოვალ. - მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა რეზიმ.
-შენი საყვარელი სალათი გავაკეთე. - ღიმილიანი სახე შეანათა დინამ.
რეზიმ თავზე აკოცა დინას, მადლობა გადაუხადა და წავიდა. ცოტა ხანში კოსტაც გაემზადა წასასვლელად.
-ვატყობ, არც ერთი არ ხართ დღეს სამუშაო განწყობაზე და დარჩი შენც. - ნონას გადახედა კოსტამ. - პროექტს მე მივხედავ.
-მადლობა, კოსტა. - წვრილი ხელები შემოხვია კისერზე მეგობარს.
დინამ გააცილა ქმარი და სამზარეულოში დაბრუნებულს თვალცრემლიანი დახვდა ნონა.
-თქვენი მართლა ვერაფერი გამიგია. რატომ ირთულებთ ცხოვრებას, როცა ზედმეტად მარტივია ყველაფერი. - ეს ბოლო წვეთი იყო და უკვე ხმამაღლა ატირდა ნონა. - თუმცა მე ვის რას ვეუბნები?! - წამოდგა და მოეხვია მეგობარს. - გეხვეწები არ იტირო რა?! ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დადგება, სხვანაირად შეუძლებელია.
უკვე ბინდდებოდა, დინასგან რომ წამოვიდა ნონა. კარი ტრადიციულად მარომ გაუღო და ლოყაზე შემოირტყა ხელი: „რა გჭირს ბებოო.“
-არაფერი ბე, ცოტა დავიღალე. - თავისი ოთახსკენ წავიდა მაშინვე.
-არ გშია?
-არა, დინასთან ვივახშმე. - ოთახის კარი მიიხურა და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა.
ძალიან დიდი ხანი იდგა მოშვებული შხაპის ქვეშ და საკუთარი ცხოვრების გააზრებას ცდილობდა. არაფერიც არ გამოუვიდა. ვერაფერიც ვერ დაალაგა თავის ადგილზე. ხალათი შემოიცვა, თმაზე პირსახოცი შემოიხვია, გამოვიდა და კინაღამ შეჰკივლა, აივნის კარებზე ზურგით მიყრდნობილი რეზი რომ დაინახა.
-აქ რას აკეთებ? - დაბნეულობისგან მეტი ვერაფერი უთხრა ნონამ.
-არ მივცემ ამ დღეს ასე დასრულების უფლებას. - ნელა მიუახლოვდა რეზი. ხელი წელზე მოჰხვია და ახლოს მიიზიდა. იმდენად ახლოს რომ ყელში გრძნობდა მის სუნთქვას. თანდათან ამცირებდა მანძლს მათ შორის და ბოლოს მის ბაგეეგსაც მისწვდა.
ოდნავი წინააღმდეგობაც კი არ გაუწვია ნონას,პირიქით ელოდა, უნდოდა, სჭირდებოდა. ყველაზე მეტად ახლა რეზი სჭირდებოდა. როგორც იქნა საკუთარ თავებთან მაინც აღიარეს, რომ უბალოდ ვერ სუნთქავდნენ უერთმანეთოდ. არცერთისთვის არ არსებობდა სამყარო ერთმანეთის გარეშე.
-რეზი... - ჩუმად ამოიჩურჩულა ნონამ, როგორც კი მის ტუჩებს მოშორდა.
-გთხოვ, ნუ გააფუჭებ ყველაფერს.- პირველად ცხოვრებაშ რეზის ხმაში სასოწარკვეთილი მუდარა შეამჩნია ნონამ და გული მოეწურა.
-რაც ძვირფასია, იმას დაკარგვის უფლებას არ მივცემ. - ყურთან ძალიან ახლოს უჩურჩულა ნონამ და ბოლოს ტუჩები ყელზე მიადო.
აქ კი საბოლოოდ დაკარგა თავი რეზიმ.
ორივემ დაკარგა თავი.

****
ცისფრად შეღებილ ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. ოთხნი გადმოვიდნენ. ეზოდან ძაღლი გამოვარდა ყეფით და როგორც კი მოსულებს მოუახლოვდა ლაქუცით გაუწვა ფეხებში.
-რექსი, შე ბებერო, ცოცხალი ხარ?
ღია კარებში ანაფორაში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა.
-ჯვარი დაგვწერე, მამაო.
-არ მითხრათ, რომ... - გაოცებული უყურებდა მოსულებს მამა თევდორე.
-დიახ, მამაო, დიახ... დაადგათ საშველი.
რაც ძვირფასია, ის მაინც არასდროს იკარგება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები